შეგახსენებთ, რომ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის D ჯგუფში 5 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები 3 ქულით V ადგილზეა და საპლეიოფო, მესამე ადგილზე მყოფ შოტლანდიის ნაკრებს 7 ქულით ჩამორჩება.
რა თქმა უნდა, თეორიულად იმის შანსი ჯერ კიდევ არსებობს,
დღეიდან, 1-ლი ივნისიდან, კახა ცხადაძე საქართველოს ნაკრების "დე ფაქტო" და "დე იურე" მთავარი მწვრთნელია; ანუ აზერბაიჯანული "ინტერის" აწ უკვე ყოფილი თავკაცი ამიერიდან მხოლოდ საქართველოს ნაკრებში იმუშავებს და ორი დღის მერე თავის პირველ სრულფასოვან შეკრებასაც დაიწყებს.
"პირველი და სრულფასოვანი" შემთხვევით არ გვიხსენებია: წინა ორი სანაკრებო მატჩისათვის (მალტასა და გერმანიასთან) მოსამზადებლად კახა ცხადაძეს ხომ, ფაქტობრივად, დრო არც ჰქონია. ახლა კი, ავსტრიულ შეკრებაზე ამის პრობლემა აღარ იქნება და ნაკრების თავკაცსაც მშვიდ გარემოში მოუწევს საკუთარი იდეების ფეხბურთელებთან "მიტანაც" თუ სხვადასხვა ტაქტიკური მონახაზის დამუშავებაც.
ჩვენი ნაკრების 24-კაციანი სია უკვე ცნობილია და წინდაწინ უნდა ვთქვათ, რომ გარკვეული მოულოდნელობა ამ სიაში არც ყოფილა; ყოველ შემთხვევაში, მალტასთან და გერმანიასთან ჩატარებულ მატჩებთან შედარებით ბევრი ცვლილება არ მომხდარა. უფრო ზუსტად, მხოლოდ ორი სიახლეა და ამაზე ოდნავ ქვემოთ; მანამდე კი ის ფეხბურთელები ჩამოვთვალოთ, რომლებიც, ახლანდელისგან განსხვავებით, მალტასა და გერმანიასთან მატჩის წინ ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში იყვნენ: ომარ მიგინეიშვილი, რევაზ თევდორაძე, მიხეილ ალავიძე, ზურაბ ხიზანიშვილი, ლაშა თოთაძე, ლევან კაკუბავა, ნიკა საბანაძე ( ყველანი - საქართველოს ჩემპიონატიდან), გიორგი ფოფხაძე, ნიკა ძალამიძე, გორგი მერებაშვილი, ოთარ მარცვალაძე.
როგორც იცით, პოლონურ "იაგელონიას" ქართველ ლეგიონერებს, ფოფხაძესა და ძალამიძეს თავის ჩემპიონატში უმნიშვნელოვანესი მატჩები აქვთ დარჩენილი; სამწუხაროდ, მარცვალაძესა და მერებაშვილს კვლავაც სათამაშო პრაქტიკის პრობლემა აქვთ, თორემ ამ ორივე შემტევს (ისე, როგორც ძალამიძესა და ფოფხაძეს), ძალიან დიდი ალბათობით, ნაკრების ახლანდელ გაფართოებულ შემადგენლობაში ვიხილავდით.
აი, რაც შეეხება საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე ფეხბურთელების არყოფნას, ვფიქრობთ, არც ეს ფაქტი უნდა ყოფილიყო ვინმესთვის მოულოდნელი, რამეთუ ნაკრების თავკაცმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ძირითად აქცენტს ლეგიონერებზე გააკეთებდა.
თუმცა ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენს უპირველეს გუნდში საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე ფეხბურთელებს ვერ ვიხილავთ. ამის დასტურად კონკრეტული ფაქტიც გვინდა მოვიყვანოთ: 29 მარტს, გერმანიის ნაკრებთან მატჩში ჩვენი ნაკრების განაცხადში 3 ფეხბურთელი იყო საქართველოს ჩემპიონატიდან: ლაშა თოთაძე, ლევან კაკუბავა და მიხეილ ალავიძე.
სხვათა შორის, ახლახან დასრულებული საქართველოს ჩემპიონატის, უდავოდ, საუკეთესო მეკარეს, მიხეილ ალავიძეს (ბათუმის "დინამო") სეზონის ბოლო მატჩებში ტრავმის გამო არ უთამაშია, თორემ, დიდი ალბათობით, ნაკრებს ავსტრიულ შეკრებაზეც გაჰყვებოდა.
...როცა ცხადაძემ მალტასა და გერმანიასთან მატჩების წინ ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, მაშინაც აღვნიშნეთ, რომ ჩვენს უპირველეს გუნდს რამდენიმე ფეხბურთელი გარკვეული პაუზის მერე დაუბრუნდა. ასე მაგალითად, ორწლიანი პაუზის შემდეგ გამოჩნდნენ საქართველოს ნაკრებში ნუკრი რევიშვილი, ალექსანდრე ამისულაშვილი, ლევან ყენია, მათე ვაწაძე; უფრო მეტის კი არა, საკმარისზე დიდი ხნის მერე დაუბრუნდნენ ეროვნულ ნაკრებს გიორგი ნავალოვსკი (შვიდწლიანი პაუზის შემდეგ) და კახა მახარაძე (ცხრაწლიანი პაუზის შემდეგ).
და აი, ავსტრიულ შეკრებაზე ნაკრებთან ერთად კიდევ ორი "ახალწვეულია", ორი გამოცდილი და ორი უნივერსალი ფეხბურთელი: კახა ალადაშვილი და გოგიტა გოგუა!
ალადაშვილიც და გოგუაც თანატოლები არიან (31 წლისანი) და ჩვენს უპირველეს გუნდს გარკვეული პაუზის მერე უბრუნდებიან. ამ ორივე გამოცდილ ფეხბურთელს ურიგო სეზონი ნამდვილად არ ჰქონიათ და მათი დიდი დამსახურებაც არის, ხაბაროვსკის "სკა-ენერგიამ" რუსეთის პირველ ლიგაში ადგილი რომ შეინარჩუნა.
ზემოთ ალადაშვილისა და გოგუას უნივერსალიზმი შემთხვევით არ გვიხსენებია: ამ ორივე ფეხბურთელს ხომ ერთნაირი წარმატებით შეუძლია თამაში სხვადასხვა პოზიციაზე და ეს არაერთხელ დაუმტკიცებია საკლუბო თუ სანაკრებო დონეზე.
ალადაშვილის "ზუსტი" ამპლუის განსაზღვრა ძალიან ძნელია: კარიერის დასაწყისში ფორვარდი გახლდათ, მერე - ფლანგის ნახევარმცველი თუ - გარემარბი, საყრდენ ნახევარმცველადაც ძალიან ბევრი მატჩი ჩაუტარებია და დაცვის მარცხენა ფლანგზეც ხშირად გვინახავს.
თუმცა, ყველაზე ოპტიმალურად მაინც დაცვის მარჯვენა ფლანგზე თამაში მიგვაჩნია, განსაკუთრებით, ჩვენი ნაკრების ახალი თავკაცის "საყვარელი" ტაქტიკური სქემის პირობებში: ცხადაძის გაწვრთნილ გუნდებში ხომ განსაკუთრებული როლი აკისრიათ ფლანგის მცველებს და კახა ალადაშვილმაც ჩვენს ნაკრებში დაცვის მარჯვენა ფლანგზე არსებული პრობლემა უნდა გადაჭრას.
ალადაშვილს საქართველოს ნაკრებში დებიუტი 2005 წელს ჰქონდა, როცა გაიოზ დარსაძემ ყაზახეთთან ათამაშა.
ამას გარკვეული პაუზა მოჰყვა, თუმცა ჩვენი ნაკრების მომდევნო მწვრთნელი კლაუს ტოპმიოლერიც დიდ ნდობას უცხადებდა ალადაშვილს, მაგრამ თბილისის "სპარტაკის", თბილისის "დინამოს", "ზესტაფონის", "დილას", კიევის "დინამოს", "დნიპროს", "ხარკოვის", "ზაკარპატიას" და "ანჟის" ყოფილ ფეხბურთელს საქართველოს ნაკრებში 2006 წლის 7 ოქტომბრის მერე აღარ უთამაშია...
...არცთუ ისე შორეულ წარსულს გაგახსენებთ, როცა ჩვენი ნაკრები გოგიტა გოგუას გარეშე წარმოუდგენელიც იყო; თანაც, ალადაშვილის მსგავსად, ზეენერგიული და მუდამ უშიშარი გოგუას ზუსტი (გნებავთ - ოპტიმალური) ამპლუის "გარკვევაც" არ არის ადვილი საქმე: საყრდენადაც გვინახავს, გამთამაშებლადაც, ორივე ფლანგზე მოქმედ გარემარბადაც და... მარჯვენა თუ მარცხენა მცველადაც!
თანაც, გოგუას ასეთი უნივერსალიზმი მართლაც "მისწრებაა" ნებისმიერი ტაქტიკური განლაგების პირობების (4-4-2, 4-2-3-1, 4-3-3, 4-5-1, 5-4-1 თუ სხვა).
გოგიტა გოგუას დებიუტი საქართველოს ნაკრებში 2002 წელს ჰქონდა, როცა ალენ ჟირესმა ლიტვის ნაკრებთან ათამაშა; გოგუას ენდობოდნენ ჟირესის მერე მოსული მწვრთნელებიც: გაიოზ დარსაძე და კლაუს ტოპმიოლერი; თუმცა, 2007 წლის 24 მარტის მერე გოგუას "ტოპიც" აღარ ენდობოდა: სტუმრად, შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ "რაღაც" მოხდა და გოგუასაც ნაკრებში დაბრუნება მხოლოდ ერთი წლის მერე მოუწია.
აი, "ტოპის" შემცვლელი, ექტორ კუპერი კი გოგიტა გოგუას (ისე, როგორც იმ დროისათვის რუსეთში მოასპარეზე ქართველ ლეგიონერთა თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობას) საერთოდ არ სწყალობდა და ასე გრძელდებოდა იქამდე, ვიდრე ჩვენი გუნდი თემურ ქეცბაიამ არ ჩაიბარა.
2010 წლის 3 მარტს, თემურ ქეცბაიამ სადებიუტო მატჩი რომ ჩაატარა საქართველოს ნაკრებში, სხვებთან ერთად, ბევრი "დაბრუნებული" ფეხბურთელიც ვიხილეთ, მათ შორის - გოგიტა გოგუაც. ეს უკანასკნელი ქეცბაიას ფორმაციის ნაკრების წამყვანი და ერთ-ერთი შეუცვლელი წევრიც გახლდათ და ასე გრძელდებოდა თითქმის ერთი წელიწადი; მერე კი იყო ის ინციდენტი, რომელიც ჩვენი ნაკრების ვარჯიშზე მოხდა (სტუმრად, ისრაელთან მატჩზე გამგზავრების წინ) და რის შედეგადაც, გოგუასათვის საქართველოს ნაკრების კარი დაიხურა.
და აი, ოთხწლიანი პაუზის შემდეგ "თბილისის", "დილას", თბილისის "დინამოს", ნალჩიკის "სპარტაკის", ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას", გროზნოს "ტერეკის", რამენსკოეს "სატურნისა" თუ "ხიმკის" ყოფილი უნივერსალი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უბრუნდება!
ცხადაძემ შანსი მისცა გოგუას (ისე, როგორც ალადაშვილს), დანარჩენი კი უკვე თვითონ ფეხბურთელებზეა დამოკიდებული...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ახალგაზრდამ კლუბში(და სასურველია მაღალ დონეზე/ჩემპიონატში) უნდა ითამაშოს სტაბილურად რომ ნაკრების დონემდე გაიზარდოს და არა პირიქით, ნაკრები არ გამოდგება ,,სანერგედ".