[ოთხშაბათის საკითხავი] რატომ გვჭირდება რენე?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებში უცხოელი ფეხბურთელის შესაძლო გამოჩენას ზოგიერთი მტკივნეულად ხვდება. წესით, ეროვნული ნაკრები იმის ნაკრებია, რომ იქ მხოლოდ იმ ეროვნების წარმომადგენელმა ითამაშოს, რომლის ღირსებასა და პრესტიჟსაც ეს ნაკრები იცავს.

რა თქმა უნდა, მარტო ქართველებს რომ გაგვეკვალა ეს ბილიკი, მარტო ჩვენ რომ მოვქცეულიყავით ასე, ხმას არ გავიღებდით, მაგრამ რას ვიზამთ? ჩვენ ხომ ფეხი უნდა ავუწყოთ თანამედროვე მოთხოვნებს? საკუთარ ნაჭუჭში ხომ არ ჩავიკეტებით?..

...როცა ფეხბურთელის ნატურალიზებას მიმართავენ, ისეთი მეგასაფეხბურთო ქვეყნები, როგორებიც არიან ესპანეთი და იტალია, შენც დაფიქრდები - როგორ შეიძლება შენი ეროვნული გუნდი
იმაზე უკეთესი იყოს, ვიდრე დღეს არის?

რა თქმა უნდა, სანაკრებოდ ლეგიონერი უნდა შეირჩეს უაღრესად დიდი დაკვირვებით. ის უნდა იყოს მაღალი სათამაშო კლასის ფეხბურთელი და, ამასთან ერთად, უნდა თამაშობდეს იმ პოზიციაზე, რომელიც ამა თუ იმ გუნდისა თუ ნაკრებისთვის პრობლემატურია...

დღეს რენე ფერეირა დოს სანტოსზე ვისაუბრებთ. ის ცენტრალური მცველია. მას აშკარად აქვს სათამაშო კლასი. ვფიქრობთ, შორს არ არის ის დრო, როცა ბრაზილიელი იმაზე უკეთეს ჩემპიონატში მოსინჯავს ძალას, ვიდრე ქართული უმაღლესი ლიგაა. არადა, რენეს აქვს საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი...

რაში გვჭირდება ბრაზილიელი მცველი, ვინც თავის დროზე "ზესტაფონმა" ჩამოიყვანა საქართველოში, ახლა კი თბილისის "დინამოს" ერთ-ერთი ლიდერია? საქართველოს ჰყავს რამდენიმე კვალიფიციური ცენტრალური მცველი. კიდევ კარგა ხანს ითამაშებენ ნაკრებში საბა კვირკველია და ლაშა დვალი. საჭიროების შემთხვევაში, ცენტრალურ მცველად თამაში გურამ კაშიასაც შეუძლია...

სამაგიეროდ, დიდი ალბათობით, მსოფლიოს ჩემპიონატის კარს მომდგარი შესარჩევი ციკლის შემდეგ სანაკრებო კარიერას დაასრულებს ალეკო ამისულაშვილი და მას აუცილებლად დასჭირდება კვალიფიციური შემცვლელი. ცენტრალური მცველის პოზიციაზე ფეხბურთელის ნატურალიზება თუნდაც იმიტომ მიგვაჩნია საშურ საქმედ, რომ ნაკრებში ამ პოზიციაზე კონკურენციამ მოიმატოს.

ცოდვა გამხელილი სჯობს - შესაბამისი კანდიდატურები არ ჩანს, თორემ ფეხბურთელის ნატურალიზებაზე უარს არც თავდასხმის და ნახევარდაცვის ხაზში ვიტყოდით. განა, საქართველოს ნაკრებს აწყენდა გამოკვეთილი მეგოლე-თავდამსხმელი, რომელიც შანსებს მაქსიმალურად ყაირათიანად გამოიყენებდა?

...ისევ რენეზე. რა თქმა უნდა, რაოდენ მაღალი კლასისაც უნდა იყოს ფეხბურთელი, ყველა შემთხვევაში არ გაგიჩნდება სურვილი, რომ ის შენი ქვეყნის სანაკრებო ფერხულში ჩააბა. ბრაზილიელი ცენტრალური მცველი კარგად შეეგუა საქართველოს, შეიძინა უამრავი მეგობარი, ქართული ენაც ისწავლა...

ახლა გავარჩიოთ, რა შეიძლება მოხდეს რენეს შემთხვევაში. ის ახლა 24 წლისაა. თავის დროზე, როცა 2013 წელს ის "ზესტაფონში" გამოჩნდა, მაშინ დიდი რყევები იყო ამ გუნდში. ეროვნული ჩემპიონატის პირველივე ტურში "ზესტაფონი" თბილისის "დინამოს" შეხვდა.

ის თამაში სახელდახელოდ შეკრულმა "ზესტაფონმა" ძალიან კარგად ითამაშა და გამოკვეთილ ფავორიტთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. კარგად ითამაშა რენემაც, თანაც, არა ცენტრალური მცველის, არამედ საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე. მაშინ რა ვიცოდით, რომ ეს მისი ოპტიმალური პოზიცია სულაც არ იყო.

მერე და მერე ეს ოპტიმალური ამპლუაც გამოიკვეთა. ბრაზილიელის თამაშში არის ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი, რაც კიდევ უფრო მეტად გვაფიქრებინებს, რომ ის აშკარად გამოსაყენებელი კაცია - რენე თამაშიდან თამაშამდე უმატებს. არ გვინდა, ისე მოხდეს, რომ ის კარგ ჩემპიონატში, კარგ გუნდში გადავიდეს და მხოლოდ ამის შემდეგ გაგვახსენდეს, რომ რენეს ქართული დროშის ქვეშ ჩაყენება შეგვეძლო...

კახა ცხადაძის მწვრთნელობის დროს ბრაზილიელი თანახმა იყო, ეთამაშა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. იმედია, ახლა სიტუაცია არ შეიცვლება. მთავარი კი მაინც ისაა, რას ფიქრობს ამ საკითხთან დაკავშირებით ეროვნული გუნდის დამრიგებელი ვლადიმირ ვაისი.

ჩვენი აზრი ასეთია და საინტერესო იქნებოდა სლოვაკი დამრიგებლის მოსაზრებაც. ვაისთან სათქმელ-სალაპარაკო ბლომად დაგროვდა და იმედია, მალე ჩვენთვის საინტერესო ყველა კითხვას გასცემს პასუხს...

შეგნებულად აღარ ჩამოვთვლით იმ ნაკრებებს, ნატურალიზებული ფეხბურთელის სამსახურით რომ სარგებლობენ. დავწერთ მხოლოდ ერთს - დღეს ყველა გზა მართებულად მიგვაჩნია, რომელიც ქართული ფეხბურთის უკეთეს მომავალს შეუწყობს ხელს.

სათაკილო კი ნატურალიზებაში არაფერია, ყოველ შემთხვევაში, დღეს, როცა გლობალიზაციამ ფეხბურთშიც გვარიანად შეაღწია. ისეთი ქვეყნებიც კი მიდიან ამ გზით, რომლებიც საფეხბურთო სიამაყისა თუ თავმოყვარეობის მხრივ ჩვენზე მეტნი თუ არა, ნაკლებნი არ არიან...

P.S. თემა დაიწერა თბილისის "დინამოს" გუშინდელ მატჩამდე, რომელშიც რენე ფერეირა შეიძლება ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე, მაგრამ ფეხბურთელის ავ-კარგზე ერთი თამაშით არ უნდა ვიმსჯელოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 37 /
არც ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქე არ არის საჭირო ეროვნულგაიგეთ ეროვნულ და არა ევროპულ ნაკრებშI,მესიც,რომ იყოს თანახმა არ მინდა ბატონო ის საქართველოს მაკრებშI,გაიგეთ ტვინ გამხმარებო,რომ ნაკრები უნდა იყოს წმინდა ქართული
otari
08:09 19-08-2016
1
მე ვთვლი რომ რენემ უნდა ითამაშოს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში.ყველას თავისი მოსაზრება აქვს ამასთან დაკავშირებით.არ იქნება ურიგო
ჯვარშე
16:32 15-08-2016
0

სიახლეები პოპულარული