დარწმუნებულნი ვართ, თუნდაც რამდენიმე დღის შემდეგ ქეცბაია ამ გადაცემას თუ ნახავს, სინდისის ქენჯნას იგრძნობს.
საქართველოს ნაკრების მწვრთნელის მოღვაწეობაზე საკუთარი აზრი გვაქვს და მისთვის კრიტიკა არასოდეს დაგვიკლია, თუმცა ერთის კი მჯერა და ამაში ვერავინ და ვერაფერი გადამარწმუნებს - თემურს ჰქონდა, აქვს და ექნება სინდისი, თავისი ბუნებით ის მართალი კაცია. მაგრამ გუშინ მან ცხოვრების კრედოს, ოდინდელ გეზს
უბრალოდ, თემურ ქეცბაიამ ამოწურა საკუთარი შესაძლებლობები ეროვნულ გუნდში.
არავინ იცის, როგორ დასრულდება პოლონეთთან ევროშესარჩევი მატჩი, თუმცა პირადად ჩემთვის ორშაბათ საღამოდან ქეცბაია აღარ არის საქართველოს ნაკრების მწვრთნელი. მან ამ პოსტზე მუშაობა გუშინ დაასრულა. სულაც არ არის აუცილებელი, ეს აზრი ყველამ გაიზიაროს. ეს ერთი რიგითი გულშემატკივრის აზრია, საქართველოს ნაკრების ყველა თამაშზე ლამის ნახევარ სიცოცხლეს რომ ტოვებს...
ნუ იკითხავთ და, თურმე, "ჯვაროსანთა" ყველა წარუმატებლობა ჩვენი, ჟურნალისტების ბრალი ყოფილა. ის კი არა, თურმე მავანთაგან მართულები ჩირგვში ვსხედვართ და მუდმივად იმას ველოდებით, რომ ეროვნულ გუნდს ფეხი დაუცდეს.
ეს სერიოზული ბრალდებაა. გვესმის, თემურმა ეს განცხადება მძაფრი ემოციური სტრესის ფონზე გააკეთა და "აფექტში მყოფ დამნაშავეს" ნაკლები მოეკითხება, თუმცა ფაქტი ჯიუტია - მან ქართველ ჟურნალისტებს საქართველოს მოღალატეობა დაგვაბრალა!
დიახ, ჩემი აზრია და არ მგონია, აქ მარტო ვიყო - ნებისმიერი ქართველი, ვისაც რაგინდარა მიზეზით საქართველოს ნაკრების წაგება უხარია, მოღალატეა. ეს ნაკრები საქართველოსია, მისი ყველა თამაში ნამდვილი ომია ჩვენი სამშობლოსთვის, ომების წაგებას რომ მიეჩვია. კიდევ ერთი წაგებული ომი ვის უნდა უხაროდეს?!
აქამდე არ ვიცოდი და თურმე, ყველა ნეგატივი, რაც ქართულ ფეხბურთში ხდება, ჟურნალისტების ბრალი ყოფილა. მათ შორის ისიც, ჩვენს კლუბებში ხელფასი რომ დროულად არ რიგდება, სტადიონები რომ არ გვაქვს, ევროპაში რომ აღარავის უნდა ჩვენი ფეხბურთელები...
თუ ქეცბაიას ეპატიება ემოციურობა, ბროლისა არც ჩვენ ვართ. თემური ხშირად იგინება. გუშინდელ პირდაპირ ეთერშიც რამდენჯერმე იხმარა მთლად უცენზურო არა, მაგრამ სულ მცირე, არალიტერატურული გამოთქმები. ჟურნალისტმა კი მკითხველს უნდა სცეს პატივი. ის ვერც შეიგინება და ვერც დაიგინება.
ჟურნალისტი ვერ ააშენებს სტადიონს, ვერ გაზრდის ფეხბურთელს, ვერ დაარიგებს ხელფასებს - ქეცბაიას მისამართი შეეშალა. როგორ გინდა, აქ ინტერესთა თანხვედრაზე არ ისაუბრო? თუ ეს ყველაფერი ჟურნალისტმა უნდა აკეთოს, მაშ, რისი მაქნისია ფეხბურთის ფედერაცია? რისთვისღა არსებობს ის?
ერთადერთი, რაშიც ქეცბაიას ვეთანხმები, ისაა, რომ ახლა ნაღდად არ გვესუპერთასება, თუმცა ეს სუპერთასი ფეხბურთის ფედერაციამ დაუბევა თბილისს. მისამართი აქაც შეეშალა ეროვნული გუნდის დამრიგებელს.
კრიტიკის ნიაღვარი წამოვიდა ქეცბაიასგან გადაცემის წამყვანის მისამართით. თემურის ყველაზე ხმაურიანი გამარჯვება - ხორვატიის ეროვნული გუნდის თბილისში დაჩოქებაა. ნუთუ, მან ერთხელაც არ უყურა იმ თამაშის ტელეროპორტაჟს? იქ დავით მინაშვილი ლევან კობიაშვილის გოლისას კინაღამ გულის შეტევით მოკვდა. ამას ვერ დადგამ და ვერ ითამაშებ. თუ ეს შეუძლია, მაშინ მინაშვილი მსოფლიოს უდიდეს მსახიობთა კოჰორტაში ყოფილა.
არ მინდა, ვიფიქრო, რომ ქეცბაია საქართველოს ნაკრებში თავისი მმართველობის დასასრულს გრძნობს და კადრულობს ყველაფერს, რაც დაშვებულია და დაუშვებელი. მინდა დავიჯერო, რომ მისი ეს არასწორი საქციელი ერთი შემცდარი კაცის სულის გულწრფელი ამოძახილია და მეტი არაფერი. თუ საქმე სხვანაირადაა, მაშინ ეს ძალიან ცუდია. ასე "სხვანაირად" პატარა კაცები იქცევიან.
ამ უპატიებელი დემარშის მიუხედავად, მე მაინც მიყვარს ქეცბაია. მიყვარს, როგორც ჩემთვის სამაგალითო ფეხბურთელი, იმ ნაკრების სული და ჯიგარი...
მიყვარს, მაგრამ სულო ცოდვილო, ის კი ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა იჯდეს ის... ევროპარლამენტში.
თემურმა იმაზეც დაიჩივლა, რომ სხვა სახეობებისგან განსხვავებით, სახელმწიფო მის კონტრაქტს აღარ აფინანსებს.
იხილეთ ვიდეო
"კავშირი არ მაქვს არც ნაციონალებთან, არც ოცნებასთან, არც ლეიბორისტებთან... სულ ფეხებზე მკიდია"
აბსოლუტურად აპოლიტიკურად უნდა დავწერო - რაგბის ნაკრები მსოფლიოს თასზე, აგერ, მერამდენედ გავიდა, კალათბურთელებს წინ ევროპის ჩემპიონატი ელით და იქ უკვე შინაურები არიან, წყალბურთელებმაც ითამაშეს ევროფორუმზე... სახელმწიფო შედეგს უყურებს. ქართულ ფეხბურთში შედეგი არ არის. ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ვინ ჩივის, გიბრალტარელ მეხანძრეებთან მოგებით ვყელყელაობთ."კავშირი არ მაქვს არც ნაციონალებთან, არც ოცნებასთან, არც ლეიბორისტებთან... სულ ფეხებზე მკიდია"
ესაა ტრაგედია და არა ის, ქეცბაიას ახლა უკვე მხოლოდ ფეხბურთის ფედერაცია რომ უხდის ხელფასს.
ქეცბაიამ თვითონ გამოჭედა თავისი მომავალი. ის არის ქართველი "სელფ მეიდ მენ" და ამიტომაც იმსახურებს პატივისცემას, თუმცა დაჟეჟილს გატეხილი სჯობია და სათქმელსაც ბოლომდე თქმა უხდება - როცა ის კვიპროსულ მზეზე ნებივრობს (გულწრფელად ვწერ - დამსახურებული და ალალია!), ქართველი ჟურნალისტები თოვლში, წვიმასა და ქარში ვცდილობთ ჩვენი მრავალტანჯული ეროვნული ჩემპიონატის გაშუქებას და...
...და ბოლოს, თემურ ქეცბაიას უნდა ვუთხრათ: არ ვართ სამშობლოს მოღალატეები! არ გვიხარია საქართველოს ნაკრების წაგება!
ავი სიტყვა კი მთქმელს აუცილებლად დაუბრუნდება - ძველი, მრავალნაცადი ქართული სიბრძნეა. ნეტავ, პოლონეთთან არ დაუბრუნდეს. ნეტავ, არც არასდროს დაუბრუნდეს, თუმცა ცხოვრებას თავისი კანონები აქვს.
პირადად მე პოლონეთთანაც საქართველოს გულდამწვარი ქომაგი ვიქნები... ოღონდ, ჩემთვის უკვე უმწვრთნელო საქართველოს ნაკრებისა...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"