ჰოდა, ამ ცივ გონებაზე "ცივი წყლის" ამბავზე მინდა ვთქვა ორიოდ სიტყვა, მით უმეტეს, ამ თემამ კიდევ ერთხელ წამოიწია წინა პლანზე...
თემურ ქეცბაიასა და ლევან ყენიას შორის მკვახე გაბაასების ისტორია, მგონი, შეხსენებას არ უნდა საჭიროებდეს, მაგრამ მაინც - "როგორ თქვა? ცივი წყალი დალიოსო?" - ყენიას ეს "რჩევა" ქეცბაიამ საფრანგეთთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გაიხსენა, როცა ერთ-ერთი ჩემი კოლეგის კითხვას პასუხობდა.
თემა ერთგვარად დახურა თავად ფეხბურთელმაც, როცა "ლელოსთან" ბოლო ინტერვიუში მწვრთნელთან კონფლიქტზე კომენტარი არ გააკეთა.
შესაძლოა, ისიც იყოს, რომ ყენიამ აღარ ისურვა ვითარების გამწვავება და, ასე ვთქვათ, ხიდები არ დაწვა. მოდი, დავუშვათ, რომ ისიც ეძებს ქეცბაიასთან "მისასვლელ გზებს"... თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია...
იმ პრესკონფერენციაზე ქეცბაიამ ჟურნალისტებსაც გვისაყვედურა - იმ სიტყვებისთვის ("ვისაც ნაკრებში ჩემი არჩამოსვლა ეწყინა, ცივი წყალი დალიოსო") თქვენც უნდა მოგეთხოვათ პასუხიო...
საერთოდ, არ უნდა გვიჭირდეს რაღაცის აღიარება - ქეცბაია ამ შემთხვევაში მართალია. მე, მაგალითად, ღრმად მწამს, რომ ყენიას სიტყვების პირდაპირი ადრესატი ქეცბაია იყო, მაგრამ... მხოლოდ ქეცბაიაა, ვისაც მისი საქციელი ეწყინა? და იმ გულშემატკივრებს რაღა ვუყოთ, რომელთა შორისაც ყენიას ნიჭის (ამას ნუ გავხდით საკამათოდ) უამრავი თაყვანისმცემელია?..
მადლობა ღმერთს, ამ ქვეყანაში წყალი მაინც არ არის დეფიციტი და ყველას გვეყოფა, მაგრამ ხანდახან ცივი წყალიც მავნებელია, ყელის გაციება იცის. ასე რომ, ეს საჭირო სითხე, ამ შემთხვევაში, ვერ არის ზუსტი რეცეპტი.
პირადი ცხოვრება (ქორწილი, რომელიც სანაკრებო მატჩებს "დაემთხვა") გასაგებია, მაგრამ თუ მოინდომებ, ისეც შეიძლება მოაგვარო ყველაფერი, რომ საკუთარ თავსაც არ ავნო და საზოგადო ინტერესსაც პატივი სცე...
ახლა შორს წაგვიყვანს მაგალითების მოყვანა, მაგრამ ვინ მოთვლის, რამდენი შემთხვევა ყოფილა საფეხბურთო სამყაროში, როცა ამა თუ იმ ფეხბურთელს ყველაფერი გვერდზე გადაუდია და მავანთა (თუნდაც საკლუბო ბოსების) წინააღმდეგობის მიუხედავად, ეროვნული გუნდის ღირსების დაცვაზე უარი არ უთქვამს.
ეს არის პროფესიონალი ფეხბურთელის ვალი - როგორც ქვეყნის, ისე გულშემატკივრების წინაშე...
რაც შეეხება მწვრთნელს. ალბათ, ქეცბაიასთვის დილეტანტები ვართ და ფეხბურთში ვერ ვერკვევით. ის არც არის ვალდებული, ჟურნალისტებისა თუ გულშემატკივრების სიმპათიები გაითვალისწინოს და ნაკრები მათ ხუშტურებზე დააკომპლექტოს. ის გუნდს საკუთარი საფეხბურთო ფილოსოფიის მიხედვით აყალიბებს და შედეგზეც თავადვე აგებს პასუხს (თუ რაში გამოიხატება ეს პასუხისმგებლობა, ეს უკვე სხვა თემაა)...
ყენიასთან შეუთავსებლობაც იქიდან იღებს სათავეს, რომ ის ვერ ჯდება ქეცბაიასეულ ფილოსოფიაში. მარტივად შეიძლება განვმარტოთ - უფანტაზიო ფეხბურთი არწაგებაზე, სადაც ყენიას ტიპის ფეხბურთელის ადგილი ვერ მოიძებნა. ესეც მწვრთნელის გემოვნების ამბავია.
"მილანის" თავკაცმა მასიმო ალეგრიმ ანდრეა პირლო გაუშვა გუნდიდან - არ მჭირდებაო. ეს ის პირლოა, რომელმაც "იუვენტუსის" ორ სკუდეტოში ლომის წილი დაიდო...
დავანებოთ თავი ალეგრის და ჩვენი ვიკითხოთ. შედეგზე პასუხისმგებლობა ვახსენეთ და სად არის ეს შედეგი?! მაინც რომ ვაგებთ?! ადრე თითქოს ჭრიდა ამგვარი სტრატეგია - ქეცბაიას ნაკრებს ხანგრძლივი წაუგებელი სერია ჰქონდა, ოღონდ მაშინ კალაძე და კობიაშვილი გვყავდა, ხიზანიშვილიც უკეთეს ფორმაში იყო...
დღეს? დღეს გუნდმა არ იცის, როგორ შეუტიოს, როგორ მოიგოს...
ეტყობა, არწაგებაზე ზრუნვაში ქეცბაიას ეს ფაქტორი მხედველობიდან "გამორჩა".
შედეგიც ადეკვატურია - მიმდინარე შესარჩევის შვიდ მატჩში საქართველოს მხოლოდ 3 (!) გოლი აქვს გატანილი. მეტი არგუმენტი საჭიროა?
ბოლო ორმა მატჩმა ნათლად გამოაჩინა (და ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის) - საქართველოს ნაკრებს ჰაერივით სჭირდება ფეხბურთელი, რომელიც ბურთს წაიღებს, დაიჭერს, კაცს მოატყუებს, საგოლე პასს გააკეთებს... ეს არის სწორედ ის განსხვავება, რაც ქეცბაიას გუნდს აკლია...
საქართველოს ნაკრები ყველასიაო, ხშირად იმეორებს ეროვნული გუნდის თავკაცი და მართალიცაა. ასე მგონია, რომ სწორედაც ნაკრების ინტერესების საპასუხოდ, ყენიამ უნდა აღიაროს შეცდომა, ხოლო ქეცბაიამ შეძლოს (იმედია, გულშემატკივარიც შეძლებს) ამ შეცდომის პატიება...
...თავის დროზე, ექტორ კუპერთან უთანხმოებას მალხაზ ასათიანის კარიერა შეეწირა, რითიც საქართველომ უნიჭიერესი ფეხბურთელი დაკარგა (ოღონდ არ ვამბობთ, რომ ასათიანი კუპერთან ცამდე მართალი იყო). დასაკარგი ფეხბურთელი კი, ბანალურად თუ ვიტყვით, საქართველოს ნამდვილად აღარ ჰყავს.
აკი ქეცბაიაც ჩივის - ფეხბურთელები არ გვყავსო...
პაატა გელაშვილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
თემურ ქეცბაია: ყენია ჩემს მოთხოვნებს ვერც პიროვნულად აკმაყოფილებს
NO COMMENT! - ლევან ყენიამ თემურ ქეცბაიას თემა დახურა