კობა ჟორჟიკაშვილი: არ ვიცით მოსაგების მოგება, ესე იგი, მიზეზი ფსიქოლოგიაშია...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ბოლო მატჩისა და მთლიანად განვლილი საფეხბურთო წლის შეფასება ცნობილ სპეციალისტს, კობა ჟორჟიკაშვილს ვთხოვეთ.

"ლელოსთან" ინტერვიუში მან არაერთ საგულისხმო დეტალზე გაამახვილა ყურადღება...

- საქართველო-მოლდოვა 1:1 - ფეხბურთი მხოლოდ ნახევარი საათით [VIDEO+PHOTO]

- ბატონო კობა, თავდაპირველად ზოგადად შევაფასოთ მოლდოვასთან მატჩი...
- მატჩის წინ ვლადიმირ ვაისი აშკარად შექებას იმსახურებდა იმ გზისა და მატჩების გამო, რომელიც მან საქართველოს ნაკრებთან ერთად გაიარა. მოლდოვასთან თამაშზე კი იმავეს ვერაფრით ვიტყვით. ჩემი აზრით, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სუსტი თამაში ვაისისა მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრები ჩაიბარა.
ჩვენს გუნდს აღარ ჰქონდა ის სახე, რაც შესარჩევი ციკლის წინა მატჩებში გამოჩნდა.

- ალბათ, ცალკე უნდა ითქვას ვაისის მიერ განხორციელებულ ცვლილებებზე...
- ვაისი კარგი მწვრთნელია, მე დღესაც ასე ვფიქრობ. უბრალოდ, ყველა მწვრთნელის კარიერაში არის ჩაგდებული მატჩები. ჩემი აზრით, თამაშის კონკრეტულ მონაკვეთში ვაისს ხელიდან გაექცა სადავეები. არ არსებობს მწვრთნელი, რომელსაც ეს არ მოსვლია. მეც არ მომეწონა მის მიერ გაკეთებული შეცვლები. მათ ვერ გააუმჯობესეს ჩვენი თამაში, უფრო პირიქით...

- რას იტყოდით ჩვენი გუნდის ფეხბურთელთა ფიზიკურ მომზადებაზე? მე ვფიქრობ, ეს იყო ის ერთ-ერთი კომპონენტი, რომელმაც დაგვაღალატა...
- წინა მატჩებში ამ მხრივ არ ჩანდა განსაკუთრებული პრობლემა. ვერავინ დამაჯერებს, რომ ფეხბურთელების ფიზიკური მომზადების ხარისხი ერთ თვეში გაუარესდა. საერთოდ, ფეხბურთელს ნაკრების მწვრთნელი ვერ მოამზადებს ფიზიკურად. ის კლუბში უნდა მოემზადოს, თუმცა ეს სხვა თემაა...

მოლდოვასთან მატჩში ჩვენ უფრო მეტად შევეჯახეთ სხვა პრობლემას. უელსთან და ირლანდიასთან იყო სწორი მოძრაობა და იყო ბევრი პასი, თავისუფალი სივრცეების ათვისება, რასაც მოძრაობის გარეშე ვერ გააკეთებ. მოლდოვასთან კი ჩვენ გვქონდა უეჭველად მოსაგები თამაში და ვერ მოვიგეთ, რაც პირველი შემთხვევა არ არის ჩვენი ნაკრების ისტორიაში. ჩემი აზრით, მიზეზი ფსიქოლოგიაშია მოსაძებნი.

Sportall.Ge- შესაძლოა, ნაადრევად ვირწმუნეთ გამარჯვება?
- არც ეს არის გამორიცხული. შეიძლება, ასე ფიქრობდნენ არა მხოლოდ გულშემატკივრები, არამედ ნაკრების მწვრთნელებიცა და ფეხბურთელებიც. არის კიდევ ერთი საყურადღებო მომენტი - შესაძლოა, ჩვენი ფეხბურთელები არ ელოდნენ მოლდოველებისგან ასეთ წინააღმდეგობას.

მე ვფიქრობ, იგორ დობროვოლსკის ძალიან კარგად ჰყავდა შესწავლილი საქართველოს ნაკრები. ადრე გითხარით ინტერვიუში, ძალიან ჭკვიანი მწვრთნელია-მეთქი ირლანდიელი მარტინ ონილი, უფრო ჭკვიანი - ვიდრე უელსელთა დამრიგებელი კრის კოულმენი. გაიხსენეთ, ონილმა ირლანდიური მატჩის მეორე ტაიმში ძალიან მკაცრი პრესინგი დაგვიწესა და სწორედ ამის წყალობით მოგვიგო. ასე გვეთამაშა მოლდოვაც მეორე ნახევარში.

- რა თქმა უნდა, თქვენც მეტს ელოდით საქართველოს ნაკრების ლიდერებისგან...
- თორნიკე ოქრიაშვილი უნდა ჩამოყალიბდეს ნაკრების ლიდერად. მე ასე ვფიქრობ. მან ვერ აჩვენა ის თამაში, როგორსაც ველოდით. დაცვაში ლიდერს ვხედავ საბა კვირკველიას სახით, რომელსაც ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ მაღალ დონეზე ითამაშოს. მომწონს ვაკო გვილია. უბრალოდ, ის ჯერ ასაკით პატარაა და არც იმდენი თამაში აქვს საქართველოს ნაკრებში ჩატარებული, რომ ასეთ გადამწყვეტ სიტუაციებში ლიდერობა მოვთხოვოთ.

მწვრთნელმა უკეთ იცის თავისი საქმეცა და გუნდის შიდა სამზარეულოც, მაგრამ ჩემი აზრი ასეთია - მოლდოვასთან მატჩი ძირითად შემადგენლობაში უნდა დაეწყო ჯაბა კანკავას. მას შეუძლია იყოს გუნდის ლიდერი ისეთ თამაშში, რომელიც უეჭველად მოსაგებია. ჯერ ერთი, კოლოსალური სანაკრებო გამოცდილება აქვს, და მეორეც - იცის, როგორ ითამაშოს მკაცრი პრესინგის პირობებში. თავად კი თქვა, არ ვარ იდეალურ ფორმაშიო, მაგრამ "რეიმსში" ბოლო დროს სისტემატურად თამაშობს და 90 წუთს, ჩემი აზრით, მოლდოვასთანაც გაძლებდა.

- ფაქტია, რამდენიმე ფეხბურთელს კლუბში სათამაშო პრაქტიკა არ აქვს და ნაკრებს ეს ძალიან უშლის ხელს...
- მართლაც ძალიან სერიოზული პრობლემაა. როცა ფეხბურთელი არ თამაშობს, მას მთელი ციკლი ერევა. ის ბოლომდე დატვირთული არ არის თუნდაც მატჩისწინა ვარჯიშებზე და ასე შემდეგ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ასეთ დროს ფეხბურთელი ძალიან განიცდის თავის მდგომარეობას, ნერვიულობს... ჩვენ როცა ჩემპიონატისთვის ვამზადებთ გუნდს, ხშირად ორ მატჩს ვგეგმავთ დღეში, რათა არცერთ ფეხბურთელს არ მოაკლდეს სათამაშო პრაქტიკა.

- რას იტყვით გიორგი ჭანტურიას თამაშზე?
- მისგანაც ძალიან ბევრს ველით ყველა, რადგან გვინახავს, რა შეუძლია. ჩემი აზრით, გიორგიმ უფრო რაციონალურად უნდა გამოიყენოს მისი შესანიშნავი საფეხბურთო თვისებები. ხშირად, ის მოქმედებებს იწყებს შედარებით შორს მოწინააღმდეგის კარიდან. არადა, უკეთესი იქნება, თუ უფრო მეტს იმოქმედებს ეგრეთ წოდებულ "მესამე ზონაში". ასე ვეძახით მწვრთნელები იმ ზონას, საიდანაც მოწინააღმდეგის კარამდე 25 მეტრზე ნაკლებია დარჩენილი.

- დაამჩნია თუ არა კვალი საქართველოს ნაკრების თამაშს ჯანო ანანიძისა და ლევან მჭედლიძის არყოფნამ?
- ორი აზრი არ არის, რომ დაამჩნია. ჯანოს შეუძლია ლიდერობა. ის კრეატიულია შეტევაში და ეს გვაკლდა სწორედ მოლდოვასთან. მჭედლიძისგან ყველა გოლებს ვითხოვთ და სამართლიანადაც, მაგრამ ლევანი ისედაც ბევრს ნიშნავს საქართველოს ნაკრებისთვის. ორი ან მეტი მცველი მუდმივად "დაბმული" ჰყავს საკუთარ საჯარიმოში. მცველს ყველაზე დიდი შეხება აქვს თავდამსხმელთან თამაშის დროს და ყველაზე მეტად იცის, რა შეუძლია მას. ანანიძე და მჭედლიძე რომ გვყოლოდა, ალბათ მოვიგებდით, თუმცა ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოლდოვასაც სერიოზული დანაკლისი ჰქონდა.

- რას იტყვით ბულგარელი არბიტრის, კაბაკოვის ქმედებებზე? ჩანდა, რომ ორი საეჭვო ეპიზოდიდან, ოქრიაშვილის შემთხვევაში პენალტი იყო...
- დიახ, მეც ასე ვფიქრობ, რომ ოქრიაშვილის ეპიზოდში მას 11-მეტრიანი უნდა დაენიშნა. თუ დავაკვირდებით იმ ეპიზოდს, ოქრიაშვილი ახერხებს ბურთის გაგდებას და შემდეგ მოლდოველი პირდაპირ ფეხზე მიდის. აქ უნდა გავითვალისწინოთ ერთი გარემოება - ეროვნულ ნაკრებთა დონეზე კაბაკოვი პირველ შეხვედრას მსაჯობდა. შესაბამისად, მას აკლია გამოცდილება და როგორც დამწყები, ეტყობა, მოერიდა მკვეთრი გადაწყვეტილების მიღებას. არადა, პენალტი დასანიშნი იყო და, დიდი ალბათობით, ეს იქნებოდა გადამწყვეტი მომენტი ამ შეხვედრაში. ზოგადად, მაინც მოსაგები თამაში იყო თავისი შინაარსით, მაგრამ...

- როგორ შეაფასებთ მთლიანად ამ წელიწადს საქართველოს ნაკრებისთვის?
- ჩვენ შედეგი გვაძლევს მსჯელობის საშუალებას, შედეგი კი ერთმნიშვნელოვნად არის უარყოფითი. არ მგონია, ვინმემ სხვანაირი შეფასება გააკეთოს. 2 ქულა გვაქვს ჯგუფში, არადა, მეტიც შეიძლებოდა. დადებითი ის იყო, რაც ავსტრიასთან მეორე ტაიმიდან მოყოლებული, მოლდოვასთან მატჩამდე ვნახეთ, მაგრამ მოლდოველებთან შეხვედრის შედეგმა და თამაშის ხარისხმა ყველას ძალიან დაგვწყვიტა გული.

კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა - ჩვენ ვერ მოვიგეთ უეჭველად მოსაგები თამაში და აქ კვალი მიდის ფსიქოლოგიასთან. ისიცაა, რომ საქართველოს ნაკრებში დღეს ვერ არის ისეთი კონკურენცია, როგორიც უნდა იყოს. არ არის 2-3 ფეხბურთელი ერთ ადგილზე და ეს თავისთავად ნეგატივია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
Ra eqspertebio da ra jorhikebio, umaglesi Liga naxet, kargad naxet da verc moitxovt nakrebisgan Mets. Matchis mere yvelani eqspertebi xart.
Shako
05:13 16-11-2016
0
ფსიქოლოგიაოოოო....ზუსტად ფსიქოლოგიურად "მოკალით" მაშინ ერთი ტალანტი...
კახა
02:38 16-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული