შოთა არველაძე: გიდასტურებთ, "ალკმაარიდან"ინტერესი იყო, ოღონდ...

AutoSharing Option
"ქასიმფაშადან" წასვლის შემდეგ შოთა არველაძე ჯერაც უმუშევარია. როგორც დამოუკიდებელი საქართველოს ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა გვითხრა, ახალი სეზონის დაწყებამდე დაისვენებს.

შოთას თურქეთში დავუკავშირდით და მისი ამჟამინდელი მდგომარეობის გარდა, საქართველოს ეროვნულ ნაკრებზეც ჩამოვუგდეთ სიტყვა...

"საქართველოს ნაკრების თემას როცა ვეხებით, ჩვენ მკვეთრად უნდა გავმიჯნოთ ეს ორი თამაში. გერმანია იმდენად ძლიერია, რომ განსაკუთრებული ტენდენციების გამოსაკვეთად და სამსჯელოდ ეს შეხვედრა ნაკლებად გამოგვადგება...

მთლიანობაში, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვნახეთ ნაკრების ახალი სათამაშო სტილი, ახალი სათამაშო სქემა... დამეთანხმებით, მოკლე დროში ეროვნული გუნდის დამრიგებლის მიერ გაწეულ იქნა დიდი მოცულობის
სამუშაო... მე, როგორც მწვრთნელი, პირდაპირ გეტყვით - რამდენიმე დღეში ამდენი ნოვაციის მინდორზე გადატანა კი არა, ფეხბურთელებამდე მიტანაა რთული.

მალტასთან თამაშში ჩვენ ვნახეთ ნაკრები, რომელიც შეტევაზე ბევრს ფიქრობდა და ეს არ არის მეორეხარისხოვანი მომენტი...

კონკრეტულად სათამაშო სქემის შეცვლა ნებისმიერი გუნდისთვის ძალიან რთულია. ცხადია, საქართველოს ნაკრები არ არის გამონაკლისი და გამიხარდა, რომ მალტასთან თამაშში ჩვენი ფეხბურთელები კარგად შეეგუენ ამ განლაგებას, სადაც სამი ცენტრალური მცველია...

გერმანიასთან თამაში სხვა განზომილებაა. გერმანიამ ბურთი არ მოგვცა. ასეთ შემთხვევაში, ვერ იმსჯელებ გუნდის თამაშზე. აქაც კი შეინიშნებოდა შეტევაში გააზრებულად გადასვლის სურვილი, განსაკუთრებით - მეორე ტაიმში", - გვითხრა შოთა არველაძემ სანაკრებო ბატალიების შეფასებისას.

"ქასიმფაშადან" წამოსვლის შემდეგ მას მეტი დრო რჩება ოჯახისთვის, თუმცა ჩვენ სხვანაირ შოთას მივეჩვიეთ - დასაქმებულს, ფეხბურთში ბოლომდე ჩაფლულს...

თურქულ მედიაში დაიწერა არაერთი გუნდის ინტერესის შესახებ. განსაკუთრებით, ჰოლანდიური "ალკმაარის" მხრიდან. საინტერესოა, რას ფიქრობს შოთა ამასთან დაკავშირებით?

"გიდასტურებთ, რომ "ალკმაარიდან" ინტერესი იყო, ოღონდ მანამდე, ვიდრე "ქასიმფაშას" დავტოვებდი. მაშინ ვმუშაობდი და, ცხადია, ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა", - გვითხრა ტყუპისცალმა.

თურქებმა ისიც დაწერეს, შოთა არველაძის მთავარ მწვრთნელად ხილვა "ქაისერისფორის" შეფობასაც სურსო. მოგეხსენებათ, 42 წლის არველაძე ამ გუნდს 2010-12 წლებში წვრთნიდა.

"არა, კონკრეტული არაფერია. ასე ბევრი რამ იწერება... სეზონის ბოლომდე დასვენებას ვაპირებ. მერე კი რა და როგორ იქნება, ყველა ერთად გავიგებთ", - გვითხრა შოთამ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამან შეურაცყოფა მიაყენა ფეხბურთს, ბავშვობ გამახსენდა, ძალით რომ ვატანინებდით... არასპორტული საქციელი იყო
mixo
20:42 07-04-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული