გამოკითხვა: გამართლებულია თუ არა კახა ცხადაძის გათავისუფლება ნაკრებიდან?

AutoSharing Option
...ამ ერთადერთი კითხვით მიმართა "ლელომ" თავის კოლეგებს. თემა ძალიან აქტუალურია და ვფიქრობთ, მკითხველისთვის (და ფეხბურთის ფედერაციის მესვეურთათვისაც) საინტერესო იქნება ქართული ჟურნალისტური თემის პოზიცია...

გეგი კიკაბიძე (TV პირველი):
"რა თქმა უნდა, ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილება არ არის გამართლებული. ცხადაძემ გუნდი შეკრა, ერთსულოვნება დაუბრუნა. ფეხბურთელები მინდორზე დიდი ენთუზიაზმით გადიოდნენ, სწორი ფეხბურთის თამაში დაიწყეს. არ აქვს მნიშვნელობა, მასზე ძლიერი სპეციალისტი მოვა თუ სუსტი. ნებისმიერ მწვრთნელს დასჭირდება დრო გუნდის შესასწავლად და ჩამოსაყალიბებლად. ამის დრო კი ჩვენს ნაკრებს არა აქვს".

კახა ბერიძე (თავისუფალი ჟურნალისტი):
"არ არის
გამართლებული და არც - სამართლიანი. ფულზე დაწვრილმანებაა. ფაქტია, რომ ეს წინდაწინვე იყო ჩაფიქრებული. ლევან კობიაშვილმა თქვა - ყველაფერს გავაკეთებ, კახა ცხადაძე ნაკრებში რომ აღარ იყოსო. ჩემი აზრით, კი არ გააკეთებს, არამედ უკვე გააკეთა, რომ აღარ ყოფილიყო.

ადრე, როცა გია გეგუჩაძე არ დაინიშნა ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელად, ეს უკვე ამის მომასწავებელი იყო. მაშინ რომ არ დანიშნეს, "რაღაცამ" შეაჩერათ... ჩანაფიქრი, ალბათ, ჰქონდათ და იმიტომ შეყოყმანდნენ, მაგრამ შემდეგ მიხვდნენ, რომ ძალიან გაიშიფრებოდნენ და, ალბათ, ამან გადააფიქრებინათ...

რაც თავი მახსოვს, სულ მესმის - სანამ არველაძეები იქნებიან ქართულ ფეხბურთში, მას არაფერი ეშველებაო. აღარ არიან არველაძეები და რაც ხდება, კი ჩანს. დასაწყისი ისეთია, კაცი უკეთესს ვერ ინატრებს.

გოჩა ავსაჯანიშვილი იმ მიზეზით გაუშვეს ნაკრებიდან, რომ მათი ხედვა არ ემთხვეოდა მწვრთნელისას. არადა, იმ კაცმა შედეგი დადო. ახლა ღმერთმა ნუ ქნას და, ელიტრაუნდში რომ ჩავფლავდეთ, რა გამოვა? ესე იგი, ფეხბურთის ფედერაციის ხედვა არ ყოფილა სწორი. ხელფასი თითიდან გამოწოვილი მიზეზია. ბავშვიც კი მიხვდება, სად არის დამარხული ძაღლის თავი...

რაც შეეხება კომპენსაციას, ფეხბურთის ფედერაციას იმაზე მეტის გადახდა მოუწევს, ვიდრე ცხადაძე აიღებდა ამ წელიწად-ნახევარში".

სანდრო გამსახურდია (TV პირველი):
"არ არის მართებული გადაწყვეტილება".

სლავა გასპაროვი (თავისუფალი ჟურნალისტი):
"ჩემი აზრით, კახა ცხადაძემ უნდა გააგრძელოს მუშაობა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე".

ლევან სალუქვაძე (სილქ-მედია):
"კახა ცხადაძის გათავისუფლება არ მიმაჩნია სწორ ნაბიჯად. დავიწყოთ იქიდან, რომ საამისოდ არ არსებობს სპორტული მიზეზი. მან ერთ მუშტად შეკრა ნაკრები, გაუმჯობესდა თამაშის ხარისხი... რაც მთავარია, ცხადაძემ ნაკრებს მოუხსნა "წაგებულის კომპლექსი". "ამას როგორ უნდა მოვუგოთ" - ახლა საქმისადმი ასეთი მიდგომა აღარ არის".

გია პლატონიშვილი (საქართველოს რესპუბლიკა):
"ეს არის ძალიან ფაქიზი საკითხი. ორივე მხარეს ჩვენთვის ძალიან პატივსაცემი ხალხია. მჯერა, გადაწყვეტილება იქნება მიღებული ქართული ფეხბურთის ინტერესებიდან გამომდინარე".

ლაშა თაბაგარი (mysports.ge):
"ფეხბურთის ფედერაციაში ხელმძღვანელობის შეცვლის შემდეგ რეალობაც შეიცვალა. ლევან კობიაშვილმა ღიად განაცხადა, რომ მძიმე ფინანსური მდგომარეობა დახვდა. სწორედ აქედან გამომდინარე, გადაწყდა ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების მწვრთნელებისთვის ანაზღაურების ბონუსური სისტემის შეთავაზება...

რაც შეეხება უშუალოდ კახა ცხადაძისთვის შეთავაზებულ წინადადებას, თვეში ფიქსირებული ანაზღაურება - 60 ათასი ლარი დაბეგვრის გარეშე - ქართული რეალობიდან გამომდინარე, ურიგო წინადადება ნამდვილად არ არის. თან იმის გათვალისწინებით, რომ თუ ცხადაძე მესამე ადგილზე გაიყვანს გუნდს, დამატებით მთლიანად აიღებს იმავე ხელფასის ოდენობას, რამდენი ხნითაც აქვს კონტრაქტი. მეორე ადგილზე გასვლის შემთხვევაში კი ერთი ამდენიც დაემატება...

ჩემი აზრით, ცხადაძე ამ წინადადებას უნდა დათანხმებულიყო, მაგრამ ეს უშუალოდ მისი გადასაწყვეტია. მით უმეტეს, თავად კობიაშვილმა განაცხადა, რომ ცხადაძის გაშვება არ სურდა და სთხოვა, გვერდით დადგომოდა...

მინდა გამოვეხმაურო აღმასკომის დღევანდელ გადაწყვეტილებას. ვფიქრობ, კობიაშვილი გულწრფელი იყო, როცა განაცხადა, რომ ფეხბურთის ფედერაციაში გადაწყვეტილებას თავად იღებს და მას არავინ არაფერს უთითებს. ლევანი არ არის ის პიროვნება, რომ ბრმად შეასრულოს ვიღაცის ბრძანება".

მიხეილ ჟორჟოლიანი (ახალი თაობა):
"გამომდინარე იქიდან, რომ კონკრეტულად კონტრაქტის დეტალები არ ვიცით, ზუსტი პასუხის თქმა გაჭირდება... თუ ფედერაციას არ ჰქონდა მსგავსი შეთავაზების უფლება და კონტრაქტის დარღვევით მოუწევს სერიოზული კომპენსაციის გადახდა, მაშინ მისი გაწყვეტა მართებულად არ მიმაჩნია.

თუმცა, თუ კონტრაქტში დევს პუნქტი, რომლის თანახმად, ფინანსური მხარის გადახედვა შეიძლება, მაშინ გაუგებარია, რატომ არ თანხმდება ცხადაძე ბონუსურ სისტემას, იქიდან გამომდინარე, როცა ღიად აცხადებს, რომ მას სჯერა საკუთარი თავისა და ნაკრების - რომ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში გუნდს მესამე ადგილზე გაიყვანს...

ბოლოდროინდელი განცხადებებით, ცხადაძის ადგილზე, პირადად, ნაკრებში არ დავრჩებოდი და თუ საჭირო იქნებოდა, მივმართავდი სამართლებრივ გზას, მაგრამ, როგორც ჩანს, ყველაფერი ისე არ არის, როგორც საჭიროა... აქედან გამომდინარე, კონტრაქტები კონფიდენციალური არ უნდა იყოს და ყველა მათგანი მანამდე გასაჯაროვდეს, სანამ კიდევ არ აღმოვჩნდებით ასეთ სიტუაციაში".

ლევან ჯანეზაშვილი (ქრონიკა პლუსი):
"მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორი თამაში ნაკრების გარჯა დამაფიქრებელი იყო, საერთო ჯამში, კახა ცხადაძის საქმიანობას დადებითად შევაფასებ. ნაკრებს სახე დაუბრუნდა.

კობიაშვილს მთავარ მწვრთნელთან თანამშრომლობის სურვილი ჰქონდა, მაგრამ ეს არ გამოვიდა ფინანსების გამო. ცხადაძემ არ მოისურვა დაბალ ხელფასზე მუშაობა და ეს გასაგებია. მეორე მხრივ, გასაგებია ფეხბურთის ფედერაციის პოზიციაც, რომ ნაკრების მწვრთნელს არ უნდა ჰქონდეს გარანტირებულად მაღალი ხელფასი ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში.

ჩემი აზრია, რომ ჩვენი ნაკრების დონის გუნდს არ სჭირდება მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი".

პაატა ძნელაძე (თავისუფალი ჟურნალისტი):
"პირადად მე სრულად ვეთანხმები ახალ სახელფასო სისტემაზე გადასვლას, რაც დადებითი შედეგის შემთხვევაში ბონუსების გაცემას ითვალისწინებს. ცხადაძის კვალიფიკაცია არანაირ ეჭვს არ იწვევს და კარგი იქნებოდა, დათანხმებოდა ფედერაციის წინადადებას. ამ შემთხვევაში კი ძნელად წარმომიდგენია, ცხადაძემ მთავარი მწვრთნელის პოსტი შეინარჩუნოს".

ბიძინა ბარათაშვილი (სილქ-მედია):
"კახა ცხადაძის გათავისუფლება არ არის გამართლებული. ჯერ ერთი, კაცს რომ რაღაცაზე უთანხმდები, ბოლომდე უნდა აცალო. რაც ცხადაძეს დაუსახეს ამოცანა, მან შეასრულა - შეკრა გუნდი, დააბრუნა ნაკრებში კარგი ფეხბურთელები, იყო კარგი მატჩები - შოტლანდიასთან, გერმანიასთან, ირლანდიასთან...

კი, იყო აუხსნელი მარცხი პოლონეთსა და ესტონეთში, საწყენი ფრე ალბანეთში, მაგრამ ფაქტია, რომ ბევრიც გაკეთდა. არ ვამბობ, რომ ცხადაძე მოურინიოა, მაგრამ დღეს მის ალტერნატივას ვერ ვხედავ".

ილია ნანობაშვილი (worldsport.ge):
"საერთოდ, ბონუსური, შედეგზე აქცენტირებული სახელფასო სისტემა მომწონს და ვფიქრობ, კახა ცხადაძე ამ შეთავაზებას უნდა დათანხმებოდა. მით უმეტეს, თავად თქვა - მესამე ადგილზე გასვლა შესაძლებლად მიმაჩნიაო. ფედერაციას ჰქონდა უფლება, კონტრაქტისთვის გადაეხედა.

ვერანაირად ვერ დავეთანხმები იმ აზრს, თითქოს ლევან კობიაშვილი სხვის დავალებებს ასრულებს.

"მომავალი მწვრთნელის პირველივე წაგებაზე ფედერაციას წამოაძახებენ, რომ ცხადაძის გაშვებით შეცდომა დაუშვა" - ეს ჩასაფრებულის პოზიცია მგონია და არასწორია. რომ მოიგოს, არ უნდა აღვნიშნოთ? წინასწარ რატომ უნდა ჩავუსაფრდეთ ფეხის დაცდენაზე?

ვფიქრობ, ცხადაძის ხელში ნაკრებს პროგრესი ჰქონდა წმინდა სათამაშო კუთხით, თუმცა რაც მისგან ითქვა და საერთოდ, რაც ბოლო დღეებში მოხდა, ამის შემდეგ ნაკრებში მისი მუშაობა წარმოუდგენლად მიმაჩნია. ეს უკვე აღარ არის ერთი ოჯახი. საწყენია, რომ ასე მოხდა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 46 /
არის და იყო კი გარანტია, რომ 2018 წელს იგივე ხემძღვანელობა იქნება ??? აქ ალბათ რაღაც სხვა ძაღლის თავია დამარხული.
ჩოგანა გორელი
28 იანვარი 2016 14:05
0
კონტრაქტის გაწყვეტისას ნებისერ მწვრთნელს აძლევენ კომპენსაციას და არც კახა იქნება გამონაკლისი. ვთვლი რომ ცხადაძის გათავისუფლება გამართლებულია იმ მხრივ რომ მთავარი შედეგია ,,ციფრებში'' და არა ხალხის კეთილგანწყობა, იმ ხალხის კეთილგანწყობა ვისაც ქეცბაიას ნაკრების თამაშის ყურების შემდეგ ცხადაძის ნაკების თამაშის ყურება დიდი სასწაული და საოცარი წინსვლა გვგონია, მართალია წინსვლა არის მაგრამ არა ისეთი როგორიც საჭიროა, იქნებ სხვა მწვრთნელს უფრო მეტი შეუძლია, ისევ ერთი ადგილი ხო არ უნდა ტკეპნოს ნაკრებმა როგორც ქეცბაიას დროს... მე ბონუსების სქემასაც ვეთანხმები რომელსაც ცხადაძე არ დათანხმა, არ გიფიქრიათ იმაზე თუ რატომ არ დათანხმდა? იქნებ იმიტომ რომ არ აქვს საკუთარი თავის იმედი რომ ნაკრებს სულ მცირე მესამე ადგილზე გაიყვანს ჯგუფში, არ ვამბობ პლეიოფს და ჯგუფიდან გასვლას... ბონუსების სისტემით იმაზე მეტის გამომუშავების საშუალება ექნებოდა ვიდრე მისი მანამდე არსებული ხელფასის, ოღონს მარტო წარმატების შემთხვევაში რისი იმედიც მას არ აქვს
Akaki
28 იანვარი 2016 14:04
0
თუმცა საბონუსო სისტემაზე გადასვლა გამართლებულად მიმაჩნია, მაგრამ არა იმ მეთოდებით, რასაც ფედერაცია იყენებს.
ცხადაძემ შეკრა გუნდი, ათამაშა ფეხბურთი ნაკრებს და დაგვიბრუნა ყველას იმედი რომ რაღაც შედეგზე ფიქრი შეიძლება.
ვერ გამიგია უკვე მოქმედი კონტრაქტის ფარგლებში რის საფუძველზე უნდა დათანხმებოდა ახალ შეთავაზებას, მითუმეტეს თუ წინამორბედებსაც შევადარებთ.
ნიკოლოზი
28 იანვარი 2016 14:01
0
ადმინისტრაციას: იქნებ მკითხველისთვისაც მიგეცათ საშუალება საკუთარი აზრი გამოეხატა ინტერაქტიული გამოკითხვის მეშვეობით?

ჩემი აზრით დიდი შეცდომაა ცხადაძის გაშვება რამოდენემე მიზეზის გამო:
1. გუნდი შეკრა და მოთამაშეების ნდობა მოიპოვა. გაშვება უარყოფითად იმოქმედებს ნაკრების მოთამაშეებზე.
2. ცუდი პრეცენდენტია კონტრაქტის დარღვევის, რომელიც შედეგითაც არ მართლდება და იქნება დამაბრკოლებელი ფაქტორი პოტენციურ მწვრთნელებთან მოლაპარაკებებში.
3.თანხას, რასაც ფედერაცია სთავაზობს, არ მგონია შეძლონ ნორმალური მწვრთნელის პოვნა. ანუ ისევ ქართველი და პატრიოტული მოტივით უნდა იპოვონ, რაც კვალიფიკაციის გათვალისწინებით არცთუ ადვილი იქნება.
ნიკოლოზი
28 იანვარი 2016 13:53
0
ხელფასი მემგონი მიზეზად მოტანილი თემაა და მეტი არაფერი. სხვა გასაშვები მიზეზი ვერ მოუძებნეს. ისე კახასაც არ უნდა ელაპარაკა ამდენი ხელფასზე მაგრამ რეალურ მიზეზზე არ უნდოდა ალბათ ლაპარაკი. გიბლატართან მოგების გარდა გერმანია და შოტლანდიაც გაიხსენეთ და რა ემოციები გვქონდა მაგ თამაშების მერე. პოზიორობას და ბუტიაობას თუ მოეშვებიან ეხლაც არის გამოსავლის პოვნა შესაძლებელი და ეს ყველას წაადგება, პირველ რიგში ქართულ ფეხბურთს.

დაალაგონ ურთიერთობები
28 იანვარი 2016 13:50
0
გამართლებულია თავად საბონუსო სისტემა, უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში ფულის ხდა უაზრობებში, ცხადაძე უნდა დათანხმებულიყო შემოთავაზებას და ეს იქნებოდა მისგან სწორი ნაბიჯი და არა ავანტურისტული გამოსვლები. ის ვა-ბანკზე წავიდა და წააგო, საერთოდ კითხვაც არასწორადაა დასმული, მოდი ასე დასვით: უნდა დათანხმებოდა თუ არა კახა ცხადაძე 60 000 ლარს თვეში და პლიუს ბონუსებს რომელიც მის ძველ ხელფასზე მეტი იქნებოდა შედეგის დადების შემთხვევაში?
თენგო
28 იანვარი 2016 13:35
0
ვინც წერს რომ არ არის გამართლებული იმათ მიპასუხონ კითხვაზე, გამართლებულია მწვრთნელს უხადო თვეში 50 000 ლარზე მეტი თუ მას არანაირი შედეგი არ ექნება? (შედეგში ვგულისხმობ მინიმუმ მე-3 ადგილს რათა შემდეგ შესარჩევში უკეთეს კალათაში მაინც მოვხვდეთ)
თენგო
28 იანვარი 2016 13:30
0
გამართლებულია, ერთი თამაშის მოგება ისიც გიბლატართან და სხვა არაფერი. ამას ხომ ნაბისმიერი შეძლებდა. ამიტომაც უნდა წავიდეს.
????????
28 იანვარი 2016 13:20
0
მე ცხადაძის ადგილზე კონტრაქტის შეწყვეტის თანხას ავიღებდი. არაფრით არ დავთანხმდებოდი კომპენსაციის გარეშე შეწყვეტას. იმედია კახაც ასე მოიქცევა. უნდა მიხვდეს საქართველოში ნებისმიერი სფეროს ხელმძღვანელობა იმას, რომ ასე მოქცევა და უფულოდ გაშვება არ შეიძლება. არ შეიძლება დაიწყო თუ პატრიოტია უნდა გაიგოს, ქვეყანას უჭირს და ასე შემდეგ.
პატრიოტი რომ არ ყოფილიყო იმას არ გააკეთებდა რაც გააკეთა. არც გუნდის მოძებნა გაუჭირდება სადმე, თან ხელფასზე არავინ დაუწყებს წუწუნს და გაცილებით მეტსაც მიცემენ.
giorgi
28 იანვარი 2016 13:09
0
გამართლებულია ყველა ქალაქში ორმოები. გამართლებულია დენზე და გაზზე ტარიფების გაზრდა. გამართლებულია 1 დოლარი რომ 2.55 ლარი ღირს. შესაბამისად კახა ცხადაძის გათავისუფლებაც გამართლებულია
beso
28 იანვარი 2016 12:57
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული