"დინამოს" ფეხბურთელი სინჯებს არ უნდა თანხმდებოდეს, ეს ჩემი შეცდომა იყო"

AutoSharing Option
სანაკრებო თამაშები კარს მოგვადგა. კახა ცხადაძემ ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. "ჯვაროსნებში" გამოძახებულ ფეხბურთელთა უმრავლესობა ლეგიონერია, საქართველოს ჩემპიონატიდან კი მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელი მოხვდა ახალი მთავარი მწვრთნელის სიაში. ერთ-ერთი მათგანი თბილისის "დინამოს" მცველი ლაშა თოთაძეა.

"გაგრაში" დაწყებული და კიევის "დინამოში" გაგრძელებული კარიერის შემდეგ მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ. იყო ახალგაზრდული ნაკრების წევრიც, მაგრამ გარკვეული პერიოდი ჩაუვარდა და საკუთარი შესაძლებლობები მხოლოდ მიმდინარე სეზონში გამოაჩინა.

"ჩემთვის ნაკრებში გამოძახება ძალიან მნიშვნელოვანიც არის და სასიხარულოც. მადლობა კახა ცხადაძეს ასეთი ნდობისთვის და ვეცდები, მისი იმედები გავამართლო", -
ამბობს თოთაძე.

ცხადია, საქართველოს პირველობის ფონზე, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ გერმანიასთან საბრძოლველად გასვლა დიდ მღელვარებასთან იქნება დაკავშირებული, მაგრამ თოთაძე ამას სხვაგვარად უყურებს:

"ბუნებრივია, ჩვენი ჩემპიონატის შემდეგ გერმანიასთან მოედანზე გასვლა ურთულესი იქნება. მეორე მხრივ, ეს არის მშვენიერი შანსი, კარიერაში წინ რომ გადავდგა ნაბიჯი.

მაგრამ სანამ შანსებზე ვილაპარაკებ, ჯერ ნაკრების განაცხადში მოხვედრა უნდა დავიმსახურო. ეს კი იოლი საქმე არ იქნება, რადგან ცხადაძემ გამოცდილი და ძლიერი მცველები მიიწვია. ამიტომ ვეცდები, ვარჯიშებზე თავი გამოვიჩინო. თუ რამდენად მოვახერხებ ამას, ამას დრო გვაჩვენებს".

ცნობილია, რომ საშემოდგომო ეტაპის დასრულების შემდეგ თოთაძე ხარკოვის "მეტალისტში" გადასვლას აპირებდა. როგორც 25 წლის მცველმა გვითხრა, გაუგებრობაში აღმოჩნდა:

"წასვლამდე მეც და ჩემმა მენეჯერმაც ვიცოდით, რომ ხარკოველები მტოვებდნენ და პირდაპირ კონტრაქტს მიფორმებდნენ, მაგრამ უკრაინაში ჩასულებს სხვა სიტუაცია დაგვხვდა.

ჯერ ერთი, იქ ომია და "მეტალისტს" ფინანსური პრობლემები გაუჩნდა. მერე აღმოჩნდა, რომ თურმე სინჯებზე უნდა ჩავსულიყავი, რაც ჩემთვის უსიამოვნო მოულოდნელობა იყო.

ეს ამბავი წინასწარ რომ მცოდნოდა, არც წავიდოდი, რადგან თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი სინჯებზე არ უნდა თანხმდებოდეს. ეს არის გუნდის და ჩემი პრინციპიც. რაღა დაგიმალოთ და, ამის გამო კლუბის წინაშე გარკვეულ უხერხულობასაც ვგრძნობდი.

ეს ნაბიჯი ჩემი შეცდომა იყო. სწორედ ამიტომაა, გაორმაგებული სტიმულით რომ ვცდილობ, გუნდს მიზნების მიღწევაში დავეხმარო - მე მიყვარს "დინამო" და ვცდილობ, მოედანზე მაქსიმალურად დავიხარჯო".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
კარგი ბიჭი ხარ
0
არა არ დარჩებოდი რა დინამო მიყვარსო.
gaga
16:18 10-03-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული