ლვოვში ძლიერმა შემადგენლობამ მოიყარა თავი, ფავორიტებად კი რუსულ ცსკა-ს, "გაზპრომს" და ჩვენს ჩემპიონს ასახელებდნენ.
ორიოდე სიტყვით რუსულ კლუბებზე: "გაზპრომში" ბრაზილიის ნაკრების წევრები ედერ ლიმა და რობინიო თამაშობენ, გუნდის კარს ქართველი ზვიად კუპატაძე იცავს, მეორე მწვრთნელი კი ბესო ზოიძეა. სახელიდან გამომდინარეც მიხვდებით, რამდენად ამბიციურია "გაზპრომი" და რამხელა ბიუჯეტი ექნება.
ცსკა-მ
ჯგუფში "იბერიას" პირველი მეტოქე უკრაინული "კარდინალი" იყო, რომელიც ჩვენებმა იოლად დაამარცხეს - 6:3. გოლები ბრუნო მელომ (2), ლუის ნეგაომ (2), რონინიომ და რომარიომ გაიტანეს.
მეორე ტურში "იბერიას" მეტოქე სწორედ "გაზპრომი" იყო და ამ მატჩს, რასაკვირველია, წმინდა სპორტულის გარდა, დამატებითი დატვირთვაც ჰქონდა. ეს ტურნირის ყველაზე უცნაური თამაში გამოდგა: "იბერიამ" პირველი ტაიმი 5:0 მოიგო და... ვერ გაიმარჯვა, საბოლოოდ - 6:6. იბერიელთაგან გოლები რომარიომ (3), რონინიომ, ბეტინიომ და ბრუნო მელომ გაიტანეს.
მესამე ტურში ჩვენი მეტოქე პოლონური "რეკორდი" იყო და ფინალში გასასვლელად "იბერიას" მხოლოდ მოგება აძლევდა ხელს. ამ მატჩში პირველი და ბოლო გოლი პოლონელებმა გაიტანეს, შუალედში კი "იბერიამ" ექვსი შეაგდო და 6:2-ით ფინალში გავიდა. პოლონელებთან გოლები ედუმ, ბეტინიომ, ბრუნო მელომ, ალექსანდრე ძაბირაძემ და ვახტანგ ჯვარაშვილმა გაიტანეს. საინტერესოა, რომ ჯვარაშვილი მხოლოდ 16 წლისაა, მისი გოლი კი გამორჩეულად ეფექტური გამოდგა: საგოლე შეტევა საკუთარი ნახევრიდან წამოიწყო.
ფინალში "იბერია" ცსკა-ს შეხვდა და პენალტების სერიაში დამარცხდა. ძირითადი დრო 3:3 დასრულდა და შეხვედრის ბოლოს საინტერესო ამბებიც დატრიალდა. მესამე გოლი მოსკოველებმა თამაშის დასრულებამდე 97 წამით ადრე გაიტანეს. "იბერიამ" მეკარე მოედნის მეხუთე მოთამაშით შეცვალა და ანგარიში საფინალო სასტვენამდე 59 წამით ადრე გაათანაბრა.
პენალტებისას რაც მოხდა, ცალკე აღსანიშნავია. ხუთ-ხუთი დარტყმისას მეტოქეებმა თითო გააცუდეს, ჩვენებიდან ბეტინიომ კარს ააცილა, მოსკოველთა რიკარდინიოს კი "იბერიას" მეკარე ტონიმ აუღო. სერია პირველ გაცუდებულ პენალტამდე გაგრძელდა. ცსკამ-მ მეექვსე დარტყმა გააფუჭა და ალექსანდრე ძაბირაძეს გამარჯვების ბურთის გატანის შანსი მიეცა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ვერ მოახერხა. ამის შემდეგ მეტოქეებმა სამ-სამი გაიტანეს და ჯერი მეკარეებზე მიდგა. რუსების მეკარეს ტონიმ აუღო და "იბერიას" ჩემპიონობის მეორე შანსი გაუჩნდა. სამწუხაროდ, ტონიმაც ვერ გაიტანა.
მერე ცსკა-მ ვითომ იეშმაკა - არ სურდათ, რომ მათ სათადარიგო მეკარეს დაერტყა და პორტუგალიის ნაკრების მოთამაშე დივანეი "შემოაპარეს", რომელსაც პენალტი უკვე შესრულებული ჰქონდა. ჩვენებს ეს არ გამოჰპარვიათ, გააპროტესტეს და მსაჯებმა დასარტყმელად ცსკა-ს სათადარიგო მეკარეს უხმეს. მან ბურთი კარს ააცილა, ჩვენებს მესამედ მიეცათ გადამწყვეტი ბურთის გატანის შანსი და... "იბერიას" მეორე მეკარე ერიკ აკოპოვმა ბურთი ძელს გაარტყა. პენალტების სერია თავიდან დაიწყო და "იბერიასთვის" უიღბლოდ დასრულდა. ბოლო პენალტი საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშემ და ბომბარდირმა რონინიომ ვერ გაიტანა.
ესეც უიღბლობაა: მეორე წელია, "იბერია" ლვოვის ტურნირის ფინალში გადის და ორივეჯერ პენალტებით მარცხდება.
ერთი საინტერესო ამბავიც - ინტერნეტით ფინალის ონლაინ-ტრანსლაციას 179 ათასმა ადამიანმა უყურა და, როგორც კლუბის მენეჯერმა გიორგი დარჯანიამ გვითხრა, მათი აბსოლუტური უმრავლესობა ქართველებს გულშემატკივრობდა;
მესამე ტურში ცსკა-ს მოთამაშე გაუძევეს და მას ფინალში თამაშის უფლება არ ჰქონდა, თუმცა "იბერიას" პრეზიდენტმა ვახტანგ წერეთელმა ორგანიზატორებს სთხოვა, პორტუგალიის ნაკრების წევრია, ფინალში დაუშვით, რადგან ჩემი გუნდის გამოცდა უძლიერეს ფეხბურთელებთან მინდაო.
საინტერესოა ცსკა-ს მთავარ მწვრთნელ პაულო ტავარეშის კომენტარი "გალიჩინა სპორტისთვის" - ლვოვის ტურნირზე უძლიერესი გუნდი "იბერია" იყოო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"