რა შემთხვევაში დათანხმდება გია გეგუჩაძე საქართველოს ნაკრების გაწვრთნას

AutoSharing Option
Sportall.ge-ზე მიმდინარეობს გამოკითხვა - ვის ისურვებდით საქართველოს ნაკრებში თემურ ქეცბაიას შემცვლელად? მკითხველებმა არჩევანი სამ ქართველ სპეციალისტს: კახა ცხადაძეს, გია გეგუჩაძესა და შოთა არველაძეს შორის უნდა გააკეთონ. არის მეოთხე სავარაუდო პასუხიც - უცხოელი სპეციალისტი... 9 ოქტომბრის მონაცემებით, გამოკითხვაში გია გეგუჩაძე დამაჯერებლად ლიდერობს (60%).

* * *
გია გეგუჩაძე ბოლოს "ტორპედოს" თავკაცობდა, ქუთაისური კლუბიდან წამოსვლის შემდეგ კი "ზესტაფონში" მის შესაძლო დაბრუნებაზე ალაპარაკდნენ, თუმცა სიტყვები სიტყვებად დარჩა, საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი კი უკვე მეხუთე თვეა, უმუშევარია...

რატომ? - გ
ამოცდილ სპეციალისტთან ინტერვიუ სწორედ ამ კითხვით დავიწყეთ:

- ამ კითხვას, ალბათ, სხვებმა უნდა უპასუხონ. უმუშევრობის პერიოდი ყველა მწვრთნელის კარიერაშია, თუმცა, იმედი მაქვს, დიდხანს არ გაგრძელდება.

- არადა, "ზესტაფონში" თქვენი დაბრუნება თითქმის გადაწყვეტილი იყო. რა მოხდა მაშინ?
- როგორც ჩანს, არ ეწერა ამ საქმეს განხორციელება. არის საკითხები, რომლებზეც მწვრთნელი და კლუბის ხელმძღვანელი ურთიერთობის დასაწყისშივე უნდა შეთანხმდნენ. გარკვეულ საკითხებზე პოზიციები არც ერთმა მხარემ არ დავთმეთ და მოლაპარაკება ჩიხში შევიდა.

- მას შემდეგ საინტერესო წინადადებით არავის მოუმართავს?
- იყო შემოთავაზებები, მაგრამ თუ კლუბს არც მატერიალური მდგომარეობა უწყობს ხელს, არც წინსვლის შესაძლებლობა და სურვილი აქვს, იქ მუშაობას რა აზრი აქვს?

კლუბს გამართული, სწორად მომუშავე სისტემა უნდა ჰქონდეს, ჩვენი კლუბების უმეტესობა კი დღეს სულს ღაფავს და წინსვლაზე კი არა, მხოლოდ იმაზე ფიქრობს, როგორ შეინარჩუნოს ადგილი უმაღლეს ლიგაში.

- დაიწერა, თითქოს თბილისის "დინამომ" მიგიწვიათ, თქვენ კი თანხმობის ერთ-ერთ პირობად კლუბის სპორტული დირექტორის, გიორგი ტყავაძის თანამდებობიდან გაშვება მოითხოვეთ.
- "დინამოსგან" შემოთავაზება არ მიმიღია. ტყავაძემდე შახოვიც გაუშვეს კლუბიდან, მერე ვასილ მაისურაძეც დაითხოვეს "დინამო 2"-დან. ეს კლუბის საშინაო საქმეა და ვერ ვხვდები, მე როგორ უნდა მიმეღო ამ ყველაფერში მონაწილეობა...

- ანუ "დინამოდან" არავინ დაგკავშირებიათ?
- "დინამოს" დაინტერესების შესახებ ჭორის დონეზე მეც გავიგე, თუმცა ჩემამდე არავინ მოსულა.

- შემოთავაზება რომ ყოფილიყო, დათანხმდებოდით მუშაობას კლუბში, რომელშიც დიდი ინვესტიცია ჩადეს, შედეგი კი ჯერაც არ ჩანს?
- გარკვეული შედეგის მიღწევა ერთ წელიწადშიც შეიძლება. გააჩნია, რას ითხოვს და როგორი პოლიტიკა აქვს კლუბს. მწვრთნელმა წინასწარ უნდა განსაზღვროს, რეალურია თუ არა ასეთი შედეგის მიღწევა არსებული რესურსით, საკმარისია თუ არა დრო და ა.შ.

- მხარეთა ვალდებულებები და მიზანი კონტრაქტშიც ხომ უნდა იყოს ასახული? როცა მოესურვება, კლუბის მფლობელმა მწვრთნელი მაშინ უნდა გაუშვას? თუნდაც ნაკრების მაგალითზე ვთქვათ: თემურ ქეცბაიას აქვს კონტრაქტი, იღებს საკმაოდ მაღალ ხელფასს, მაგრამ ხელშეკრულებაში არ არის მითითებული, რა მიზანი, რა ამოცანა დაუსახეს...
- კონკრეტულად ნაკრებზე არ ვიტყვი, მაგრამ ქართულ ფეხბურთში ასეთი ტენდენცია ნამდვილად არის - ამოცანების დასახვას მხოლოდ მას შემდეგ ვიწყებთ, როცა საქმე საქმეზე მიდგება.

მაგალითად, როცა აშკარა ხდება, რომ კლუბს ძალუძს ექვსეულში მოხვდეს, იწყება ლაპარაკი, რომ მიზანი ეს არის. დაიკარგა მოწინავე ექვს გუნდში მოხვედრის შანსი? მაშინვე აცხადებენ, რომ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვიან და ა.შ. ასეთ დროს საქმე გვაქვს არასწორ მიდგომასა და მენეჯმენტის შეცდომასთან.

- საქართველოს ჩემპიონატში ხედავთ სასიკეთო ცვლილებებს?
- ეროვნული ჩემპიონატი ძალიან დასუსტდა... გუნდების დიდი ნაწილი ახალგაზრდა მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული, დანარჩენებში პირიქით - ფეხბურთელთა უმეტესობა ასაკოვანია. ეს არ არის კარგი ტენდენცია.

დღეს ჩვენი ფეხბურთი შეიძლება შევადაროთ მოზაიკას, რომელსაც ნაწილები აკლია და რადგან ვერა და ვერ შევაკოწიწეთ, საერთო სურათი არ ჩანს. უნდა შევთანხმდეთ, რა გვინდა, როგორ შესრულდეს, საით მივდივართ და შემდეგ დავიწყოთ მოზაიკის ხარვეზების შევსება.

სამწუხაროდ, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, საქართველოში იშვიათია კლუბის ხელმძღვანელი, ვინც კლუბის განვითარებაზე სწორად ფიქრობს. ცალკეულ გამონათებებს თუ არ ჩავთვლით, ქართული ფეხბურთი ნამდვილად არ დგას განვითარების სწორ გზაზე.

- ეროვნულ ნაკრებს ერთი მატჩი კიდევ აქვს გასამართი, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ ქვეჯგუფში მეოთხე ადგილს ვერავინ შეგვეცილება.
- ნაკრების გამოსვლა როგორ უნდა შევაფასო, როცა არ ვიცი, რა მიზანი ჰქონდა დასახული ჩვენს ნაკრებს. ვნახეთ რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი, ვინც წინა შესარჩევ ციკლში ნაკრების ძირითად შემადგენლობაში არ ჩანდა და ეს პლუსად მიმაჩნია. ის კი, ვის მიიწვევს და ვის არა, მხოლოდ მწვრთნელის გადასაწყვეტია.

არასწორად მიმაჩნია ისიც, რომ როცა მესამე ადგილის შანსი გაჩნდა, მხოლოდ მერე აღვნიშნეთ, რომ მიზანი ეს ყოფილა.

ნაკრებს გარდამავალი პერიოდი აქვს, უნდა გადაწყდეს - იგივე მწვრთნელი გააგრძელებს მუშაობას თუ ახალი თავკაცის მეთაურობით, სხვანაირად შევეცდებით შედეგის ჩვენებას.

- ერთხელ თქვით, ვერავინ დამარწმუნებს, რომ საქართველოში არ არიან ფეხბურთელები, რომლებსაც სამი პასის "გადაბმა" არ შეეძლოთო. ფაქტია, რომ ვერ ვხედავთ ასეთ პასებს...
- ჩვენი ფეხბურთელები ყოველთვის გამოირჩეოდნენ კრეატიულობით. დღესაც გვყავს ასეთი მოთამაშეები და მათ უნდა დავეყრდნოთ, რადგან ეს არის ჩვენი ძლიერი მხარე. სხვებს კი არ უნდა შევეწყოთ, საკუთარი უნდა გაგვაჩნდეს; რაც გენში გვაქვს, ის განვავითაროთ.

- თავის დროზე, თემურ ქეცბაიას დანიშვნას ყველა დიდი იმედით შეხვდა, დღეს კი... დღევანდელ სიტუაციაში გარისკავდით? დათანხმდებოდით ნაკრების გაწვრთნას?
- ნებისმიერი კლუბის თავკაცობასთან შედარებით, ნაკრების მწვრთნელობა უდიდესი რისკი და პასუხისმგებლობაა. არის ძალიან ბევრი გარემოება, რომელთა გამოც გია გეგუჩაძე ნაკრებში მუშაობას ან დათანხმდება, ან - არა...

ესაუბრა რატი შელეგია
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)

ასევე იხილეთ:
გია გეგუჩაძე: ტყავაძის გათავისუფლებასთან მე ნუ დამაკავშირებთ!
გია გეგუჩაძე: საქართველოს ნაკრები დაბალანსებული არ არის
გია გეგუჩაძე: რომ არა მწვრთნელობა, ჟურნალისტი გავხდებოდი
გია გეგუჩაძემ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა
მკითხველის კომენტარები / 16 /
გახსოვთ ალბათ ყიფიანი და ძოძუაშვილი ნაკრებს ერთად წვრთნიდნენ ესე მახსოვს. გეგუჩაძე მწვრთნელად და დევდარიანი ასისტენტად. დევდარიანის ჯიგარი და გეგუჩაძის სტრატეგია
ამერი
12:55 09-10-2013
0
ორივე კომპულსურია არსებაა და ვერ შეეწყობიან 2 ამბიციური მწრთვნელის ტანდემში მხოლოდ მბიცია იმარჯვებს და შედეგი 0 იქნება
გახსოვთ ალბათ ყიფიანი და ძოძუაშვილი ნაკრებს ერთად წვრთნიდნენ ესე მახსოვს. გეგუჩაძე მწვრთნელად და დევდარიანი ასისტენტად. დევდარიანის ჯიგარი და გეგუჩაძის სტრატეგია
13:13 09-10-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული