სომხები საქართველოსთვის ემზადებიან

AutoSharing Option
საქართველოსა და სომხეთის ეროვნული ნაკრებების ლიმასოლში დღეს გასამართმა ამხანაგურმა შეხვედრამ სომხეთში დიდი ინტერესი გამოიწვია. კავკასიური დერბი ყოველთვის და ყველა სფეროში საინტერესოა, მით უფრომ მაშინ, როდესაც სომხეთი საქართველოს ხვდება - ჩვენს მეზობლებს ყოველთვის აქვთ სურვილი, საქართველოს ფეხბურთშიც აჯობონ.

სომხების მზადებაზე ინფორმაციებს "არმფუტბოლსა" და "პანარმენიანზე" გავეცანით. კვიპროსულ შეკრებაზე გამოცხადდა "კრასნოდარის" თავდამსხმელი იური მოვსისიანი, ბაქოდან ამერიკაში წასული სომხების შთამომავალი, რომელიც დანიის "რანდერსდან" რუსეთის პრემიერლიგის კლუბში წლეულს გადავიდა. საინტერესოა, რომ მოვსისიანმა ისტორიული სამშობლო პირველად მხოლოდ შარშან ნახა.

მოვსისიანს ვარდან მინასიანის გაწვრთნილი ნაკრების დახასიათება სთხოვეს:
"ახლა სომხეთს ახალგაზრდული, პერსპექტიული და, რაც მთავარია, სწრაფი ნაკრები ჰყავს. ასეთთან თამაში ნებისმიერ მოწინააღმდეგეს გაუჭირდება. ჩვენი მწვრთნელი კომბინაციურ ფეხბურთს ითხოვს და არა სხვებივით "დაარტყი-გაიქეცის". ფეხბურთის მისეული ხედვა და მუშაობის სტილი ფეხბურთელებს ძალიან მოგვწონს".

სომხური ინტერნეტ-გაზეთების ცნობით, საქართველოს ნაკრებთან ვერ ითამაშებს სომხეთის 2010 წლის საუკეთესო ფეხბურთელი კარენ მკრტიჩიანი. ერევნის "პიუნიკის" 22 წლის ნახევარმცველი ამბობს, საქართველოსთან მატჩიდან დასკვნები უნდა გამოვიტანოთ, შემდგომში იგივე შეცდომები რომ არ გავიმეოროთო.

ნაკრებს ვერც პირველი მეკარე რომან ბერეზოვსკი, მცველი ვააგ მინასიანი, ნახევარმცველი ლევონ პარაჯიანი, საყრდენი კარლენ მკრტიჩიანი და თავდამსხმელი ოვანეს გოარიანი დაეხმარებიან.

დონეცკის "შახტარის" თავდამსხმელი ჰენრიხ მხითარიანი:"ეს ამხანაგური მატჩი მწვრთნელს მისცემს საშუალებას, წლის ოპტიმალური შემადგენლობა შეარჩიოს და ფეხბურთელთა შესაძლებლობებს გაეცნოს. ყველაფერი მწვრთნელის ხელშია, კარგი სტრატეგიის შემთხვევაში კარგი ფეხბურთის ჩვენებასა და მოგებას შევძლებთ".

რობერტ არზუმანიანი, პოლონური "იაგელოიას" მცველი:"ნაკრებისთვის ყველა ამხანაგური შეხვედრა მნიშვნელოვანია და ერთმანეთის უკეთ გაცნობაში, შეცდომების გამოსწორებაში, ოფიციალური შეხვედრებისთვის მომზადებაში დაგვეხმარება. კლუბებისგან განსხვავებით, ნაკრებში წელიწადში სულ 5-6-ჯერ თუ ვიკრიბებით. ამიტომაც, ქართველებთან მატჩი მოსამზადებლად უმნიშვნელოვანესია".

სომხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვარდან მინასიანმა 9 თებერვლის ტაქტიკაზე ილაპარაკა:"რუსეთთან შეხვედრამდე ეს ბოლო მოსამზადებელი მატჩია და ქართველებთანაც იმავე ტაქტიკით ვითამაშებთ, რომლის გამოყენებსაც რუსეთთან 26 მარტის საშინაო შეხვედრაში ვაპირებთ".

სხვათა შორის, სომხეთ-რუსეთის 26 მარტის დაპირისპირებაზე აგორდა ხმები, თითქოს ჩვენს სამხრეთელ მეზობლებს ჩრდილოელებმა მატჩის დათმობა სთხოვეს. ამან ორივე ქვეყნის საფეხბურთო წრეები აღაშფოთა, როგორ გეკადრებათ, მსგავსი რამ გულშიც არ გაგვივლიაო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული