ჯაბა კანკავა - რკინის კაცი, რკინის კაპიტანი!

AutoSharing Option
დრო სწრაფად გარბის. იმაზე სწრაფად, ვიდრე გვინდა და გვინდა თუ არა, ჩვენს თვალწინ ბევრი რამ იცვლება ფეხბურთში - გუშინდელი ბიჭები დღეს უკვე კაცები არიან, კაცები - ვეტერანები, ვეტერანებს კი სპორტული ასპარეზიდან წასვლა უწევთ...

თითქოს გუშინ ვნახე პირველად. მანამდე მისი ერთი-ორი მატჩი მენახა. პირად შეხვედრაზე ვამბობ. მაშინ ის "დინამოს" ერთი ლამაზი ისტორიის დასაწერად ემზადებოდა, ევროპული ისტორიისა, დღესაც რომ ვამაყობთ.

ჯაბა კანკავას მაშინ ცოტა თუ იცნობდა. გია გეგუჩაძის "დინამოში" ბევრი ახალგაზრდა იყო. დღეს ისინი საქართველოს ნაკრებში თამაშობენ. ამ ბიჭებს ქართული ფეხბურთის ბედისწერის
ჩარხი სხვანაირად უნდა დაეტრიალებინათ. ბოლომდე ვერ შეძლეს. ეს, უპირველეს ყოვლისა, მათი ბრალი უნდა იყოს, თუმცა ისიცაა, რომ ქართულ ფეხბურთში აღარ გამოჩნდა ისეთი მწვრთნელი, იმ თაობას ბოლომდე ნდობას რომ გამოუცხადებდა. რა ვქნა, მომკალით და მგონია, რომ შოთა გრიგალაშვილს, კახა მახარაძეს, კახა ალადაშვილსა და სხვებს მეტი შეეძლოთ.

ჯაბა კანკავა ამ თაობის ყოჩი იყო. მას ყველაზე მაგრად შეეძლო ლიდერობა და ჯერ კიდევ იმ ევროკამპანიიდან ჩანდა, რომ საქართველოს ნაკრებს საიმედო საყრდენი ეზრდებოდა. ჟინი, კლასი, ბრძოლის წყურვილი - 90 წუთის განმავლობაში ჯაბა მინდორზე არც მეტოქეს ზოგავდა და არც საკუთარ თავს.

მაშინდელი დრო გავიხსენეთ და ერთი კითხვა არ მასვენებს - რატომ მოხდა ისე, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი მაშინდელზე იშვიათად იყენებს თავისი საფეხბურთო არსენალის უბასრეს იარაღს - შორეულ, უძლიერეს დარტყმებს. ხდება ხოლმე, მწვრთნელთა გაუთავებელი მითითებებით ფეხბურთელი იცვლება. ალბათ, ამ შემთხვევაში კანკავამ ცოტა ნაკლებად უნდა უსმინოს დამრიგებლებს, თუმცა ისიცაა, რომ ევროპალიგაზე მისი შორეული დარტყმა "ოლიმპიაკოსის" ფანობას, სამწვრთნელო შტაბსა თუ ფეხბურთელებს გველის ნაკბენივით ახსოვთ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ის "დინამო", ბოლო წლებში ყველაზე მაგარი და პერსპექტიული, ისტორიას ჩაბარდა. ჯაბა კანკავას კარიერა თავისი გზით წავიდა. ერთი კია - ვინც უნდა ყოფილიყო საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, როგორი მონახაზითაც და განლაგებითაც უნდა ეთამაშა ქვეყნის პირველ გუნდს, კანკავას ძირითადში ყოფნა-არყოფნის საკითხი არასოდეს დამდგარა.

ალბათ იმადაც, რომ ჯაბა კაცია - რკინის კაცი, ნაღდი, შეურყვნელი, მთლიანი ბუნების კაცი. ის არასოდეს მოფრთხილებია ფეხებს საქართველოსთვის ბრძოლაში, ათასი მიზეზის გამო არ გაუცდენია სანაკრებო მატჩები და იმ გაცდენილი თამაშების მეორე თუ მესამე დღეს საკუთარ გუნდში არ უთამაშია.

საქართველოს ნაკრებში არაერთხელ გვინახავს დამარცხებული კანკავა. სამწუხაროდ, ქართულ ფეხბურთში დღეს იმდენი პრობლემა და ჭირია, თუნდაც მაგარ კაპიტანს არ ძალუძს, თავისი ჯანიანი მხრებით წაღმა დაატრიალოს ბედისწერის ჩარხი.

დამარცხებული კანკავა გვინახავს, დაჩაგრული - არასოდეს. თუნდაც სახელიან მეტოქეებთან ჭიდილში განცდილი მარცხის შემდეგ ჯაბას თვალებში უტეხი ჟინი და მომავლის იმედი ენთო.

ერთადერთხელ მინახავს ცრემლი ჯაბას თვალებში - იტალიასთან გაძევების შემდეგ. მაშინ ის სხვაზე უკეთ მიხვდა, რომ გუნდი დააღალატა, თუმცა, აბა, ფეხბურთი და ემოცია ვის გაუყვია? ამ დალოცვილ ფეხბურთში ემოცია რომ არ იყოს, ხელთ მხოლოდ ტაქტიკური გათვლები და ტაბლო შეგვრჩებოდა.

ცალკე უნდა ითქვას კაპიტნის ბუნების, მისი შინაგანი თვისებების შესახებ. იქნებ, მკითხველი დავღალეთ კიდეც, მაგრამ დღეს ჩვენს ფეხბურთში პიროვნებათა ნაკლებობაა. ერთმნიშვნელოვნად, ცხადად - ჯაბა კანკავა პიროვნებაა!

ცნობილი ფაქტია: ჩაატარებს თანამედროვე ქართველი ფეხბურთელი მაღალ დონეზე მიჯრით ორ-სამ შეხვედრას, წავა საშუალოზე საშუალო დონის უცხოურ კლუბში, პირველი კონტრაქტით აღებული ფულით ჩაჯდება მაგარ მანქანაში და თავი უკვე ვარსკვლავი ჰგონია, ღრუბლებში იყურება, ოდინდელ ნაცნობებს იშვიათად ამჩნევს.

ჯაბა კანკავა კი, კარიერული წინსვლისა და აღიარებების კვალად, მგონი, უფრო და უფრო უბრალო ხდება. ერთ ამასწინანდელ შემთხვევას გავიხსენებ. საახალწლოდ კანკავა თბილისში იყო, ტრავმას იშუშებდა. "ლელოში" სტუმრად მისი მოყვანა ვცადე. ცნობილია: კანკავა ცოტას ლაპარაკობს და ეს ხდება მისი უკიდურესი მორიდებისა და არა თავკერძობის გამო.

საქმეში ჩემი კოლეგა და უფროსი მეგობარი ჩავრთე და როცა არც ამან გაჭრა, თავად ავკრიფე მისი თბილისური მობილურის ნომერი.

- ჯაბა, იქნებ გვესტუმრო რედაქციაში...
- უნდა მაპატიოთ... როგორღაც, მერიდება. სხვანაირად არ გამიგოთ, ხომ იცით... მჯერა, რედაქციაშიც გამიგებენ...

დაახლოებით ასეთი დიალოგი შედგა ჩვენს შორის და მართალია, საინტერესო რესპონდენტი დავკარგე, მაგრამ აღარ მივძალებივარ - ვინც იცნობს კანკავას, ისიც იცის, რომ მასში ქედმაღლობის ნატამალი არ არის. რედაქციაშიც გაუგეს.

საქართველოს ნაკრებში ახალი მწვრთნელით ახალი ხანა უნდა დაიწყოს. ეჭვგარეშეა, კახა ცხადაძეს ჯაბა კანკავასი ეიმედება. ის უნდა იყოს ახალი გუნდის ხერხემალი - ნაღდი კაპიტანი, უღალატო კაცი, ლიდერი მინდორსა და გასახდელში.

საქართველოს ნაკრებში უამრავი პრობლემაა და ცხადაძეს საქმე რომ ვერაფრით გამოელევა, ეს აქედანვე ჩანს. მწვრთნელს ერთ რამეში მაინც გაუმართლა - ახალი გუნდის კაპიტანი და ლიდერი საძებარი არ არის.

ჩვენ ხომ ჯაბა კანკავა გვყავს, რკინის კაცი, რკინის კაპიტანი!..

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 12 /
ძალინ მომწონს ალეკო კაკაურიძისა და რატი შელეგიას წერილები, მადლობა თქვენ კოლეგებო...
ბონდო ქურდაძე
12:39 29-03-2015
0
მეამაყება ამ ადამიანთან ნათამაშები რომ მაქ, და მთელი ბავშვობის ლამაზი წლები ერთად რომ გვაქ გატარებული.....კაცობის და ადამიანობის მაგალითი და რაც მთავარია შრომის ჟინის და სწრაფვის იმისა რომ რამეს მიაღწიო ეს ყველაფერი იდო ამ ადამიანში და ეჭვიც არ მეპარებოდა რომ ჯაბა ამას გააკეთებდა...
kikna
10:09 28-03-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული