11:12 25-01-2017
საქართველო-ისრაელი 3:0 - როცა მეკარეც გამტანია... [VIDEO]
AutoSharing Option
პირველი ტაიმის დასრულებამდე 4,2 წამი იყო დარჩენილი, როდესაც ისრაელს დაცვაში ერთადერთხელ "ჩაეძინა": ჯარიმა არჩილ სებისკვერაძემ შეასრულა, შოთა თოფურია მის დარტყმას (თუ პასს) კარის ხაზზე დაუხვდა და როგორც იქნა, დაგვაწინაურა - 1:0.
მეორე ტაიმში ასათიანის გუნდი უფრო სწრაფად და დამაჯერებლად ათამაშდა, დიდ უპირატესობას დაეუფლა და არაერთი ლამაზი შეტევა წამოიწყო. ბევრი რეალური საგოლე მომენტიც შექმნეს, მაგრამ ისრაელის კარი მოჯადოებულს ჰგავდა - ებრაელთა მეკარე შააფ ბარ-ზაკაიმ მშვენიერი რეაქცია გამოავლინა გიორგი ნიშნიანიძის 2 ურთულეს დარტყმაზე, აგრეთვე, რონინიოსა და კახა მაისაიას შეტევებისას. გიორგი ტიკურიშვილის დარტყმის შემდეგ კი ბურთი ძელს მოხვდა და კინაღამ დაამსხვრია.
სამართალმა პური მაინც ჭამა: ისევე, როგორც პირველ ტაიმში, გამოსავალი ამჯერადაც სებისკვერაძემ მონახა, უსწრაფესი და ულამაზესი კომბინაცია წამოიწყო, ნიშნიანიძეს "სამკუთხედი" გაუთამაშა, მერე კი კარის წინ მაისაია მოძებნა, რომლის უძლიერესმა დარტყმამ ჩვენების უპირატესობა გაზარდა - 2:0.
სამართლიანია, რომ მესამე გოლი ქართველმა იგიტამ, ზვიად კუპატაძემ გაიტანა. ჩემპიონთა თასის მოქმედი გამარჯვებულის, "იუგრას" კაპიტანი 13-წლიანი შესვენების შემდეგ ნაკრებს შთამბეჭდავ ლიდერად დაუბრუნდა. მთელი თამაში გუნდელებს უზუსტესი პასებით ამარაგებდა და თამაშს კარნახობდა, შეხვედრასაც წერტილი სწორედ მან დაუსვა და ეს მისთვის დამახასიათებელი ეფექტურობით გააკეთა: ისრაელი ვა-ბანკზე წავიდა და მეკარე მოთამაშით შეცვალა. კუპატაძემ ბურთი ხელში აიღო, ცარიელი კარი შენიშნა და საკუთარი კარიდან გაიტანა - 3:0.
ეს ულამაზესი გოლი საქართველოს ნაკრების მშვენიერი თამაშის ლოგიკური დასასრული გახლდათ.
მეორე შეხვედრაში შვეიცარიამ შოტლანდიას 6:2 მოუგო და ჯგუფს ჩვენთან ერთად ლიდერობს. საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს დღეს, 20 საათზე, შოტლანდიასთან გამართავს, ხოლო შვეიცარია ისრაელს დაუპირისპირდება.
მატჩის შემდეგ
ავთანდილ ასათიანი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"მოხარული ვარ, რომ შესარჩევი ციკლი წარმატებით დავიწყეთ. მადლობა მაყურებელს, რომელმაც სასიამოვნოდ გაგვაოცა. ბიჭების მიმართ კი მადლობის მეტი არაფერი მეთქმის - მათ დღეს არა მხოლოდ დავალებები შეასრულეს, არამედ გულშემატკივრების გასახარებლად მოედანზე სული და გული დადეს.
თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია, მაყურებელი კი შემდეგ თამაშებშიც გამარჯვებებს ელის და შევეცდებით, იმედები გავამართლოთ".
ზვიად კუპატაძე, საქართველოს ნაკრების მეკარე:
"რამდენი წელია ვთამაშობ, მაგრამ საქართველოს ნაკრებში თამაშზე სასიამოვნო განცდა არ არსებობს. მადლობა ლევან კობიაშვილს და ავთო ასათიანს, რომლებიც ნაკრებში ჩემი დაბრუნების ინიციატორები არიან და დაამტკიცეს, რომ ფუტსალს სერიოზულად უყურებენ. ბედნიერებაა, ითამაშო ამ ხალხისთვის, რომელმაც დღეს ზღაპრულად გვიქომაგა. ისიც დიდი ბედნიერებაა, რომ ამ გამარჯვებაში ჩემი წვლილი შევიტანე - სხვათა შორის, ნაკრებში გოლი წლების წინ სერბეთთანაც გამიტანია.
შემდეგ შეხვედრებში სერიოზული მეტოქეები გვყავს და დღევანდელი მოგება უნდა დავივიწყოთ. მაგრამ იმედია, რომ მათაც წარმატებით ჩავატარებთ და ხალხს გავახარებთ".
ფუტსალი. ევრო 2018. I საკვალიფიკაციო ეტაპი
24.01.17. თბილისის ოლიმპიური სასახლე. 3 500 მაყურებელი
საქართველო-ისრაელი 3:0
გოლები: 1:0 თოფურია (19:57), მაისაია (34:57), კუპატაძე (38:45)
საქართველო: კუპატაძე (კ), ჭანუყვაძე, თოდუა, რონინიო, სებისკვერიძე - ჯამბურია (მ), ლუკავა, ნიშნიანიძე, თოფურია, კობაიძე, მაისაია, კურტანიძე, ტიკურიშვილი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
დაეტყო გუნდს ცხომარას სტილი :)
0
0
გენაცვალეთ ძმებო, ჯიგრები ხართ! ზვიად მაგარი კაცი ხარ, როგორ ჰყვარებია ამ კაცს ნაკრები, ქვეყანა..
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული