[ოთხშაბათის საკითხავი] ვინ რას მისტირის?

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის,  ლევან კობიაშვილის პოზიცია ურყევია - კახა ცხადაძემ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი უნდა დატოვოს. აღმასკომმა კი კობიაშვილს რეკომენდაცია მისცა, ცხადაძეს შეხვდეს და კონტრაქტის გაწყვეტაზე დაელაპარაკოს.

ცხადია, ესაა ჩვენი რუბრიკის მთავარი თემა...

როდის არის ეკონომია გამართლებული?
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ახალი სახელფასო მოდელი შეიმუშავა. მოდელი ორიენტირებულია შედეგზე და ჩვენნაირი გაჭირვებული ქვეყნისთვის თითქოს მისწრებაა, მაგრამ მედალს აქვს მეორე მხარეც.

ჩემი პირადი აზრი ასეთია და არ არის აუცილებელი, სხვამაც გაიზიაროს - თანხის ეკონომია ყველა შემთხვევაში გამართლებულია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საქმე
ეროვნული თუ სხვა ასაკობრივი ნაკრებების ინტერესებს ეხება.

რა ვუყოთ იმას, რომ "ჩიტმა" ჯერ კიდევ ნოემბერში მოგვიტანა ამბავი კახა ცხადაძის წასვლის თაობაზე. მაშინ ეს ცნობა არ დავიჯერეთ, მაგრამ დრომ იმ სიტყვების სიმართლე დაადასტურა. რატომ არ ვაცალეთ მწვრთნელს იმ საქმის კეთება, რასაც ის შეეჭიდა და პატიოსნად აკეთებდა?

რატომ მოიხსნენ ასაკობრივი ნაკრებების მთავარი მწვრთნელები? ვარაუდები, ჩვენი აზრი და ფედერაციის პოზიცია შეიძლება აქ რაღაცაში ემთხვეოდეს კიდეც ერთმანეთს, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ამ ხალხმა შედეგი დადო.

ღმერთმა ნუ ქნას, ელიტრაუნდში ჩვენმა ასაკობრივმა ნაკრებებმა შედეგი ვერ აჩვენონ. მაშინ ვინ იქნება პასუხისმგებელი ამაზე? გულშემატკივარს ხომ აუცილებლად დარჩება განცდა - ის მწვრთნელები რომ დარჩენილიყვნენ, უკეთესი შედეგი გვექნებოდაო.

ხელფასის საკითხი
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თვეში 40 ათას დოლარს იღებს. რა თქმა უნდა, ჩვენნაირ გაჭირვებულ ქვეყანაში ეს არ არის პატარა ხელფასი. მეტიც - დიდი ხელფასია.

და ვინ თქვა, რომ ნაკრების მთავარი მწვრთნელი კაპიკებს უნდა იღებდეს? ჩვენ გვახსოვს ნაკრების არაერთი მწვრთნელი, საქართველოს ნაკრებში ცხადაძეზე გაცილებით მეტს რომ იღებდა, მაგრამ მაშინ ამ თემაზე ლაპარაკი არ ყოფილა.

ერთმა ჩემმა კოლეგამ დაწერა - ნუ ვიქნებით ბუღალტრები, პროფესიონალები ვიყოთო. ვეთანხმები. მით უმეტეს, ახალ შესარჩევ ციკლამდე სულ ცოტაა დარჩენილი და ახალ მწვრთნელს გაუჭირდება ადაპტაცია.

ამ ეტაპზე ისე ჩანს, რომ ხელფასის საკითხი საერთო-პოპულისტური ფონის გასაღვივებლად გახდა საჭირო. დღეს ქვეყანაში ბევრს უჭირს, ბევრს სესხი ახრჩობს. ბევრი ყოველდღიურ სარჩოს ვერ ყიდულობს, მაგრამ ამ ფეხბურთში ღარიბები რომ ვერ იმარჯვებენ, ამას რაღა ვუყოთ?!

მე ასე მგონია - წავა ცხადაძე, ამოქმედდება ეგრეთ წოდებული ბონუს-სისტემა, მაგრამ ეს ძირეულ ცვლილებებს ვერ შეიტანს ქართული ფეხბურთის ყოველდღიურობაში.

რა თქმა უნდა, ეკონომია კარგია, მაგრამ ღირდა კი ეს იმად, რომ ნაკრებში დალაგებული ვითარება აგვერია?! თანაც, ახლა, როცა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი კარზეა მომდგარი?!

და თუ ჩვენი საზომი ლატვიისა თუ სომხეთის მწვრთნელების ხელფასია, მაშინ ნურც მეტის ამბიცია გვექნება... რა საჭიროა კონტრაქტი?

მე საერთოდ არ ვიცი, ვერ ვხვდები, დღევანდელ ქართულ რეალობაში რა საჭიროა კახა ცხადაძის კონტრაქტი? ცხადაძეს ჰქონდა ხელფასი. მან ამის შესაბამისად დაგეგმა თავისი უახლოესი ცხოვრება და მას ხელფასის შემცირება მოსთხოვეს.

ცხადაძემ მზადყოფნა გამოთქვა, 25 პროცენტით შეემცირებინა ანაზღაურება, მაგრამ ეს ფედერაციას არ ეყო და მწვრთნელს ჯამაგირის განახევრება მოსთხოვა. ამაზე ცხადაძემ უარი თქვა და ადამიანურად, მე მისი მესმის.

კონტრაქტზე ვთქვით და, მართლაც, რა საჭიროა ის, თუ მისი შეცვლა ან უგულებელყოფა ნებისმიერ შემთხვევაშია შესაძლებელი?

დავუშვათ, ცხადაძემ გაშვების შემდეგ სრულად მოითხოვა კონტრაქტის ანაზღაურება. მგონი, ამის უფლება მას უნდა ჰქონდეს. მაშინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მართლაც რომ ტრაგიკომიკურ სიტუაციაში აღმოჩნდება - ცალკე ცხადაძის ხელფასი ექნება გადასახდელი და ცალკე - ახალი მთავარი მწვრთნელის ანაზღაურება.

მაშინ თანხის დაზოგვის სახელით დაწყებული კამპანია პირიქით შეტრიალდება და უკუეფექტს გამოიღებს.

ვინ მისტირის სიჭინავას?
ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა ცხადაძის ზურგს უკან ძველი ხელმძღვანელობის კუდები დაინახეს. სრული პასუხისმგებლობით უნდა დავწერო - მე არ მეგულება უფრო სუსტი ფედერაცია, ვიდრე ზვიად სიჭინავას ფორმაციისა და არასდროს, არც ერთი წამითაც კი არ გავიხედავ სინანულით იმ წარსულისკენ.

იმ წარსულისკენ, როცა ხალხი ისე იღებდა ხელფასებს, რომ არც მუშაობდა...

იმ წარსულისკენ, როცა ფეხბურთის ფედერაციაში საქმის მკეთებელი ხალხი უმცირესობაში იყო...

როცა მედიას არ უსმენდნენ...

როცა საქართველოს ჩემპიონატი ისე გახადეს 16-გუნდიანი, საზოგადოების აზრი არად ჩააგდეს...

როცა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ფეხბურთი ისე იცოდა, როგორც ამ სტრიქონების ავტორმა - პაპუა-ახალ გვინეაში მოსახლე ერთ-ერთი ველური ტომის დიალექტი...

გაგრძელება კიდევ შეიძლება, მაგრამ მგონი, საჭირო აღარ არის...

არ მივტირი იმ წარსულს, მაგრამ, განა, ყველაფერი უნდა მოვიშოროთ, რაც იმ წარსულიდან შემოგვრჩა? ასე ხომ არ შეიძლება?! "ჩემიანი", "სხვისიანი" - ქართულ ფეხბურთში ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა მორჩეს ასე დაყოფა. ჩვენ, ყველა ერთად ხომ ქართულ ფეხბურთს ვემსახურებით?!

იქნებ ვიღაცას შეეშინდა, ცხადაძეს სიტუაცია შიგნიდან არ აეფეთქებინა? ჯერ ერთი, არ იყო ცხადაძე ამის გამკეთებელი კაცი და მეორეც - რა ბერკეტი ჰქონდა მას საამისოდ? ის თავადვე მოიჭრიდა იმ ტოტს, რომელზეც იჯდა? რა, ნაკრები შეგნებულად წააგებდა თამაშებს? ერთი წამით დავუშვათ, რომ ეს ასე ყოფილიყო. უპირველეს ყოვლისა, ისევ ცხადაძის ავტორიტეტი არ დაზარალდებოდა?!

ბედის ამბავი
ხდება ხოლმე - კაცს ბედისწერა ისეთი დაჰყვება, მის ცხოვრებას იოლს ვერ დაარქმევ. ცხადაძის საფეხბურთო ცხოვრებაც ძალიან რთულია.

დავიწყოთ იქიდან, რომ ცხადაძეს მთელი კარიერის განმავლობაში არ ასვენებდა ტრავმები.

გავაგრძელოთ იმით, რომ ჯან-ღონით სავსე კაპიტანი თითქმის შეგნებულად და თითქმის ხელოვნურად ჩამოაშორეს საქართველოს ნაკრებს. ჩამოაშორეს მაშინ, როცა ის თავისი კარიერის ზენიტში იყო და მაშინ, როცა საქართველოს ნაკრები მზად იყო, შედეგი დაედო. მით უმეტეს, შესარჩევი ჯგუფი ისეთი გვქონდა, დიდი ხნის განმავლობაში რომ ვნატრობდით...

მე რაც თავად ვიცი და რაც გამიგონია, ცხადაძის ცხოვრება არის ფეხბურთელის სამაგალითო ცხოვრება. მან არ ითამაშა მსოფლიოს ჩემპიონატზე და ითამაშა საქართველოს ნაკრებში. მან ნაკრებისთვის გააკეთა იმაზე მეტი, ვიდრე ერთ ფეხბურთელს შეეძლო, გაეკეთებინა.

ადამიანი უშეცდომო არ არსებობს. თავის დროზე, ძალიან დამწყდა გული, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ბაქოს "ინტერში" რომ წავიდა. ისე ჩანს, რომ მისი კარიერისთვის ეს გამართლებული ნაბიჯი იყო, მაგრამ მაშინ დიდი იმედით ვუცქერდი ცხადაძის მუშაობას ახალგაზრდულ ნაკრებში...

ყველა ადამიანს აქვს შეცდომის დაშვების უფლება და ეს შეცდომაც, თუ ის შეცდომა იყო, შეიძლება არც გაგვეხსენებინა, მაგრამ თუ ჩვენს წერილს აქვს იმის პრეტენზია, რომ სიმართლე თქვას, ყველაფერი უნდა დაიწეროს.

სხვისი არ ვიცი და, მე ასე მგონია: დღემდე ქართული საფეხბურთო სამყარო ისე ვერ მოექცა ცხადაძეს, როგორც იმსახურებდა...

შოკი
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელად გია გეგუჩაძე დაინიშნა. ქართულმა საფეხბურთო თემმა ნაღდი შოკი მიიღო, რაკი გეგუჩაძეს ეროვნული ნაკრების დამრიგებლად ელოდნენ...

ახლა კი საქმე ასეა: ნაკრებს ახლო მომავალში ეყოლება მთავარი მწვრთნელი. კულუარებში ახსენეს სამი კანდიდატი - შოთა არველაძე, ვინც უმუშევარია "ტრაბზონსფორიდან" წამოსვლის შემდეგ, "ფრაიბურგის" ლეგენდარული დამრიგებელი ფოლკერ ფინკე და შემოდგომაზე "გლადბახიდან" გაშვებული ფრანგი ლუსიენ ფავრი.

ფინკესა და ფავრს კობიაშვილი ძალიან კარგად იცნობს. განსაკუთრებით - ფინკეს, ვისთანაც ლევანს არაერთი წელი გაუტარებია "ფრაიბურგში".

კობიაშვილი ამბობს, რომ არც ერთ კანდიდატთან არ ჰქონია მოლაპარაკება. მოკლედ, ვნახოთ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 28 /
ისე გახსენებისთვის რიგის მიხედვით:
1) საქართველოს ჭირდებოდა ტრენერი
2) ცხადაძემ შესთავაზა თავის თავი
3) სანამ გაბაზრდებოდა მინიმუმ 2 შეხვედრა იყო.
4) ბოლოს მან შესთავაზა, რომ იმუშავებდა 6 თვეს უფასოდ. თუ მოეწონებოდათ დარჩებოდა.
5) ამ 6 თვის განმავლობაში ცხადაძე მუშაობდა ნეფტჩში და იღებდა ხელფასს (თუ არ მიცეს, ჩვენი რა ბრალია)
ასე რომ ადგილი ქონდა შემოტენას და არა ფედერაციის მიერ ტრენერის კონკურსის წესით მოძებნას.
და ბოლოს ნუ გვამადლის იმ 6 თვეს. ეგ ბიზნეს გარიგების ნაწილი იყო.
ara
27 იანვარი 2016 18:38
0
შენ მიგაჩნია, რომ კარგად მოექცნენ ცხადაძეს?
555
27 იანვარი 2016 18:37
0
ავტორმა ყველაფერზე ილაპარაკა და რატომღაც მთავარი გამორჩა,როდესაც პრეტენზია გაქვს იყო ქვეყნის პირველი ნაკრების თავკაცი და უარს ამბობ შედეგის დადებამდე იმუშაო ნახევარ ხელფასზე იმ პირობით რომ თუ შედეგი გექნება მთელი თანხა დაგიბრუნდებ,გამოდის რომ კარგი შედეგის იმედი არა გაქვს და ორიენტირებული ხარ მხოლოდ ფულზე და არა შედეგზე,ზოგადად ასეთი მწვრთნელის ფეხბურთელებთან პატრიოტიზმზე და თავდადებაზე ლაპარაკს აზრი ექნება? ეს ხომ ძალიან მარტივია და ლაპარაკი წარსულის დიდებაზე მხოლოდ ლირიკაა.
თემური
27 იანვარი 2016 18:22
0
ვერ დაგეთანხმები ალეკო.ცხადაძემ უკვე ერთჯერ დატოვა ნაკრები ფული გამო.100 000 ლარ თვეში საქართველოში თან საქმეს გააკეთებ თუ არა ,არის მარაზმი
dato
27 იანვარი 2016 18:18
0
მე მგონი სტატიის ავტორმა გუშინდელი კომენტარების შემდეგ საძმო შეკრიბა აქ და თავის თავს ალაიქებინებს :))) გუშინ კომენტარების 90% ყველა კობის ამართლებდა და პირიქით ამტყუნებდა ცხადაძეს დღეს რატომღაც პირიქითაა:))) აშკარაა ნეპოტიზმის ფაქტი :)))
555
27 იანვარი 2016 18:15
0
.... ძალიან კარგი ანალიზია.
berdo
27 იანვარი 2016 17:51
0
თუ ნაკრებებმა ნორმალური თამაში და რაც მთავარია შედეგი ვერ აჩვენა, კობის ადგილზე ყოფნას ნარდად არ ვისურვებდი. თუ ღრმა ანალიზს გავუკეთებთ ყველა ნაკრების შესაძლებლობეს, ამის დიდი ალბათობაა (განსაკუტრებით პირველი ნაკრები მყავს მხედველობაში). ჩემი ვარაუდით მხოლოდ მოლდოვის ნაკრებს თუ ჩამოიტოვებს საქართველო. ავსტიის, სერბეთის და ირლანდიის ნაკრების მომგები ჩვენი ნაკრები აღარაა, მითუმეტეს ნწვრთნელის ცვლილების შემდე. ამათი დალაგება არ იქნება.
goga
27 იანვარი 2016 17:48
0
მართლა, ვაი, შენ ბედკრულო საქართველო, შენი შვილები ... ცხადაძისა და მისი ნამუსგარეცხილი ამფსონების გამართლებას რომ ცდილობენ, თუ მართლა დარწმუნებულია, რომ მომავალ შესარჩევ ციკლში ნაკრებს მესამე ადგილზე გაიყვანს, პატრიოტია და ფულის ხამი არ არის, რატომ არ თანხმდება ხელფასის ახალ სისტემას? მესამე ადგილზე გასვლის შემთხვევაში ხომ იგივე თანხას მიიღებს, რაც ახლა აქვს კონტრაქტით განსაზღვრული. მართლა ავადმყოფია ის ერი, რომლის თუნდაც მცირე ნაწილიც კი, ცხადაძის ამ საქციელს გამართლებას უძებნის.
ფული კი არა, საკუთარი ქვეყანა რომ ყვარებოდა, ცხადაძე მაშინ უნდა გადამდგარიყო, ლევანდოვსკიმ 5 წუთში სამი გოლი რომ შეგვიგდო.
aureliano buendia
27 იანვარი 2016 17:38
0
ჯიგარი ხარ კაკაურიძე
bingo
27 იანვარი 2016 17:30
0
ხელფასი და ხელფასზე ატეხილი ვაი ვიში შირმა იყო!
-კაცს გზაკვალი აურიეს, მუშაობდა ბედნიერად ნეფთჩიში!
-თანდათან ჩანს რა ბინძური და ყოვლად უწმინდური ადამიანები მოვიდნენ ფეხბურთის ფედერაციაში. კობიაშვილი, რომ ... იყო, ამას ვისაც თვალი ჰქონდა ხედავდა, ახლა კი ყველა დაინახავენ ამას!
shoda
27 იანვარი 2016 17:02
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული