სომხეთთან სანდრო გურულის თამაში საეჭვოა

AutoSharing Option
ესპანეთში შეკრებაზე მყოფმა ლვოვის "კარპატიმ" "კოპა დელ სოლის" ნახევარფინალში ნორვეგიულ "ოლესუნდთან" 1:1 ითამაშა, პენალტების სერიაში კი 7:6 აჯობა. ეს ინფორმაცია, ბუნებრივია, ქართველი მკითხველისთვის დიდად საინტერესო არ უნდა იყოს, სამაგიეროდ, ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ ამ მატჩში "კარპატისა" და საქართველოს ნაკრების შემტევმა სანდრო გურულმა ტრავმა მიიღო. იგი უკრაინელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-60 წუთზე იძულებით შეცვალეს.

როგორც შეხვედრის შემდეგ "კარპატის" მთავარმა მწვრთნელმა ოლეგ კონონოვმა განაცხადა, გურულს ბარძაყის კუნთი აქვს დაზიანებული. ინტერნეტში სანდროს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მეტი ინფორმაცია ვერ მოვიძიეთ. საქართველო-სომხეთის ამხანაგური შეხვედრა
კარსაა მომდგარი. რა თქმა უნდა, სანაკრებო მატჩების წინ ჩვენი ლეგიონერების ამბებით განსაკუთრებით ვინტერესდებით და ამიტომაც იმის გარკვევა ვცადეთ, მოასწრებს თუ არა გურული 9 თებერვლის თამაშისთვის მომჯობინებას და საქართველოს ეროვნული ნაკრების კვიპროსულ შეკრებაზე ჩასვლას.

თავად სანდროსთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ, მამამისმა, გია გურულმა კი გვითხრა, რომ მისი სომხეთთან თამაშის ალბათობა მცირეა: "ეს ორი დღეა, სანდრო ექიმებთან პროცედურებზე დადის. ტრავმა სერიოზული ნამდვილად არ არის, მაგრამ საკითხავია, მისცემს თუ არა მოედანზე სწრაფად დაბრუნების შესაძლებლობას. ექიმებისგან სანდროს საბოლოო პასუხი ჯერ არ მიუღია. ნაკრებში თამაში ძალიან უნდა, მაგრამ, სამწუხაროდ, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ახლა ეს ვერ მოხერხდება. სავარაუდოდ, სომხეთთან მატჩი გაუცდება."

გურულის კვიპროსზე ჩასვლა-ჩაუსვლელობის საკითხი ალბათ, დღეისთვის გაირკვევა და იმასაც გავიგებთ, მისი დაკლების შემთხვევაში თემურ ქეცბაია სანაცვლოდ ვინმეს თუ გამოიძახებს. ჩვენი ქვეყნის მთავარი საფეხბურთო გუნდი ლიმასოლში სრულად ზეგისთვის შეიკრიბება.

გურული საქართველოს ნაკრებისთვის პატარა დანაკლისი არ უნდა იყოს. სლოვენიასთან მაღალ დონეზე ჩატარებულმა სადებიუტო მატჩმა და გატანილმა გოლმა დაგვარწმუნა, რომ მას ქეცბაიას გუნდისთვის დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული