რუმინეთი-საქართველო 5:1 - საბრალონი! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ძალიან გვინდა, საქართველოს ნაკრებს სხვა თიკუნი მოვუძებნოთ, მაგრამ არ გამოდის. როგორ გინდა, წერო თამაშზე, რომელშიც საქართველოს პირველმა გუნდმა საკუთარ ქვეყანასა და გულშემატკივარს ძალიან დიდი შეურაცხყოფა მიაყენა...

ვლადიმირ ვაისი: ასეთი რამ პირველად მოხდა ჩემს ცხოვრებაში...

დღის კარიკატურა: საქართველოს ნაკრები, როგორც "მსხალი"

როგორც დიდოელი ლეკის ნაბადი...
...დღეს ფეხბურთს ასე აღარავინ თამაშობს, აღარავინ უშვებს ასეთ გოლებს და ეს ასე რომ არ მოხდეს, გროსმაისტერი მწვრთნელი სულაც არ არის საჭირო. საჭიროა ელემენტარული საფეხბურთო თავმოყვარეობა, რომელიც ჩვენს ნაკრებს არ გააჩნია.

დიახ, ბატონებო, დროა აღიაროთ - თქვენ მიერ
განსაკუთრებით ბოლო დროს საქართველოს ნაკრებში ნაჩვენებ ფეხბურთს საერთო არაფერი აქვს პროფესიულ ფეხბურთთან. არადა, ნაკრებში მოყვარულებივით მოთამაშეები საკუთარ კლუბებში დროდადრო მაინც ახერხებთ რაღაცას. ძალიან არ მინდა, ვიფიქრო, რომ ამ ყველაფერს ფულის გამო აკეთებთ, მაგრამ სხვა გამოსავალს აღარ მიტოვებთ. ძალიან კარგად იცით - თუნდაც ერთი თამაში რომ ჩაატაროთ ასე საკუთარ კლუბებში, იქ არავინ გაგაჩერებთ!

თუ კლუბებში თამაშობთ რაღაც დონეზე მაინც, რას ერჩით საქართველოს ნაკრებს და ჩვენს ნერვებს? რატომ თელავთ ქართული ფეხბურთის ისედაც შელახულ იმიჯს დიდოელი ლეკის ნაბადივით? ნუთუ, გგონიათ, რომ ეს ქვეყანა ვალშია თქვენთან?

ცივი გონებით უნდა დავწერო - საქართველოს ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელის ადგილას რომ ვიყო, დღესვე საჯარო ბოდიშს მოვიხდიდი ქართველი გულშემატკივრის წინაშე და გავაკეთებდი განცხადებას ნაკრებიდან წასვლის თაობაზე. გავაკეთებდი, რადგან ჩვენი ფეხბურთელების სოლიდური ნაწილი, მომატების მაგივრად, აშკარად უკლებს თამაშს.

გაუგებარია, როგორ უნდა ითამაშო ასე ინფანტილურად მაშინ, როცა ეროვნული გუნდის მაისურა გაცვია?! როცა იცავ ქვეყნის პრესტიჟს?!. როგორ უნდა ითამაშო ისე, თითქოს უბანში, მეგობრებთან სალაღობოდ აგორებ ბურთს?!

საქართველოს ნაკრების ეს ანტიფეხბურთი ვერც ჯანო ანანიძის, გიორგი ლორიას, გიორგი ჭანტურიასა და ჯაბა კანკავას არყოფნით გამართლდება. საერთოდ, არ არსებობს არგუმენტი, რომელიც ამას გაამართლებდა...

თავის წილ პასუხისმგებლობას ვერც ვლადიმირ ვაისი ასცდება. საქართველოს ნაკრების ისტორიაში ამაზე უარესიც გვინახავს, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდით, თუ რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს 6 ნომინალური მცველით დავიწყებდით.

ფაქტია, არასწორად შეირჩა შემადგენლობა. ვაისი ჯერაც ვერ მიხვდა ძალიან ბევრ რამეს. მაგალითად, იმას, რომ თუ ნაკრების დაცვას გურამ კაშიას მოაშორებ, ის მარტივ მამრავლებად დაიშლება...

არ მესმის, რატომ არ ათამაშა ვაისმა ლევან ყენია, რომელმაც სლოვაკეთთან მატჩში პირადად გამოიმუშავა გოლი. ეგებ, მინდორზე მის ყოფნას რამე შეეცვალა და შეტევაში ცოტა მეტი ფხა გამოგვეჩინა... უბრალოდ, საინტერესოა, რა მოტივით მიიღო სლოვაკმა ასეთი გადაწყვეტილება?

ახლა კითხვა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას: თქვენი აზრით, კახა ცხადაძის გაწვრთნილი ნაკრების თამაში სჯობს თუ ვაისის? იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას იმ არჩევანზე, რომელიც გააკეთეთ და იმ საქციელზე, რომელიც ამ არჩევანს უძღვოდა წინ?

არ თქვათ, რომ ნაკრების შედეგი მეორეხარისხოვანია და უნდა დაველოდოთ, რამდენიმე წელიწადში როგორ წამოვა ახალი თაობა. ჩვენ რომც გავიგოთ, გულშემატკივარი ამას ვერ გაგიგებთ. ნაკრები ჩვენი საფეხბურთო პირამიდის წვეროა, მისი შედეგი კი თქვენი მუშაობის მთავარი განმსაზღვრელი კრიტერიუმი იქნება. რა თქმა უნდა, ისევე, როგორც ეს ფედერაციის წინა მმართველების დროს იყო და, განა, თავადაც ამაზე არ მიუთითებდით (და სწორადაც) წინამორბედებს?..

ეს მაშინვე უნდა გექნათ...
დღეს საქართველოს ნაკრებში კატასტროფული სიტუაციაა და შანსი არ არის, ვაისმა ის შესარჩევი ციკლის დაწყებამდე დაალაგოს. ამიტომ, თუ ცხადაძის გასაშვებად გეყოთ ნება, კეთილი ინებეთ და დანიშნეთ მწვრთნელი, რომელიც მოკლე ხანში რაღაც სახეს მისცემს ნაკრების თამაშს.

თქვენც იცით, რომ არის ასეთი მწვრთნელი საქართველოში და ნაკრებში მუშაობა მას ხელს არ შეუშლის იმაში, რომ სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებები აკონტროლოს. ეს მაშინვე უნდა გექნათ, როცა ნაკრებიდან ცხადაძე დაითხოვეთ, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასოდეს!

გააკეთეთ დღეს ის, რაც მაშინ ვერ გაბედეთ. ძვირფასი დრო დაიკარგა და კიდევ ნუღარ დავკარგავთ!

ბოლოს, სანამ მატჩის საკვანძო მომენტებს აღვწერდეთ, ალალი მადლობა ზურაბ ცისკარიძეს - საქართველოს ნაკრების ლამის ერთადერთ ფეხბურთელს, ვინც მინდორზე ბოლომდე დაიხარჯა და გარჯა საგოლე პასითაც დაუფასდა!..

თვალის ერთი გადავლებით...
თვალი გადავავლოთ მატჩის მთავარ მომენტებს. მე-2 წუთზე ლაშა დვალი როინ კვასხვაძეს უგორებს ბურთს, რომელსაც იქვე ჩასაფრებული ადრიან პოპა იხელთებს, ატყუებს მეკარეს და მშვიდად გააქვს გოლი საქართველოს ნაკრების კარში...

გადის ერთი წუთი და ვხედავთ მორიგ კოშმარს - ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთს ალეკო ამისულაშვილი საკუთარ კარში გზავნის.

მერე ორჯერ ძელი გვეხმარება - ჯერ სტანკუს, ხოლო შემდეგ პოპას დარტყმების დროს...

პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრები ქმნის ორ მომენტს, მაგრამ ვაკო ყაზაიშვილი შანსს ვერ იყენებს, ისევე, როგორც საბა კვირკველია, რომლის თავურსაც რუმინელთა მეკარე იგერიებს...

იწყება მეორე ტაიმი და საქართველოს ნაკრები დაცვაში კიდევ ერთ უპატიებელ შეცდომაც უშვებს - სტანჩუ არ გვპატიობს.

64-ე წუთი. საქართველოს ნაკრებმა ანგარიში "დაასველა". ზურაბ ცისკარიძე საჯარიმოში ლევან მჭედლიძის მიმართულებით აწვდის ბურთს. "ემპოლის" ფორვარდი დასწრებაზე თამაშობს და ბურთი რუმინელთა კარის ახლო კუთხეში გადის.

ბოლოს ვნახავთ კიდევ ორ ბავშვურ შეცდომას და ორ გოლს ჩვენს კარში.

კოშმარი მთავრდება... მაგრამ ხვალ საქართველოს ნაკრებს ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთის ეროვნულ გუნდთან ელის მორიგი ამხანაგური მატჩი "ხეტაფეს" სტადიონზე. ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რა მოხდება მადრიდის გარეუბანში, თუ ვისენტე დელ ბოსკეს გუნდი მთელი ძალით ითამაშებს, როგორც ეს სამხრეთ კორეასთან (6:1) გააკეთა, ხოლო საქართველოს ნაკრები ისევ ისე უთავმოყვარეოდ გააგორებს ბურთს...

ამხანაგური მატჩი
03.06. ბუქარესტი. "ნაციონალ არენა". 25 000 მაყურებელი
რუმინეთი-საქართველო 5:1
გოლები: 1:0 პოპა (2), 2:0 ამისულაშვილი (3-საკ. კარში), 3:0 სტანჩუ (49), 3:1 მჭედლიძე (68), 4:1ტორჟე (80), 5:1 კეშერუ (87)
რუმინეთი: ტეტერუშანუ - სეპუნარუ, მოცი, გრიგორე, რაცი - ჰობანი (64. პრეპელიცა), პინტილი (84. სენმარტეანი) - სტანჩუ (83. ალიბეკი), პოპა (71. კეშერუ), სტანკუ (71. ტორჟე) - ანდონე (64. კიპჩუ).
სათადარიგოები: პანტილიმონი, ლუნგი, მაცელი, გამანი, ფილიპი, კირიკეში.
მწვრთნელი: ანგელ იორდანესკუ
საქართველო: კვასხვაძე - ლობჟანიძე, კვირკველია, ამისულაშვილი, დვალი (34. მჭედლიძე), ნავალოვსკი (64. ცისკარიძე) - კაშია, აბურჯანია (65. კვეკვესკირი), ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი - დვალიშვილი (78. ქვილითაია).
სათადარიგოები: რევიშვილი, მაკარიძე, ჭანტურიშვილი, კობახიძე, ყენია, კაკაბაძე, ჯიღაური
მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი
გაფრთხილება: დვალიშვილი (51)
არბიტრი: სოარეშ დიაში (პორტუგალია).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 66 /
კობი წადი რა დაგვანებე თავი თქვენი ექსპერიმენტებით და ეკონომ კლასის მწვრთნელებით.

Vano
07 ივნისი 2016 11:16
0
gia-ს. ნუ დაიწყებთ პროფესორობას თუ ძმა ხარ, რა!!! მე ვარ რიგითი გულშემატკივარი და მინდა ვნახო ნორმალური თამაში და შემდეგ შედეგი. ანალიზი ჯიგარ, აკეთონ იქ სადაც საჭიროა და ვისაც ეს ევალება. მე მინდა ვნახო თამაში და არ გამისკდეს გული ამ ვარხანალიის ყურებით. ანალიზი არა ....
noko
07 ივნისი 2016 10:15
0
ამ ყველაფერში ყველაზე გულსატკენი ისაა, რომ ფერერააციის არც ერთ ჩინოვნიკს თავისი აზრი არ დაუფიქსირებია. ის მაინც ხომ შეიძლება, რომ გულშემატკივარს რაღაც ფორმით მოუბოდიშო მაინც. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ კობიმ ძალიან ცუდად დაიწყო. ნუთუ არ შეიძლებოდა კომპრომისის მონახვა და ცხადაძის დატოვება? შეიძლებოდა ალბათ, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა. ასეა ჩემო კობი, როცა შენს საქმეში სხვა ყოფს ცხვირს. ის ხალხი ახლაა დამალულია, პასუხისმგებლობა კი მთლიანად შენზეა ჯიგარო.
gogi
07 ივნისი 2016 10:11
0
რატომ არ უშვებთ ჩემ კომენტარს?
gigo
06 ივნისი 2016 16:54
0
ამ ფეხბურთელებს დაჩერინე დიდი თოხები და გაუშვი მინდორში სუყველა მეტი მაინც არ გამოვა ამათგან რამე
vaso
06 ივნისი 2016 16:29
0
ესენი სუყველა უნდა მოაშორო ნაკრებს კანკავას და კაშიას გარდა პირველ რიგში ამისულაშვილი კაცი რომელსაც მართლა ეზარება თამაში უნდა ამოკრე პანხური დაა გააგდო ნაკრებიდან,,,,გახსოვთ ქეცბაიას სიტყვები ამისულაშვლზე???ბიჯს თურმე ეკონომ კლასით არ შეუძლია ფრენა და ბიზნეს კლასი მოითხოვა ფეხებს ვერ ვშლიოო,,,,ქეცბა გადარიენ რას ამბობდა ის კაცი ტყულს ბუნძულ ბუნძულით რო გააგდეთ???არშეუძლიათ ამათ მეტიო.... თუ გინდაოოო მართალიც იყო(ქეცბას რასაც ტატკტიკა ნაკრებშI მეც არ მომწონდა ),ამისულაშვილს უნდა მიაყოლო ლობჟანიძე მაგაზე უკეთ ვაჟა ტაპატაძე ითამაშებს და უნდა დაუნიშნო ან გეგუჩაძე ან ცხადაძე და შეიძლება ოდნავ გამოსწორდეს რამე რაც ნაკლებათ მგონია,,,ამათმა მეტი არიციან ,ჭ, კლასის ფეღბურთელები არიან და რაქნან მეტი
ქუთეისელი
06 ივნისი 2016 15:57
0
ძალიან ბევრი კომენტარი და სტატია წავიკითხე ამ დღეების განმავლობაში მაგრამ სწორი ანალიზი ვერსად წავიკითხე შედარებით სწორი შეფასება მისცა მდაჰმა. კი ვხედავთ რა მძიმე მდგომარეობაშია დღეს ქართული ფეხბურთი, მაგრამ გამოსწორების გზებს ვერ ვხედავ და არც არის გზა ამ ეტაპზე. ყველასათვის ნათელია რომ დღეს ჩვენ არ გვყავს საშუალო ევროპული დონის ფეხბურთელიც კი, რომელზეც ააწყობ გუნდს. უფრო მეტიც საშუალო ევროპული დონის კლუბშიც კი არ თამაშობს არცერთი ქართველი ფეხბურთელი. თუ კი ვინმე თამაშობს სადმე ხშირად არ ითვლებიან ძირითად მოთამაშეებად, ხოლო კლუბის ლიდერი კი არცერთი ფეხბურთელი არ არის. აი ასეთი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული დღეს საქართველოს ნაკრები. მითხარით რისი იმედი უნდა გვქონდეს.ხსნა სად არის ეს შეკითხვა მაწუხებს დიდი ხანია.
gia
06 ივნისი 2016 15:55
0
დააბრუნეთ ცხადაძე...
status quo
06 ივნისი 2016 15:46
0
ვეთანხმები მართალს და გიორგის ფეხბურთის განვითარების ხედვაში და დაამატებდი სასარგებლო იქნებოდა საფეხბუღტო კლუბები სააქციო საზოგადოებებად გადაიქცნენ და მის მართვასა და საერთოდ გუნდის ცხოვრებაში გულშემატკივარმაც მიიღოს მონაწილეობა
kote
06 ივნისი 2016 15:43
0
ესე არ შეიძლება რა,ქართველი კაცი ხარ,ხუთ ჯვრიანი დროშის ქვეშ გადიხარ,საქართველოს სახელი გაგაქვს.უნდა იბრძოლო როგორც ომში სისხლის უკანასკნელ წვეთამდე
yyyyyy
06 ივნისი 2016 15:23
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული