რუმინეთი-საქართველო 5:1 - საბრალონი! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ძალიან გვინდა, საქართველოს ნაკრებს სხვა თიკუნი მოვუძებნოთ, მაგრამ არ გამოდის. როგორ გინდა, წერო თამაშზე, რომელშიც საქართველოს პირველმა გუნდმა საკუთარ ქვეყანასა და გულშემატკივარს ძალიან დიდი შეურაცხყოფა მიაყენა...

ვლადიმირ ვაისი: ასეთი რამ პირველად მოხდა ჩემს ცხოვრებაში...

დღის კარიკატურა: საქართველოს ნაკრები, როგორც "მსხალი"

როგორც დიდოელი ლეკის ნაბადი...
...დღეს ფეხბურთს ასე აღარავინ თამაშობს, აღარავინ უშვებს ასეთ გოლებს და ეს ასე რომ არ მოხდეს, გროსმაისტერი მწვრთნელი სულაც არ არის საჭირო. საჭიროა ელემენტარული საფეხბურთო თავმოყვარეობა, რომელიც ჩვენს ნაკრებს არ გააჩნია.

დიახ, ბატონებო, დროა აღიაროთ - თქვენ მიერ
განსაკუთრებით ბოლო დროს საქართველოს ნაკრებში ნაჩვენებ ფეხბურთს საერთო არაფერი აქვს პროფესიულ ფეხბურთთან. არადა, ნაკრებში მოყვარულებივით მოთამაშეები საკუთარ კლუბებში დროდადრო მაინც ახერხებთ რაღაცას. ძალიან არ მინდა, ვიფიქრო, რომ ამ ყველაფერს ფულის გამო აკეთებთ, მაგრამ სხვა გამოსავალს აღარ მიტოვებთ. ძალიან კარგად იცით - თუნდაც ერთი თამაში რომ ჩაატაროთ ასე საკუთარ კლუბებში, იქ არავინ გაგაჩერებთ!

თუ კლუბებში თამაშობთ რაღაც დონეზე მაინც, რას ერჩით საქართველოს ნაკრებს და ჩვენს ნერვებს? რატომ თელავთ ქართული ფეხბურთის ისედაც შელახულ იმიჯს დიდოელი ლეკის ნაბადივით? ნუთუ, გგონიათ, რომ ეს ქვეყანა ვალშია თქვენთან?

ცივი გონებით უნდა დავწერო - საქართველოს ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელის ადგილას რომ ვიყო, დღესვე საჯარო ბოდიშს მოვიხდიდი ქართველი გულშემატკივრის წინაშე და გავაკეთებდი განცხადებას ნაკრებიდან წასვლის თაობაზე. გავაკეთებდი, რადგან ჩვენი ფეხბურთელების სოლიდური ნაწილი, მომატების მაგივრად, აშკარად უკლებს თამაშს.

გაუგებარია, როგორ უნდა ითამაშო ასე ინფანტილურად მაშინ, როცა ეროვნული გუნდის მაისურა გაცვია?! როცა იცავ ქვეყნის პრესტიჟს?!. როგორ უნდა ითამაშო ისე, თითქოს უბანში, მეგობრებთან სალაღობოდ აგორებ ბურთს?!

საქართველოს ნაკრების ეს ანტიფეხბურთი ვერც ჯანო ანანიძის, გიორგი ლორიას, გიორგი ჭანტურიასა და ჯაბა კანკავას არყოფნით გამართლდება. საერთოდ, არ არსებობს არგუმენტი, რომელიც ამას გაამართლებდა...

თავის წილ პასუხისმგებლობას ვერც ვლადიმირ ვაისი ასცდება. საქართველოს ნაკრების ისტორიაში ამაზე უარესიც გვინახავს, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდით, თუ რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს 6 ნომინალური მცველით დავიწყებდით.

ფაქტია, არასწორად შეირჩა შემადგენლობა. ვაისი ჯერაც ვერ მიხვდა ძალიან ბევრ რამეს. მაგალითად, იმას, რომ თუ ნაკრების დაცვას გურამ კაშიას მოაშორებ, ის მარტივ მამრავლებად დაიშლება...

არ მესმის, რატომ არ ათამაშა ვაისმა ლევან ყენია, რომელმაც სლოვაკეთთან მატჩში პირადად გამოიმუშავა გოლი. ეგებ, მინდორზე მის ყოფნას რამე შეეცვალა და შეტევაში ცოტა მეტი ფხა გამოგვეჩინა... უბრალოდ, საინტერესოა, რა მოტივით მიიღო სლოვაკმა ასეთი გადაწყვეტილება?

ახლა კითხვა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას: თქვენი აზრით, კახა ცხადაძის გაწვრთნილი ნაკრების თამაში სჯობს თუ ვაისის? იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას იმ არჩევანზე, რომელიც გააკეთეთ და იმ საქციელზე, რომელიც ამ არჩევანს უძღვოდა წინ?

არ თქვათ, რომ ნაკრების შედეგი მეორეხარისხოვანია და უნდა დაველოდოთ, რამდენიმე წელიწადში როგორ წამოვა ახალი თაობა. ჩვენ რომც გავიგოთ, გულშემატკივარი ამას ვერ გაგიგებთ. ნაკრები ჩვენი საფეხბურთო პირამიდის წვეროა, მისი შედეგი კი თქვენი მუშაობის მთავარი განმსაზღვრელი კრიტერიუმი იქნება. რა თქმა უნდა, ისევე, როგორც ეს ფედერაციის წინა მმართველების დროს იყო და, განა, თავადაც ამაზე არ მიუთითებდით (და სწორადაც) წინამორბედებს?..

ეს მაშინვე უნდა გექნათ...
დღეს საქართველოს ნაკრებში კატასტროფული სიტუაციაა და შანსი არ არის, ვაისმა ის შესარჩევი ციკლის დაწყებამდე დაალაგოს. ამიტომ, თუ ცხადაძის გასაშვებად გეყოთ ნება, კეთილი ინებეთ და დანიშნეთ მწვრთნელი, რომელიც მოკლე ხანში რაღაც სახეს მისცემს ნაკრების თამაშს.

თქვენც იცით, რომ არის ასეთი მწვრთნელი საქართველოში და ნაკრებში მუშაობა მას ხელს არ შეუშლის იმაში, რომ სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებები აკონტროლოს. ეს მაშინვე უნდა გექნათ, როცა ნაკრებიდან ცხადაძე დაითხოვეთ, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასოდეს!

გააკეთეთ დღეს ის, რაც მაშინ ვერ გაბედეთ. ძვირფასი დრო დაიკარგა და კიდევ ნუღარ დავკარგავთ!

ბოლოს, სანამ მატჩის საკვანძო მომენტებს აღვწერდეთ, ალალი მადლობა ზურაბ ცისკარიძეს - საქართველოს ნაკრების ლამის ერთადერთ ფეხბურთელს, ვინც მინდორზე ბოლომდე დაიხარჯა და გარჯა საგოლე პასითაც დაუფასდა!..

თვალის ერთი გადავლებით...
თვალი გადავავლოთ მატჩის მთავარ მომენტებს. მე-2 წუთზე ლაშა დვალი როინ კვასხვაძეს უგორებს ბურთს, რომელსაც იქვე ჩასაფრებული ადრიან პოპა იხელთებს, ატყუებს მეკარეს და მშვიდად გააქვს გოლი საქართველოს ნაკრების კარში...

გადის ერთი წუთი და ვხედავთ მორიგ კოშმარს - ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთს ალეკო ამისულაშვილი საკუთარ კარში გზავნის.

მერე ორჯერ ძელი გვეხმარება - ჯერ სტანკუს, ხოლო შემდეგ პოპას დარტყმების დროს...

პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრები ქმნის ორ მომენტს, მაგრამ ვაკო ყაზაიშვილი შანსს ვერ იყენებს, ისევე, როგორც საბა კვირკველია, რომლის თავურსაც რუმინელთა მეკარე იგერიებს...

იწყება მეორე ტაიმი და საქართველოს ნაკრები დაცვაში კიდევ ერთ უპატიებელ შეცდომაც უშვებს - სტანჩუ არ გვპატიობს.

64-ე წუთი. საქართველოს ნაკრებმა ანგარიში "დაასველა". ზურაბ ცისკარიძე საჯარიმოში ლევან მჭედლიძის მიმართულებით აწვდის ბურთს. "ემპოლის" ფორვარდი დასწრებაზე თამაშობს და ბურთი რუმინელთა კარის ახლო კუთხეში გადის.

ბოლოს ვნახავთ კიდევ ორ ბავშვურ შეცდომას და ორ გოლს ჩვენს კარში.

კოშმარი მთავრდება... მაგრამ ხვალ საქართველოს ნაკრებს ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთის ეროვნულ გუნდთან ელის მორიგი ამხანაგური მატჩი "ხეტაფეს" სტადიონზე. ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რა მოხდება მადრიდის გარეუბანში, თუ ვისენტე დელ ბოსკეს გუნდი მთელი ძალით ითამაშებს, როგორც ეს სამხრეთ კორეასთან (6:1) გააკეთა, ხოლო საქართველოს ნაკრები ისევ ისე უთავმოყვარეოდ გააგორებს ბურთს...

ამხანაგური მატჩი
03.06. ბუქარესტი. "ნაციონალ არენა". 25 000 მაყურებელი
რუმინეთი-საქართველო 5:1
გოლები: 1:0 პოპა (2), 2:0 ამისულაშვილი (3-საკ. კარში), 3:0 სტანჩუ (49), 3:1 მჭედლიძე (68), 4:1ტორჟე (80), 5:1 კეშერუ (87)
რუმინეთი: ტეტერუშანუ - სეპუნარუ, მოცი, გრიგორე, რაცი - ჰობანი (64. პრეპელიცა), პინტილი (84. სენმარტეანი) - სტანჩუ (83. ალიბეკი), პოპა (71. კეშერუ), სტანკუ (71. ტორჟე) - ანდონე (64. კიპჩუ).
სათადარიგოები: პანტილიმონი, ლუნგი, მაცელი, გამანი, ფილიპი, კირიკეში.
მწვრთნელი: ანგელ იორდანესკუ
საქართველო: კვასხვაძე - ლობჟანიძე, კვირკველია, ამისულაშვილი, დვალი (34. მჭედლიძე), ნავალოვსკი (64. ცისკარიძე) - კაშია, აბურჯანია (65. კვეკვესკირი), ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი - დვალიშვილი (78. ქვილითაია).
სათადარიგოები: რევიშვილი, მაკარიძე, ჭანტურიშვილი, კობახიძე, ყენია, კაკაბაძე, ჯიღაური
მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი
გაფრთხილება: დვალიშვილი (51)
არბიტრი: სოარეშ დიაში (პორტუგალია).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 66 /
ცხადაძეო...ესტონეთთან წაგებული 3:0-ი უფრო სასირცხვილოა თუ ეს თამაში?
hm
06 ივნისი 2016 13:47
0
ესენი რომ მოედანზე გადიან იქ არ უნდა ჟღერდეს საქართველოს ჰიმნი! ეს ქვეყნის შეურაწყოფაა!
არჩილი
06 ივნისი 2016 13:44
0
აი ძმაო, პროფესიონალიზმის, კომპეტენტურობის და გნებავთ გამბედაობის მაგალითი!

როგორც იქნა დაიწერა და ითქვა ის რაც უნდა დაწერილიყო და თქმულიყო ჯერ სრულიად უკანონო და არაკაცური "არჩევნების" დროს, როდესაც დაჭერებით, ჩადებებით, შანტაჟით და პირდაპირი და დაუმალავი კორუფციით გამოვლინდა "გამარჯვებლი"!

პირველად დაიწერა სიმართლე იმაზე თუ რა და როგორ დამართეს ჩვენი ქვეყნის პირველ გუნდს და მის მთავარ მწვრთნელ ცხადაძეს, რომელიც ისეთივე მეთოდებით მოიშორეს როგორითაც მომშორებელმა ზემოთხსენებული არჩევნები "მოიგო"!

ასეთი სტატიებით რომ შევხვედროდით ჯერ სფფ-ს პრეზიდენტის არჩევნების მიმდინარეობას და შედეგს, ხოლო შემდეგ კახა ცხადაძის მიმართ წარმოებულ კამპანიას, დღეს ასეთი შერცხვენილები არ ვიქნებოდით, სრულიად დარწმუნებული ვარ!

კიდევ ერთხელ, ყოჩაღ ალეკო კაკაურიძეს!
zaza
06 ივნისი 2016 13:41
0
ის რაც ლობჟანიძემ გააკეთა 17:38-ზე, არის საოცრება. მცველის მსგავსი მოქმედება, მე არც მინახავს და არც წამიკითხავს. გამოუცნობია რა გააკეთა.
vaxo
06 ივნისი 2016 13:37
0
2030წელს აყვავდება საქართველო აყვავდება ფეხბურთიც ჩემი არ გჯერათ კითხეთ ბიძინას
ტუზი
06 ივნისი 2016 13:37
0
საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ვერცერთი ფეხბურთელი სანაკრებო დონეზე ვერ თამაშობს, ამიტომ აქცენტი ლეგიონერებზე უნდა გაკეთდეს. როგორ მოვთხოვოთ დღევანდელი თბილისის დინამოს (ან სხვა გუნდის) ფეხბურთელებს მეტის გაკეთება?!
გულშემატკივარი
06 ივნისი 2016 13:34
0
ხალხნო! ელემეტალური ბურთის მიღება-დამუშავება და პასის გაკეთება არ შეუძლიათ, შიშისგან ფეხები ეკვეთებად, გაუთავებლად უკან მეკარეზე თამაში, საერთოდ რომელ ფეხბურთზეა ლაპარაკი. გულშემატკივარი 55 წლიანი სტაჟით.
ახალციხელი
06 ივნისი 2016 13:32
0
დაიწყნარეთ ნერვები და შეეგუეთ იმას, რომ ქართველებმა ფეხბურთის თამაში აღარ იცით. მორჩა და გათავდა. მშვენიერი რაგბისტები, კალათბურთელები, წალალბურთელები და მოჭიდავები გყავთ. უგულშემატკივრეთ მათ და დატკბით. რა ფეხბურთი, რის ფეხბურთი. ისე სიმბოლურია, როცა ნაკრების კაპიტანს ორი გოლი საკუთარ კარში გააქვს. იმ დღეს ამისულა კაპიტნობდა თუ არ ვცდები.
აკოფ
06 ივნისი 2016 13:22
0
უბედურება ის არის ფედერაცია რომ კომენტარს არ აკეთებს მითუმეტეს ამხელა ბავი ატეხა ხალხმა ყველა კომენტარშიც ჩანს
Kkk
06 ივნისი 2016 13:21
0
დღევანდელ მსოფლიო ფეხბურთში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე გთავაზობთ სიტუაციიდან გამოსავალს:ქართულ ფეხბურთს ეშველება, როდესაც ეროვნული ჩემპიონატის დონე ამაღლდება. ეს კი მოხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც გუნდებს დიდი ფული გაუჩნდებათ. ამისათვის კი მხოლოდ მეცენატების თუ ინვესტორების თანხები არ იკმარებს, ჩვენც ასეთმა მაგარმა "გულშემატკივრებმაც" უნდა შევიტანოთ წვლილი ამ საქმეში, უნდა ვიაროთ სტადიონზე კვირაში ერთხელ მაინც, შევიძინოთ 2 ან 3 ლარიანი ბილეთი ან კიდევ უკეთესი წლიური აბონიმენტი და ამით დავეხმაროთ ქართულ ფეხბურთს. მხოლოდ ფედერაციის ლანძღვა-გინებით შედეგს ვერ მივაღწევთ.
მაგრამ, ამასთან ერთად, მოსაფიქრებელია ქართველმა გულშემატკივარმა, რის მიხედვით უნდა გამოარჩიოს ის გუნდი, რომელსაც სტადიონზე მისულმა შეიძლება რომ უქომაგოს. ანუ რას ვგულისხმობ, მაგალითად, თბილისში დაბადებულმა- გაზრდილმა, მაგრამ წარმოშობით ბოლნისელმა ქართველმა კაცმა თბილისის დინამოსა და ბოლნისის სიონის შეხვედრისას რომელი გუნდი აარჩიოს საგულშემატკივროდ ცოტა ძნელი გადასაწყვეტია
მართალი
06 ივნისი 2016 13:17
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული