"ბიჭებს ქეცბაიას ფაქტორი აღარ ბოჭავდა და ბევრად უფრო ლაღად შეუტიეს"

AutoSharing Option
ზურაბ ხიზანიშვილმა თბილისის "დინამოს" ფორმა 15-წლიანი პაუზის შემდეგ მოირგო. ეროვნული ნაკრების გამოცდილი მცველი თავის აზრს გვიზიარებს ახალ გუნდზე, საქართველოს ჩემპიონატზე, ეროვნული ნაკრების მომავალ მწვრთნელზე...

- დიდი ხნის შემდეგ თბილისის "დინამოში" დაბრუნდით. ახალ გარემოში თავს როგორ გრძნობთ?
- ასე თუ ისე, კარგი დებიუტი მქონდა და ფორმასაც ნელ-ნელა აღვიდგენ. მთავარია, გუნდში ატმოსფერო და პირობები მომეწონა და გახარებული ვარ, ევროპული გარემო ერთ ქართულ კლუბში მაინც რომ არის.

- ეროვნულ ჩემპიონატზე, ტემპსა და კლასზე რას იტყვით?
- ჩვენ თუ მხოლოდ ამას ვუყურეთ, გული აგვიცრუვდება.
მაგრამ წინ რომ გაიხედოთ და "დინამოს" მსგავსი პირობები კიდევ რამდენიმე კლუბსაც ჰქონდეს, ქართული ფეხბურთის წინსვლა და ევროპელების დონესთან ჩამორჩენის შემცირება წარმოუდგენელი სულაც არ იქნება.

- ევროპას მართლაც ძალიან ჩამოვრჩით. როგორ შეადარებდით საქართველოს ჩემპიონატს თურქეთის მაგალითს?.
- კლუბებმა ერთი ნაბიჯი წინ რომ გადადგან, ასეთი სიშორეც არ გამოჩნდება. მერე იმასაც ვიტყვით, რომ მათი დაწევაც შესაძლებელი ყოფილა. ამას დრო სჭირდება. მაგრამ გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ ქართულ ფეხბურთს პოტენციალი გააჩნია. ამის თქმის უფლებას ის ფაქტი მაძლევს, რომ ნიჭიერი ბავშვები გვყავს.

- ამას მხოლოდ "დინამოზე" ამბობთ?
- "დინამოზეც" და სხვა გუნდებზეც. საინტერესო მოთამაშეები თითქმის ყველა კლუბში შევნიშნე. დაკონკრეტებას მოვერიდები, ვინმე გამომრჩება და მერე ჩემს თავზე გავბრაზდები. თუ მათ გასაქანი მიეცემათ, ბევრი მაღალ დონეზე ითამაშებს.

ახლა უცხოეთში წასვლის მეტი შანსია, ვიდრე ჩემი კარიერის დასაწყისში და, იმედია, თავის გზას იპოვიან. თავისთავად, "დინამოში" თამაში უკვე იმის შანსს იძლევა, რომელიმე ძლიერ ევროპულ კლუბში წახვიდე.

სხვათა შორის, ახლა "დინამოში" უფრო მეტ პერსპექტიულ ფეხბურთელს ვხედავ, ვიდრე - "ქაისერისფორში".

- აბა, ეს ნიჭი სად იკარგება?
- თურქეთის ჩემპიონატი ბევრად მაღალი დონისაა და ეს ფაქტორი მოთამაშეებს ერთ დონეზე გაჩერების საშუალებას არ აძლევს.

- პრობლემა ისიცაა, რომ ჩვენთან ლიდერები ფიზიკური მომზადების ხარჯზე იგებენ. მერე ჩამოვა ევროპელი, რომელთანაც ბრძოლა 90 წუთია საჭირო, ამისთვის კი მოუმზადებლები ვართ...
- ფიზმომზადებაც ბევრის პრობლემაა. "დინამოს" ამ კუთხით არაფერი უჭირს, მაგრამ 2:0-ზე მეტოქე ბრძოლას რომ წყვეტს, ეს ჩვენზეც მოქმედებს. ინგლისში ან იგივე თურქეთში ასეთი რამ გამორიცხულია.

- საქართველოს ნაკრების თემას ვერ ავცდებით. მთავარი მწვრთნელის პოსტი თავისუფალია...
- არც ვიცი, ვინ დავასახელო... ძალიან მომწონს შოთა არველაძე, მასთან მიმუშავია და ვიცი, მისი გუნდები როგორ გემოვნებიან და აზრიან ფეხბურთს თამაშობენ. ძალიან მომწონს კახა ცხადაძის ვარიანტიც, რადგან აზერბაიჯანში დიდ ხანს გაძლო და სულ წარმატებით მუშაობს. ეს პატარა საქმე ნამდვილად არ არის. საქართველოს ჩემპიონატში კი ყველაზე წარმატებული და შედეგიანი გია გეგუჩაძეა. 2004 წელს "დინამო" ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა და ეს მართლაც დიდი გარღვევა იყო. მაგრამ შოთა და კახა უარზე არიან და საერთოდ, ჩვენს ნაკრებში მუშაობა ვინმეს სურს?

- ვიღაცა მაინც გამოჩნდება... ერთ სახალისო ამბავს გეტყვით: ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან უცნობი შევიდა და უმტკიცებდა, ხილვა მქონდა, დიდი მწვრთნელი გავხდებიო და ნაკრების მწვრთნელად საკუთარი კანდიდატურა შესთავაზა...
- ასეთები კი გამოჩნდებიან, მაგრამ ჩვენ ხომ მწვრთნელზე ვლაპარაკობთ და არა - არასერიოზულებზე. არადა, სამწუხაროა, რომ ყველა სასურველი ადამიანი თავს იკავებს და მათი კარგადაც მესმის.

გიორგი დევდარიანის თქმის არ იყოს, ძნელია, ჭკუადმყოფელი კაცი ამ პრობლემებით სავსე ნაკრებში გერმანიასთან შეხვედრამდე საკუთარი ნებით მივიდეს.

- ნაკრებში დაბრუნების იმედი თუ გაქვთ?
- ჯერ ფეხბურთი არ დამიმთავრებია და როცა ქეცბაიას გამო თამაშზე უარი ვთქვი, დავაკონკრეტე, რომ ეროვნულ გუნდზე უარს მხოლოდ დროებით ვამბობდი. ნაკრები ასაკობრივი გუნდი არ არის, ვეტერანებზე უარს რომ ამბობდნენ. მაგრამ გააჩნია, ვინ დაინიშნება მწვრთნელად. თუ ის ჩათვლის საჭიროდ და ფორმაში ვიქნები, სიამოვნებით დავბრუნდები.

ჩემი აზრით, კიდევ არიან მოთამაშეები, რომელთაც მწვრთნელთან ასევე პრობლემა ჰქონდათ და ნაკრებში დაბრუნებას იმსახურებენ. ბევრის გამოყენება შეიძლება.

Sportall.Ge

- თქვენი აზრით, როგორი მწვრთნელი სჭირდება ეროვნულ გუნდს?
- ანუ, მხოლოდ კვალიფიკაციას არ გულისხმობთ?

- არა, რა თქმა უნდა...
- ...შედეგი რომ უნდა გააუმჯობესოს. ეს თავისთავად ცხადია. ისეთი წყალწაღებული ფეხბურთიც არ გვაქვს, რომ პოლონეთი და ირლანდია სახლში გვიგებდნენ. კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელები გვყავს და ამ ასაკში მათთან ბევრი უცხოელი ახლოსაც ვერ მოდის.

უკვე გითხარით კიდეც, "დინამოში" ისეთი ბავშვები ვნახე, ბევრი გრანდი რომ ისურვებდა. მაგრამ ეროვნული ჩემპიონატი ხელს ვერ გვიწყობს. ნაკრებში კი მათ მიმართ სტანდარტული მიდგომა არას გვარგებს. მწვრთნელს ყველა ფეხბურთელთან ლაპარაკი და მისი შემოტრიალება უნდა შეეძლოს. ეს საკუთარ თავზე გამოვცადე. სხვის მაგალითზეც მინახავს - მწვრთნელი რთულ ფეხბურთელს ადამიანურად მიუდგა და მისი დამოკიდებულება სასიკეთოდ შეცვალა. უსიამოვნებით პრობლემები ვერ მოგვარდება.

ჩვენს ნაკრებსაც ისეთი მწვრთნელი სჭირდება, მოთამაშეები რომ "გახსნას", გაუგოს და მათი პლუსები გამოიყენოს.

გაიხსენეთ, პოლონეთთან პირველ ტაიმში ჩვენებმა რა თამამად და შემტევად ითამაშეს. ბიჭებს თემურის ფაქტორი აღარ ბოჭავდა, ანუ არ ჰქონდათ იმის შიში, რომ მატჩის შემდეგ დაძაბული ლაპარაკი ექნებოდათ და ბევრად უფრო ლაღად შეუტიეს, ვიდრე ოდესმე. მართალია, წავაგეთ, მაგრამ მატჩიდან მე ამ დადებით ფაქტორს გამოვყოფდი და გამოვიყენებდი. მგონია, რომ ჩვენი ნაკრების პოტენციალის გასაგებად ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი იყო.

- კონფლიქტის შემდეგ ქეცბაიას ელაპარაკეთ?
- ველაპარაკე და პირდაპირ ვამბობ, რომ თემურთან პირადული წყენა ნამდვილად არ მქონია. შესაძლოა, ადამიანს ფეხბურთში ვერ გაუგო, მაგრამ ეს მტრობას ნამდვილად არ ნიშნავს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 22 /
რა არის თამადად მიგიწვიეს დინამოში რამხელა ღიპი გადევს ტოო?! :)))
tarakunem
15:17 23-11-2014
0
დიდი "კიტრი"
mamulo
16:07 23-11-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული