გერმანია მოდის! ბიჭები ვართ და, დავხვდეთ!

AutoSharing Option
...რა იოლად იწერება ეს ორი სიტყვა და რა რთულია მინდორზე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის წინააღმდეგ თამაში. რა რთულია, ტოლ-სწორად ეთამაშო მსოფლიოს საუკეთესო გუნდს იმ ნაკრებით, ჯერაც რომ არ ჩამოყალიბებულა. რთულია, მაგრამ ეს ფეხბურთიც ისეთია, რომ ხშირად დიდ სენსაციებსაც გამოურევს ხოლმე...

მთლად ისეც არ არის საქმე - თბილისში გრანდებსაც გასჭირვებიათ. ჩვენ კინაღამ გავაჩერეთ მაშინ ყველაფრის მომგები ესპანეთი და ფრედ ვეთამაშეთ ფრანკ რიბერის საფრანგეთს. ძველ და უფრო ტკბილ დროს დაგვიმარცხებია იმ დროის მეოთხე გუნდი (მსოფლიოს ჩემპიონატის შედეგებით) ბულგარეთი, ფრედ გვითამაშია იტალიასთან. თემურ ქეცბაიას
დროს დაგვიჩოქებია გრანდობის მოსურნე ხორვატია...

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ დღევანდელი გერმანია ყველა იმ ნაკრებს სჯობს. გერმანია სულ გერმანიაა - თუ სუსტად დაგიგულა, თუ დაგიბეჩავა, დაუნდობლად გადაგივლის...

ნუ იქნება ოღონდ შიში...
თვალწინ მიდგას ჩაბნელებული საქართველო და გერმანიის პირველი სტუმრობა. მაშინ გერმანიამ გვაჯობა და მოგვიგო, მაგრამ დაჩაგვრით ვერ დაგვჩაგრა - "მასტერკლასი" ბრწყინვალე იურგენ კლინსმანისაგან და თამაშიც გაკეთდა.

არადა, მაშინ ვერც ჩვენ და ვერც ფეხბურთელებმა ვერ ვირწმუნეთ, რომ თუნდაც ქულის გამოგლეჯა შეგვეძლო ფავორიტისთვის. აბა, როგორ გვერწმუნა - ისინი თითქოს მარსიდან ჩამოვიდნენ, ჩვენ კი არ გვქონდა შუქი, არ იყო საჭმელი, ხალხი საბურავების კვამლზე ქუჩაში თბებოდა...

რა უნდა ვუყოთ გამწარებულ გერმანიას? საკუთარ თავს უნდა გადავახტეთ. დავივიწყოთ შიში, არ ვუცქიროთ მეტოქეს ისე, როგორც პირველკლასელი უცქერს მასწავლებელს, ვიომოთ მინდვრის ყველა გოჯისთვის და ასეთ შემთხვევაში რომც წავაგოთ, ბიჭებს ვერავინ დაძრახავს - ჩვენ კი არა, გერმანიამ ბრაზილიას რაც უყო ბრაზილიაში... მგონი, შეხსენება არავის სჭირდება...

ფსიქოლოგიური ფაქტორი
საქართველოს ნაკრების თითოეული გულშემატკივარი, ფეხბურთელი თუ სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენელი უკვე კარგა ხანია, შეეგუა იმას, რომ ევროპის მომავალი ჩემპიონატი ჩვენი ქვეყნის უპირველესი გუნდის გარეშე ჩაივლის.

ეს ჩვენ, თორემ აბა, გერმანიას ვკითხოთ - "ბუნდესმანშაფტს", მოგების გარდა, სხვა გზა აღარ დარჩენია. თუნდაც ჯგუფის მეორე ადგილიდან ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონისთვის წარმატებად ვერ შეფასდება.

დავამატოთ ამას ისიც, რომ გერმანიის ნაკრების აბსოლუტურ უმრავლესობას ერთბაშად რამდენიმე ფრონტზე უწევს ბრძოლა. დიდია შანსი, ქვეცნობიერად, თბილისურ მატჩში რომელიღაც გერმანელი ვარსკვლავი ფეხს მოუფრთხილდეს, თავი დაზოგოს... კლასში სხვაობა გასაგებია, მაგრამ ეს მომენტიც არის. მერე რა, რომ არაგერმანულია? ამას ფეხბურთელი შეუგნებლად აკეთებს ხოლმე ისეთ მატჩებში, რომლებშიც 3 ქულა იმთავითვე აქვს დაგულებული.

აქეთ გავაკვირვოთ!
რაც ფეხბურთი არსებობს, გერმანიის დარი დაუნდობელი გუნდი, მგონი, არ არსებულა. გერმანიას შეუძლია, გაიტანოს იმდენი, რამდენსაც გაატანინებ. ესპანეთი გაგიტანს სამს, გააცუდებს ხუთს და დანარჩენ დროს დაგიტრიალებს "კარუსელს". გერმანია კი ნაღდი მანქანაა - დაიწყებს და აღარ გაჩერდება.

რატომღაც მგონია, რომ გერმანიასთან მატჩში კახა ცხადაძე იმ სქემით ათამაშებს საქართველოს ნაკრებს, მალტასთან მეორე ტაიმის დასაწყისში რომ ვიხილეთ. ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია და მეტი არაფერი.

მე ასე მგონია: გერმანია თუ აქეთ არ გავაკვირვეთ, თუ არ შევუტიეთ, თუ არ ჩავითრიეთ მინდვრის ყოველი გოჯისთვის ბრძოლაში, ძალიან გაგვიჭირდება. ცხადაძეს არაერთი მატჩი უთამაშია ბუნდესლიგაში, ის იცნობს გერმანულ ფეხბურთს და დაგვეთანხმება - იქნებ ლამაზად არ მოჩანს, მაგრამ გერმანიის ნაკრებს უყვარს დავრდომილი მეტოქის ბოლომდე ცემა. ჩვენ მათ ამის საშუალება არ უნდა მივცეთ.

შევთავაზოთ მეტოქეს ადგილ-ადგილ ავანტურული, თავზეხელაღებული ფეხბურთი და ვნახოთ, რა გამოგვივა. ჩვენ არც ისეთი სულელები ვართ, უძლიერეს გერმანიასთან ნაკრებს მოგება მოვთხოვოთ. არადა, ეს სასწაულებიც რომ ფეხბურთის ნაწილია?!

ნუ ვიქნებით "გრუშა"
"გრუშა" ქართულად "მსხალია" და ვეცადე, უფრო გასაგებად დამეწერა. მოკრივე ამ "გრუშას" მიჯრით უტყამს, ვარჯიშობს...

გერმანიასთან წაგებას ყველა ავიტანთ. მთავარია, მინდორზე საქართველოს ნაკრები იყოს და არა ის, რასაც მოკრივე ვარჯიშის დროს ურტყამს.

მთავარია, შევთავაზოთ რაღაც, შევუტიოთ, დავარტყათ, გავაფუჭოთ, ავაცილოთ... მოკლედ, ვითამაშოთ ფეხბურთი და არ ვიყოთ მოწმეები მოედანზე.

გერმანია მოდის! ბიჭები ვართ და, დავხვდეთ!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
დოკუმენტურ ფილმში ნათლად აჩვენეს მეცნიერებმა - როცა რომელიმე ადგილას მიმდინარეობს ლოცვა, იმ ადგილზე არის უდიდესი ენერგია, აი გრაფაზე მთის მწვერვალივით იყო იმ ადგილის ენერგია ჩვეულებრივთან შედარებით. - ეს არის მუხტი. რომელიც ჩვენს სასარგებლოდ უნდა შევქმნათ, რომელსაც ფსიქოლოგიურად ვერ გაარღვევს მოწინააღმდეგე და ჩვენ მოგვცემს სულიერ- შემოქმედებით ძალას.
ამერიკა მისდღემში ვერ უგებდა მექსიკას და ღანას (ამათ რა შამანები ყავთ მტრისას). მოვიდა გერმანელი, იურგენ კლინსმანი, უთხრა ალბათ დებილები ხართო ბიძია, ოკულტისტური გამოცდილება გაუზიარა, ეს ეშმაკობა საქმეში ჩართეს და მექსიკელებს "თავში წამოარტყეს". ღანაც დატოვეს ხახამშრალი ბოვშივით. ცოტა ხანში კიდე ობამამ ტვიტერზე დაწერა ჩვენ ფეხბურთში მსოფლიოს იმაზე ადრე მოვიგებთ ვიდრე ეს სხვებს გონიათო.
ასე რომ ხალხო გეუბნებით რა, სულიერად და არა "პროფესიონალურად", ჩვენთვის ვიცოდეთ და ჩვენი გავაკეთოთ, სულიერი შრომით ძალა შევკრიბოთ.
ესპანეთთან თამშში კადრში გამონდა ერთი ახალგაზრდა რომელიც ლოცულობდა, ასე უნდა ვილოცოთ ჩუმად თუ ხილულად მთელი გულით, სტადიონზე განსაკუთრებით. ეს დიდი ძალაა. საქართველომ თავისი მართლმადიდებლური ქრისტიანული ძალები რომ ჩართოს ამაში, ჩვენი ეკლესია და წმინდანები - ვერავინ ვერ მოგვერება. გერმანია კი არა არავინ არ არის ჩვენი მომრევი ეს დაიმახსოვრეთ. ღმერთმა გაახაროს საქართველო!
მთიელი
22:24 27-03-2015
0
ავტორო შენი ჭირიმე, რა ჯიგრული სტატიაა .. ხალხო, ლოცვის და ღმერთის შეწევნის გარეშე ვერ მოვიგებთ და ვერც ფრეს მოვახერხებთ. პირველი - პატრიარქსაც აუცილებლად უნდა დავალოცინოთ ნაკრები ყველა და მთისა და ბარის სალოცავების შეწევნა გამოვითხოვოთ - ეს საქართველოს ნაკრებია. რაგბისტები 93 წლიდან რომ უგებენ რუსებს პატრიარქი აღავლენს სპეციალურ პარაკლისს ყოველი მაგათი თამაშის წინ, მათი სულიერი მხნეობისათვის.

იცოდეთ გერმანიას მარტო ბურთის გორებით არ მოუგია, გერმანიას აქვს დიდი გამოცდილება ოკულტისტურ - მაგიურ რიტუალებში და ამჟამად არამართლმადიდებელ ერებს შორის გერმანიის ნაკრებს ყავს ყველაზე უძლიერესი და ბოროტი ოკულტისტ - ჯადოქრები. მაგათ ვერ ერევიან თურქი მოლები, ვერც აფრიკელი შამანები, და ბრაზილია-არგენტინას რა უქნეს ხომ ყველა კარგად ხედავს. არადა ყველა დიდ გუნდს საიდუმლოდ ყავს შამანურ-ოკულსტური ზურგი, დამხმარეთა ჯგუფი. თორემ მაგათი ნათამაშები ფეხბურთი სად გაიშვა..

მთიელი
21:37 27-03-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული