გიორგი ლორია: სანამ შანსია, ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ

AutoSharing Option
ზოგი ჭირი მარგებელიაო, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახურ "აქტობესთან" თბილისის "დინამოს" მარცხმა გიორგი ლორიას ევროპისკენ გაუხსნა გზა - თბილისურმა გუნდმა აქცენტი ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გააკეთა, ეროვნული ნაკრების მეკარემ კი დიდი ხნის ოცნება 28 წლის ასაკში აიხდინა...

საბერძნეთის სუპერლიგის კლუბ კრეტის ოფი-ში მისი გადასვლა წარმატებული გამოდგა. ეს ბერძნულმა მედიამაც აღიარა - გამოცემა "პრისმასპორტმა" ქართველი მეკარის ტრანსფერი კრეტული კლუბის წლის ყველაზე წარმატებულ გარიგებად მონათლა.

ნოემბრის დასაწყისში საქართველოს ნაკრებისა და ოფი-ს კიპერი დაშავდა - მან გუნდის ვარჯიში თითის ტრავმის გამო მიატოვა, თუმცა მოტეხვას გადაურჩა.
"ქსანტის" წინააღმდეგ ლორიას თამაში საეჭვო იყო, ისევე, როგორც მისი ნაკრებში ჩამოსვლა.

მაგრამ გიორგის ტრავმა სერიოზული არ გამოდგა, 8 ნოემბერს, "ქსანტისთან" საგარეო მატჩიც ჩაატარა და ნაკრების შეკრებაზეც გამოცხადდა...

- სანაკრებო მატჩისთვის მზად ხართ? ვიცით, რომ ტრავმა გაწუხებდათ...
- ოფი-ს ვარჯიშზე მარჯვენა ხელის თითი ამომივარდა, მაგრამ საბედნიეროდ, ექიმების ჩარევითა და გამაყუჩებლებით "ქსანტისთან" თამაში მაინც მოვახერხე. გუნდში მისვლის შემდეგ ყველა ოფიციალური შეხვედრა ჩავატარე და ჩვეულებრივ ფორმაში ვარ. თუმცა ამას ჩემზე უკეთ მწვრთნელი შეაფასებს.

- საქართველოდან საბერძნეთში გადასვლა სასურველია, მაგრამ საკმაოდ ძნელიც იქნებოდა. იქ სულ სხვა დონე, სისწრაფეები და მოთხოვნებია...
- საბერძნეთის სუპერლიგა არც ბუნდელიგის დონისაა და არც პრიმერა დივიზიონის, მაგრამ ევროპის 10 საუკეთესო ლიგას შორის მყარად არის და საკმაოდ ძლიერი ჩემპიონატიცაა. ცხადია, გაცილებით მაღალი სისწრაფეები და მოთხოვნებია, ვიდრე საქართველოში. ისიც სათქმელია, რომ მატჩებს უამრავი გულშემატკივარი ესწრება.

მოკლედ, სულ სხვა ამოცანების წინაშე დავდექი და თავიდან, რა დასამალია და, გამიჭირდა. რაც უნდა იყოს, ლეგიონერის სტატუსით პირველ სეზონს ვატარებ. მაგრამ, ასე თუ ისე, ეს ბარიერი უკვე გადავლახე.

- ისიც უნდა ვთქვათ, რომ კარგი მენეჯერი გამოდექით - გიორგი მერებაშვილი ოფი-ში თქვენი რეკომენდაციით მოხვდა. პირველი ტრანსფერით თავს უკვე მოიწონებთ, რადგან ბერძენი გულშემატკივარი მერებაშვილით კმაყოფილია. მედიამ კი გუნდის საუკეთესო შენაძენებში თქვენ შემდეგ დაასახელა...
- მენეჯერობას ნამდვილად ვერ დავიბრალებ. უბრალოდ, გიორგიზე აზრი მკითხეს და მეც არაფერი გადამიჭარბებია. ვთქვი ის, რასაც ვფიქრობდი. დანარჩენი კლუბისა და ჯენარო გატუზოს გადასაწყვეტი იყო.

გიორგი და მე "დინამოს" აკადემიიდან ერთად მოვდივართ, კარგად ვიცი მისი შესაძლებლობები და რისი უნარიც შესწევს. თამაშებმაც გამოაჩინა, რომ მერებაშვილი გუნდისთვის კარგი შენაძენია - პირველივე შეხვედრაში "პანათინაიკოსს" გაუტანა, მერე თავი "ასტერასთანაც" გამოიჩინა, თასზე კი საგოლე გადაცემა გააკეთა. გიორგი კიდევ გაიხსნება და მჯერა, მაღალ დონეზე ითამაშებს.

- პოლონეთთან მატჩზე რას იტყვით?
- ძლიერი ნაკრებია და მძიმე მატჩი გველის, მაგრამ სანამ შანსი გვაქვს, უნდა ვიბრძოლოთ. დანარჩენს მატჩი გვიჩვენებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული