საქართველო-საფრანგეთი 0:0 - ფრე, რომელიც ისტორიას დარჩება [VIDEO]

AutoSharing Option
ამასწინათ, ჰოლივუდში ასეთი ფილმი გადაიღეს: "ჯეკი, გიგანტების გამანადგურებელი (Jack The Giant Slayer). 6 სექტემბერს კი თემურ ქეცბაიამ ფრანგული მამლები გაანადგურა - დიდიე დეშამის გუნდისთვის საქართველოსთან ფრე ძალიან ცუდი შედეგია, რითიც ჯგუფში პირველი ადგილის შანსი პრაქტიკულად გაფლანგა.

საქართველოს ნაკრებს ახასიათებს, რომ ჩაფლავებული შესარჩევი ციკლის ბოლოს, შემოდგომაზე, ერთი გემრიელი თამაში აჩუქოს გულშემატკივარს და თუ არ ჩავთვლით ექტორ კუპერის მწვრთნელობის პერიოდს, ჩვენი გუნდი ამას ყოველთვის ახერხებდა.

საქართველოს ნაკრებმა თავის ისტორიაში მეორედ შეძლო გრანდ ნაკრებთან არწაგება - პირველად, ეს დავით ყიფიანის მწვრთნელობის დროს მოხდა,
როცა შინ იტალიას 0:0 ვეთამაშეთ და მუნდიალზე (საფრანგეთი 98) მოხვედრა სათუო გავუხადეთ. მაშინაც ჩაფლავებული შესარჩევის ბოლო, საშემოდგომო ეტაპი იყო.

6 სექტემბერს სტადიონი არ გაივსო, ბევრი ხალხი არ მოვიდა საფრანგეთის ნაკრებისა და ფრანკ რიბერის სანახავად. ბევრს ეგონა, თბილისში გრანდებთან მატჩზე სტადიონი იმიტომ ივსება, რომ გულშემატკივარს უფრო დიდი ნაკრების ხილვა სურს, ვიდრე საქართველოს ქომაგობაო, მაგრამ ერთხელაც გამოჩნდა, რომ ასე არ არის.

სტადიონის არგავსების მიზეზი ალბათ უიმედობა იყო - ჩვენი გუნდის ბევრს არ სჯეროდა...

რწმენას ბევრი რამ შეუძლია. თუ არ გჯერა საკუთარი თავის და შენი საქმის, გარჯა ფუჭად რჩება. ფრანგებთან ფრე იმითიც არის მნიშვნელოვანი, რომ ეს შედეგი ძალიან სჭირდებოდა საქართველოს ნაკრებს - ფეხბურთელებს და, რა თქმა უნდა, მწვრთნელსაც.

საფრანგეთთან რიგიანი თამაში და ფრე ის შედეგია, რაც წინაპირობა უნდა იყოს 10 სექტემბერს ფინეთთან წარმატებისა.

Sportall.Ge

6 სექტემბერს მონოლითური, კარგად ორგანიზებული ნაკრები ჰყავდა საქართველოს, ყველა ფეხბურთელმა ნორმალურად ითამაშა, იყვნენ გამორჩეულებიც, იყო გუნდური და ინდივიდუალური თამაშის კარგი შესრულება და სინთეზი - საქართველოს ნაკრებმა ყველა სასიამოვნოდ გააკვირვა.

Sportall.Ge

ფრანგთა იერიშებს რიბერი და მატიე ვალბუენა ქოქავდნენ. ძალიან ინერტული იყო ქარიმ ბენზემა, ნახევარდაცვის ცენტრში ფრანგებს ფანტაზია და აგრესია აკლდათ. ჩვენმა ნაკრებმა მოწინააღმდეგეს სივრცეები კარგად ჩაურაზა. როგორც კი რიბერი ბურთს მიიღებდა, ორი მეურვე გამოუჩნდებოდა, მესამე კი დაზღვევაზე იყო. ვალბუენას ბურთის ფლობაში ბევრი ვერ შეედრება და ჩვენი გუნდის დაცვას თვლემის საშუალებას არც ის აძლევდა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

საქართველომ დაცვიდან ითამაშა, თუმცა ეს უწინდელზე უკეთესად გამოუვიდა - შეტევაში გადასვლის დროს იყო კომბინაციური თამაშის ელემენტები. დიდი მოცულობის სამუშაოს ასრულებდა სანდრო კობახიძე, იერიშებსაც ამწვავებდა და უკანაც ჩამოდიოდა, თანაც - რიბერის ფლანგზე, საიდანაც ყველაზე დიდი საფრთხე იყო მოსალოდნელი.

ამ მატჩში თორნიკე ოქრიაშვილს ქეცბაიამ რამდენჯერმე შეუცვალა ამპლუა. ოქრიაშვილმა ყველა ფუნქცია კარგად შეასრულა და მატჩის შემდეგ ქება ფრანგთა დამრიგებლისგანაც დაიმსახურა.

ნაყოფიერი გამოდგა ნიკა გელაშვილის გარჯაც - რამდენჯერმე შეიმაგრა ბურთი და მეტოქის ნახევარზე რამდენიმე ჯარიმაც მოინაგრა.

საქართველოს ნაკრებს სუსტი ადგილი არ აღმოაჩნდა და ფრანგებმაც ვერაფერი მოუხერხეს ქეცბაიას გუნდს.

პირველ ტაიმში სტუმრებმა არაერთი მწვავე მომენტი შექმნეს, მაგრამ რასაც საგოლე შანსი ჰქვია, ასეთი არ ჰქონიათ.

შესვენების შემდეგ ჩვენი გუნდი შეტევაში უფრო ყოჩაღად გამოიყურებოდა. კობახიძემ ერთხელაც გაამწვავა თამაში, მარჯვენა ფლანგიდან მოარღვია ფრანგული დაცვა, მერე კი ოქრიაშვილს მართებდა გატანა, მაგრამ ბურთი ჯერ უგო ლორისს მოარტყა, მერე კი ძელს.
აღსანიშნავია ის ეპიზოდიც, როცა ჯანო ანანიძემ ორ მეტოქეს აუბნია თავგზა, ოციოდე მეტრი გაირბინა, თუმცა კარგად წამოწყებულ კონტრშეტევას ასეთივე გაგრძელება ვერ მიაყოლა.

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

შეხვედრის დასრულებამდე 20 წუთიღა რომ დარჩა, კიდევ უფრო კარგი და საინტერესო თამაში გაჩაღდა. საქართველოს ამ ნაკრებმა ნათლად დაგვანახა, რომ პერსპექტიული გუნდია და საკმაოდ კარგი კონტინგენტიც ჰყავს.

ფრანგებმა ტემპს მოუმატეს, რიბერიმ და ვალბუენამ კიდევ რამდენჯერმე მოახერხეს მწვავე შეტევის ორგანიზება. ბოლოს გიორგი ლორიას ჯერიც დადგა - ჯერ ჟირუს აუღო ახლო მანძილიდან დარტყმული თავური, ამ ეპიზოდს მოყოლებული კუთხურის შემდეგ კი ერთი ჯადოქრობაც ჩაიდინა და სანიას თავურიც მოიგერია.

6 სექტემბერს იღბალიც საქართველოს მხარეს იყო, თუმცა საფრანგეთთან ფრე მხოლოდ ამას არ უნდა დავაბრალოთ - ღმერთი იმას წყალობს, ვისაც მხრებზე თავი აბია. ქეცბაიას გაწვრთნილმა გუნდმა გუშინ სწორი ფეხბურთი ითამაშა.

მატჩის შემდგომი კომენტარები:
დიდიე დეშამი: საქართველომ ღირსეულად ითამაშა
თემურ ქეცბაია: ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატი. შესარჩევი ციკლი. I ჯგუფი
ფინეთი-ესპანეთი 0:2
გოლები: 0:1 ალბა (19), 0:2 ნეგრედო (86)
ფინეთი: მაენპაა, ჰალსტი, არკივუო, მოისანდერი, პასანენი, ერიომენკო, ტაინიო (69. რისკი), ტოივიო, შულერი, რინგი (69. ჰამალაინენი), პუკი (ზენელი, 81).
ესპანეთი: კასილიასი, სუარესი, ალბიოლი, რამოსი, ალბა, კოკე, ჩავი, ინიესტა, პედრო (81. კასორლა), ფაბრეგასი (71. ნეგრედო), ვილია (55. ნავასი).
გაფრთხილება: სუარესი (90)
კარში დარტყმა: 7-10; კარისკენ დარტყმა: 3-4; კუთხური: 3-6; თამაშგარე: 0-0; ჯარიმა: 4-4; ბურთის ფლობა: 38%-62%.

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ესპანეთი 6 4 2 0 10:2 14
2. საფრანგეთი 6 3 2 1 8:4 11
3. ფინეთი 6 1 3 2 4:6 6
4. საქართველო 6 1 2 3 3:7 5
5. ბელარუსი 6 1 1 4 4:10 4

დარჩენილი მატჩები
10 სექტემბერი
საქართველო-ფინეთი
ბელარუსი-საფრანგეთი

11 ოქტომბერი
ესპანეთი-ბელარუსი

15 ოქტომბერი
ესპანეთი-საქართველო
საფრანგეთი-ფინეთი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
მართალია. ძნელი არ უნდა იყოს ყველა თამაშზე ასეთი მონდომება. ჯიგრები ხართ ბიჭებო. ასე გააგრძელეთ. ასეთი თამაშით ფინეთი უნდა გამოვტენოთ. ყურადღების მოდუნების დრო არ არის. რაც შეეხება ჯაბას, ნამდვილად ღირსეული კაპიტანია გუნდის.
გიორგი
13:52 07-09-2013
0
რა თქმა უნდა, ვერაფერი-შვილი თამაშია, როდესაც შენი ძირითადი და თითქმის ერთადერთი მიზანი ის არის, რომ მოწინააღმდეგეს ბურთი არ გაატანინო. მაგრამ ჩვენი გუნდისთვის ამ მიზნის მიღწევაც დიდი გამარჯვებაა! ვულოცავ!
beri
13:18 07-09-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული