ჩემი დროც მალე დადგება! - ლევან მჭედლიძეს გერმანიის არ ეშინია

AutoSharing Option
24 წლის ლევან მჭედლიძე საქართველოს ნაკრებისთვის ძალზე მნიშვნელოვან ფეხბურთელად მოჩანს. დღეს, როცა ეროვნულ გუნდს თავდასხმის ხაზში განსაკუთრებული პრობლემები აქვს, ლევანის ჩაუქობა ჰაერივით გვჭირდება.

კახა ცხადაძის გაწვრთნილ საქართველოს ნაკრებში ლევანისგან გოლებს ველით. მთავარია, ტრავმებმა არ შეაწუხოს და თამაში რომ შეუძლია, ეს ყველამ ვიცით. "ლელო" "ემპოლის" ფორვარდს იტალიაში დაუკავშირდა...

- პირველ რიგში, საინტერესოა, როგორ აფასებთ "ემპოლისა" და თქვენს გარჯას?
- ვფიქრობ, "ემპოლიმ" საკმაოდ კარგად დაიწყო 2015 წელი. მეც მომიწია რამდენიმე თამაშმა. მიმაჩნია, რომ არ გამოვიყურებოდი ცუდად, თუმცა გოლი აკლდა ამ ყველაფერს.

არ
დაგიმალავთ და, აქ საკმაოდ კარგად ვგრძნობ თავს და დიდი იმედიც მაქვს, რომ მალე გავიტან.

- სეზონის დაწყებამდე, "ემპოლი" ბევრს გასავარდნად განწირულად მიაჩნდა. ახლა გუნდი მოშორებითაა სახიფათო ზონისგან. როგორც ჩანს, სკეპტიკოსების მოლოდინი არ მართლდება...
- მართალია, სერია B-დან სერია A-ში გადმოსვლის შემდეგ "ემპოლიმ" რამდენიმე ფეხბურთელი დაიმატა, მაგრამ ამის მიუხედავად, ბევრს რატომღაც ასე ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ ჩვენ უნდა გავვარდნილიყავით. ეს უფრო უბრალო ქომაგის აზრი იყო და არა - პროფესიონალების. პროფესიონალს ასე იოლად არ გამოაქვს ვერდიქტი.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ასეთი მდგომარეობა აქვს "ემპოლის", ჩვენ სულაც არ ვფიქრობთ, რომ გადავრჩით. ერთი შეცდომაც რომ დავუშვათ, მერე ძალიან გაჭირდება ფეხზე წამოდგომა. ამ დროისთვის "ემპოლიში" იდეალური ვითარებაა. ჩვენ გვსიამოვნებს თამაში და მინდორზე ერთად ყოფნა, მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ ქულები დავაგროვოთ. იტალიაში ძალიან რთული ჩემპიონატია და ჩვენთვის ჯერ არაფერი დასრულებულა.

- "მშრალი" სერია გაგიგრძელდათ. ეს თქვენს ფსიქოლოგიაზე უარყოფითად ხომ არ მოქმედებს?
- რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო, როცა თავდამსხმელი ვერ ახერხებს გატანას, მაგრამ არ ვარ ფსიქოლოგიურად სუსტი. ვმუშაობ საკუთარ თავზე. ყველაფერს ვაკეთებ ჩემი მინუსების გამოსასწორებლად და ურყევად მჯერა, რომ ჩემი დროც მალე დადგება.

- ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ ზაფხულში გუნდი შეიცვალოთ?
- გასულ ზაფხულს რომ ვთქვი, "ემპოლიში" ვრჩები-მეთქი, გადავწყვიტე, მხოლოდ ამ გუნდზე მეფიქრა, სრულად ვყოფილიყავი კონცენტრირებული. მერე მოვიდა იანვარი და ვთქვი, რომ გუნდიდან წავიდოდი. შეთავაზებები იყო სერია A-ს გუნდებიდან. შემდეგ მოხდა ის, რომ "ემპოლის" პრეზიდენტი და დირექტორი დამელაპარაკნენ. მათ მითხრეს, რომ არ აპირებდნენ ჩემს გაშვებას.

გარდა ამისა, "ემპოლის" მთავარმა მწვრთნელმაც დააფიქსირა თავისი აზრი. მან თქვა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში სულ მაწუხებდა ტრავმები და ამის მიუხედავად, მაინც სჯერა ჩემი, რომ ჩემი იმედი აქვს. ეს საუბარი იყო და, "ემპოლიმ" კიდევ ორი წლით შემომთავაზა კონტრაქტის გახანგრძლივება.

ჯერ არ ვიცი, რა და როგორ იქნება. არ ვჩქარობ. ვნახოთ, რა იქნება ზაფხულში. ისე, კონტრაქტის მიხედვით მომავალი წელიც "ემპოლიში" უნდა გავატარო.

- ლევან, ერთი უხერხული კითხვა უნდა დაგისვათ. ბევრი ხშირად გაკრიტიკებთ - მჭედლიძემ ტატუ გაიკეთა, არასაფეხბურთო ამბებს დიდ დროს უთმობსო... როგორია ლევან მჭედლიძე მინდორს მიღმა, ბოლომდე "ეკუთვნის" ის ფეხბურთს?
- ეს ყველაფერი, ცოტა არ იყოს, სასაცილოა ჩემთვის. ბევრი კრიტიკოსი მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ ილაპარაკოს იმაზე, რაც არ იციან და თან ილაპარაკონ ადამიანზე, რომელსაც არ იცნობენ. ჩემი პასუხი ეს იქნება - ჯერ გაიცანი ადამიანი, გაიგე ვინ არის, რას წარმოადგენს და ამის შემდეგ გააკრიტიკე, გნებავთ - პიროვნულად, გნებავთ - პროფესიონალიზმის კუთხით. ის კი არა, თმის შეღებვაც კი დამაბრალეს...

რადიოში თანაგუნდელმა დამირეკა და ამ თემაზე გამეხუმრა. მან იცის, რომ არ მსიამოვნებს, როცა კაცი თმას იღებავს. მერე გადათარგმნეს ეს და ატყდა ერთი ამბავი... მერე მან თვითონ თქვა, რომ ეს ხუმრობა იყო. თუმცა ეს კი აღარ გადათარგმნეს - აღარ აწყობდათ და იმიტომ.

- ლევან, რას წარმოადგენს დღეს თქვენს მიერ შიგნიდან დანახული სერია A? ფაქტია, იტალიის ჩემპიონატი ისეთი მძლავრი ვეღარ არის, რამდენიმე წლის წინათ რომ იყო...
- მაგას თქმა არ უნდა, რომ დავუშვათ, 10 წლის წინანდელი სერია A სულ სხვა იყო, ვიდრე ახლანდელი. აბა, როგორ დავახასიათო იტალიის ჩემპიონატი?

ერთ ტენდენციას გამოვყოფ - ყველა უცხოელი ფორვარდი, ვინც იტალიაში ჩამოვიდა სათამაშოდ, მიიჩნევს, რომ ადგილობრივი მცველების წინააღმდეგ თამაშით ძალიან ძლიერდება თავდამსხმელი. ეს აზრი გამოთქვეს ტევესმა, მორატამ და სხვებმა. მათ მეც ვეთანხმები.
Sportall.Ge
- ლევან, ვინ არის "ემპოლიში" თქვენი საუკეთესო მეგობარი?
- თქვენ ადგილას რომ ვიყო, მეც არ დავიჯერებდი - გუნდში ისეთი დიდებული სიტუაციაა, რომ ერთი ან ორი კონკრეტული ფეხბურთელის დასახელება გამიჭირდება. "ემპოლიში" ახალდმოსული ფეხბურთელებიც კი ერთხმად ამბობენ, ეს სად მოვხვდით, ასეთი მაგარი სიტუაცია სხვაგან არ გვინახავსო!

ერთი დღეა, გუნდში არიან და თითქოს, მთელი კარიერა აქ გაატარეს. თუ მაინც უნდა გამოვარჩიო, დავასახელებდი ტონელს და საპონარას. უკვე დიდი ხანია, ამ ბიჭებთან ერთად ვთამაშობ.

- საინტერესოა, ბოლომდე ეგუებით იტალიური ცხოვრების წესს და თუნდაც, სამზარეულოს?
- ბევრი რამ არ მომწონს და რაც არ მომწონს, პირდაპირ ვამბობ. ყველა კარგად მიცნობს და ბევრ რამესაც ითვალისწინებენ.

რაც შეეხება იტალიურ სამზარეულოს, ის ჩემთვისაც და, ალბათ, ნებისმიერი სპორტსმენისთვისაც, საუკეთესოა. საერთოდ, იტალია ძალიან მომწონს. უკვე მეათე წელია, ამ ქვეყანაში ვარ და რომ არ მომწონდეს, აქამდე დავტოვებდი. მართლაც შესანიშნავი ქვეყანაა.

- საქართველოს ნაკრების ორი მატჩი მოახლოვდა. რას იტყვით მალტასა და გერმანიასთან გასამართ შეხვედრებზე?
- აღარ ვიცი, როგორ შევეხო ნაკრების თემას, რომელიც ასე მტკივნეულია თითოეული ჩვენგანისთვის, ყველა ქართველისთვის... მართლა, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, მრცხვენია ბოლო წლებში განცდილი ამდენი მარცხისა და წარუმატებლობის გამო. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მჯერა წინსვლის და ბევრი გამარჯვების ჩემს ნაკრებთან ერთად.

ერთის თქმა შემიძლია - როცა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჩემს გამოძახებას გადაწყვეტს, ჩამოვალ და ყველაფერს გავაკეთებ ქვეყნის მთავარი გუნდისთვის. მე აქ იმიტომ ვარ, რომ საქართველოს გამოვადგე. იმიტომ ვთამაშობ, რომ ნაკრებს დავეხმარო.
Sportall.Ge
მჯერა, ქომაგებთან ერთად მივაღწევთ შედეგს. დიდი მადლობა მათ, რომ ამდენი იმედგაცრუების მიუხედავად, მაინც ჩვენ გვერდით არიან.

- ხომ არ გისაუბრიათ საქართველოს ნაკრების ახალ მწვრთნელთან?
- არა, არ მისაუბრია, თუმცა ბევრი ფეხბურთელისგან და ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი მეორე მწვრთნელის, ზაურ სვანაძისგან ვიცი, რომ ძალიან ძლიერი სპეციალისტია. ვიმედოვნებ, ბევრ რამეს უკეთესობისკენ შეცვლის ნაკრებში და მის წინსვლაში უდიდეს წვლილს შეიტანს.

- ბოლოს, ჩვენი უძლიერესი მეტოქის გერმანიის ნაკრების დახასიათება უნდა გთხოვოთ... თუმცა კი რამდენად სჭირდება ბუნდესგუნდს ვინმესგან დახასიათება... და მაინც...
- მართლაც და, ახალი რა უნდა ვთქვათ გერმანიაზე? ფაქტია, დღეს მსოფლიოს უძლიერესი ნაკრებია. ახლა, თქვენი ნებართვით, ვითავხედებ, ოღონდ სპორტულად, და ვიტყვი, რომ არ მეშინია გერმანელების. მჯერა, მათთან რამეს მოვახერხებთ, თუ ბოლომდე, ყველანაირად მზად დავხვდებით.

იცით, რა უნდა იყოს ჩვენი პლუსი? მათ ბევრი არაფერი იციან ჩვენზე. საერთოდ, ალბათ, ეცინებათ კიდეც თბილისში რომ აქვთ თამაში. ეს უნდა იყოს ჩვენი შანსი და პლუსი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
,,ჩემი დრო მოვაო'' ისე უზახი თიტქის ისევ 17 წკისა იყო ;( როდესღა მოვა შებნი დრო ? პენსიონერთა ნაკრებშიი ???
ბერჯავახი
11:50 01-03-2015
0
მოკლედ, გერმანულ მანქანას "პავაროტნიკი" თუ გაუფუჭდა მორჩა მთელი მექანიზმი მწყობრიდანაა გამოსული, ეს ხომ ყველამ იცის. გავიგეთ? ხო, და ასეთი "პავაროტნიკი" უნდა გავუფუფოჭოთ, გავუნეიტრალოთ.

გამთამაშებელი ან რომელიმე საკვანძო ფიგურა უნდა გამოვთიშოთ თამაშიდან, პერსონალური მეურვეები უნდა მივუჩინოთ ან ტაქტიკურად რამე.

მაგარი მცველები გვყავს ბიჭებს თავისუფლად შეუძლიათ მაგათი დაჩაგვრა.

დავაი!

gegma
08:07 01-03-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული