ხიზანიშვილმა ბოლო დროს ნაკრებში რამდენიმე შეცდომა დაუშვა, რამდენჯერმე ვერ მოახერხა მოწინააღმდეგის შეტევის ჩაშლა. ბოლო წლებში ხიზანიშვილმა თითქოს სისხარტე დაკარგა, ნაკრებში კი ამის გარეშე ძალიან ძნელია.
ჟურნალისტებს ხშირად გვსაყვედურობენ, მწვრთნელს რომ გაბედულად აკრიტიკებთ, იგივეს რატომ არ აკეთებთ ფეხბურთელებთან მიმართებაშიო.
ვალდებული ხარ, ამ ყველაფერს მოუსმინო, თუმცა ხშირად ისეთი ხალხისგან გიხდება საყვედურის მოსმენა, ფეხბურთშიც რომ ვერ ერკვევა კარგად
ამას წინათ, შოთა არველაძემ გვითხრა - ხიზანიშვილი საქართველოს ნაკრებში ერთადერთი მცველია, ვისაც შეტევაში თამაშიც შეუძლიაო. ასეთი მცველი კი ნაკრებიდან წავიდა.
ხიზანიშვილი საქართველოს ნაკრებში ბოლო დროს გულგატეხილი თამაშობდა, ამას კი ის სჯობს, რომ საერთოდ არ ითამაშო. ზურაც ასე მოიქცა. თუ ფეხბურთელს თამაში არ საიმოვნებს, ძალით ეს საქმე არ გამოვა.
ხიზანიშვილი არ იყო უმნიშვნელო ფიგურა ნაკრებში. ის პირველი გამოდგა, ვინც თქვა, ნაკრებში მხოლოდ პატრიოტიზმით არ უნდა თამაშობდეს ფეხბურთელიო. ქართველმა ბიურგერებმა კი მისი ნათქვამი თავისებურად გაიგეს, როგორ შეიძლება, რომ ფეხბურთელმა ეროვნულ ნაკრებში ფულის გამო ითამაშოსო.
თითქმის მსოფლიო ფულის გამო თამაშობს ფეხბურთს, ჩვენთან კი ეს უკვირთ. რაღაც მახინჯი წესებია და ძალიან ძნელია ბრძოლა სიმახინჯესთან.
ხიზანიშვილის გარდა, სხვა ფეხბურთელებსაც უთქვამთ შინაურულად, არა ინტერვიუსთვის, თემურ ქეცბაიას გუნდში თამაში ძნელიაო, მაგრამ ამ ნათქვამს დიდი ფასი არ აქვს, რადგან ეს გულშემატკივარს არ ესმის.
რა თქმა უნდა, არ არის აუცილებელი, რომ ქომაგმა ყველაფერი იცოდეს, რაც გუნდში ხდება, მაგრამ არის ისეთი რაღაცებიც, რისი გამოაშკარავებაც აუცილებელია.
ხალხმა ზუსტად ვერ გაიგო, რა ზნე სჭირს საქართველოს ამ ნაკრებს, ისმენს მიკიბულ-მოკიბულ რაღაცებს, აგრესიულ გამოხტომებს, ჭორებს და ცდილობს, დასკვნები გამოიტანოს. საქართველოს ნაკრებიც იმ თამაშივითაა, რომელიც ჯერ უნდა გამოიცნო, მერე კი ააწყო. ხიზანიშვილიც ისე წავიდა, რომ სათქმელი ბოლომდე არ თქვა.
ქეცბაიამ კი "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა - ეს თავხედი ბავშვები ყველას ჭკუას ასწავლიანო. ჟურნალისტის კითხვაში ლევან ყენია იყო ნახსენები და გოგიტა გოგუაც.
ვფიქრობ, ქეცბაია უკვე ამოწურული თემაა...
რობერტ პროსინეჩკიმ კი ხიზანიშვილს "იერო" შეარქვა, ამ ესპანელივით კარგად კითხულობს მეტოქის სვლებსო.
ზურა მალე 32 წლის გახდება, ამ ასაკში ზოგი უპრობლემოდ თამაშობს მაღალ დონეზე, მათ შორის - ნაკრებშიც. საქართველოს ეროვნულ გუნდში უსასრულოდ ვერც ხიზანიშვილი ითამაშებდა, მაგრამ ისიც ისე წავიდა ნაკრებიდან, რომ უკეთესი წასვლა ეკადრებოდა - ნაკრებში 93 მატჩი აქვს ნათამაშები.
მუხლის მძიმე ტრავმა, ხანგრძლივი პრობლემები საზარდულთან დაკავშირებით - ხიზანიშვილის კარიერა არ ყოფილა ადვილი, იყო ჩავარდნებიც. თურქეთში ის ხელახლა გახდა ფეხბურთელი და ამასაც შეძლება უნდა. მანამდე კი იყო ბრიტანეთი, შოტლანდიური "დანდი", სადაც სახელი მოიხვეჭა, შოტლანდიური პრემიერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს და მერე "გლაზგო რეინჯერსში" მიიწვიეს, ითამაშა ჩემპიონთა ლიგაშიც, მოინაგრა სქოთური ლიგის თასი, შემდეგ ალექს მაკლიშმა მასზე გული აიცრუა, მაგრამ გამოჩნდა მარკ ჰიუზი, რომელმაც შენიშნა ხიზანიშვილის ნიჭი და მისი რეკომენდაციით "ბლექბერნმა" ქართველი "ჩაფრებისგან" გამოისყიდა.
ხიზანიშვილმა ინგლისურ პრემიერლიგაში არა ერთხელ ითამაშა გამორჩეულად.
ასეთი ფეხბურთელი საქართველოს ბევრი არ ჰყოლია და არც ჰყავს. ამ ნაკრებში ის ბოლო ფეხბურთელი იყო, ვისაც ელიტურ საფეხბურთო ლიგაში დამაჯერებლად უთამაშია...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
თემურ ქეცბაია: ვისაც არ უნდა საქართველოს ნაკრებში, არავის შევეხვეწებით!
ზურაბ ხიზანიშვილი: ამ ნაკრებში ჩემი ადგილი აღარ არის
თავისუფალი თემა: ხიზანიშვილის შემთხვევა
[ექსკლუზივი] თემურ ქეცბაია: ეს თავხედი ბავშვები ყველას ჭკუას ასწავლიან
ამის დამტკიცება ძნელია, მაგრამ ბოლო 2 წლის ხიზანას ნაკრებში თამაშების მიხედვით ჩნდება ეჭვი, რომ თითქოს შეცდომებს სპეციალურად უშვებდა. ყოველშემთხვევაში ირლანდიასთან სხვა ახსნა არ არის.