ვაისი საყრდენის ძიებაში... ეროვნულ ნაკრებში ვაკო გვილიას იძახებენ?

AutoSharing Option
ოქტომბრის დასაწყისში საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ორ გასვლით შეხვედრას გამართავს: 6-ში ვლადიმირ ვაისის გუნდი დუბლინში ირლანდიას "ავივა სთედიუმზე" ესტუმრება, ხოლო 9-ში კარდიფის "მილენიუმზე" - უელსს.

ეროვნული გუნდის წევრები ამ მატჩებისთვის 3 ოქტომბერს, დუბლინში შეიკრიბებიან და მზადებას შეუდგებიან. კვირის ბოლოსთვის გაირკვევა, რომელ ფეხბურთელებს დაეყრდნობა ვაისი უმნიშვნელოვანესი შეხვედრებისთვის.

ტრავმების გამო ლევან მჭედლიძემ, ლევან ყენიამ, გიორგი აბურჯანიამ და გიორგი ქვილითაიამ ავსტრიასთან მატჩი გამოტოვეს, ჯაბა კანკავა და მათე ვაწაძე კი უგუნდოდ და ფორმიდან ამოვარდნილები იყვნენ. არის იმედი, რომ ამჯერად, მჭედლიძე, აბურჯანია, ყენია,
ქვილითაია და თორნიკე ოქრიაშვილი ნაკრებს უკეთეს მდგომარეობაში დაუბრუნდებიან. მაგრამ სამწუხაროა, რომ დღემდე უცნობია გუნდის კაპიტან ჯაბა კანკავას მდგომარეობა.

ნაკრების მწვრთნელს კიდევ ერთი პრობლემა ნიკა კვეკვესკირის ტრავმამ გაუჩინა. "გაბალას" რიგებში ქართველი ნახევარმცველი ბოლოს 10 სექტემბერს და ისიც შეცვლაზე გამოჩნდა. 24 წლის ნახევარმცველს კოჭი დაუზიანდა და 2-3 კვირას გამოტოვებს.

მოკლედ, საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე საქართველოს ნაკრებს მძიმე ვითარება აქვს: კანკავა "რეიმსში" კი დარჩა, მაგრამ უთამაშებელია. პრაქტიკა აკლია აბურჯანიასაც.

აქედან გამომდინარე, სანდოდ ჩანს კულუარული ინფორმაცია, რომელიც "ლელომ" მოიპოვა - ვაისი საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ახალ კანდიდატებს ეძებს და ბატე-ში მოთამაშე ვაკო გვილიას ვარიანტსაც განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ 22 წლის ნახევარმცველმა უკვე დაიმკვიდრა ადგილი ყველაზე პოპულარული ბელარუსული კლუბის ძირითად შემადგენლობაში. ზუგდიდში დაბადებული გვილია 16 წლის იყო, როცა მისი ოჯახი საცხოვრებლად უკრაინაში გადავიდა. 2011 წელს ის სინჯებზე ხარკოვის "მეტალისტში" მიიწვიეს. საბუთებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, უკრაინაში გამგზავრება ნახევარი წლით დაუგვიანდა და ხარკოვულ გუნდს მხოლოდ სეზონის მეორე ნახევარში შეუერთდა.

2012-15 წლებში ის ზაპოროჟიეს "მეტალურგში" ჩაირიცხა, სადაც ბოლო სეზონში ძირითადში დაიმკვიდრა ადგილი და რამდენჯერმე კაპიტანიც იყო. წლეულს, გვილია "მინსკში" გადავიდა, საიდანაც ზაფხულში ბატე-ში აღმოჩნდა. 2015 წელს გვილიამ უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში 4 ამხანაგური მატჩი ჩაატარა, მერე კი საქართველოს პასპორტი დაიბრუნა.

2016 წლის მარტში გია გეგუჩაძემ გვილია საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში მიიწვია. ბედის ირონიით, ვაკოს სწორედ უკრაინის 21-წლამდელთა წინააღმდეგ მოუწია თამაშმა (ამხანაგური მატჩი 3:3 დასრულდა).

"ლელოს" უთხრეს, რომ გვილიას თამაში და საქმისადმი დამოკიდებულება მოსწონთ და არავის გაუკვირდეს, უახლოესი ორი სანაკრებო მატჩის განაცხადში მის გვარსაც თუ ამოიკითხავს.

საინტერესოა, რომ გვილიას პირველად თვალი 2015 წელს კახა ცხადაძემ დაადგა და მასზე დასაკვირვებლად უკრაინის პრემიერლიგის მატჩსაც დაესწრო. მაგრამ მაშინ გვილია სასურველ ფორმაში არ იყო და ცხადაძემ მისი გამოძახება ნაადრევად ჩათვალა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
აუუ უკვე ჩემი აზრით საკმაოდ ბევრი ოფიციალური მატჩები ჩაატარა ვაისმა დაა ნახეთ რამე ეტყობა იმაზე უკეთესი არის ჩვენი ნაკრები?გადააყენონ ვაისი თუ არ შეუძლია ჩვენი ნაკრების გაძლიერება თუ არადა რამე მოიფიქრონ რამდენი ფეხბურთელია ნაკრებში არ გამოძახებული?ლიპარტია ჯიქია ხმალაძე და კიდევ ბევრი ფეხბურთელია ვისაც ნაკრებში გამოჩენა არ ეღირსა ვაისი დროზე მოეგოს გონს მარტო ესპანეთთან მოგება არაფერს გვარგებს ესპანეთი უკვე ისეთი ძლიერი აღარაა ევროპის ჩემპიონატზე ნაადრევად გამოეთიშნენ და ეს იმას არ ნიშნავს რომ შეგნებულად მოგვაგებინეს ნუ მოკლედ ბევრი რომ არ ვილაპარაკო დროზე მოეგოს ვაისი გონს
მარი
15:13 22-09-2016
0
ხმალაძე ჭირდება ნაკრებს!!!!!!
Nika
14:26 22-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული