ესპანეთი-საქართველო 0:1 - სიზმარი თუ ცხადი? [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. დავამარცხეთ ევროპის მოქმედი ჩემპიონი და კარს მომდგარი ევროფორუმის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი - ესპანეთის ნაკრები. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ასეთი მჭექარე მოგება ჯერ არ ყოფილა...

ვლადიმირ ვაისი: წარმოუდგენელი და მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა...

დელ ბოსკე: საქართველოს ნაკრებმა სივრცეები არ დაგვიტოვა!

ესპანური პრესა დღეს: ესპანეთი საქართველოსთან დაეცა [PHOTO]

ჩვენ ეს შევძელით!
მწარე გამოცდილების გამო ჩვენს ფეხბურთელებს ცაში ვერ ავიყვანთ. უბრალოდ, ვიტყვით: ღმერთმა ქნას, ეს იყოს საეტაპო გამარჯვება და ამ მოგებამ ქართული ფეხბურთის ბედისწერის ჩარხი წაღმა დაატრიალოს.

ბოლო დროს საქართველოს
ნაკრები გვარიანად ვაკრიტიკეთ. ზუსტად ვიცით, ეროვნული გუნდის ფეხბურთელები ყურადღებით კითხულობენ ჩვენს წერილებს და იქნებ ჩვენი მცირედი წვლილიცაა იმ შედეგში, რაც "ალფონსო პერესზე" დაფიქსირდა.

გვერწმუნეთ, ჩვენ დღეს უზომოდ ბედნიერები ვართ, რადგან საქართველოს ნაკრების ბოლოდროინდელი თამაშებიდან გამომდინარე, დაგვიჯერეთ, აზრი ჩვენს მუშაობასაც ეკარგებოდა...

როგორც უნდა იყოს, დამტკიცდა: ჩვენ არ ვართ არც ანდორა და არც ლიხტენშტაინი. არ ვართ ძალიან სუსტები, თუ გუნდურად მოვინდომებთ და ბოლომდე დავიხარჯებით. არ ვართ, რადგან ისინი ვერასოდეს დაამარცხებენ ესპანეთს ესპანეთში, თუნდაც - ევროპის ჩემპიონატისთვის გახაზირებულსა და "ცალი ფეხით" მოთამაშეს.

ეს გამარჯვება საწინდარია იმისი, რომ შეწყდეს საფეხბურთო ნიჰილიზმი საქართველოში. ეს გამარჯვება გვეუბნება, რომ თუნდაც მცირე ხნით მაინც შეგვიძლია ავწიოთ თავი მაღლა და ვთქვათ - ჩვენ ეს შევძელით!
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

ვაისის პლუსები
საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან მატჩი 5 მცველით დაიწყო. განაცხადში ვერ მოხვდნენ ტრავმირებულები - ლევან მჭედლიძე და ჯაბა კანკავა. ესპანეთის ნაკრების დამრიგებელმა ვისენტე დელ ბოსკემ ძირითადის რამდენიმე ფეხბურთელი დაასვენა, მათ შორის - ანდრეს ინიესტა.

ეს იყო ევროპის მოქმედი ჩემპიონის გენერალური რეპეტიცია კონტინენტის პირველობის წინ. საქართველოს ნაკრების ძირითადში ვიხილეთ ეროვნული გუნდის დებიუტანტი, დინამოელი ჯაბა ჯიღაური.

ეს იყო ვლადიმირ ვაისის მეოთხე მატჩი ჩვენი ქვეყნის ნაკრებში და ის პირველად წარმოჩნდა, როგორც მაღალი დონის სპეციალისტი. ჯერ ერთი, საქართველოს ნაკრებს მთელი შეხვედრის განმავლობაში არ დაუკარგავს კონცენტრაცია და ეს უკვე ძალიან კარგია.

მეორეც: გაამართლა დებიუტანტმა ჯიღაურმა. ბევრი ვერ გარისკავდა საერთაშორისო არენაზე გამოუცდელი ფეხბურთელისთვის ძირითადში ადგილის გამონახვას, ვაისმა კი გარისკა. ჯიღაური ძალიან სასარგებლო იყო და აკი, ვაკო ყაზაიშვილთან და თორნიკე ოქრიაშვილთან ერთად ჩვენთვის ისტორიული გოლის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედიც გახდა...

ვაისმა ცოტა უკნიდან ათამაშა ლადო დვალიშვილი და ამით "შავი სამუშაო" მოაკლო ყაზაიშვილს, ვინც პირველ ტაიმში ერთობ ეფექტური იყო.

მართლაც სასწაულია, როგორ მოახერხა ვაისმა ორიოდე დღეში სლოვაკეთსა და რუმინეთთან მარცხით დემორალიზებული საქართველოს ნაკრების გარდაქმნა?! მან ეს შეძლო და ამისთვის სლოვაკს ალალი მადლობა!

საბას სუპერმატჩი
ასეთი თამაშები, შენს საფეხბურთო ისტორიაში ოქროს ასოებით რომ შედის, გუნდურად თუ მოიგებ და ასე იყო ამჯერადაც. საქართველომ გუნდურად იმარჯვა. კარგი იყო ორივე მეკარე, დიდებული იყო დაცვა და წინაც ბიჭები მაგრად ცდილობდნენ.

და მაინც, საქართველოს ნაკრებში იყო ფეხბურთელი, ვინც მართლაც რომ შესანიშნავად ითამაშა. "რუბინის" მცველ საბა კვირკველიაზე ვწერთ. ამას წინათ ის გავაკრიტიკე. მაშინ მარტო არ ვიყავი, ვინც მისგან მეტს მოელოდა. მაგრამ ის გუშინ, უბრალოდ, დიდებული იყო.

ძალიან კარგად ითამაშეს გიორგი ნავალოვსკიმ, ალეკო ამისულაშვილმა და ოქრიაშვილი-ყაზაიშვილის დუეტმა, თუმცა გამორჩევა რაღად უნდა - ყველამ თავი დადო და შედეგიც მივიღეთ.

ერთიც: როგორც ჩანს, ჩვენ დღეს მაინც უფრო დაცვიდან თამაში გვეხერხება. სამწუხაროდ, ასეა. ასე რომ გვეთამაშა სლოვაკეთ-რუმინეთთან, ალბათ, ის არ დაგვემართებოდა, რაც დაგვემართა.

მე არ მიყვარს ასეთი ფეხბურთი. ესპანეთთან სხვანაირად ვერც ვითამაშებდით, მაგრამ ისე ჩანს, რომ შედარებით დაბალი კლასის გუნდებთან შეხვედრებშიც კი არ უნდა გავიხსნათ. დღეს და ამ კონტინგენტით "პირველ ნომრად" თამაში რთულია, თუმცა ვერც იმას შევეგუებით, რომ ყრუ დაცვაში ვიჯდეთ.

დიდოსტატი
რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრების თითოეულმა ფეხბურთელმა ესპანეთთან შეხვედრაში განსაკუთრებული გამოცდილება მიიღო. მეტადრე მას შემდეგ, რაც მინდორზე ანდრეს ინიესტა შევიდა.

მოსეირნე ესპანეთი ლიდერმა დაქოქა. ინიესტამ ითამაშა ისე, როგორც განსაკუთრებით მნიშვნელოვან მატჩებში თამაშობს ხოლმე. ძალიან მოინდომა და საქართველოს ნაკრების სვე რამდენჯერმე ბეწვზეც დაეკიდა, მაგრამ... გადავრჩით!

როცა ასეთ დიდოსტატს, მთელი ძალით მოთამაშეს ერკინები, წესით, თავდაჯერება უნდა შეგემატოს და არც ერთ მოწინააღმდეგესთან აღარ უნდა შედრკე.

ხისტი, უშიშარი, ჩამჭრელი...
ზურაბ ცისკარიძე ესპანეთთან მატჩში შეცვლაზე შევიდა. მას ჰქონდა შეცდომები, მაგრამ საქართველოს ნაკრებში მის მეორე შეხვედრას ვუყურებ და თამამად ვიტყვი - დიდი ხანია, ასეთი მცველი გვჭირდება - ხისტი, უშიშარი, ჩამჭრელი...

ცისკარიძეს, თავისი ძალიან არაქართული სათამაშო მანერით, შეუძლია გვარიანი სარგებელი მოუტანოს საქართველოს ნაკრებს. სლოვაკი სპეციალისტისთვის კრიტიკა არასოდეს დაგვიკლია, მაგრამ პირდაპირ უნდა დავწეროთ - ამ ეტაპზე ისე ჩანს, რომ მისმა მიგნებამ გაამართლა...

სიზმარია თუ ცხადი?
თამაში რომ მორჩა, რამდენიმე მეგობარმა და ქომაგმა დამირეკა, სიზმარია თუ ცხადი, დავიჯერო თუ არაო?! დიახ, უნდა დავიჯეროთ - ჩვენ ესპანეთის ნაკრებს მოვუგეთ, მაგრამ ჩვენ რამდენიმე დღის წინ ქედი მოვუხარეთ სლოვაკეთსა და რუმინეთს. ესეც უნდა გვახსოვდეს.

დიახ, ეს ყოველივე ცხადია და არა სიზმარი, მაგრამ ისიც ცხადზე ცხადია, რომ ჩვენ ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს, რათა სტაბილურად გვქონდეს ასეთი შედეგები და "წელიწადში ერთი გამონათების" გუნდად არ დავრჩეთ.

თანამედროვე ფეხბურთში იმარჯვებს ის, ვინც სტაბილურად იმარჯვებს და ეს უნდა გვახსოვდეს!

ამხანაგური მატჩი
07.06. მადრიდი. "ალფონსო პერესი". 16 000 მაყურებელი
ესპანეთი-საქართველო 0:1
გოლი: 0:1 ოქრიაშვილი (40. ჯიღაურის პასით)
ესპანეთი: დე ხეა, ხუანფრანი (46. ბელერინი), პიკე, რამოსი (46. სან ხოსე), ალბა, ბუსკეტსი (75. პედრო), ტიაგო ალკანტარა (46. კოკე), ვასკესი (61. დავიდ სილვა), ფაბრეგასი (46. ინიესტა), ნოლიტო, ადურისი.
სათადარიგოები: კასილიასი, ასპილიკუეტა, ბარტრა, მორატა, ბრუნო, სერხიო რიკო.
მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე
საქართველო: რევიშვილი (55. კვასხვაძე), ლობჟანიძე, კვირკველია, კაშია, ამისულაშვილი, ნავალოვსკი (84. კობახიძე), აბურჯანია (78. ცისკარიძე), ჯიღაური, ყაზაიშვილი (72. ჭანტურია), ოქრიაშვილი, დვალიშვილი (72. ქვილითაია).
სათადარიგოები: მაკარიძე, კაკაბაძე, დვალი, კვეკვესკირი, ჭანტურიშვილი, ყენია.
მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი
გაფრთხილება: კვირკველია (60), სან ხოსე (81)
არბიტრი: ვ. ტორარინსონი (ისლანდია)

მატჩის სტენოგრამა
3' - პიკეს თავურს სერხიო რამოსი ვეღარ ამატებს და ბურთი სცდება საქართველოს ნაკრების კარს...
7' - ყაზაიშვილი ჯიღაურს პოულობს, მაგრამ საბოლოო დარტყმა კასილიასის იოლი ნადავლი ხდება...
8' - ადურისი ახლო მანძილიდან აცილებს...
23' - ლუკას ვასკესის გარღვევა და ჩაწოდება. ადურისი ლობჟანიძეს ჰაერში ჯაბნის, თუმცა ოდნავ აცილებს...
27' - ტიაგო ალკანტარა შორიდან ურტყამს და... ძელი გვეხმარება...
32' - ნავალოვსკის ჩაწოდების შემდეგ ჯიღაურს დასწრებაზე თამაში აგვიანდება...
33' - კვირკველია ნოლიტოს უშლის ხელს...
40' - ესპანელები ბურთს კარგავენ და ყაზაიშვილი იწყებს შეტევას. მცველი კი უშლის ხელს, მაგრამ ამ დროს ჯიღაური იხელთებს ბურთს, ჯიქურ შედის საჯარიმოში და გასწვრივ პასს აკეთებს შორეულ ძელთან ჩასაფრებული ოქრიაშვილის მისამართით, რომელსაც ცარიელ კარში გააქვს!..
49' - ინიესტა ოდნავ აცილებს მიზანს...
55' - კარიდან გამოსული რევიშვილისა და ბუსკეტსის მტკივნეული შეტაკება. ორივე ტრავმირებულია. საქართველოს ნაკრების მეკარე თამაშს ვეღარ აგრძელებს და ადგილს კვასხვაძეს უთმობს...
63' - ნოლიტო შორიდან ურტყამს და ბურთი ოდნავ სცდება კვასხვაძის კარს...
70' - დავიდ სილვას დიდებული პასის შემდეგ ხორდი ალბას ახლოდან ვერ გააქვს...
70' - კვასხვაძე ნოლიტოს დარტყმულს იღებს...
90' - ნოლიტოს თავურს კვასხვაძე ადგილზე ხვდება...
90' - არბიტრი 7 წუთს ამატებს. დრო იწელება. ესპანელები მთელი ძალებით გვიტევენ, მაგრამ უსისტემოდ...
და აი, საფინალო სასტვენიც - 1:0! საქართველომ ესპანეთი ესპანეთში დაამარცხა!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 36 /
ფაქტია. რომ ნაკრებმა წინა მატჩებთან შედარებით საუკეთესოდ წარმოაჩინა თავი. ეს არ იყო იოლი მატჩი ჩვენთვის. კი მართალია ესპანეთსაც არ მოუკლია თავი, მაგრამ წაგებაზე ნამდვილად არ უთამაშია.სიმართლეს შევხედოთ თვალებში, უკანა ხაზი საუკეთესოდ მოქმედებდა. წინ ბურთს კარგად იჭერდა ოქრიაშვილი. ტაქტიკა სწორად იყო შერჩეული (ისეთი როგორიც ქეცბაიას დროს იყო)რაც მთავარია გუნდმა არ დაკარგა კონცენტრაცია და მობილიზაცია. ჩვენს გუნდს წარმატებას ვუსურვებ
gia
08 ივნისი 2016 12:37
0
რა საშინელი ბუნების ხალხი ვარტ, მოიგეს ხალხო ასე იკო ტუ ისე , წუთიერად მაინც ისიამოვნეთ, რა გჭირთ
mmmm
08 ივნისი 2016 12:07
0
ხომ გთხოვეტ დაბოგმილებმა ერთი დგით თავი შეიკავეთ წერისგან
jordanos
08 ივნისი 2016 11:48
0
სად არის კანკავა? ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ?
jano
08 ივნისი 2016 11:46
0
ქართველი კაცის გახარებას არაფერი არ უნდა ერთი გამარჯვება და ავიწყდება ძველი წყენა. გილოცავთ! კიდევ ბევრი გამარჯვება გვეზეიმოს. ამ გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა ქონდა ფსიქოლოგიური ფაქტორის გამო. იმედია ახლა მაინც ვირწმუნებთ ჩვენს შესაძლებლობებს და მომავალ თამაშებს ღირსეულად შევხვდებით.
gia
08 ივნისი 2016 11:14
0
ეს ჩვეულერბივი შემთხვევითობა იყო,სრულიად ჩვეულებრივი, დაუტენავი თოფის არ იყოს.
მეორე საქმეა ის რომ ამ მატჩის ნამდვილი ანგარიში უნდა ყოფილიყო მხოლოდ უგოლო ფრე. თავისთავადია რომ ესპანელები თავს უფრთხილდებოდნენ და ისე მონდომებით ვერ ითამაშებდნენ,თანაც ამ ფორმაციის ესპანეთის ნაკრებს თავდამსხმელები არა ჰყავთ ექსტრაკლასის.
ჩათვალეთ რომ ეს სიზმარი იყო,მძიმე მატჩები სან-მარინო,ანდორა და სხვებთან აწი კიდევ გველის.
ჯორდანო უბრუნებელი
08 ივნისი 2016 11:14
0
საოცრად კარგები იყვნენ ჯიღაური, ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი, ლობჟანიძე
შაკო
08 ივნისი 2016 10:58
0
კაკაურიძემ რაც სიმართლის წერა დაიწყო, მის მერე, მემგონი , მარტო ამ კაცის მხრიდან ვისმენთ იმას რაც გვაწუხებს გულშემატკივარს.../ კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენ ქვეყანას...!/ თუ ვინმემ იცის , რა ქონდათ, დამაგრებული ჩვენ ბიჩებს მაისურის შიგნით, მკერდზე მიმაგრებული??? და კიდე ერთი, ამ ზურაბიშვილს , თუ იცნობთ ვინმე, ან ძმაკაცობთ, მეგობრობთ, გადაეცით, თხოვეთ... / ( ვის აკვირვებს ამ ინგლისურის ცოდნით? რა ჰაილაითები?? რეებს ბოდიალობს?! იმეტყველე ქართულად და თუ არ შეუძლია რას მიყავს ეს თამაშები...! არ დამიბლოკოთ!!!!!!
Vaso
08 ივნისი 2016 10:54
0
bichebma magrad moindomes madloba mat, magram magrad gavimartla, ise aburjania ukan iset pasebs izleoda pirdapir erti ertze gakavda metoke, ase iko ruminetan da espanetanaz, gaanalizet tkveni shezdomebi da tavshi nu agivardebat.
gigo
08 ივნისი 2016 10:52
0
იმედია, ზოგიერთ ჩვენს ფეხბურთელს, ვისაც მართლა პოტენციალი გააჩნია, ეს მოგება დაეხმარება ნორმალურ ტრანსფერებში.კარგ ევროპულ ჩემპიონატებში თამაში კი ვიცით რასაც ნიშნავს. მივხედოთ შიდა ჩემპიონატს და აღმავლობა დაიწყება
merabi
08 ივნისი 2016 10:46
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული