როგორც შეხვედრის შემდეგ "კარპატის" მთავარმა მწვრთნელმა ოლეგ კონონოვმა განაცხადა, გურულს ბარძაყის კუნთი აქვს დაზიანებული. ინტერნეტში სანდროს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მეტი ინფორმაცია ვერ მოვიძიეთ. საქართველო-სომხეთის ამხანაგური შეხვედრა
თავად სანდროსთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ, მამამისმა, გია გურულმა კი გვითხრა, რომ მისი სომხეთთან თამაშის ალბათობა მცირეა: "ეს ორი დღეა, სანდრო ექიმებთან პროცედურებზე დადის. ტრავმა სერიოზული ნამდვილად არ არის, მაგრამ საკითხავია, მისცემს თუ არა მოედანზე სწრაფად დაბრუნების შესაძლებლობას. ექიმებისგან სანდროს საბოლოო პასუხი ჯერ არ მიუღია. ნაკრებში თამაში ძალიან უნდა, მაგრამ, სამწუხაროდ, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ახლა ეს ვერ მოხერხდება. სავარაუდოდ, სომხეთთან მატჩი გაუცდება."
გურულის კვიპროსზე ჩასვლა-ჩაუსვლელობის საკითხი ალბათ, დღეისთვის გაირკვევა და იმასაც გავიგებთ, მისი დაკლების შემთხვევაში თემურ ქეცბაია სანაცვლოდ ვინმეს თუ გამოიძახებს. ჩვენი ქვეყნის მთავარი საფეხბურთო გუნდი ლიმასოლში სრულად ზეგისთვის შეიკრიბება.
გურული საქართველოს ნაკრებისთვის პატარა დანაკლისი არ უნდა იყოს. სლოვენიასთან მაღალ დონეზე ჩატარებულმა სადებიუტო მატჩმა და გატანილმა გოლმა დაგვარწმუნა, რომ მას ქეცბაიას გუნდისთვის დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
.