...უცნობი ისტორია ჯაბა კანკავაზე - გერმანია-საქართველო სპეციალისტის თვალით

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების პროგრესი რომ მხოლოდ ჩვენ არ გვეჩვენება, ეს გერმანიასთან მატჩმა და იოახიმ ლიოვისა თუ მანუელ ნოიერის შეფასებებმაც დაადასტურა.

ეროვნული გუნდის ბოლო მატჩის შეფასება ვთხოვეთ "ვიტ ჯორჯიას" ყოფილ მწვრთნელს, რამაზ მუმლაძეს...

ზოგადი შეფასება
- მსოფლიოს ჩემპიონს რომ ასე ეთამაშები, ეს პატარა საქმე არ არის. გერმანიის ნაკრები გრანდია და ის არასდროს ინდობს მეტოქეს. მე მას "ვეშაპს" შევადარებდი.

წარსულს ჩაჰბარდა ის დრო, როცა ასეთ მატჩებზე, გამოკვეთილ ფავორიტებთან, საქართველოს ნაკრები მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით ჩადიოდა...

გუნდს ეტყობა
მწვრთნელის ხელი. ნაკრები ბოლომდე შეეგუა კახა ცხადაძის მიერ დანერგილ ტაქტიკას და, რაც მთავარია, ქრება შიში, რომელიც ძირშივე სპობს წარმატების მიღწევის მცირე ალბათობასაც კი.

ახლა მთავარია, ვითამაშოთ სტაბილურად და შედეგი აუცილებლად მოვა. გუნდი მიჰყვება მწვრთნელს და საამისო პოტენციალიც არის.

მეკარე
- ნუკრი რევიშვილმა დიდებულად ითამაშა. მე აღმატებით ვუყურებ მეკარის როლს ნებისმიერ გუნდში. ის უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა. მეკარე მაღალი კლასისა უნდა იყოს და მან გუნდი უნდა გადაარჩინოს.

რევიშვილი და გიორგი ლორია - ჩვენ ორი მაღალი კლასის მეკარე გვყავს და ვფიქრობ, ამ სათამაშო რგოლში არსებული ჯანსაღი კონკურენცია მხოლოდ და მხოლოდ წაადგება ეროვნული გუნდის მომავალს.

მცველები
- დაცვამ ითამაშა აწყობილად. ჩვენი მცველები სინქრონულად მოქმედებდნენ. რა თქმა უნდა, იყო შეცდომებიც, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, ვის ვეთამაშებოდით. გერმანიამ, რომელსაც აქვს უმდიდრესი შემტევი არსენალი, ჩვენი დაცვა ვერ "გაწეწა". შეთამაშებული, გამოცდილი დაცვა გუნდის წარმატების გარანტია.

შეცვლა
- როცა დაცვაში ყველაფერი კარგად იყო, შეიძლება, ბევრმა იფიქროს, რატომ დაამატა ცხადაძემ ერთი დაცვითი ფუნქციის ფეხბურთელი?

მე აქ ცხადაძის გადაწყვეტილებას ვამართლებ. თამაშის დამთავრებამდე რჩებოდა ძალიან ცოტა დრო და იოლი გამოსაცნობი იყო, რომ გერმანიის ნაკრები შეტევაზე წამოვიდოდა, ამ დროს კი საჩვენო როლი უნდა ეთამაშა ზურაბ ხიზანიშვილის უდიდეს გამოცდილებას...

გოლი კი გავუშვით, მაგრამ არა მგონია, ეს ორი მოვლენა უშუალო კავშირში იყოს ერთმანეთთან. ჩემი აზრით, ხიზანიშვილი მინდორზე შევიდა არა როგორც მცველი, არამედ როგორც დაცვაზე ორიენტირებული საყრდენი ნახევარმცველი. მის შესვლას მინდორზე საქართველოს ნაკრების დაცვაში განსაკუთრებული გადაწყობა და კორექტივები არ გამოუწვევია.

ნახევარმცველები
- საქართველოს ამ ფორმაციის ნაკრებში უდიდესი როლი აქვს ჯაბა კანკავას. გერმანიასთან მატჩში ის გუნდის უდავო ლიდერი იყო. კანკავამ, როგორც ჭეშმარიტ კაპიტანს შეჰფერის, თვითონ გამოასწორა მის მიერვე დაშვებული შეცდომა და გერმანელთა კარში ულამაზესი გოლი გაიტანა...

ნიკა კვეკვესკირს დებიუტანტისა არაფერი ეტყობოდა. ძალიან საიმედო იყო და ერთ ეპიზოდში კინაღამ გოლიც გაიტანა.

დუეტი
- ორივემ ძლიერად ითამაშა. არ დავმალავ, რომ მივეკუთვნები ვაკო ყაზაიშვილის ტალანტის განსაკუთრებულად დამფასებელთა რიცხვს. ვაკო მალე გავა თვისებრივად ახალ, უფრო მაღალ დონეზე - ამაში დარწმუნებული ვარ.

ეს ორი ფეხბურთელი საქართველოს ნაკრების "ტვინია". მათი თამაში მნიშვნელოვნად განაპირობებს ჩვენი გუნდის შემოქმედებით პოტენციალს.

თავდამსხმელები
- რატომ დაიწყო ნიკა გელაშვილმა თამაში ძირითად შემადგენლობაში? ამ თემაზე წავიკითხე თქვენს გაზეთში გამოთქმული მოსაზრება და უნდა გითხრათ, რომ მას ბოლომდე ვეთანხმები. გელაშვილი სწრაფია და კონტრშეტევებზე სახიფათო. გერმანიასთან შეხვედრაში იყო მომენტები, როცა მისი სისწრაფის საჩვენოდ გამოყენება შეიძლებოდა...

ცხადაძემ დროულად გააკეთა შეცვლა. მათე ვაწაძე კარგად ჩაერთო თამაშში. ბურთი დაიჭირა და მცველებიც შეაწუხა...

პრობლემა
- ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრებში ვერ ვხედავ მოუგვარებელ პრობლემას. ცოტა მეტი სითამამე შეტევაში, კიდევ მეტი შემოქმედება... სამწვრთნელო შტაბი, ალბათ, ამ მიმართულებით მუშაობს.

რაც მთავარია, აღარ არის შიში. ეს ძალიან მახარებს, რადგან ამის გარეშე წარმატებაზე ფიქრი წარმოუდგენელია.

რესურსი
- გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრებს დააკლდნენ ლევან მჭედლიძე, ჯანო ანანიძე, ლევან ყენია და ბუბა დაუშვილი. თავადაც დამეთანხმებით, ეს დიდი რესურსია.

მჭედლიძე რომ ყოფილიყო, ალბათ, უკეთ დაიჭერდა ბურთს. ლევანს შეუძლია, რამდენიმე მცველი "დააბას" დაცვაში, შეტევაში ამოიყვანოს გუნდი, ამოასუნთქოს ბიჭებს...

ანანიძემ შესანიშნავად ითამაშა ნაკრებში ახალ პოზიციაზე და მისგან ასეთივე გაგრძელებას ველით. კარგ ფორმაში მყოფ ყენიასაც ბევრი შეუძლია. ვფიქრობ, ნაკრებისთვის სასარგებლო ფეხბურთელია დაუშვილიც...

მოკლედ, რესურსი სახეზეა და აზრი, თითქოს არ გვყავს ფეხბურთელები, გაუმართლებელია. მით უმეტეს, უკვე რამდენიმე საინტერესო ახალგაზრდაც გამოჩნდა...

ლიდერი
- ჩემი აზრით, საქართველოს ნაკრების ლიდერი ჯაბა კანკავაა. ისაა დღეს ჩვენი გუნდის სახე. მეამაყება, რომ ჯაბას ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში მცირეოდენი წვლილი მეც მაქვს შეტანილი...

მასთან დაკავშირებით გავიხსენებ ბევრისთვის უცნობ ისტორიას, რომლის მონაწილეც თავად ვიყავი. მოგეხსენებათ, კანკავა "დინამოში" გია გეგუჩაძემ დააწინაურა. მაშინ ჯაბა სულ პატარა ბიჭი იყო, მე კი სამწვრთნელო შტაბის წევრი გახლდით.

დიღმის ბაზიდან ფეხბურთელი სად უნდა გაქცეულიყო, მაგრამ მაინც წესად გვქონდა, 11 საათი რომ შესრულდებოდა, მოთამაშეების ოთახებში შევიხედავდით ხოლმე. ეს იმიტომ, რომ ადგილზე ყოფილიყვნენ და ზედმეტად არ გართულიყვნენ ლაპარაკში ან ტელევიზორის ყურებაში...

ერთ დღესაც, ბიჭები ერთად არიან და ჯაბა არ ჩანს. მისი ოთახი დიღმის ბაზაზე მაშინ მესამე სართულის ბოლოს იყო. წავედი, შევაღე კარი და რას ვხედავ - ჯაბას ბურთი უდევს წინ და გაწელვით ვარჯიშებს აკეთებს...

თავიდანვე ეტყობოდა, რომ უდიდესი შრომისმოყვარეობა იდო მასში. მაშინვე მივხვდი, რომ კანკავა დიდ ფეხბურთს ითამაშებდა...

მომავალი
- ასე მგონია, რომ თუ საქართველოს ნაკრებმა გააგრძელა ამ გზით სიარული, მომავალ შესარჩევ ციკლში მას თავისუფლად შეუძლია ჩვენთვის იმ დიდი სიხარულის მონიჭება, რომელსაც ასე ველით.

ჩვენს ნაკრებში უკვე ჩნდებიან კლასიანი ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბმაც შესანიშნავად იცის თავისი საქმე. ჩვენ აღარ ვთამაშობთ შიშით და ჯგუფიც ისეთია, რომ წარმატების იმედი უნდა უნდა გვქონდეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
და რა მნიშვნელობა აქვს ადამიანს აქვს წვერი თუ არა? რატო გაქვთ ეს კომუნისტური საზიზღარი მიდგომა ვერ ვხვდები?
halagaji-s
21:38 17-10-2015
0
რას ამბობთ ლამბერსექსუალობას აწვებიან! :)
ლამბერსექსუალები კი მეც არ მომწონს :)
20:53 17-10-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული