მიხეილ ყაველაშვილი: საქართველოს ნაკრებს აქვს გერმანიის დამარცხების პოტენციალი

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მომხდარი ცვლილებები, ქვეყნის პირველი გუნდის ბოლო ორი მატჩი, ქართულ ფეხბურთში არსებული საერთო სიტუაცია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები - მიხეილ ყაველაშვილთან სალაპარაკო ბლომად დაგროვდა. გუშინ "ლელომ" ყაველაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა...

- თავდაპირველად, საქართველოს ნაკრების ბოლო ორ მატჩზე გკითხავთ...
- ამასთან დაკავშირებით მაქვს ჩემი აზრი. ჩვენი ნაკრები წლების განმავლობაში თამაშობდა იმ ფეხბურთს, რომელიც მიუღებელი იყო ჟურნალისტებისათვის, გულშემატკივრებისათვის. საქართველოს ნაკრებს ყველა ვუჭერთ მხარს, ყველას გვიყვარს ის, მაგრამ ჩვენ უნდა ვიდგეთ მყარ ნიადაგზე, არ უნდა აღმოვჩნდეთ ილუზიების ტყვეობაში. ფეხბურთს აქვს
მაგიური ძალა, უცებ აგიტაცებს ხოლმე. ჩვენი მოვალეობა კი ისაა, რომ არ მოვწყდეთ რეალობას, რადგან სიმართლე მუდამ ამ რეალობაში იმალება.

ახალი მწვრთნელი მოვიდა. მას თავისი გზა აქვს და გულშემატკივარი ყოველთვის უნდა იდგეს საქართველოს ნაკრების გვერდით, მაგრამ ჯერ ის ვიკითხოთ, რა მიმართულებით, საით მივდივართ.

ჩვენ ვნახეთ მსოფლიოს ჩემპიონი გერმანია. ამ გუნდის მოქმედებაში გათვლილია თითოეული წამი და წუთი. ცოდნა, ნება და განათლება გვაკლია. ამის გამოა, გერმანიაში სრულად რომ ხერხდება ნიჭის რეალიზება, ჩვენთან კი - ვერა. ესაა მთავარი. ჩვენ დღემდე ვერ გავარკვიეთ, რა გეზი გვაქვს, საით მივდივართ. მერე ისე ხდება, რომ ხელს ვიშვერთ მწვრთნელებისა და ფეხბურთელებისაკენ. ეს არ არის მართალი.

შევხედოთ საკითხს, ფეხბურთს, როგორც პროცესს. დღეს ხომ ფეხბურთში შემთხვევით არაფერი ხდება, ყველა ნიუანსი ბოლომდეა გათვლილი.

ახლა შევაფასებ მალტასთან სანაკრებო მატჩს. აქაც ცოტა შორიდან მოვუვლი. არავინ იფიქროს, რომ საქართველოს ნაკრების ახალი თავკაცის წინააღმდეგი ვარ. პირიქით, უხერხულადაც კი მიმაჩნია იმის აღნიშვნა, რამხელა მეგობრობა გვაკავშირებს მე და კახას და რას ნიშნავს ის ჩემთვის.

ამის მიუხედავად, მე ვამჯობინებ, ღიად ვთქვა სათქმელი და რაც გასაკრიტიკებელია, გავაკრიტიკო. ეს თვითონ კახასთვისაც უკეთესი იქნება. ჩვენ ყველა უნდა მივეჩვიოთ, რომ ჯანსაღი კრიტიკა უმნიშვნელოვანესია.

ნებისმიერ მწვრთნელს აქვს თავისი გზა. კახა ცხადაძე ნამდვილი პროფესიონალია. ის საქართველოს ნაკრებს წვრთნის და გულით ვუსურვებ წარმატებას. ერთი კია - საით მიდის დღეს ქართული ფეხბურთი? გვაქვს კი განვითარების გეგმა, კონცეფცია? ცხადაძეს ხომ სულ რამდენიმე დღე ექნება სანაკრებო შეკრებისათვის? ასეთ ვითარებაში მას ძალიან გაუჭირდება გარდატეხის შეტანა ქართულ ფეხბურთში. არ არსებობს გეზი, რომელსაც ჩვენ მივყვებით.

მალტასთან საქართველოს ნაკრები ყველანაირად ცდილობდა, რომ შემტევი ფეხბურთი ეთამაშა. ჩვენ ყველას მოგვეწონა ეს მისწრაფება. მით უმეტეს, ამდენი წლის მერე, როცა ყელში ამოგვივიდა დაცვითი ფეხბურთი. იყო ხარვეზებიც და ეს ბუნებრივია - დანგრევა არის ადვილი, თორემ აშენება, ახალი საფეხბურთო კონცეფციის დანერგვა გუნდში ძალიან რთულია.

საერთოდ, უნდა იცოდე, საით მიდიხარ. შეიძლება, ამ გზაზე იყოს იმედგაცრუება, შეიძლება, 0:8 წააგო, მაგრამ უნდა იარო დასახული მიზნისაკენ.

აქვე მინდა შევეხო იმ საკითხს, რომელიც ქართულ საფეხბურთო თემში ბოლო დროს მუსირებდა. საქმე ეხება მწვრთნელის ეროვნებას. ჩემი აზრით, ამას მნიშვნელობა არ აქვს. საქართველოს ნაკრებში ორივე ვარიანტი უკვე მოსინჯულია და ორივე შემთხვევაში იყო როგორც წარმატებები, ისე წარუმატებლობები.

მეორეა, რომ აუცილებლად შემტევი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ და შედეგს არ აქვს მნიშვნელობა. მაშინ რატომ უტევ? ხომ შედეგისთვის აკეთებ ამას? დიახ, ჩვენ უნდა ვითამაშოთ შემტევი ფეხბურთი. მე მჯერა ქართული გენის. ამავე დროს, უნდა მოვითხოვოთ შედეგი.

- გადავიდეთ გერმანიასთან მატჩზე...
- ეს იყო კახა ცხადაძის დებიუტი, ოფიციალური სანაკრებო შეხვედრა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის წინააღმდეგ. ამით თუ ავხსნი იმ მომენტს, რომ მინდორზე ზედმეტად ბევრი დაცვითი სტილის ფეხბურთელი დავინახე თამაშის დაწყებისას. როგორც ჩანს, კახამ მაინც თავი დაიზღვია - გერმანიამ თვით ბრაზილია გაანადგურა მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში.

ასეთი რამ დევს მწვრთნელის ფსიქოლოგიაში - ოცდაათზე მეტი დამრიგებელი გამოვიცვალე ჩემი კარიერის განმავლობაში. მიმაჩნია, რომ მეტად შეიძლებოდა, თუნდაც, ვაკო ყაზაიშვილის გამოყენება, ვინც მალტასთან თამაშში გარდატეხა შეიტანა.

კიდევ ერთხელ ყურადღებით დავაკვირდი გერმანიის ნაკრების თამაშს. არაერთხელ მინახავს ცოცხლად "ბაიერნი" და "დორტმუნდი", ამ ფორმაციის ნაკრების ორი დომინანტი გუნდი. შემექმნა შთაბეჭდილება, რომ გერმანელები მოიგებდნენ იმ ანგარიშით, რა ანგარიშითაც დასჭირდებოდათ. მეორე ტაიმში მათ დაახლოებით ისე ითამაშეს, საქართველოს ნაკრების ძველი თაობა რომ თამაშობდა - მაშინ ბევრი გვსაყვედურობდა, ბურთიანად გინდათ კარში შესვლაო.

მეორე ტაიმში შეიტანა კახამ კორექტივები და უკეთ ვითამაშეთ. ამის მიუხედავად, კარის ჩარჩოში ზუსტად არ დაგვირტყამს. შვიდი კუთხური კი მოვაწოდეთ.

საერთოდ, სტატისტიკა ყველაფერს როდი ნიშნავს ფეხბურთში, მაგრამ გასათვალისწინებელი კი არის. თუ იცით, რა იყო ერთადერთი კომპონენტი, რაშიც გერმანიასთან უპირატესობა გვქონდა?

- თუ არ ვცდები, დრიბლინგების რაოდენობა...
- მართალია! ოღონდ მომეჩვენა, რომ ხშირად ეს იყო დრიბლინგი დრიბლინგისათვის და არა საიმისოდ, რომ გოლი გაგვეტანა. მსოფლიოს ჩემპიონს რაღაცაში ვაჯობეთ და ეს არ არის პატარა ამბავი. სადაც გერმანიას ვაჯობეთ, იქ ხომ სხვასაც გავუსწრებთ. ჩვენ უნდა "ჩავავლოთ" ამ დადებით ტენდენციას და ვეცადოთ, რომ სხვა კომპონენტებში დავეწიოთ გერმანელებს. სწორად აღზრდილმა გერმანელმა ფეხბურთელმა გააჩერა ქართული დრიბლინგი. ეს რაღაცაზე ხომ მეტყველებს?

ყველა ბავშვთა გუნდი ვნახე საქართველოში. 2-3 ბიჭი სულ არის, დიდი ფეხბურთის თამაში რომ შეუძლია. რატომ იკარგებიან ისინი? გერმანელები ასეთებს არ კარგავენ...

საერთოდ, მე ასეთი მიდგომის მომხრე ვარ - ვდგავარ შენ გვერდით, მაგრამ ყოველდღიურად გაკრიტიკებ, არც მე ვისვენებ და არც შენ გასვენებ და ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ ხვალ უკეთესი იყო. საერთო საქმის კეთების ფორმულას მე ასე ვხედავ.

- მოდით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე ვთქვათ. აპირებთ მასში მონაწილეობას?
- ველოდები არჩევნების თარიღის გაცხადებას. ამის შემდეგ, შეიძლება მანამდეც, მოვიწვევ პრესკონფერენციას, სადაც დავაფიქსირებ საკუთარ აზრს იმის თაობაზე, რომ ბევრი რამაა შესაცვლელი.

- რას გულისხმობთ, საარჩევნო წესდებას?
- ამასაც და ბევრ სხვა რამესაც... ჟურნალისტებსაც მეტი აქტიურობა გმართებთ. არის პროცესები, რომლებიც საჭიროებს ანალიზს. ჯერ ველოდები, ახლო მომავალში კი თავად ვიტყვი ამის თაობაზე.

ჩვენი საუბარი მინდა ოპტიმისტურად დავასრულო. ზემოთ გერმანიაზე ვისაუბრეთ და მიმაჩნია, რომ საქართველოს ნაკრებს აქვს ამ გუნდის დამარცხების პოტენციალი. ეს ერთ და ორ დღეში არ მოხდება. სწორი მუშაობა და მიმართულებაა საჭირო.

შევხედოთ ურუგვაის, ჩვენზე პატარა ქვეყანას. თუ პოლონეთმა შეძლო გერმანიის დამარცხება, ჩვენ რატომ არ შეგვიძლია?! მთავარია, 90-95 პროცენტით მაინც გამოვიყენოთ ჩვენი ნიჭი. ცოტა ხნის წინ რა დღეში იყო ბელგიის ნაკრები? გნებავთ, ავსტრიის ან პოლონეთის?

ჩვენი დროც დადგება, მე ამის მჯერა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
უნდა ცავიდნენ აქ ორი აზრი არარსებობს
xaro
15:41 09-04-2015
0
რა გინდათ რეზისგან, რას ერჩით? თუ კრიტიკა გინდათ, საადაბუთეთ, ფაქტები და არგუმენტები მოიყვანეთ და ისიც თქვით, ძმებმა არველაძეებმა რამდენი კეთილი საქმე გააკეთეს
kukuredu78
12:28 09-04-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული