საქართველოს ეროვნული ნაკრები: ფიქრები და ციფრები

AutoSharing Option
თითქმის თვენახევარი გავიდა მას მერე, რაც 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი დასრულდა. თუ როგორ დასრულდა ჩვენთვის, ყველამ იცით - წინა საკვალიფიკაციოს მსგავსად, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში ახლაც ბოლოსწინა ადგილი დაიკავა.

თუმცა, "წინსვლა" რომ გვაქვს, ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ წინა შესარჩევში მეხუთე ადგილზე გავედით, ახლა - მეოთხეზე! თანაც, მერე რა, რომ წინა საკვალიფიკაციოში ექვსგუნდიან ჯგუფში ვიყავით, ახლა - ხუთგუნდიანში?!.

მოკლედ, გვინდა თუ არა, ჩვენი ნაკრების მთავარ მწვრთნელს ამ საკითხშიც უნდა დავეთანხმოთ და იმაშიც, როცა გვახსენებს ხოლმე თავისი წინამორბედის შედეგს: 2010
წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი ხომ სულაც მოუგებლად დავამთავრეთ!..

ვითომ დებატები და საქმის გარჩევა
აი, ასე - ყველაფერი შედარებითია და საერთოდ, ფეხბურთი, კერძოდ კი, საქართველოს ნაკრები რატომ უნდა იყოს გამონაკლისი?! ანუ, კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ძნელია შეედავო თემურ ქეცბაიას, როცა ჩვეული ემოციურობით "გვახსენებდა" თავის და მისი სახელიანი წინამორბედების (ექტორ კუპერი, კლაუს ტოპმიოლერი) ნაჩვენებ შედეგებს.

ჰო, მართლაც ასეა: "ტოპის" დროსაც ბოლოსწინა ადგილზე გავედით ჯგუფში, იმის წინაც, იმის წინის წინ კი (ისე, როგორც კუპერის დროს) - სულაც ბოლოზე...

...2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი დასრულდა თუ არა, "ლელოში" (2013 წლის 18 ოქტომბერს) ვრცელი სტატია გამოქვეყნდა ("უსიამოვნო რეალობა"). ამ სტრიქონების ავტორი იმ წერილში იმედს გამოთქვამდა, რომ დასრულებულ ციკლში საქართველოს ნაკრების ასპარეზობა კვლავაც დიდხანს იქნებოდა განსჯის საგანი.

იმის შემდეგ კი მოვლენები როგორ განვითარდა, გახსენებაც აღარ გვინდა, მაგრამ მაინც შეგახსენებთ უკვე ყოველგვარ ზღვარგადასულ ვითომ დებატებსა თუ "საქმეების გარჩევას".

რა აღარ ვნახეთ, მოვისმინეთ თუ წავიკითხეთ: ორმხრივი კი არა, მრავალმხრივი შეტევები იყო! ხან ქართული სპორტული მედია უტევდა ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ხან კიდევ - პირიქით; მერე ნაკრების ორი ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი საჯაროდ დაუპირისპირდა თემურ ქეცბაიას, რასაც ამ უკანასკნელისგან ასევე საჯარო და საპირისპირო ბრალდებები მოჰყვა და ასე გრძელდებოდა ლამის დაუსრულებლად.

არადა, თითქოსდა, ყველას გადაავიწყდა არა მხოლოდ ამ შესარჩევი ციკლის, არამედ, საერთოდ, ბოლო წლებში დაგროვილი ის უამრავი კითხვა, დღემდე რომ პასუხგაუცემლად რჩება! თუმცა, ვიდრე ჩვენგან იმ არაერთგზის გაჟღერებულ უპასუხო კითხვებს კიდევ ერთხელ გამოვიტანთ სამსჯავროზე, ისევ ბოლოდროინდელ ურთიერთბრალდებების "სერიაზე" გვინდა საკუთარი აზრის დაფიქსირება.

ულამაზო სიტუაცია
უპირველეს ყოვლისა, ერთობ გასაოცარ-გამოუცნობი იყო ამ ყველაფერთან დაკავშირებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დამოკიდებულება; კიდევ კარგი, რომ, როგორც იქნა, ჯერ ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ ("კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში), მერე კი პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ (პირველ არხზე, "საფეხბურთო მიმოხილვაში") საკუთარი პოზიცია მეტ-ნაკლებად დააფიქსირეს და ის ორკვირიანი, მართლაც ზღვარგადასული საჯარო ურთიერთბრალდებები დაგმეს.

არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი ფეხბურთელის, ლევან კობიაშვილის განცხადებაც, "მსოფლიო სპორტის" მეშვეობით რომ გაავრცელა. ვის-ვის და, კობიაშვილს არასდროს შეშლია მოვლენების რეალურად ასახვა და ისე, როგორც თავის მართლაც შთამბეჭდავ და ხანგრძლივ საფეხბურთო კარიერაში არ გადაუდგამს არც ერთი მცდარი ნაბიჯი, არც ახლა შეშლია არაფერი!

დაბოლოს, კიდევ ერთ, ცოტა არ იყოს, უხერხულ, უფრო ზუსტად, ულამაზო სიტუაციაზეც; ოღონდ, ამ შემთხვევაში, ეს ამ სტრიქონების ავტორის პირადი მოსაზრებაა და შესაძლოა, ბევრი არც დაგვეთანხმოს;

თუმცა, მაინც მიგვაჩნია, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თავის პოსტზე დარჩენა-არდარჩენა... არც მედიის გადასაწყვეტია და, რაც მთავარია, არც - ფეხბურთელების!

ისე, ქართულ სპორტულ მედიას რა გვაქვს სალაპარაკო - საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს 2011 წლის სექტემბერში, თურმე, ოთხწლიანი კონტრაქტი გაუფორმებია ფეხბურთის ფედერაციასთან, ჩვენ კი ყველას "გვეგონა", რომ ეს კონტრაქტი 2+2 სისტემით იყო!

აი, ასე - მკითხველთან, მსმენელთან თუ ტელემაყურებელთან... ზუსტი ინფორმაციის "მიტანა" ვერავინ მოვახერხეთ და ამის მერე ვინმე რამეს დაგვიჯერებს?..

უპასუხო კითხვები
ახლა კი უცვლელად გვინდა ის უპასუხო კითხვები შეგახსენოთ, 2014 წლის შესარჩევი ციკლის დამთავრების შემდეგ "ლელოში" რომ გამოვაქვეყნეთ (2013 წლის 18 ოქტომბერს) და დღესაც რომ პასუხგაუცემელია:

- რატომ არის საქართველოს ნაკრები ნებისმიერი მეტოქისათვის უადვილესად გასაშიფრი გუნდი?

- რატომ ხდება, რომ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელებს უკვე მესამე წელიწადია (!) ოფიციალურ მატჩებში გოლი არ გაუტანიათ?

- რატომ იღებენ ჩვენი ფეხბურთელები ტრავმებს მაინცდამაინც... სანაკრებო მატჩების წინ და მერე ისე სწრაფად მომჯობინდებიან ხოლმე, კლუბში პირველსავე ტურში ძირითადში რომ ვხედავთ ხოლმე?

- რატომ ექმნებათ მაინცდამაინც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს სავიზო პრობლემები სწორედაც რომ სანაკრებო მატჩების წინ?

- რატომ გრძელდება უკვე დიდი ხნის განმავლობაში ნაკრების მთავარ მწვრთნელსა და ნაკრების ძალიან ბევრ ფეხბურთელს შორის არსებული არცთუ სასურველი ურთიერთობა?

- რატომ არის იმავე მთავარ მწვრთნელზე ამდენი განაწყენებული ფეხბურთელი?

- სად დაიკარგა თუ ჩაიკარგა ერთ დროს ქართული ფეხბურთის "სავიზიტო ბარათად" მიჩნეული იმპროვიზაცია და ინდივიდუალიზმი?


არასასურველი დამოკიდებულება
...დაგვეთანხმებით, რომ აშკარად არასაკმარისი "უპასუხო კითხვაა" და კიდევ ბევრის დამატებაც შეიძლებოდა. მაგალითად, ძალიან გვაინტერესებს, თუ რატომ თამაშობს ჩვენი ნაკრები შინ თუ გარეთ, ნებისმიერ მეტოქესთან და ნებისმიერ სიტუაციაში ერთი და იმავე განლაგებით (გამონაკლისი ამ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ამ ზაფხულს, ყაზახეთთან სტუმრად ჩატარებული ამხანაგური მატჩის მეორე ტაიმი იყო, როცა თემურ ქეცბაიამ ჩვენი გუნდი 3-4-3-ზე გადააწყო - გ.ტ.)?

ისიც საინტერესოა, თუ რატომ თამაშობს საქართველოს ნაკრებში მარჯვენა მცველის ან საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე გურამ კაშია, რომელიც თავის კლუბში (ჰოლანდიურ "ვიტესში") ცენტრალურ მცველად ასპარეზობს და ერთობ წარმატებულადაც?

აქვე ერთი საინტერესო დეტალიც: განვლილ შესარჩევ ციკლში ერთადერთი ფეხბურთელი სწორედ გურამ კაშია გახლდათ, რვავე ოფიციალურ მატჩში მონაწილეობა რომ მიიღო და რვავე შეუცვლელად ჩაატარა!

...კითხვებს რა გამოლევს, უბრალოდ, არგუმენტებით გაჯერებულ პასუხებს ვერ ვეღირსეთ და აი, ეს არის საწყენი; თუმცა, ბევრად უფრო საწყენი და მტკივნეული ის სიტუაციაა, ამ შესარჩევი ციკლის დამთავრების შემდეგ რომ ჩამოყალიბდა: ჩვენი ნაკრების მთავარ მწვრთნელსა და ქართულ სპორტულ მედიას შორის არსებულ აშკარად არასასურველ დამოკიდებულებასაც ვგულისხმობთ;

აღარაფერს ვამბობთ იმავე ნაკრების მთავარ მწვრთნელსა და ზოგიერთ ფეხბურთელს შორის ურთიერთობაზე, - აშკარად უკეთესის სურვილს რომ ტოვებს და რაც მალე გამონახავენ საერთო ენას თემურ ქეცბაია და ის რამდენიმე ფეხბურთელი, მით უკეთესი იქნება, საერთოდ, ქართული ფეხბურთისათვის.

აი, ულტიმატუმებით ლაპარაკს კი ვერავის მოვუწონებთ: ჩვენი ნაკრებისათვის რაც უნდა შეუცვლელი და საჭირო ფეხბურთელი იყოს, ვერც იმას და, რაღა თქმა უნდა, ვერც - მთავარ მწვრთნელს. თანაც, ამ უკანასკნელმა ალბათ, უკვე დროა, რომ გარკვეული კომპრომისული გადაწყვეტილებებიც მიიღოს ამა თუ იმ ფეხბურთელთან მიმართებაში; ოღონდ, იმაშიც ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ თემურ ქეცბაია ხვეწნას არავის დაუწყებს: ვისაც საქართველოს ნაკრებში თამაში არ სურს (რაც უნდა საჭირო ფეხბურთელი იყოს), ის არც უნდა გამოიძახოს!

უარყოფილი პროფესიონალები
დაბოლოს, კიდევ ერთი სურვილიც: სასურველი იქნება, თუ ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელი ბევრ რამეს გადააფასებს: ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებულ და თავისგან განსხვავებულ პოზიციასაც, რაც შეიძლება, მაქსიმალური ადეკვატურობით მიუდგება და რაც მთავარია, ასევე მაქსიმალურად უნდა შეეცადოს, საქართველოს ნაკრებში ჯანსაღი ატმოსფერო შექმნას!

არადა, სხვისი რა მოგახსენოთ და ჩვენ ნამდვილად არ დაგვვიწყებია საქართველოს ნაკრებში თემურ ქეცბაიას მოღვაწეობის პირველ-მეორე წელიწადი: ათმატჩიანი წაუგებელი სერიაც მისი დამსახურებაა და ის მართლაც სასურველი და ჯანსაღი სიტუაციაც, იმ პერიოდში რომ სუფევდა ჩვენს უპირველეს გუნდში.

სამწუხაროდ, მერე და მერე ეს სიტუაცია უარესობისაკენ წავიდა (ისე, როგორც - ჩვენი ნაკრების შედეგები), რისი "პიკიც" ლევან კობიაშვილისა და ალექსანდრე იაშვილის ყოვლად უსამართლო იგნორირება იყო, - ეს ორი დამსახურებული კაცი და ჭეშმარიტი პროფესიონალი ისე ჩამოაცილეს საქართველოს ნაკრებს, მადლობის თქმას ვინ ჩივის, ამის მიზეზის თქმის ღირსიც არ გახადეს!

კახა კალაძე? 2011 წლის 11 ოქტომბერს თბილისში საბერძნეთის ნაკრებთან წაგებული მატჩის მერე ჩვენი ნაკრების კაპიტანმა და დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ყველაზე ტიტულიანმა მოთამაშემ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განცხადება რომ გააკეთა, ამ შემთხვევაშიც მადლობა არავის უთქვამს; ეგ კი არა, ყოვლად ამაზრზენი "შავი პიარი" აუგორეს ერთადერთ ქართველ ფეხბურთელს, ვისაც ჩემპიონთა ლიგა (თან - ორჯერ) აქვს მოგებული და ვისაც სერია A-ში ათი სეზონი უთამაშია!

თუმცა, ვატყობთ, თემასაც გადავუხვიეთ და ნურც ის დაგვავიწყდება, რომ იმ არცთუ შორეულ წარსულში არა მხოლოდ ქართულ ფეხბურთში, საერთოდ, საქართველოში რამდენი უსამართლობა ხდებოდა...

საქართველოს ნაკრები ბოლო შესარჩევ ციკლში
მეკარეები: გიორგი ლორია - 5 მატჩი, ნუკრი რევიშვილი - 3, როინ კვასხვაძე - 1;
მცველები: გურამ კაშია - 8, ალექსანდრე ამისულაშვილი - 7, ზურაბ ხიზანიშვილი - 5, გია გრიგალავა - 5, უჩა ლობჟანიძე - 5, დავით კვირკველია - 4, აკაკი ხუბუტია - 3, გიორგი ხიდეშელი - 1;
ნახევარმცველები: დავით თარგამაძე - 7, ჯაბა კანკავა - 6, სანდრო კობახიძე - 6, ჯანო ანანიძე - 6, თორნიკე ოქრიაშვილი - 6, ბუბა დაუშვილი - 5, ლევან ყენია - 3, ელგუჯა გრიგალაშვილი - 3, დავით დევდარიანი - 2, ირაკლი ძარია - 1, ლევან ხმალაძე - 1, შოთა გრიგალაშვილი - 1, თორნიკე გორგიაშვილი - 1, ნიკა ძალამიძე - 1, ავთო ებრალიძე - 1;
თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე - 4, ნიკა გელაშვილი - 4, ვლადიმერ დვალიშვილი - 3, ირაკლი სირბილაძე - 2, მათე ვაწაძე - 1, ირაკლი მოდებაძე - 1.

სანაკრებო მატჩებზე გამოძახებულნი იყვნენ და არ უთამაშიათ: გიორგი ფოფხაძე (8), გულვერდ თომაშვილი (5), სანდრო გურული (4), ირაკლი მაისურაძე (3), ბაჩანა ცხადაძე (3), გრიგოლ დოლიძე (3), ომარ მიგინეიშვილი (2), საბა კვირკველია (1), ალექსანდრე კვახაძე (1), მათე ღვინიანიძე (1).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
რატო არ დააცდიტ ქეცბაიას საქმის კეტებას?იქნება და ამ ცჰვენ ვაი ჯურნალისტებს ჰგონიატ ამ სირობა სტატიებიტ საქმეს ესჰველება?დააყენეტ ...
edo elerjia
19:48 30-11-2013
0
მართლა შემირცხვენია უაზრო მოკამათეები. მე დავწერე რას გულისხმობს თემურა. მე-6 გუნდი იქნებოდა ჩვენზე და ბელორუსებზე სუსტი, აი ამას გულისხმობს თემურა. მე არ ვამბობ ნაკრები კარგად გამოვიდა თუ ცუდად.
გაიგე პარფიუმერ???
soso
11:13 30-11-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული