მნიშვნელოვანიო, ვთქვით, რადგან საფრანგეთში ევროპის ჩემპიონატი უწინდელისგან განსხვავებული ფორმატით ჩატარდება - ფინალური ეტაპის მონაწილეთა რაოდენობა 24 გუნდამდე იზრდება, ხოლო საკვალიფიკაციო ციკლში 53 (სარეკორდოა) ნაკრები იბრძოლებს, მათ შორის - მასპინძელი საფრანგეთიც, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე ავტომატურად კი არის დაშვებული, მაგრამ შესარჩევ მატჩებს მაინც ჩაატარებს, ოღონდ - კონკურსგარეშე.
წილისყრის ოფიციალური ცერემონია ჩვენი დროით 15:00 საათზე დაიწყება.
როგორ ჩატარდება...
ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირდაპირ მოხვდებიან ჯგუფებში გამარჯვებულები და მეორეადგილოსნები, ასევე - საუკეთესო შედეგის მქონე ერთი მესამეადგილოსანი, ანუ სულ 19 გუნდი.
დანარჩენი რვა მესამეადგილოსანი კი ერთმანეთში დაწყვილდება და ამათგან ოთხი იღბლიანი ფინალისტებს შეუერთდება. გამოვიდა 23? ჰოდა, დავუმატოთ ამათ მასპინძელი საფრანგეთიც და ესეც თქვენი 24-გუნდიანი ფინალური ეტაპი.
რა არის ფეხბურთის კვირეული?
შესარჩევი ეტაპი პირველად ჩატარდება "ფეხბურთის კვირეულის" კონცეფციით. შესაბამისად, შესარჩევი ციკლის მატჩები ხუთშაბათიდან სამშაბათის ჩათვლით გაიმართება და უქმე დღეებში ჩვენი დროით 19 და 21:45 საათზე დაიწყება ხოლმე, ხოლო სამუშაო დღეებში 21:45 საათზე.
პლეი-ოფის მატჩებისთვის ვადა ხუთშაბათიდან კვირის ჩათვლით გამოიყო, ხოლო საპასუხო შეხვედრები პარასკევიდან ორშაბათის ჩათვლით შედგება. ყოველ სათამაშო დღეს "ბებერ კონტინენტზე" 8-10 შესარჩევი მატჩი გაიმართება.
I ტური: 2014 წლის 7,8,9 სექტემბერი.
II ტური: 9,10, 11 ოქტომბერი.
III ტური: 12, 13, 14 ოქტომბერი.
IV ტური: 14,15, 16 ნოემბერი.
V ტური: 2015 წლის 27, 28, 29 მარტი.
VI ტური: 12,13,14 ივნისი.
VII ტური: 3,4,5 სექტემბერი.
VIII ტური: 6,7,8 სექტემბერი.
IX ტური: 8,9,10 ოქტომბერი.
X ტური: 11,12,13 ოქტომბერი.
პლეი-ოფის პირველი მატჩები: 2015 წლის 12,13,14 ნოემბერი; საპასუხო მატჩები: 15,16,17 ნოემბერი.
შეზღუდვა
უეფას აღმასკომის გადაწყვეტილებით, პოლიტიკური ვითარების გამო, შესარჩევ ეტაპზე ერთმანეთს არ შეხვდებიან აზერბაიჯანი-სომხეთი და ესპანეთი-გიბრალტარი.
სატელევიზიო ინტერესების გათვალისწინებით კი, ინგლისი, გერმანია, იტალია, ესპანეთი და ჰოლანდია 6-გუნდიან ჯგუფებში მოხვდებიან.
კალათები
I კალათი: ესპანეთი (ჩემპიონი), გერმანია, ჰოლანდია, იტალია, ინგლისი, პორტუგალია, საბერძნეთი, რუსეთი, ბოსნია;
II კალათი: უკრაინა, ხორვატია, შვედეთი, დანია, შვეიცარია, ბელგია, ჩეხეთი, უნგრეთი, ირლანდია;
III კალათი: სერბეთი, თურქეთი, სლოვენია, ისრაელი, ნორვეგია, სლოვაკეთი, რუმინეთი, ავსტრია, პოლონეთი;
IV კალათი: ჩერნოგორია, სომხეთი, შოტლანდია, ფინეთი, ლატვია, უელსი, ბულგარეთი, ესტონეთი, ბელარუსი;
V კალათი: ისლანდია, ჩრდ. ირლანდია, ალბანეთი, ლიტვა, მოლდოვა, მაკედონია, აზერბაიჯანი, საქართველო, კვიპროსი;
VI კალათი: ლუქსემბურგი, ყაზახეთი, ლიხტენშტაინი, ფარერები, მალტა, ანდორა, სან მარინო, გიბრალტარი.
ვინ ჩაატარებს წილისყრას?
წილისყრის პროცედურის წარმართვაში უეფას გენმდივან ჯანი ინფანტინოს, 13 ლეგენდარულ მეკარესთან ერთად, რუუდ გულიტი და ბიქსენ ლიზარაზუ დაეხმარებიან. მეკარეთა შორის კი ფაბიენ ბარტეზი, ევროპის 1976 წლის ჩემპიონი ჩეხი ივო ვიქტორი, 1996 წლის ჩემპიონი, გერმანელი ანდრეას კიოპკე, 2004 წლის ჩემპიონი, ბერძენი ანტონის ნიკოპოლიდისი, 1968 წლის ჩემპიონი, იტალიელი დინო ძოფი და დანიელი მეკარე, ევრო 92-ის გამარჯვებული პეტერ შმაიხელი იქნებიან.
ფინალური ეტაპი
ევროპის პირველი ჩემპიონატი 1960 წელს ასევე საფრანგეთში გაიმართა. გამარჯვებული საბჭოთა კავშირის ნაკრები გახდა. მაშინ ფინალურ ეტაპზე სულ 4 გუნდი მონაწილეობდა.
1980 წლის ჩემპიონატზე 8 გუნდი იყო, 1996 წელს კი უეფამ მონაწილეთა რაოდენობა 16-მდე გაზარდა. ევრო 2016-ზე კი, როგორც ვთქვით, 24 გუნდი ითამაშებს.
ფორმულა მარტივია. ამ სისტემით ტარდებოდა მსოფლიოს ჩემპიონატები, როცა მასში 24 გუნდი მონაწილეობდა. ნაკრებები ექვს 4-გუნდიან ჯგუფში გადანაწილდებიან. მერვედფინალის საგზურს ჯგუფებში პირველ-მეორე ადგილზე გასული და 4 საუკეთესო 3-ადგილოსანი მოიპოვებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"