ჯაბა კანკავა: საქართველოს ნაკრები ბურთის კონტროლისა და შეტევისკენ მიდის!

AutoSharing Option
ფოტოზე: ჯაბა კანკავა პოლონეთთან სტუმრად გასამართ მატჩში არ ითამაშებს
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა ყველა ჟურნალისტისთვის სასურველი რესპონდენტია. მას არ უყვარს ხმაურიანი ინტერვიუები და ეს აიხსნება მისი უზომოდ მოკრძალებული ბუნებით.

29 წლის კანკავა დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს პოლონეთთან ევროშესარჩევ მატჩს და ტაქტიკური მოსაზრებით, მან არც უკრაინასთან შეხვედრაში ითამაშა.

გუშინ "ლელო" ნაკრების ლიდერს დაუკავშირდა და ინტერვიუ სთხოვა, რაზეც ის სიამოვნებით დაგვთანხმდა...

- საინტერესოა საქართველოსა და უკრაინის ნაკრებთა ამხანაგური მატჩის კაპიტნისეული შეფასება...
- საქართველოს ნაკრებმა პირველ ტაიმში ძალიან კარგი ფეხბურთი ითამაშა. მერე
დავუშვით ორი დასანანი შეცდომა და ვფიქრობ, სწორედ ამან გადაწყვიტა მატჩის ბედი. კარგი ის იყო კიდევ, რომ ნაკრებმა ბოლომდე იბრძოლა, მაშინაც კი, როცა ორი ბურთით ჩამოვრჩით.

- რას იტყვით უკრაინის ნაკრებზე? თქვენ კარგად იცნობთ ამ გუნდის ფეხბურთელებს...
- თუ არ ჩავთვლით უკრაინის ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს, იარმოლენკოს, მეტოქე ოპტიმალური შემადგენლობით გვეთამაშა. როტანი, კონოპლიანკა, გუსევი... ყველა ლიდერი ჰყავდათ. ძალიან ძლიერ გუნდთან ვითამაშეთ, ეს ფაქტია.

- უკრაინასთან მატჩის ჭრილში, რას ფიქრობთ პოლონეთთან კარსმომდგარ შესარჩევ დაპირისპირებაზე?
- მგონია, რომ აბსოლუტურად სხვა თამაში იქნება, ვიდრე თბილისში და შედეგსაც განსხვავებულს მივიღებთ. მე ასე ვფიქრობ.

- პოლონელებს ბევრი ვარსკვლავი ჰყავთ. მათგან რომელს გამოარჩევდით?
- ჩვენ ყველამ ვიცით მათი ლიდერების გვარ-სახელები და დადებითი თვისებები, მაგრამ მე მაინც ასე ვიტყოდი - პოლონეთი, უპირველეს ყოვლისა, მაინც თავისი გუნდურობითა და თამაშის ორგანიზებით არის ძლიერი.

- როგორც საქართველოს ნაკრების კაპიტანს, უნდა გკითხოთ - საით მიდის ეროვნული გუნდი კახა ცხადაძის მწვრთნელად მოსვლის შემდეგ?
- ჩანს, რომ აქცენტი კეთდება ბურთის კონტროლზე, შემტევ ფეხბურთზე... არ შემიძლია, არ ვთქვა, რომ ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელები გვყავს. მე მათი მეიმედება.

- გადავიდეთ საკლუბო თემაზე. "დნიპროსთვის" სეზონი ერთობ წარმატებული გამოდგა...
- მართლაც განსაკუთრებული სეზონი იყო, პირადად ჩემს კარიერაში - საუკეთესო. სამწუხაროდ, ევროპალიგის ფინალში წავაგეთ, მაგრამ ბოლომდე კი ვიბრძოლეთ.

- მომავალ სეზონში გუნდს მოტივაციის პრობლემა ხომ არ ექნება?
- გამორიცხულია! ჩვენს გუნდში ისეთი ფეხბურთელები არიან, რომლებიც ყველა შეხვედრაში ბოლომდე იხარჯებიან.

- ცნობილია, რომ სანდრო კობახიძეს "დნიპროში" უნდა დაბრუნება. ხომ არ იცით, რას ფიქრობენ გუნდში ამის თაობაზე?
- მართლა არ ვიცი. ასეთ საკითხებს გუნდის მთავარი მწვრთნელი პირადად წყვეტს.

- ამბობენ, ჯაბა კანკავას შეძენა ევროპულ ტოპ-კლუბებს სურთო. ასე განსაჯეთ, "დორტმუნდს" და "ლივერპულსაც" კი ასახელებენ...
- ჩემამდე ნამდვილად არავინ მოსულა, თორემ არ დაგიმალავდით. შარშან ხანგრძლივი კონტრაქტი გავაფორმე "დნიპროსთან"...

- ტრანსფერი ვახსენეთ და, საინტერესოა, თუ გყავთ მენეჯერი, ვინც კარიერის უკეთ წარმართვაში გეხმარებათ?
- ჩემი მენეჯერი არის მამუკა ჯუღელი. ის ყველანაირად მიდგას გვერდში. თავის დროზე, მისი საშუალებით დავმკვიდრდი უკრაინულ ფეხბურთში. მისი მეშვეობით მივედი "დნიპროში"... მოკლედ, ამ კაცის ძალიან მადლიერი ვარ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
გაიხარე ჯაბა მაგარი კაცი ხარ ჩვენი უღალატო ფეხბურთელი და ერთ-ერთი იმედი
შაკო
11:30 12-06-2015
0
ცხადაძემ თავისი ბიჭი დააყენოს ძირითადში და წავა შეტევისკენ
zura
21:15 11-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული