საქართველოს ნაკრები - ლუკა ჰუფნაგელის ახდენილი ოცნება და მოქალაქეობის პრობლემა

AutoSharing Option
ცნობილია, რომ ლუკა ჰუფნაგელი საქართველოს ნაკრებში გამოიძახეს. კახა ცხადაძემ მეორე ბუნდესლიგის "ფრაიბურგის" საყრდენ ნახევარმცველს ქვეყნის მთავარ გუნდში უხმო და, შესაძლოა, "ჯვაროსნების" ფორმით 11 ნოემბერს, ესტონეთთან ტალინში გასამართ ამხანაგურ მატჩში ვიხილოთ, ან თუნდაც 16 ნოემბერს, ალბანეთთან ასევე საგარეო სპარინგში...

გავრცელებული ინფორმაციით, ეს საკითხი იმაზეა დამოკიდებული, თუ საბოლოოდ რომელ ნაკრებში გადაწყვეტენ გერმანელი ქართველის დასაქმებას. მოგეხსენებათ, ალექსანდრე ჩივაძის ახალგაზრდულ ნაკრებს 12 ნოემბერს ესპანეთთან სტუმრად, ხოლო 17 ნოემბერს გორში, შვედეთთან, უმნიშვნელოვანესი მატჩები ელის.

ჰუფნაგელების ოჯახმა ცოტა უფრო ადრე გაგვიმხილა ლუკას ნაკრებში მიწვევის ამბავი, ვიდრე
ცხადაძის სია გამოქვეყნდებოდა.

ფეხბურთელის დედამ, ფიქრია აფციაურმა, "ლელოს" მიუნხენიდან უთხრა:

"ეროვნულ ნაკრებში გამოძახების შესახებ ლუკას "ფრაიბურგში" აცნობეს და საქართველოდან გამოგზავნილი წერილიც აჩვენეს. ის უზომოდ გახარებულია, რადგან ბავშვობიდანვე ხშირად დაგვყავდა საქართველოში.

რაც ფეხბურთზე სიარული დაიწყო, მას შემდეგ საქართველოს ნაკრებში თამაშზე ოცნებობდა.

ახლაც ვიცოდით, რომ ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებთან შეხვედრისთვის უნდა გამოეძახათ. ამიტომ კახა ცხადაძის დაინტერესება იმდენად მოულოდნელი და სასიხარულო იყო, ამის გადმოცემა შეუძლებელია".

ქალბატონმა ფიქრიამ იურიდიულ პრობლემაზეც გვითხრა:

"ოქტომბერში ლუკას ახალგაზრდულ ნაკრებში ესპანეთთან და ესტონეთთან სათამაშოდაც უხმეს. მაშინ "ფრაიბურგმა" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას სთხოვა, რომ ლუკა არ გამოეძახათ, რადგან გუნდში თავს იმკვიდრებდა, სჭირდებოდათ და მნიშვნელოვანი მატჩებისთვის ლუკას ფრაიბურგში მომზადება ერჩივნათ...

რა დასამალია, ამან ლუკას გული დასწყვიტა, რადგან იმედი ჰქონდა, რომ ახალგაზრდულ ნაკრებში დებიუტი ექნებოდა და თბილისში ჩასვლას დიდხანს ელოდა...

ახლა სხვაგვარი პრობლემა შეგვექმნა. ლუკას დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ საქართველოს ნაკრებში სათამაშოდ, შესაძლოა, გერმანიის პასპორტზე უარის თქმა მოუხდეს, რადგან ორმაგი მოქალაქეობა შეუძლებელიაო. ასეთი გადაწყვეტილება კი ლუკას გერმანულ კარიერაში ხელს ძალიან შეუშლის და არ ვიცი, ეს საკითხი როგორ მოგვარდება. აქამდე ხომ ასაკობრივ ნაკრებში თამაშობდა და პრობლემა არ ჰქონია. იქნებ ორმაგი მოქალაქეობა მაინც გაკეთდეს?

ფაქტია, რომ ჩვენც და ფეხბურთის ფედერაციაც ამ საკითხის მოგვარებით დაინტერესებულები ვართ. ახლა ფედერაცია დეტალებს იუსტიციის სამინისტროში არკვევს და დარწმუნებული ვარ, მალე ლუკა საქართველოს ნაკრებში ითამაშებს. ესტონეთთან ამხანაგური შეხვედრის ჩატარება კი შეუძლია და ამაში იურიდიული პრობლემა ხელს ვერ შეუშლის".

შეგახსენებთ, რომ ლუკა ჰუფნაგელი მეორე ბუდესლიგის ბინადარ "ფრაიბურგში" 2015 წელს ჩაირიცხა. მიმდინარე სეზონში მან ამ გუნდის ფორმა 11-ჯერ მოირგო და თავი ერთი გოლით და ზოგადად, კარგი თამაშითაც გამოიჩინა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ჰუფნაგელს ორმაგი მოქალაქეობა უნდა მიენიჭოს და სფფ–მ დროულად დაიჭიროს თადარიგი ამაზე!ვფიქრობ, ეს ბიჭი სჭირდება ქართულ ფეხბურთს!
თამაზ ხუბუა
12:40 07-11-2015
0
ლუკა ძმაოო არ მიიღო საქართველოს მოქალაქეობა ჯარში წაგიყვან და შორს დაგჩება ფრაიბურგიც და კარიერაც
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული