ლევან კაკუბავა: მთავარია ქეცბაია მენდო, დანარჩენი ჩემზეა

AutoSharing Option
მარჩელო ლიპის შეგონებაა - თუ კონტრშეტევა 5 წამში ვერ განახორციელე, ჯობს, დაცვაში დაიხიოო. მოგვწონს თუ არა, თანამედროვე ფეხბურთი ათლეტიზმისა და ტემპის ნაზავია. სეირნობისა და ბურთის მოედნის ცენტრში თრევის უფლებას არავინ მოგცემს. ამიტომაა, თემურ ქეცბაია საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს ხშირად რომ უყვირის "სწრაფად, ტემპი!" და ჩვენთვის ჩვეული ნაკლის გამოსწორებას ცდილობს.

ფეხბურთელებსაც ამ კრიტერიუმით არჩევს. მაგალითად, თბილისის "დინამოს" მცველი, ეროვნულის დებიუტანტი ლევან კაკუბავა სლოვენიასთან საყრდენ ნახევარმცველად დააყენა და ეს წარმატებული ექსპერიმენტი გამოდგა. ლევანი ბავშვობაშიც საყრდენი იყო და ამ პოზიციაზე რამდენჯერმე კახა კაჭარავამ "დინამოშიც"
გამოსცადა.

თუკი სლოვენიასთან მეორე ტაიმში მოედანზე სურათი შეიცვალა, ამაში კაკუბავამაც დაიდო წილი, მოედნის ცენტრი საიმედოდ გადაკეტა, სწრაფ შეტევებს იწყებდა და ბურთს არ ტანჯავდა.

- ლევან, რთული მატჩი იყო და რთული პოზიციაც ჩაგაბარეს.
- ეს მართლაც ერთ-ერთი საკვანძო პოზიციაა, მაგრამ მწვრთნელმა ასე გადაწყვიტა და ჩემთვის სასიხარულო იყო მისი ნდობა. ამპლუა კი ჩემთვის ნაცნობია. ფეხბურთზე რომ შევედი, კარგა ხანი საყრდენად მათამაშებდნენ და შეტევებში ჩართვა მიყვარდა. ასე იყო "დინამოში" მისვლამდე. შემდეგ ისე მოხდა, თბილისის "დინამოს" დაცვაში დავჭირდი და უკან დამხიეს. ასე რომ, ნაკრებში ჩვეულ პოზიციაზე ვითამაშე.

მიხარია, ჩემი სადებიუტო შეხვედრა ნაკრების წარმატებულ მატჩს რომ დაემთხვა და სანაკრებო კარიერა მოგებით დავიწყე. როდესაც მსაჯმა თამაში დაასრულა, ეს ჩემს კარიერაში უბედნიერესი წამები იყო.

- ნერვიულობდი?
- არც ისე, მოედანზე გასვლამდე უფრო ვღელავდი. თამაშში რომ ჩავერთე, მერე მხოლოდ მოგებასა და თავის გამოჩენაზე ვფიქრობდი.

- სლოვენია ძლიერი ნაკრებია, მათთან გამარჯვება ბევრს წარმოუდგენელი ეგონა.
- მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილეა, ფიფას რეიტინგში მე-15 ადგილზეა, ჩვენ კი 78-ზე ვართ და, ცხადია, ჩვენი მოგება ბევრს ფანტასტიკა ეგონა. სიფრთხილეს ვიჩენდით და თამაშმაც გამოაჩინა, რომ სახიფათო მეტოქე გვყავდა. მასპინძლები გვიტევდნენ და როდესაც დაწინაურდნენ, მერე მათი გაჩერება უფრო ძნელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მაინც ვაჯობეთ. ანგარიშის გათანაბრების შემდეგ, უფრო მობილიზებულად ავთამაშდით. უცებ მეორე გოლიც გავიტანეთ და დაცვაში შეცდომა აღარ დაგვიშვია.

- მოედანზე შენი, ოქრიაშვილისა და გურულის შესვლის შემდეგ თამაში საგრძნობლად შეიცვალა. ასეთი რა დავალება მოგცათ მწვრთნელმა?
- მე სლოვენიელთა ნახევარდაცვის გადაკეტვა და შეტევების ჩაშლა დამევალა. მცველების წინ ვთამაშობდი და ქეცბაიამ მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მთხოვა, შეტევა კარისკენ აღარ უნდა წასულიყო. ვერ ვიტყვი, რომ მატჩის ბედი ჩვენ გადავწყვიტეთ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მეორე ტაიმში თამაშის სურათი აშკარად შეიცვალა. მთავარი ისაა, რომ მონდომება იყო, რადგან ეს გასასინჯი ფეხბურთელებისთვის თავის გამოჩენის მშვენიერი შანსი იყო.

- გაქვს იმედი, რომ ქეცბაია მომდევნო მატჩისთვისაც მიგიწვევს?
- მთავარია, მწვრთნელი მენდობა. ქეცბაია თუ ჩათვლის, რომ სლოვენიაში იმედი გავუმართლე და შემდეგშიც ამაზე უარესად არ ვითამაშებ, ალბათ, კვლავ გამომიძახებს. რეალურად, ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული