საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცმა 22 წლის ყენია 6 და 10 სექტემბერს, შესაბამისად, საფრანგეთსა და ფინეთთან მატჩებისთვის არ გამოიძახა.
არადა, ყენია კარგად ათამაშდა დიუსელდორფის "ფორტუნაში". მეორე ბუნდესლიგის წინა ტურში სოლო-რეიდს საგოლე პასი მიაყოლა და ამ ერთადერთი გოლით "ფორტუნამ" "ბოხუმს" მოუგო.
შეგახსენებთ, რომ ყენიასთვის "ფორტუნა" მეორე გერმანული გუნდია. ჩვენებური ჯერ გელზენკირხენის "შალკეში" იყო, სადაც თავიდან ყველაფერი კარგად აეწყო, მაგრამ მერე ტრავმა მიიღო, რამდენჯერმეც გაუმიზეზდა და
ამის შემდეგ იყო მცდელობა სანკტ-პეტერბურგის "ზენიტში" გადასვლისა, თუმცა ლუჩანო სპალეტის გუნდში ტრანსფერი ვერ გამოვიდა და ყენია ლვოვის "კარპატიში" აღმოჩნდა, საამსეზონოდ კი - დიუსელდორფის "ფორტუნაში".
ყენიამ ბევრი გადაიტანა, მათ შორის - დაძაბული ურთიერთობა ქეცბაიასთან, თუმცა ბოლომდე გასაგები მაინც ვერ გახდა, რატომ ვერ მოხერხდა მათი თანამშრომლობა.
თუ ყენია სტაბილურად კარგად გააგრძელებს თამაშს "ფორტუნაში", არა მგონია, კვლავ ნაკრებს მიღმა დარჩეს, თუმცა მოვლენებს ნუ გავუსწრებთ. მანამდე კი ყენია "ლელოს" კითხვებს პასუხობს...
- როგორ ფორმაში ხართ, ლევან? იმის გათვალისწინებით, რომ მანამდე ძალიან ბევრი გაგიცდათ, შეიძლება იმის თქმა, რომ უკვე ასი პროცენტით მზად ხართ?
- ყველაფერი კარგად მიდის. ნამდვილად შეიძლება თქმა, რომ ფორმა სრულად აღვიდგინე.
- "ბოხუმთან" 68-ე წუთზე შეგცვალეს. რა იყო ამის მიზეზი?
- მცირე ტრავმა მივიღე. ახალი ბუცი მეცვა და ქუსლი მატკინა. მოკლედ, სერიოზული არაფერია.
- "ფორტუნას" თავკაცი მიხაელ ბიუსკენსი რა პოზიციაზე გათამაშებთ? ათნომრიანი მაისურა მოგცეს და, ალბათ, ამპლუაც საამისო დაგიტოვეს...
- ასეა, თავდამსხმელის უკან ვთამაშობ, გამოკვეთილ ცენტრფორვარდად ჰოლანდიელი ბენშოპი გვყავს.
- "ბოხუმთან" თამაშის შემდეგ გერმანულ პრესაში კარგი შეფასებები გქონდათ, ბიუსკენსმაც შეგაქოთ. პირად საუბარში თუ გითხრათ რამე?
- მთავარია, რომ მოვიგეთ. მთელმა გუნდმა ნორმალურად ითამაშა. ისე კი, "ფორტუნას" ბევრი რამ ჯერაც დასახვეწი აქვს, ბურთის ფლობა და შენარჩუნება გვიჭირს.
იხილეთ ვიდეო
- "ფორტუნას" აქვს მკაცრად დასახული მიზანი ამ სეზონში? როგორ ატყობთ, რა გაქანების გუნდია დღევანდელი "ფორტუნა"?
- ამ სეზონში ჩვენი მიზანი ბუნდესლიგაში გადასვლაა. საამისოდ მთავარ პრეტენდენტებად "ფიურტი" და "კაიზერსლაუტერნი" ითვლებიან. დიუსელდორფში ფეხბურთი ძალიან უყვართ, "ბოხუმთან" 40 ათასამდე ქომაგი მოვიდა. ამაზე ნაკლები არც დადის "ფორტუნას" საშინაო მატჩებზე.
- "ფორტუნაში" თქვენი ტრანსფერის ინიციატორი ვინ იყო?
- როცა "შალკეში" ვიყავი, ბიუსკენსიც იქ მუშაობდა. მერე ის "ფიურტის" მწვრთნელი გახდა და მაშინაც იყო ჩემით დაინტერესებული. "ფორტუნაშიც" მისი ინიციატივით მოვხვდი და 2+1 სისტემით გავაფორმე კონტრაქტი.
- უკრაინის შემდეგ მეორე ბუნდესლიგა როგორ ჩემპიონატად მიგაჩნიათ?
- უკრაინის ჩემპიონატში თამაში რთულია, მეორე ბუნდესლიგა კი კიდევ უფრო ძნელი სათამაშოა. უკრაინის პირველი ოთხი გუნდი მართლა მაღალი დონეა, ხოლო დანარჩენებზე მეორე ბუნდესლიგა მნიშვნელოვნად მაღლა დგას და ბევრად რთულია ამ ლიგის გუნდებთან თამაში - უფრო მაღალი ტემპია, უფრო ხისტად გეთამაშებიან და უფრო ცოტა დრო გაქვს, რომ რაღაც გააკეთო.
- ისევე, როგორც ყაზახეთთან ამხანაგური მატჩისთვის, ეროვნულ გუნდში ამჯერადაც არ გამოგიძახეს. როგორ ფიქრობთ, რა უნდა იყოს ამის მიზეზი?
- არ ვიცი, უკვე დავიღალე ამაზე ლაპარაკით. როგორც არის, ისე იყოს, სანაკრებო თემას ძალიან განვიცდი და აღარ მინდა ამ საკითხზე საუბარი. ნაკრებში არგამოძახების ფაქტს უკომენტაროდ დავტოვებ.
- ფაქტია, რომ კლუბში კარგად ათამაშდით და ამ დროს ნაკრებში არ გიძახებენ. ხომ არ ფიქრობთ, რომ "ლელოში" თქვენი უწინდელი მწვავე ინტერვიუს გამო მიგიხურეს ნაკრების კარი?
- რაღაცას იტყვი და მერე შენს ნათქვამს ათას კუდს გამოაბამს ის ხალხი, ფეხბურთში კარგად რომ ვერ ერკვევა...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლევან ყენიამ დიუსელდორფი მოაჯადოვა [VIDEO]
ლევან ყენია: თემურ ქეცბაიას ნახევარ გუნდთან მოუვიდა კონფლიქტი...თვალსაზრისი: კიდევ ერთხელ ტანკსა და სამშობლოზე
თემურ ქეცბაია: ენის ტლიკინი არ არის საკმარისი, სამშობლოს საქმე სჭირდება!
ლევან ყენია: გულდაწყვეტილი ვარ, თემურ ქეცბაიასგან ამას არ ველოდი