[ოთხშაბათის საკითხავი] ლანდებთან ლაციცი

AutoSharing Option
ფოტოზე: კახა ცხადაძემ საქვეყნოსათვის აჯობა პირადულს და ცეცხლზე ნავთი არ დაასხა...

კონსტანტინე გამსახურდიას "ლანდებთან ლაციცს" საერთო არაფერი აქვს ფეხბურთთან, თუმცა საქართველოს ნაკრების ბოლო ორ მატჩზე წერისას სწორედ ეს ავტობიოგრაფიული ხასიათის მოთხრობა გამახსენდა...

...შოტ-ლანდია, ირ-ლანდია. აგერ, ორი ლანდი. მესამე ლანდი ჩვენი წარსული დიდებისა. საფეხბურთო დიდებისა, რომელსაც კარგა ხანს ვერ დავიბრუნებთ ჩვენი ბედოვლათობის, გაცდენილი დროისა და საერთო-ეროვნული გულგრილობის გამო.

დღეს ერთი გენიოსის ქმნილებას გადავწვდით. მეორეც გავიხსენოთ - მიხეილ ჯავახიშვილის "თეთრი საყელო". XX საუკუნის დასაწყისის ხევსურეთში სჯერათ, რომ "თამარ მეფე ცოცხალ არს და
მავას".

ჩვენც გვჯერა, რომ ქართული ფეხბურთი ცოცხალია. შოტლანდიასთან და ირლანდიასთან მატჩებმა ჩვენი რწმენა განამტკიცა. ახლა ჩვენი წარსული დიდების ლანდს ველაციცებით. თუ ვერ დავიბრუნებთ, ერთი ნაბიჯი რომ მაინც გადავდგათ მისკენ....

ჩვენ არ ვთამაშობდით ფეხბურთს და ახლა ვთამაშობთ. ჩვენ გვეშინოდა ბურთის და ისე ვიშორებდით მას, როგორც საძულველ საგანს. ახლა ვცდილობთ, ბურთს მოვეფეროთ...

ჩვენ ძალიან ხშირად ვაყენებდით "ავტობუსს" საკუთარ კართან და მაინც ვაგებდით. ახლა "ავტობუსი" აღარ არის და "ავტობუსით" წაგებას მის გარეშე მარცხი სჯობია, მით უმეტეს, სულ აღარ ვაგებთ.

ადრე ნაკრებში აღარავინ იცინოდა. ახლა ყველა იცინის. ან ცდილობს, გაიცინოს. თუ ფეხბურთელს სახე ჩამოსტირის, ის ვერაფერს მოიგებს.

ახლა საქართველოს ნაკრებში ყველა ერთისთვის და ერთი ყველასთვის თამაშობს. იყო დრო, საქართველოს უპირველეს გუნდში მოთამაშეები სიხარულით აღარ მოდიოდნენ და ბევრი იმასაც ნატრობდა, ნეტავ საამმატჩოდ ძირითადში არ ვიყო, ზედმეტი ხათაბალა რად მინდაო?..

ჩვენი გუნდის მწვრთნელი პირველიდან ბოლო წუთამდე სამოსანი სტუდენტის კონსპექტივით დაზუთხული ერთი სქემით არ მიჰყვება თამაშს. ის უტევს, თავს იცავს, რაღაცას "ურტყამს", რაღაცაში ცდება, მაგრამ პირველიდან ბოლო წუთამდე ჩვენ აღარ ვწვალობთ და აღარც მოწინააღმდეგეს ვაწვალებთ - მრავალწევრიანი დაცვის გარღვევის გაუთავებელი ცდები, აბა, ვის სიამოვნებს?

გეზი არის. ამ გეზს უნდა გავყვეთ. შეიძლება, თამაში მოიგო და გეზი არ ჩანდეს. ახლა გამოჩნდა - მოგებულშიც და წაგებულშიც. ეს კარგია და მისხალ-მისხალ უნდა ვიაროთ ამ გზაზე, თორემ საქართველოში დაანონსებული და მერე გაცრუებული იმედებით ვისღა გააკვირვებ?!

დღემდე ძალიან მწყინს და მტკივა თორნიკე ოქრიაშვილის საქციელი, თუმცა, მეორე მხრივ, სხვაც ჩანს - როგორ სიამოვნებს ყველა ფეხბურთელს ეროვნულ გუნდში თამაში, როგორაა ის დამუხტული და ანთებული...

ეს თავისთავად, მაგრამ, რა თქმა უნდა, იმ საქციელს გამართლება არ აქვს. ჯერ ერთი, მწვრთნელი იმის მწვრთნელია, ფეხბურთელი თავისი შეხედულებისამებრ შეცვალოს;

მეორეც, კახა ცხადაძის ცხოვრების გზა და თუნდაც მისი საფეხბურთო კარიერა არავის აძლევს ასეთი საქციელის უფლებას;

და მესამეც - ეს არ უხდება საქართველოს ნაკრებს, მის აწმყოსა და მომავალს!..

ჩემთვის ამ უსიამოვნო ეპიზოდში ერთიც იყო ნიშანდობლივი - ცხადაძემ საქვეყნოსათვის აჯობა პირადულს და ცეცხლზე ნავთი არ დაასხა. ჩვენი ინფორმაციით, ინციდენტი ამოწურულია და თუ მკითხველის ნებაც იქნება, ამ საჩოთირო ფაქტზე მეტს აღარ დავწერთ...

საქართველოს ნაკრების ავანჩავანი კი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში გამოჩნდება...

რად ღირს სკამი?
ამასობაში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის. ბრძოლა უკვე ისე მიდის, დაშვებულ და დაუშვებელ მეთოდებსაც იყენებენ.

აქეთ კანონიერი ქურდების ამბავი, იქით დიპლომის...

მინდა, მჯეროდეს და თითქმის დარწმუნებულიც ვარ - არც რევაზ არველაძე და არც ლევან კობიაშვილი არ მონაწილეობს ამ ბინძურ კამპანიაში და მათ ნაცვლად ვიღაც ძალიან ინდომებს.

მჯერა, რადგან ორივე კანდიდატს ძალიან კარგად ვიცნობ და ესეც უნდა დავწერო - მე რაც ვიცი, რაც მსმენია, გამიგია თუ შეხება მქონია ორივე მათგანთან, არ მგონია ეს ხალხი ამ მეთოდებით მებრძოლი...

საინტერესოა, მაინც რა ღირს თანამდებობები, რომლისთვისაც კანდიდატებს "მოკიდებულნი" და "მიმდევარნი" უფრო გააფთრებით იბრძვიან, ვიდრე თავად კანდიდატები.

...ზვიად სიჭინავამ კი დაგვტოვა. ამბობენ, სიჭინავა კარგი მენეჯერი იყო, ვალები გაისტუმრაო. მე ფულს ვერ ვითვლი. მე ფეხბურთი მიყვარს. სიჭინავას დროს კი ფარერებმა გაგვისწრეს.

ეს იქნებ მხოლოდ პრეზიდენტის ბრალი არ იყოს, მაგრამ ყველა სფეროს ავანჩავანი შეფობიდან იზომება და როგორც ვიცი, ადრე კოლმეურნეობის ჩავარდნისთვის მის თავმჯდომარეს მოჰკითხავდნენ ხოლმე...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
ავტორო, კარგია! მე 70 წლის კავცი ვარ და მჯერა, რომ მაგ წარსულის ლანდს მივუახლოვდებით მაინც
nodari
19:33 12-09-2015
0
როგორც იქნა I არხზე მიხვდნენ, რომ ვინც მათ სახეს წაროადგენენ, გარკვეულ დონეს უნდა აკმაყოფილებდნენ, იმავე არხის სასარგებლოდ. ნეტავ როდის მიხვდება ''ლელო''-ს ხელმძღვანელობა იგივეს? არა და როგორი დახვეწილი, სპორტში კარგად ჩახედული ჟურნალისტები მუშაობდნენ ამ გაზეთში და არანაკლებ კარგებს კიდევ ენატრებოდათ იქ მუშაობა. ეხლა გაიმართლებენ თავს აღარ არიანო ასეთი ჟურნალისტები. მოიძიეთ ბატონო და არიან, არიან. დიდ სპორტს ჟურნალისტიკაც დიდი უნდა. და არა ასე ვის რა მოადგება თავში ის წეროს.
gizog
16:30 10-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული