ოლეგ სოლოდივნიკი: წელიწადია, "იბერია სტარს" არ წაუგია!

AutoSharing Option
ოლეგ სოლოდოვნიკის გაწვრთნილი "იბერია სტარი" ფუტსალში უეფას თასის ელიტრაუნდში დაუბრკოლებლად გავიდა: თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა და უეფას თასის უცვლელმა მონაწილემ ჯერ მინსკის "მაპიდთან" გაიმარჯვა 4:0, მერე კი შვეიცარიული "ჟენევა" გაანადგურა - 11:0. 

ფუტსალი კლასიკური ფეხბურთის "გარე ბიძაშვილია", ხუმრობით ჩვენში "სათბურის ფეხბურთსაც" ეძახნიან, მაგრამ ქართველ გულშემატკივარს მიუხედავად იმისა თუ თამაში სად, რა ვითარებასა და წესებითაც უნდა ტარდებოდეს, უყვარს გოლი და მისი ლამაზად გატანა. ჩვენი გუნდი კი ლამაზ და აგრესიულ ფეხბურთს თამაშობს, რაც მაყურებელს ასე მოენატრა.
ამიტომაც არ წყდებოდა სპორტის სასახლეში ტაში და შეძახილები, როდესაც ერთმანეთზე ლამაზი გოლები გაჰქონდათ იბერელიელებს, ზოგს ქუსლით, ზოგს ვარდნით, ბრუნო მელომ კი მთელი შვეიცარია მოატყუა და მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო.

ორ მატჩში "იბერიამ" 15 ბურთი გაიტანა და არც ერთი გაუშვა - უჩვეულო შედეგია ტურნირისთვის, სადაც მხოლოდ ეროვნული ჩემპიონატების გამარჯვებულები თამაშობენ.

გუნდის მთავარ მწვრთნელს, უკრაინელ ოლეგ სოლოდოვნიკს "იბერიაზე", ტურნირსა და ელიტრაუნდის შესაძლო მასპინძლობაზე ვესაუბრეთ.

- გილოცავთ ელიტრაუნდში გასვლას, მაგრამ თქვენი გუნდისთვის ეს არახალი ამბავია
- ასეა, მაგრამ შედეგმა არ მოგვატყუოთ, ნამდვილად არ გვყავდა სუსტი მექტოეები. მიხარია, რომ ორ მატჩში ჯერ გოლიც არ გაგვიშვია, ანუ უფრო ორგანიზებულები გავხდით.

- რა არის ამ სეზონში "იბერია"-ს ამოცანა?
- მიზანი ევროპის საუკეთესო კლუბების ოთხეულში მოხვედრაა. წლეულს გუნდის მდგომარეობა ამის რეალურ იმედს გვაძლევს.

- როგორც ჩანს, სეზონისთვის კარგად მოემზადეთ
- საყვედური ნამდვილად არ გვეთქმის. უეფას თასამდე ლვოვის საერთაშორისო ტურნირზე ვითამაშეთ, სადაც უკრაინისა და რუსეთის უძლიერესი გუნდები
მონაწილეობდნენ და ბიჭები თანდათან ფორმაში შევიდნენ.

- თქვენი აზრით, ზაფხულში "იბერია" გაძლიერდა?
- შედეგებიდანაც ჩანს, რომ "იბერია" შარშანდელზე ბევრად ძლიერი გუნდია, უფრო შევთამაშდით და დავიხვეწეთ. ამას გარდა, ორი ლეგიონერი დავიმატეთ ძლიერი ლიგებიდან - გამოცდილი ლუის ნეგაო იაპონიის სუპერლიგის "ნაგოიადან" და ახალგაზრდა ედუ ბაქოს "ნეფთჩიდან". ორივე ბრაზილიელია. ამ ტურნირზეც გამოჩნდა, რომ ორივე ძლიერი მოთამაშეა. გაძლიერებას შემდგომშიც ვაპირებთ.

- "ჟენევასთან" გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, ბეტინიომ რატომ არ ითამაშა?
- სამწუხაროდ, ბეტინიო დაშავდა.

- ტრავმა სერიოზულია?
- არც ისე, კუნთი დაეჭიმა, მაგრამ თავი დავიზღვიეთ და გართულებას მოვერიდეთ. ამის გამო ბოლო ტურში "სლოვ მატიკთანაც" ვერ ითამაშებს. ფაქტობრივად, მიზანი მიღწეულია და აჯობებს, დავასვენოთ, ელიტრაუნდის მატჩებისთვის მზად რომ იყოს.

- "სლოვ მატიკთან" გამარჯვებას და პირველი ადგილის დაკავებას პრინციპული მნიშნელობა აქვს
- არა მხოლოდ ეს - უკვე წელიწადი სრულდება, რაც საშინაო და საერთაშორისო სარბიელზე თამაში არ წაგვიგია - საქართველოს ჩემპიონატში, უეფას თასზე და სოლიდურ ტურნირებში. ელიტრაუნდიდან საუკეთესო ოთხეულში იმიტომ ვერ მოვხვდით, რომ ყაზახურმა კლუბმა მხოლოდ ბურთების უკეთესი სხვაობით გვაჯობა, თორემ ალმათიში "კაირატთან" ფრედ ვითამაშეთ.

ასე რომ, ტურნირის ფავორიტისა და ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის იმიჯს უნდა გავუფრთხილდეთ. ამიტომაც სლოვაკურ კლუბს უნდა მოვუგოთ და ქართველი გულშემატკივარი გავახაროთ.

- "იბერია-"ს ელიტრაუნდის მატჩების თბილისში მასპინძლობა სურს. თქვენ ეს რეალურად მიგაჩნიათ?
- თბილისი ინფრასტრუქტურულად საამისოდ მზად არის. მშვენიერია სპორტის სასახლე, მაყურებელი გულთბილი და მეგობრულია, გუნდის ბოლოდროინდელი შედეგებიც ამის უფლებას გვაძლევს. ეს "იბერია-"ს  ხელმძღვანელთა სურვილია და როგორც ვიცი, საქართველო უეფაში განაცხადის შეტანას აპირებს. ასე რომ, ელიტრაუნდის მასპინძლობა არარეალური ნამდვილად არ უნდა იყოს.

და ბოლოს: უეფას თასის ბოლო ტური სპორტის სასახლეში დღეს გაიმართება. 15:30 ბელარუსის "მაპიდი" შვეიცარიის "ჟენევას" დაუპირისპირდება, "იბერია" კი 18 საათზე "სლოვ მატიკის" ეთამაშება და ჯგუფში გამარჯვებულის ვინაობაც გაირკვევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
იბერელიელები?
zuxusha
12:47 30-09-2011
0

სიახლეები პოპულარული