თვალსაზრისი: ნუ დაუჩოქებ!..

AutoSharing Option
ეს წერილი საქართველო-გერმანიის მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე იწერება. თავად მატჩი ამ წერილში უკვე ვერაფერს შეცვლის. მოსახდენი მოხდა - ერთ-ერთმა ქართველმა, გერმანიის ნაკრების ვარჯიშისას, "დინამო არენაზე" ბუნდესნაკრების კაპიტან ბასტიან შვაინშტაიგერს დაუჩოქა!..

თავისთავად, ფაქტი ისეთია, რომ გამოხმაურებას საჭიროებს. თავდაპირველად, ეს რომ ვნახე, გავოგნდი. მერე ხალხის რეაქციამ დამაინტერესა. უმეტესობა გმობს, იშვიათად რომ ვინმე ამართლებდეს. ისეთი პოლიტიკოსები თუ მათი მეუღლეებიც გამოჩნდნენ, რომლებიც ტოლერანტობისკენ მოგვიწოდებენ...

დღევანდელ დროსა და სივრცეში
არანაირი საქციელი არ უნდა გაგვიკვირდეს. რა თქმა უნდა, დემოკრატია ჩვენი თვითგამოხატვის თავისუფლებისთვის გვიყვარს და გვესათუთება. ჩვენ შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ერთი, თუნდაც უღირსი საქციელის გამო ადამიანი ჩავქოლოთ, მაგრამ ყველაფერს თავისი სახელი კი უნდა დავარქვათ.

ჩემთვის ეს საქციელი სხვა არაფერია, თუ არა სამშობლოს ღალატი. ღალატი, თუნდაც გაუაზრებლად ჩადენილი, მაგრამ მაინც. გერმანიის ნაკრების ჩამოსვლისა და მისი ქართველი "ფანების" დახვედრის კადრებიც ვნახე. იქ მავანი "ფანი" ამბობს, რომ ის წარმოადგენს საქართველოში გერმანიის ნაკრების ფანკლუბს და იქვე იმედოვნებს, რომ მომავალ მატჩში 3 ქულა ბუნდესგუნდს დარჩება.
გერმანიის ნაკრების ქართველი ფანების დახვედრა
Sportall.Ge

ვერანაირი დემოკრატიული ფასეულობა, ლიბერალიზმის ვერანაირი გამოვლინება ვერ დამარწმუნებს იმაში, რომ ის ფანი მოღალატე არ არის. ის ჩვეულებრივი მოღალატეა იმ ათასთაგან, საუკუნეების განმავლობაში რომ ყიდდნენ სამშობლოს.

ღალატი მაინცდამაინც იმას არ ნიშნავს, რომ სერგო ორჯონიკიძესავით წინ მოუძღოდე შენი ქვეყნის დასაპყრობად მომავალ მტერს. როცა შენი ქვეყნის ნაკრების წაგება გიხარია და უცხოტომელის მოგებაზე ოცნებობ, მოღალატე ხარ!

აქვე ვთქვათ, რომ იმ ახალგაზრდამ ეს თქვა აბსოლუტურად ძალდაუტანებლად, ისეთ სიტუაციაში, როცა მას არავინ აძალებდა, გინდა თუ არა, გერმანიის ნაკრების გამარჯვების სახელზე აღავლინე ხოტბაო. რას იზამს ის იმ შემთხვევაში, თუ ოდნავი ძალა მაინც დაადგება?! ამაზე ფიქრიც კი არ მინდა.

...ისევ "დინამო არენაზე" მომხდარს დავუბრუნდეთ. მე არ ვიცი, სად დაიბადა ან სად გაიზარდა ის ახალგაზრდა, შვაინშტაიგერს რომ დაუჩოქა, მაგრამ ერთი კი ვიცი - მის პიროვნებაში, მის შინაგან "მე"-ში ქართული არაფერია.

მოვლენები საქართველოს დედაქალაქში, თბილისში განვითარდა. ალბათ, იმ ახალგაზრდამ არ იცის, რომ ნახევარი თბილისი გაწყდა საუკუნეების წინ და ჯალალ-ად-დინს არ დაუჩოქა, ქართველობამ არ დაუჩოქა თემურ-ლენგს, შაჰ-აბასს... ათას დიდსა თუ მცირე დამპყრობელს თავისი დროისას.

ვეჭვობ, მაშინ ისეთი ქართველები გვყოლოდნენ, როგორებიც ის, მუხლებზე დამხობილი, შვაინშტაიგერის ბუცებს ჩახუტებული ბიჭი და მისი "კოლეგა", გერმანიის გამარჯვებაზე მეოცნებე მავანი "ფანი".

უმიზეზოდ ბუნებაში არაფერი ხდება. რამ მიგვიყვანა აქამდე? ალბათ, მიზეზი ჩვენივე თავშია. როგორც ჩანს, მავანმა შეძლო და შექმნა ვაიქართველის ახალი ტიპი, რომლისთვისაც პატრიოტიზმი, სამშობლოს სიყვარული სალანძღავ სიტყვას წარმოადგენს.

უცხოური ნაკრებების ქომაგობის კულტს ჩვენი ტელევიზიები ნერგავენ ყველა დიდი ტურნირის დროს, ლამის 24 საათი რომ გვიჩვენებენ სხვადასხვა ნაკრების ქართულ "ფანკლუბებს".

მერე: ბოლო ოცი წელია, ეს ბიჭები საკუთარ სამშობლოს სულ დაჩოქებულს ხედავენ. ომებსა და სხვა კატაკლიზმებს ვინ ჩივის, ისეთ სიტუაციაშიც კი ვიჩოქებთ, როცა ამას არავინ გვთხოვს... მაგალითები ახლო წარსულში ბლომად გვაქვს.

იმ ხალხს, ვინც ამ რენეგატი ქართველების საქციელს ამართლებს, მინდა ვკითხო: გერმანიაში ჩასულ საქართველოს ნაკრების რომელიმე წევრს ასე ვინმე დაუჩოქებდა? არ თქვათ, რომ შვაინშტაიგერი ვარსკვლავია და მას იმიტომ დაუჩოქეს. გერმანიისთვის საქართველოს ნაკრები რიგითი მეტოქეა, ჩვენ კი ზედ მსოფლიოს ჩემპიონებთან თამაშის წინ მათგან კერპები შევქმენით...

ახლა ჩვენი საზოგადოების "ზეტოლერანტული" ნაწილი ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ ეს ხალხი განვითარებულებად, წინწასულებად, განვითარების მაღალ საფეხურზე მდგომებად წარმოგვიჩინოს. მე მათში ამის ნატამალსაც ვერ ვხედავ.

პირიქით - ჩემთვის ეს ადამიანები განვითარების ყველაზე დაბალ საფეხურზე მდგომები არიან, რომლებიც ჩაკარგულან გლობალიზაციის ზღვაში და არ იციან თავისი და სხვისი...

როცა თბილისში მოსაგებად ჩამოსულ მეტოქეს ფეხს უკოცნი, ამაზე მეტი "ხამობა" გაგონილა?!

საქართველოში გაზრდილი კაცი არც დაიჩოქებს და არც მეტოქის გამარჯვებას ინატრებს, თუ მას რაღაც ქართული სცხია, თუ მას ვაჟა წაუკითხავს, ილიას შემოქმედებას იცნობს, თუ იცის, რამდენი მოწამე გვყავდა, როგორ გადავრჩით, რამ მოგვიყვანა აქამდე...

მინდა გთხოვოთ: ნუ გაამართლებთ ამ ადამიანების საქციელს ფეხბურთის უსაზღვრო სიყვარულით. დარწმუნებული ვარ, არც ერთი და არც მეორე არასოდეს ყოფილა საქართველოს ჩემპიონატის მატჩებზე. ფეხბურთის სიყვარული მხოლოდ ამით არ იზომება? მაშინ სხვა მხრიდან შევხედოთ.

სცადეს კი ამ ორმა და მათ უკან მდგომმა ადამიანებმა, ამხელა სიყვარული და სითბო დაენახვებინათ თუნდაც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისათვის? ვინ იცის, ასეთი რუდუნებით ფრთაშესხმულებს ოდნავ უკეთ მაინც ეთამაშათ ფეხბურთი?!

არ უცდიათ და უბედურებაც ამაშია - ჩვენი ყველას უბედურება და არა იმ 200 თუ 300 კაცის.

ჩვენ უბრალო მოკვდავები ვართ და ბევრი რამის უფლება გვაქვს. გვაქვს, რადგან საერთო არაფერი გვაქვს ღმერთებთან და რაც მათ არ ეპატიებათ, ჩვენთვის აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენაა.

ყველა მოკვდავს ვერ მოსთხოვ, იყოს დემეტრე თავდადებული, ლუარსაბ მეორე, თევდორე მღვდელი...

და მაინც, არის ზღვარი, რასაც არავინ უნდა გადასცდეს.

ნუ დაუჩოქებ შვაინშტაიგერს! მით უმეტეს, შენს მიწაზე და მით უმეტეს მაშინ, როცა ძალას არავინ გატანს. შვაინშტაიგერს რა, ზოგადად, ნურავის დაუჩოქებ!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 48 /
ბევრი კომენტარი წავიკითხე...ყველაში სიმართლის მარცვალია..უბრალოდ ერთ ამბავს მოგიყვებით...მახსოვს მოსკოვში არგენტინის ნაკრები ჩამოვიდა..ჩემმა მრგობარმა მარადონას ჩამოართვა ხელი და ამ ხელს ალბათ ერთი თვე არ იბანდა,მთელმა ქალაქმა იცოდა ეს ამბავი,მაგრამ არავის მოსვლია აზრად ეფიქრა ,ბინძურიაო და მოღალატეაო,არგენტინის ფანი იყო... შემდეგ კი სოხუმში დაიღუპა- საქართველოსთვის გაწირა თავი...
Giorgi
30 მარტი 2015 23:31
0
ერთხელ მიხეილ მესხს პელე ზურგზე შეახტა,ისე იყო აღრფთოვანებული მისი თამაშით და ასე ათრია მესხმა ის რამდენიმე მეტრი.მან ასე გამოხატა მისი გენიალურობა.გაითვალისწინეთ,ისინი მეტოქეები იყვნენ...
აქ მე ეხლა ისეთ შთაბეჭდილება მრჩება,თქვენ რომ ყველანი მოსამართლეები და ნაფიცი მსაჯულები იყოთ,ამ ახალგაზრდას 3 განაჩენს გამოუტანდით.1. ჩამოხრჩობა,2. დახვრეტა,3. გილიოტინა.სამი განაჩენი იმიტომ,რომ არ გადარჩენილიყო(ჯვარი ეწეროს).ასე იმიტომ ვფიქრობ,რომ საოცრად დაუნდობლები ხართ.მხოლოდ ბოღმა და შური გამოძრავებთ.აბსოლუტურად არანაირი კავშირი არა გაქვთ ფეხბურთთან.არ გინდათ დაინახოთ არანაირი დადებითი საქციელი მის ემოციებში.
ღმერთს რომ ახსენებთ,პირველ რიგში ფეხზე ადექით და პირჯვარი გადაიწერეთ.ხოლო მეორე რიგში,ღმერთი რომ სხვის განსჯას და განკიცხვას გიკრძალავთ,ეს არ იცით?
Zaza
30 მარტი 2015 22:29
0
ერთხელ მიხეილ მესხს პელე ზურგზე შეახტა,ისე იყო აღრფთოვანებული მისი თამაშით და ასე ათრია მესხმა ის რამდენიმე მეტრი.გაითვალისწინეთ,ისინი მეტოქეები იყვნენ...
აქ მე ეხლა ისეთ შთაბეჭდილება მრჩება,თქვენ რომ ყველანი მოსამართლეები და ნაფიცი მსაჯულები იყოთ,ამ ახალგაზრდას 3 განაჩენს გამოუტანდით.1. ჩამოხრჩობა,2. დახვრეტა,3. გილიოტინა.სამი განაჩენი იმიტომ,რომ არ გადარჩენილიყო(ჯვარი ეწეროს).ასე იმიტომ ვფიქრობ,რომ საოცრად დაუნდობლები ხართ.მხოლოდ ბოღმა და შური გამოძრავებთ.აბსოლუტურად არანაირი კავშირი არა გაქვთ ფეხბურთთან.არ გინდათ დაინახოთ არანაირი დადებითი საქციელი მის ემოციებში.
ღმერთს რომ ახსენებთ,პირველ რიგში ფეხზე ადექით და პირჯვარი გადაიწერეთ.ხოლო მეორე რიგში,ღმერთი რომ სხვის განსჯას და განკიცხვას გიკრძალავთ,ეს არ იცით?
Zaza
30 მარტი 2015 22:09
0
davide აი ყველაფერს რომ თავი გავანებოთ რაც ილაპარაკე რაშუაშია :D ნაგვის დაყრა სამშობლოს სიყვარულთან?!! ეგ ნაგვის დაყრა შენი კულტურის დონეს განსაზღვრავს და რა გასწავლეს მშობლებმა და არა იმას თუ რამდენად გიყვარს შენი სამშობლო)))
P.s ავტორ მშვენიერი სტატიაა!!!!
svani_7
30 მარტი 2015 19:04
0
ავტორ!მოიცა რა!გეყო მეზღაპრეობა!!მოღალატეა არა ყურებიანი ქუდი!შეეშვი ამ ფსევდოპატრიოტიზმზე საუბრებს!..შენ როგორც ჩანს სამშობლოს სიყვარული სტადიონზე "მიდი,მიდი შენი დედა მოვტ..ან დაარტყი" ან "პასი შე ...",ანაც "საქართველო,საქართველოს" ხმისჩახლეჩამდე ძახილი გგონია?..არ მითხრა ეხლა გულშემატკივრების 90% ასეთი არ არისო?!..მაგ ზღაპრებს გირჩევნია ნაგავი არ დაყარო ქუჩაში, ნამწვი არ დააგდო და ჯერჯერობით ასეთი მარტივი რამეებით დაუმტკიცო სამშობლოს სიყვარული!!!
davide
30 მარტი 2015 17:54
0
zaza-ს წმინდანებს შეიძლება დაუჩოქო, ქალსაც... მაგრამ შენი ქვეყნის ნაკრების დასამარცხებლად ჩამოსული ნაკრების ფეხბურთელს არ უნდა აულოკო ფეხები. ეს ბიჭი პატარაა და შეეშალაო, თქვენ?
Irina
30 მარტი 2015 17:33
0
კაი ნუ შეჭამეთ შეეშალა
lsd
30 მარტი 2015 17:08
0
ერთი ტიპიური ვიგინდარა გამყიდველი... გამოტოტალიზატორებული ყეყეჩი, რომელსაც ერთი კინკილა ლარიანით ასი თუ ორასი ლარი მოუგია შვაინშტაიგერის გოლით და რატომღაც საკუთარ თავმოყვარეობაზე და სამშობლოზე მაღლა დააყენა ერთი ჩვეულებრივი საშუალოზე მაღალი დონის ფეხბურთელი... მართლა ვაი ჩვენ
ოოოოხ
30 მარტი 2015 16:33
0
შვაინ, შენ მართლა შვაინ! კანკავასთან მედანზე კინკლაობით გადაიხადე მადლობა არა? ჩვენი უგვანო ახალგაზრდის მიერ ჩადენილი, დიახაც ჩადენილი, ერის დამამცირებელი (გადახვეოდა რა პრობლემა იყო, მაგრამ ტერფების ლოკვა?) საქციელი შენი ფეხების მიმართ, მაგრამ შენ და შენისთანები ჩვენ ხომ ველურებად გვთვლით და დიდი ამბავი, თუ მხოხავმა ველურმა ტერფებზე გემთხვია...ღმერთი ყველას და ყველაფერს განსჯის!!!!!
muxa-1955
30 მარტი 2015 15:24
0
ვერ დაგეთანხმებით.მე მიმაჩნია,რომ ამ ახალგაზრდამ ფეხბურთის დიდ სიყვარულს დაუჩოქა.შეხედეთ მის სახეს,როგორი ბედნიერია.მან თავისი სურვილი აისრულა და ფეხბურთის ცოცხალ და მოქმედ ლეგენდას შეეხო ბუცზე(და არა დაუჩოქა.ეს სიტყვა აქ არასწორია).მის წინ რომ ჩოგბურთელი ყოფილიყო,რა თქმა უნდა ჩოგანზე შეეხებოდა და აღარ მოიხრებოდა,რათა ბუცზე შეხებოდა.ნუ ხართ შურიანები და ბოროტები.დადებითად შეხედეთ ამ აქტს.მე მესმის ამ ახალგაზრდის.ის ფანია და ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.ასეთია ცხოვრება.ზოგი რელიგიას უჩოქებს,ზოგი მუსიკას,ზოგიც ქალებს...არავინ არავის წინაშე არაა ვალდებული.მერწმუნეთ,იმ ტრანსგენდერებს,რომლებიც დღეს ასე გააპოპულარეს საქრთველოში და ყველა სატელევიზიო არხი,თუ ჟურნალ-გაზეთები მათი ფოტოებითაა აჭრელებული,უფრო ტრაგიკული და დამღუპველია ჩვენი ერისთვის,ვიდრე ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებული ეს ახალგაზრდა(სამშობლოს ღალატზე მაგრად ვიცინე :) ).
ვიმეორებ,მან სიყვარულს,ფეხბურთის სიყვარულს დაუჩოქა(თუ მაინც და მაინც ასე გინდათ ერქვას).
zaza
30 მარტი 2015 15:20
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული