"იმედია, ახლა მაინც მექნება საშუალება, საქართველოს ვემსახურო"

AutoSharing Option
როცა საქართველოს ეროვნული ნაკრები მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა, გულშემატკივრები ყველაზე წარმატებული ქართველი სპეციალისტების კანდიდატურებს განიხილავდნენ - კახა ცხადაძე, შოთა არველაძე, გია გეგუჩაძე, ვასილ მაისურაძე, გიორგი დევდარიანი, გია ცეცაძე...

მერე ცნობილი გახდა, რომ არველაძე, ამ ეტაპზე, ნაკრებში მოსვლას გამორიცხავს. ბაქოს "ინტერის" დამრიგებელი ცხადაძე კი თანახმაა, ორ უახლოეს შესარჩევ მატჩში უხელმძღვანელოს საქართველოს ეროვნულ გუნდს, ხოლო მერე ქართული ფეხბურთის მესვეურებს დაელაპარაკოს.

ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ ამას წინათ გადაცემა "არენაში" თქვა, რომ ნაკრების მომავალ მწვრთნელს სამწლიან კონტრაქტს შესთავაზებენ.

თუმცა, დღესდღეობით, ზუსტად ვერავინ ამბობს,
რეალურად ვინ განიხილება ადგილობრივი კანდიდატურებიდან და რას სთავაზობენ მათ...

სწორედ ამ განხილვების პერიოდში საქართველოში იმყოფებოდა ომარ თეთრაძე, რომელიც თითქოს ჩრდილშია მოქცეული, მაგრამ ასევე საინტერესო და წარმატებული მწვრთნელია.

თეთრაძემ მაშინ "ლელოსთან" თქვა, რომ ახალ შეთავაზებას ელოდებოდა და დიდი იყო ალბათობა, რუსულ კლუბში ემუშავა, თუმცა დაკონკრეტება არ ისურვა. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მუშაობა კი მისთვის იმ პერიოდში არავის შეუთავაზებია და აქედან გამომდინარე, ამ თემაზე კოკომენტარის გაკეთებას უხერხულად თვლიდა...

მაგრამ მას მერე თითქმის ერთი თვე გავიდა, 45 წლის სპეციალისტი კი კვლავ უმუშევარია. გუშინ კი ასეთი ამბავი გავიგეთ - ახლახან, ფეხბურთის ფედერაციას განსახილველად მისი კანდიდატურაც შესთავაზეს და სწორედ ამიტომ იკავებს თავს სხვა წინადადებების (ლაპარაკია რუსულ, უკრაინულ და ყაზახურ კლუბებზე) განხილვისგან.

ამის თაობაზე კომენტარი თავად თეთრაძეს ვთხოვეთ:

"უკრაინული, რუსული და ყაზახური კლუბებიდან მოწვევები ნამდვილად მაქვს, მაგრამ არ ვჩქარობ. არ დავმალავ - მიზეზი საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის ვაკანტური პოსტია.

შეთავაზების შემთხვევაში, ნაკრებში სიამოვნებით ვიმუშავებდი, რადგან ეს ჩემთვის დიდი პატივი და გამოწვევა იქნებოდა.

იმედია, ახლა მაინც მექნება საშუალება, საქართველოს ვემსახურო", - ამბობს თეთრაძე.

მოკლედ, ძნელია დასკვნების გაკეთება, სანამ ფეხბურთის ფედერაცია არ გაასაჯაროებს კანდიდატთა სიას. მანამდე კი შეგახსენებთ, რომ თეთრაძემ პროფესიული კარიერა თბილისის "დინამოში" დაიწყო. მერე იყო ოზურგეთის "მერცხალი", მოსკოვის "დინამო", ვლადიკავკაზის "ალანია", იტალიური "რომა", საბერძნეთის პაოკ-ი, მახაჭყალის "ანჟი" და სამარის "კრილია სოვეტოვი".

იყო სსრკ-ის ოლიმპიური, დსთ-ისა და რუსეთის ნაკრების წევრი. სამწვრთნელო კარიერა კი 2003 წელს, "ანჟიში" ასისტენტის პოსტით დაიწყო. 2007-10 წლებში, დაღესტნური კლუბის მთავარი მწვრთნელი იყო და ეს გუნდი რუსულ პრემიერლიგაშიც გადაიყვანა.

2010-11 წლებში თეთრაძემ იგივე გზა უკვე ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგასთან" ერთად გაიარა, ხოლო 2012 წელს მცირე ხნით "ხიმკიში" იმუშავა. 2013 წელს ის დანიშნეს ყაზახური სუპერლიგის კლუბ "ჟეტისუში", რომელიც ამა წლის სექტემბერში დატოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
ძალიან კეთილი, სამართლიანი და დიდი პიროვნებაა ომარი. არა ერთხელ დაუმტკიცებია, რომ ყველგან, სადაც მოღვაწეობდა, ქართველების გულშემატკივარი და პატრონია. თუ გუნდს ხელს მოკიდებს, მთელ გამოცდილებას, სულს და გულს ჩადებს ამ საქმეში, მთავარია აცალონ და ნუ ჩაერევიან. დიდ წარმატებებს ვუსურვებ, უმაგრესი კანდიდატია!
TAMUNA
12:25 10-12-2014
0
საიდან, ამ კაცზე რა ნამუსით გაიძახით ასეთ საძაგელ რაღაცეებს ? არაფერი არ იცით ამ კაცზე ან ავადმყოფები ხართ. ხმა ჩაიგდეთ!

ომარი თეთრაძე არის მაგარი კაცი! საქართველო და ქართველები უყვარს ბევრი ცუდი რამის მიუხედავად და თქვენი დებილი კომენტარები ზედ დამატებული. ბიჭებს კითხეთ ვინც ომარის გაუწვრთნია იმ ქართველების ბანდას ანჟი და ვოლგა რომ გადმოათრიეს ერთად, და დაინახავთ რა საკადრისს გეტყვიან. ომარის უბრალოდ არავის არ გაალანძღვინებენ.
ამ კაცს უბრალოდ არავინ აცალა თორე ძაან მაგარი მწვრთნელია და არაფერი აქვს დასამტკიცებელი. რომ იცოდეთ რა.
Zviadi
09:09 10-12-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული