ფაქტია - ოცნება იმის თაობაზე, რომ ესტონეთის დონის გუნდებს უნდა ვუგებდეთ, ტალინში დაიმსხვრა...
სასიამოვნო 10 წუთი
მეტოქემ თავიდანვე ის სათამაშო გზა აირჩია, რომელსაც ველოდით. ბალტიისპირულმა ნაკრებმა პრესინგი შემოგვთავაზა როგორც საკუთარ, ისე ჩვენს მოედანზე. პირველ ტაიმში გამოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრები პირველ ნომრად თამაშს ცდილობს, მაგრამ მაინც ეხამუშება, რადგან წლებმა დაცვაში ჩამჯდარი გუნდის დამღა დაგვასვა და ამის შეცვლას დრო სჭირდება.არადა, რა სასიამოვნოდ ჩანდა ის 10 წუთი, როცა საქართველოს ნაკრები პირველი ნომერი იყო მინდორზე, როცა ესტონეთი მისსავე ნახევარზე გამოვკეტეთ... მაშინ საქართველოს ნაკრები იყო ის გუნდი, რომელიც მომავალში უნდა იყოს.
თუმცა, საბოლოო ჯამში, საქართველოს პირველ ნახევარში თამაში არ გამოუვიდა. ეს, გარკვეულწილად, მოსალოდნელიც იყო. განსაკუთრებით, მინდვრის ცენტრში - იქ ხომ რამდენიმე ფეხბურთელი გვაკლდა. ჯანო ანანიძე და თორნიკე ოქრიაშვილი რომ ყოფილიყვნენ, სულ სხვა თამაში იქნებოდა...
ახლა კი საქართველოს ნაკრებში დადგა გამოუცდელობისა და შეუთამაშებლობის პრობლემა. რიგი ფეხბურთელები ჯერ არ არიან მზად იმ დიდი დატვირთვებისა და პასუხისმგებლობისთვის, რასაც ნებისმიერი საერთაშორისო მატჩი გულისხმობს.
რასაც ჰქვია ნაღდი საგოლე მომენტი, მხოლოდ ერთი გვქონდა. ესტონეთი შეტევაში უფრო მწვავე იყო. მათგან, განსაკუთრებით, კონსტანტინ ვასილიევი გამოირჩეოდა. პოლონური "იაგელონიას" ცენტრალური ნახევარმცველი მართლაც შესანიშნავი ფეხბურთელია.
რომ არა გიორგი ლორიასა და ჩვენი მცველების კარგი თამაში, ამავე დროს, ესტონელთა უზუსტობა, პირველ ტაიმში ბალტიისპირელები ანგარიშს აუცილებლად გახსნიდნენ. განსაკუთრებით კარგი შანსი ჰქონდა კამსს, ვინც რაღაც სასწაულით გადააცილა ბურთი ჩვენს კარს.
კოშმარი
კოშმარი! - დიახ, ასე შეგვიძლია ვუწოდოთ იმას, რაც მეორე ტაიმში ვიხილეთ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო კახა ცხადაძის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრების ყველაზე ცუდი მატჩი და ძალიან კარგი იქნება, თუ ასეთი რამ აღარ განმეორდება.რაც ყველაზე მეტადაა გასაკვირი, ესტონეთის ნაკრებმა სათამაშო კლასით დაგვჯაბნა. ამის დასტურად ბალტიისპირელთა მიერ ჩვენს კარში გატანილი გოლები გამოდგება. ტაიმის დასაწყისში შექმნილი ერთადერთი საგოლე მომენტი კი თავის დასამშვიდებლად ვერაფრით გამოდგება.
საქართველოს ნაკრების თითქმის ყველა ფეხბურთელს თითქოს სიმძიმეები ეკიდა ფეხზე. ეს მაშინ, როცა ესტონელები "დაფრინავდნენ". თვალსაჩინო იყო მათი უპირატესობა ფიზიკურ მომზადებაში. მეტოქე თამაშის სურვილით იწვოდა, მაშინ, როცა ჩვენებს თამაშის სურვილი არ ეტყობოდათ.
ჩვენი დაცვა კი, ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო "მარტივ მამრავლებად" დაიშალა.
საბოლოოდ ისე მოხდა, რომ მხოლოდ დებიუტებითღა გავიხარეთ. საქართველოს ნაკრების მაისურა პირველად მოირგეს ნახევარმცველებმა - ლუკა ჰუფნაგელმა და ზაქარია ბეგლარიშვილმა.
მთავარი პრობლემა
შედეგი, თავისთავად, ძალიან ცუდია. ვერაფრით დაარქმევ რიგით მარცხს იმ წაგებას, როცა ესტონეთის დონის გუნდთან ნადგურდები. ამაზე მნიშვნელოვანი და საჭირბოროტო ის არის, რომ საქართველოს ნაკრებს არ აქვს შემადგენლობის სიღრმე.გუშინ, არაერთი წამყვანი ფეხბურთელის არყოფნაში, ჩვენ ვნახეთ ის მოთამაშეები, რომელთაც ეროვნულ გუნდში თამაშის ამბიცია აქვთ. ვნახეთ და პირდაპირ უნდა დავწეროთ - მათი უმრავლესობა ამ დროისთვის არ არის მზად ქვეყნის მთავარ კრებულში სათამაშოდ.
არადა, მუნდიალის შესარჩევ ციკლში ცხადაძის გუნდს შემადგენლობის სიღრმე ძალიან სჭირდება. სხვანაირად ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება უელსთან, ავსტრიასთან, ირლანდიასა და სერბეთთან ბრძოლა. და ნურც მოლდოვას ამოვაგდებთ სათვალავიდან.
საკამათო არავისთვისაა - ჩვენი მომავალი მეტოქეები კადრების სიმცირეს ნამდვილად არ უჩივიან და მათ თითო პოზიციაზე ორი სრულფასოვანი მოთამაშე ჰყავთ. ჩვენთან ასე არ არის.
ჩვენ ვაკრიტიკებთ მარჯვენა მცველს, უჩა ლობჟანიძეს, რეალურად კი მისი დონის მარჯვენა მცველი არ გვყავს. ვაკრიტიკებთ ჯანოს და ოქრიაშვილს მაშინ, როცა არ გვყავს მათი შემცვლელები. ვაკრიტიკებთ ლევან მჭედლიძეს და თავდასხმაში მისი უღლის გამწევი არ ჩანს.
გნებავთ, კენჭი დაარქვით და გნებავთ, ლოდი - პირველ რიგში, ჩემს ბოსტანში ვისვრი და მერე ზოგადად - ქართული მედიის. ნაწილობრივ ჩვენი შექმნილიცაა ის მოლოდინი, რომ ამა თუ იმ ფეხბურთელს სანაკრებო შანსები სჭირდება და მერე ის "გაფრინდება".
არა, ბატონებო - გნებავთ, საქართველოს ჩემპიონატში და გნებავთ, უცხოურ კლუბში ერთი-ორი კარგი მატჩი არ არის საკმარისი, რომ სანაკრებო დონე დააკმაყოფილო.
პრესტიჟის მატჩი
ახლა საქართველოს ნაკრებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ტირანაში, 16 ნოემბერს გასამართავ ამხანაგურ შეხვედრას ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ალბანეთთან. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ ბევრი რამ. მათ შორის ის, რომ ესტონური ფიასკო ერთი, გამონაკლისი შემთხვევა იყო; რომ ბოლო დროის მონაპოვარი წყალში არ ჩაყრილა; რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს ფეხბურთის თამაში შეუძლიათ!
ესტონეთის ნაკრებიდან ერთი გოლი პიკმა გაგვიტანა. ახლა საქართველოს ნაკრებში პიკის საათის დრო არაა! არადა, ტალინში ასე იყო...
საერთაშორისო ამხანაგური მატჩი
11.11.15. ტალინი. "ლე კოკ არენა". 2 000 მაყურებელი
ესტონეთი-საქართველო 3:0
გოლები: 1:0 პურიე (60), 2:0 პიკი (65), 3:0 გუსევი (88)
საქართველო (5-2-2-1): ლორია - კაკაბაძე, გრიგალავა (68. ჰუფნაგელი), კაშია, ამისულაშვილი, ნავალოვსკი (68. ფოფხაძე) - კანკავა, ცინცაძე (72. დაუშვილი) - კობახიძე (46. ჭანტურია), ყაზაიშვილი (78. ბეგლარიშვილი) - ვაწაძე (46. ცხადაძე).
სათადარიგოები: რევიშვილი, მაკარიძე, გველესიანი, გელაშვილი, ფალავანდიშვილი.
მწვრთნელი: კახა ცხადაძე
ესტონეთი (4-5-1): აკსალუ - იაგერი, ბარანოვი, კალვანი, პიკი (66. გუსევი) - კამსი (54. პური), დმიტრიევი (81. ლინდპერე), ვასილიევი (90. ფროლოვი), მეტსი, კალასტე - პურიე (73. საპინენი).
სათადარიგოები: ლონდაკი, ბარენგრუბი, იურგენსონი, ალიკუ, ლუტსი, ზენიოვი.
მწვრთნელი: მაგნუს პერსონი
არბიტრი: რაიმონდ კრანგლი (ჩრ. ირლანდია).
მატჩის სტენოგრამა
5' - ყაზაიშვილი კარგ პასს უკეთებს ვაწაძეს, ვისაც ესტონელთა კარში დარტყმა აგვიანდება.
7' - ვასილიევი შორიდან თავზე უგდებს ბურთს კარიდან წინ გამოსულ ლორიას. უშედეგოდ.
11' - კობახიძე სახიფათოდ აწვდის საჯარიმოში. ბურთს ესტონელთა მეკარე აკსალუ ეუფლება.
15' - კობახიძე შორიდან ურტყამს. ბურთს აკსალუ იგერიებს.
16' - გურამ კაშიას თავური და აკსალუ "ცხრიანიდან" ხსნის ბურთს.
18' - გრიგალავა სახიფათოდ აწვდის ესტონელთა საჯარიმოში. კალასტე ბურთს კუთხურზე იგერიებს.
18' - ესტონელთა კონტრშეტევა. კამსს ვერ გააქვს. გადაგვარჩინეს ჯერ ლორიამ და მერე ნავალოვსკიმ.
20' - ყაზაიშვილის დარტყმულს მეკარე ეუფლება.
28' - ვასილიევის შორეული ჯარიმა. ლორია ბურთს ხელებში აფიქსირებს.
37' - ვასილიევის პასის შემდეგ კამსს და პურიეს ვერ გააქვთ. ორჯერვე სასწაულით გადავრჩით.
41' - ვასილიევის ჯარიმა. ლორიამ თითქოს კარი "დაკარგა", მაგრამ ბოლოს მაინც მოიგერია ბურთი.
45' - საქართველოს ნაკრების მრავალსვლიანი კომბინაცია. ნავალოვსკის აკსალუმ აჯობა.
47' - ჭანტურიას დიდებული პასი და ცხადაძის თავური. ესტონეთის ნაკრები აკსალუმ გადაარჩინა.
60' - ვასილიევი ქართველთა საჯარიმოში აწვდის. კაშია ცდება. ბურთი პურიეს მისდის, ერთი მოძრაობით ატყუებს კანკავასა და ამისულაშვილს - 1:0.
65' - კალასტეს დაბალი, გასწვრივი პასი პიკს, რომელიც ერთი შეხებით ურტყამს ახლო კუთხეში - 2:0.
72' - ყაზაიშვილის დარტყმა ესტონელთა კარს სცდება.
88' - ვასილიევის პასის შემდეგ შეცვლაზე შესული გუსევი მცველების უყურადღებობით სარგებლობს და საბოლოო ანგარიშს აფიქსირებს - 3:0.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
სანამ რეჟიმის და დისციპლინის მნიშვნელობას არ გაიგებენ სათითაოდ , იქამდე მუდამ ასეთი შედეგები იქნება .
1. საქართველოს ჩემპიონატი 10 გუნდამდე უნდა დავიდეს;
2. სახელმწიფო ინვესტიცია უნდა ჩადოს ფეღბურთის განვითარებაში და ყველანაირად ხელი უნდა შეუწყოს იმ 10 გუნდს ვინც უმაღლეს ლიგაში ითამაშებს;
3. წახალისებული უნდა იქნას ყველა ბიზნესმენი ვინც კლუბების მეპატრონეები არიან ან გაუწევენ სპონსორობას;
4. ყველა ქართველი ფეღბურთელი ვინც ე.წ. „ჭ“ კლასის გუნდებში თამაშობენ ან სათადარიგო სკამებზე ატარებენ ძირითად დროს უნდა დავაბრუნეთ ქართვულ კლუბებში;
5. მაყურებლის სტადიონზე დასაბრუნებლათ უნდა გაკეთდეს ყველაფერი (რეკლამა, სხვადასხვა ღონისძიებები, სამხედროების მიპატიჟება სტადიონებზე და ა.შ.);
6. მწვრთნელების გადამზადება.