თვალსაზრისი: ნუ დაუჩოქებ!..

AutoSharing Option
ეს წერილი საქართველო-გერმანიის მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე იწერება. თავად მატჩი ამ წერილში უკვე ვერაფერს შეცვლის. მოსახდენი მოხდა - ერთ-ერთმა ქართველმა, გერმანიის ნაკრების ვარჯიშისას, "დინამო არენაზე" ბუნდესნაკრების კაპიტან ბასტიან შვაინშტაიგერს დაუჩოქა!..

თავისთავად, ფაქტი ისეთია, რომ გამოხმაურებას საჭიროებს. თავდაპირველად, ეს რომ ვნახე, გავოგნდი. მერე ხალხის რეაქციამ დამაინტერესა. უმეტესობა გმობს, იშვიათად რომ ვინმე ამართლებდეს. ისეთი პოლიტიკოსები თუ მათი მეუღლეებიც გამოჩნდნენ, რომლებიც ტოლერანტობისკენ მოგვიწოდებენ...

დღევანდელ დროსა და სივრცეში
არანაირი საქციელი არ უნდა გაგვიკვირდეს. რა თქმა უნდა, დემოკრატია ჩვენი თვითგამოხატვის თავისუფლებისთვის გვიყვარს და გვესათუთება. ჩვენ შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ერთი, თუნდაც უღირსი საქციელის გამო ადამიანი ჩავქოლოთ, მაგრამ ყველაფერს თავისი სახელი კი უნდა დავარქვათ.

ჩემთვის ეს საქციელი სხვა არაფერია, თუ არა სამშობლოს ღალატი. ღალატი, თუნდაც გაუაზრებლად ჩადენილი, მაგრამ მაინც. გერმანიის ნაკრების ჩამოსვლისა და მისი ქართველი "ფანების" დახვედრის კადრებიც ვნახე. იქ მავანი "ფანი" ამბობს, რომ ის წარმოადგენს საქართველოში გერმანიის ნაკრების ფანკლუბს და იქვე იმედოვნებს, რომ მომავალ მატჩში 3 ქულა ბუნდესგუნდს დარჩება.
გერმანიის ნაკრების ქართველი ფანების დახვედრა
Sportall.Ge

ვერანაირი დემოკრატიული ფასეულობა, ლიბერალიზმის ვერანაირი გამოვლინება ვერ დამარწმუნებს იმაში, რომ ის ფანი მოღალატე არ არის. ის ჩვეულებრივი მოღალატეა იმ ათასთაგან, საუკუნეების განმავლობაში რომ ყიდდნენ სამშობლოს.

ღალატი მაინცდამაინც იმას არ ნიშნავს, რომ სერგო ორჯონიკიძესავით წინ მოუძღოდე შენი ქვეყნის დასაპყრობად მომავალ მტერს. როცა შენი ქვეყნის ნაკრების წაგება გიხარია და უცხოტომელის მოგებაზე ოცნებობ, მოღალატე ხარ!

აქვე ვთქვათ, რომ იმ ახალგაზრდამ ეს თქვა აბსოლუტურად ძალდაუტანებლად, ისეთ სიტუაციაში, როცა მას არავინ აძალებდა, გინდა თუ არა, გერმანიის ნაკრების გამარჯვების სახელზე აღავლინე ხოტბაო. რას იზამს ის იმ შემთხვევაში, თუ ოდნავი ძალა მაინც დაადგება?! ამაზე ფიქრიც კი არ მინდა.

...ისევ "დინამო არენაზე" მომხდარს დავუბრუნდეთ. მე არ ვიცი, სად დაიბადა ან სად გაიზარდა ის ახალგაზრდა, შვაინშტაიგერს რომ დაუჩოქა, მაგრამ ერთი კი ვიცი - მის პიროვნებაში, მის შინაგან "მე"-ში ქართული არაფერია.

მოვლენები საქართველოს დედაქალაქში, თბილისში განვითარდა. ალბათ, იმ ახალგაზრდამ არ იცის, რომ ნახევარი თბილისი გაწყდა საუკუნეების წინ და ჯალალ-ად-დინს არ დაუჩოქა, ქართველობამ არ დაუჩოქა თემურ-ლენგს, შაჰ-აბასს... ათას დიდსა თუ მცირე დამპყრობელს თავისი დროისას.

ვეჭვობ, მაშინ ისეთი ქართველები გვყოლოდნენ, როგორებიც ის, მუხლებზე დამხობილი, შვაინშტაიგერის ბუცებს ჩახუტებული ბიჭი და მისი "კოლეგა", გერმანიის გამარჯვებაზე მეოცნებე მავანი "ფანი".

უმიზეზოდ ბუნებაში არაფერი ხდება. რამ მიგვიყვანა აქამდე? ალბათ, მიზეზი ჩვენივე თავშია. როგორც ჩანს, მავანმა შეძლო და შექმნა ვაიქართველის ახალი ტიპი, რომლისთვისაც პატრიოტიზმი, სამშობლოს სიყვარული სალანძღავ სიტყვას წარმოადგენს.

უცხოური ნაკრებების ქომაგობის კულტს ჩვენი ტელევიზიები ნერგავენ ყველა დიდი ტურნირის დროს, ლამის 24 საათი რომ გვიჩვენებენ სხვადასხვა ნაკრების ქართულ "ფანკლუბებს".

მერე: ბოლო ოცი წელია, ეს ბიჭები საკუთარ სამშობლოს სულ დაჩოქებულს ხედავენ. ომებსა და სხვა კატაკლიზმებს ვინ ჩივის, ისეთ სიტუაციაშიც კი ვიჩოქებთ, როცა ამას არავინ გვთხოვს... მაგალითები ახლო წარსულში ბლომად გვაქვს.

იმ ხალხს, ვინც ამ რენეგატი ქართველების საქციელს ამართლებს, მინდა ვკითხო: გერმანიაში ჩასულ საქართველოს ნაკრების რომელიმე წევრს ასე ვინმე დაუჩოქებდა? არ თქვათ, რომ შვაინშტაიგერი ვარსკვლავია და მას იმიტომ დაუჩოქეს. გერმანიისთვის საქართველოს ნაკრები რიგითი მეტოქეა, ჩვენ კი ზედ მსოფლიოს ჩემპიონებთან თამაშის წინ მათგან კერპები შევქმენით...

ახლა ჩვენი საზოგადოების "ზეტოლერანტული" ნაწილი ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ ეს ხალხი განვითარებულებად, წინწასულებად, განვითარების მაღალ საფეხურზე მდგომებად წარმოგვიჩინოს. მე მათში ამის ნატამალსაც ვერ ვხედავ.

პირიქით - ჩემთვის ეს ადამიანები განვითარების ყველაზე დაბალ საფეხურზე მდგომები არიან, რომლებიც ჩაკარგულან გლობალიზაციის ზღვაში და არ იციან თავისი და სხვისი...

როცა თბილისში მოსაგებად ჩამოსულ მეტოქეს ფეხს უკოცნი, ამაზე მეტი "ხამობა" გაგონილა?!

საქართველოში გაზრდილი კაცი არც დაიჩოქებს და არც მეტოქის გამარჯვებას ინატრებს, თუ მას რაღაც ქართული სცხია, თუ მას ვაჟა წაუკითხავს, ილიას შემოქმედებას იცნობს, თუ იცის, რამდენი მოწამე გვყავდა, როგორ გადავრჩით, რამ მოგვიყვანა აქამდე...

მინდა გთხოვოთ: ნუ გაამართლებთ ამ ადამიანების საქციელს ფეხბურთის უსაზღვრო სიყვარულით. დარწმუნებული ვარ, არც ერთი და არც მეორე არასოდეს ყოფილა საქართველოს ჩემპიონატის მატჩებზე. ფეხბურთის სიყვარული მხოლოდ ამით არ იზომება? მაშინ სხვა მხრიდან შევხედოთ.

სცადეს კი ამ ორმა და მათ უკან მდგომმა ადამიანებმა, ამხელა სიყვარული და სითბო დაენახვებინათ თუნდაც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისათვის? ვინ იცის, ასეთი რუდუნებით ფრთაშესხმულებს ოდნავ უკეთ მაინც ეთამაშათ ფეხბურთი?!

არ უცდიათ და უბედურებაც ამაშია - ჩვენი ყველას უბედურება და არა იმ 200 თუ 300 კაცის.

ჩვენ უბრალო მოკვდავები ვართ და ბევრი რამის უფლება გვაქვს. გვაქვს, რადგან საერთო არაფერი გვაქვს ღმერთებთან და რაც მათ არ ეპატიებათ, ჩვენთვის აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენაა.

ყველა მოკვდავს ვერ მოსთხოვ, იყოს დემეტრე თავდადებული, ლუარსაბ მეორე, თევდორე მღვდელი...

და მაინც, არის ზღვარი, რასაც არავინ უნდა გადასცდეს.

ნუ დაუჩოქებ შვაინშტაიგერს! მით უმეტეს, შენს მიწაზე და მით უმეტეს მაშინ, როცა ძალას არავინ გატანს. შვაინშტაიგერს რა, ზოგადად, ნურავის დაუჩოქებ!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 48 /
ეეჰ,რაც არ უნდა ამართლო ზაზა სჰენ ეხლა მაინც მიუღებელია ქართველისთვის მასეთი საქციელი,ბოლობოლო გადახვედო ან რაღაცა მასეთი გაეკეთებინა,ან თამაშის მერე ეფიქრა და აგარ გახდებოდა სალაპარაკო...ის კიდე რო ბლუყუნობს იმედია გერმანია გაიმარჯვებსო ,ბარემ ეგეც გაამართლეეე.თქვი რო ქომაგია გერმანიის და რა ქნასო?
qartveli
31 მარტი 2015 10:02
0
ავტორს ან არ წაუკითხავს ვაჯა ფშაველა, ან ვერ გაუგია რაც წაუკითხავს :)
Giorgi
31 მარტი 2015 09:43
0
მოღალატე არა, მაგრამ ეს იყო სულელისა და გოიმის საქციელი. . .
მამუკა
31 მარტი 2015 09:23
0
გიცანით, გიცანით შენ იყავი ის ფეხების მლოკველი.
zaza- ძმაო!!!
31 მარტი 2015 08:28
0
დაჩოქებას არაფერი არ ამართლებს, მოღალატეების და ადგილი ჯოჯოხეთშია მათ დამცველებთან ერთად. მხოლოდ ღირსეულ და სამშობლოს მოყვარე კაცს აქვს უფლება თავს ქართველი უწოდოს, არც სტადიონზე და არც მთელ საქართველოში უღირსი უთავმოყვარეო კაცუნების ადგილი არ არის. წაეთრიეთ სადაც გინდათ. მტერს რომ უჩოქებ ხარ ლეში. მაგ მახინჯს შვაინშტაიგერის ჯერ აყროლებული ბუცები უნდა აყნოსო და მერე ისე უნდა დასაჯო სხვებს ხალისი დაეკარგოთ.
GORG
31 მარტი 2015 04:17
0
გერმანიაში ვარ და არ მიგვრძნია უხერხულობა ამ მომენტის გამო პირიქით დადებითი ემოციები გამოიწვია მაყურებლებში და მეკითხებოდნენ ვინც არ იცოდა რატომ გვიყვარს ასე ფეხბურთი და რაგბი. ავტორ ძაან შაურმებში წახვედი მგონი , შევარდნაძეს დაუჩოქეთ და ეს რა გახდა, თან პატარა ბიჭია , ეს სტატია სირცხვილია და აიღე
gabe
31 მარტი 2015 03:52
0
საქებარი სიტყვები სტატიის ავტორს. საკადრისი პასუხი გასცა კაკაურიძემ ახალგაზრდა ორჯონიკიძეს. ვინც იმ ბიჭის საქციელს იზიარებთ, პოტენციური მოღალატეები ხართ. ჩემი უდიდესი პატივისცემა იმ ბიჭს, რომელიც პირველი ტაიმის ბოლოს გადახტა და კანკავას გაუკეთა იგივე ჟესტი შვაინშტაიგერის საპასუხოდ.
Giorgi
31 მარტი 2015 02:43
0
bachos:
რაც შეეხება ჩვენს მეზობლებს და საერთოდ,იმ ფაქტის განხილვას,რაც აეროპორტში მოხდა,ვიცი რაც იწერება და რასაც გადმოსცემენ.რომ დამშვიდდეთ, გეტყვით,რომ გერმანელები აღრფთოვანებულები არიან ასეთი თბილი დახვედრით.3 დღეა გერმანიაში საუბრობენ იმაზე,თუ როგორი ღირსეული დახვედრა მოუწყეს მსოფლიოს ჩემპიონს ქართველბმა.საუბრობენ ჩვენს საფეხბურთო ინტელექტზე და ობიექტურობაზე.სტუმარტმოყვარეობაზე და ფეხბურთის დიდ სიყვარულზე(ზუსტად შვაიშტაიგერის ფაქტზე).თუ გაინტერესებთ,მოგიძიებთ და გადმოგიკოპირებთ იქაურ პრესას.ქართულ თარგმანზე ბოდიში.
Zaza
31 მარტი 2015 00:37
0
bachos:
სტუმრის დახვედრა თბილად და ღირსეულად მასპინძლის ვალია(დღეს სტუმარია ის ჩემი,გინდ ზღვა ემართოს სიხსლისო).მაგრამ იმ ხალხზე,რომლებზეც თქვენ საუბრობთ,არა მგონია ქართველები იყვნენ.ასეთი სულელები(ვისაც გერმანიის გამარჯვება უნდოდათ) ყველაგან გამოერევიან ხოლმე.თუნდაც ისისნი,ვინც მოედანზე გადახტნენ თამაშისას და უკომპასი გემებივით დარბოდნენ აქეთ-იქით.მე ისინი ქართველებად არ მიმაჩნია,როგორი ფანებიც არ უნდა ყოფილიყვნენ.იქნებ სულაც სომხები იყვნენ,ან ქურთები,ან აზერბაიჯანელები.იქნებ ვინმემ გადაუხადა კიდეც,რომ ასე ეთქვათ.მე მათ ნათქვამს საერთოდ არ ვაქცევ ყურადღებას და თქვენ რატომ აითაცეთ ასე,არ მესმის?ნუთუ ვერ დაინახეტ,რომ 70 000 ქომაგი "საქრთველოს" გაჰკიოდა 2 ტაიმი.რაღა მათზე ლაპარაკობს მთელი საქართველო?ფეხბურთზე ისაუბრეთ.ვინ კარგად ითამაშა,ვინ ცუდად,ვინ გაგვახარა,ვის არ გამოუვიდა თამაში და ა.შ...
იმ ახალგაზრდას არც დაუჩოქია და არც ფეხები დაუკოცნია.იგი უბრალოდ შეეხო მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის,ცოცხალი ლეგენდის ბუცს.ვინც ამაში ტრაგედიას ხედავს,მისი ადგილი სტადიონზე არაა.
Zaza
31 მარტი 2015 00:29
0
სხვისი განსჯა არა ნუ აგულიანებთ ისეთ ხალხს ვინც მთელ ერს არცხვენს,სად,რომელ ვეყანაში ხდება ომ მეტოქეს ხვდებოდნენ აეროპორტში და მის გამარჯვებაზე ოცნებობდნენ?დამისხელეთ აბა?და მეორე,ვის უჩოქებ?არ გიფიქრიათ რომ ეხლა მთელი მსოფლიო იმ ქართველობს დასცინის და მითუმეტეს ახლო მეზბლები,აქ არ იგულისხმება მარტო ჩრდილოელი მეზობელი,არამედ სამხრეთელიც და აღმოსავლელიც,დაინახეთ რეები იწერება მათ პრესაში და ნახავთ,დასავლურ მედიასაც გადახედეთ ტქვე მოღალატეებო!!!
Bacho
30 მარტი 2015 23:40
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული