დეტალებით თავს არ შეგაწყენთ, მთავარი უეფას პასუხია - საქმე უკვე იქამდეა მისული, რომ 23 ივნისს თბილისში უეფას ინსპექტორი, ფუტსალის შეჯიბრებათა მენეჯერი ლორან მორელი ჩამოდის, ინფრასტრუქტურას ადგილზე გაეცნობა და თბილისისთვის მასპინძლობის უფლების მიცემა მასზე იქნება დამოკიდებული.
როგორც ჩვენი ფუტსალელები ამბობენ, მასპინძლობის უფლების მოპოვებას ამ კაცის ერთი "ჰო" გვაშორებს.
უეფას წარმომადგენელი ჩამოსვლის დღესვე ესტუმრება თბილისის სპორტის სასახლეს, მეორე დღეს
6 ივლისს უეფას შტაბბინაში ფუტსალის თასის წილისყრა მოეწყობა. თავდაპირველად კენჭს საკვალიფიკაციო ეტაპზე მოთამაშე გუნდებს უყრიან. "იბერია სტარი", როგორც ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი, საკვალიფიკაციო ეტაპიდან განთავისუფლებულია და შეჯიბრებაში ძირითადი ეტაპიდან, ანუ სექტემბერში ჩაებმება. სწორედ ძირითადი ეტაპის ჯგუფის მასპინძლობაზე აქვს "იბერია სტარს" შეტანილი განაცხადი. აქვე აღვნიშნავთ, რომ ოფიციალურად მასპინძლად არა კლუბი, არამედ ფეხბურთის ფედერაცია ითვლება.
ლორან მორელის ვიზიტის შესახებ საქართველოს ფუტსალის ასოციაციის გამგეობის წევრმა გიორგი დარჯანიამ გვამცნო: "ვინმეს შეიძლება გაუკვირდეს, მაგრამ ჩვენი სპორტის სასახლე ამ ტიპის ერთ-ერთი საუკეთესო ნაგებობაა ევროპაში. უეფას სხვა, დამატებითი კრიტერიუმებიც აქვს და ყველანაირად ვაკმაყოფილებთ იმ მოთხოვნებს, რასაც ლიგის მასპინძლობის მსურველებს უყენებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ "იბერია სტარს" საკმაო ავტორიტეტი აქვს ევროპულ ფუტსალში და ამასთანავე ის ერთადერთი კლუბია, რომელსაც ლიგის უკლებლივ ყველა გათამაშებაში მიუღია მონაწილეობა. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას ამგვარ დეტალებსაც დიდი ყურადღება ექცევა."
ძირითად ეტაპზე "იბერია" 4-გუნდიან ჯგუფში ითამაშებს, ელიტ-რაუნდში კი ორი საუკეთესო გავა. როგორც დარჯანიამ თქვა, საკმაოდ კარგი მდგომარეობა არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის მხრივ გვაქვს. დამატებით კრიტერიუმებშიც, დიდი ფეხბურთისგან განსხვავებით, საქმე დამაიმედებლად არის. ფაქტობრივად, გვრჩება ამ კაცის პირადი კეთილგანწყობის მოპოვება. ამაზე ჩვენი ფუტსალელები უკვე მუშაობენ და იმედს ტრადიციული ქართული სტუმართმოყვარეობის ეფექტზეც ამყარებენ.
ცხადია, ფუტსალის პრესტიჟული ტურნირის სამასპინძლოდ თუნდაც ინფრასტრუქტურა, თბილი დახვედრა, ხაჭაპური და ხინკალი ვერ გვიშველის: ლორან მორელმა უნდა დაინახოს, რომ მისი ჩამოსვლა სპორტულმა საქართველომ უმნიშვნელოვანეს მოვლენად აღიქვა.
საამისოდ ფუტსალელებმა მისი ლადო ვარძელაშვილთან შეხვედრა შეათანხმეს. სპორტის მინისტრი რომ შეხვდება და ხელს ჩამოართმევს, ნებისმიერი სტუმარი ამას პატივად ჩათვლის და თვლის, რომ ვიზიტი უყურადღებოდ არ დარჩენილა. ფუტსალელები იმედოვნებენ, რომ საბოლოოდ სწორედ ასეთი პატარ-პატარა დეტალები იქნება გადამწყვეტი უეფაში არჩევანის გაკეთებისას.
სურათზე: ლორან მორელი და საქართველოს ფუტსალის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ბექა კვიციანი მადრიდში, უეფას სემინარზე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"