მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც 2012 წელს ტაილანდში გაიმართება, ევროპას 7 ადგილი აქვს. საკვალიფიკაციო მატჩები სამ ეტაპად გაიმართება. პირველ ეტაპზე გუნდები 5 ჯგუფში არიან განაწილებული. ჯგუფებიდან მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველადგილოსნები და 2 საუკეთესო მეორეადგილოსანი გუნდი გავა.
მეორე ჯგუფურ ეტაპზე დაემატებიან ის ნაკრებები, რომლებიც პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან განთავისუფლებულები არიან.
აღნიშნული ტურნირის დაწყებასთან დაკავშირებით 18 ოქტომბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზაალ ჩიტალაძემ, საქართველოს ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტმა გიზო ფხოველიშვილმა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი გალდავამ.
ზაალ ჩიტალაძე:" ნაკრების მზადება მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის იანვარში დაიწყო. თავიდან ნახევრად ექსპერიმენტული ნაკრები გვყავდა, გვინდოდა შეგვერჩია ის ძირითადი ბირთვი, რომელიც ოფიციალური თამაშებისთვის მოემზადებოდა. ამჟამად, ნაკრების მოთამაშეთა ნახევარს გამოცდილი ბიჭები შეადგენენ, ნაწილი ლეგიონერები არიან, ნაწილიც ახალგაზრდულ ნაკრებში თავგამოჩენილი მოთამაშეები. ვერ ვიტყვი, რომ იოლი შეხვედრები გველის, სამივე მეტოქე ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენს და სამივე თამაშში ბოლომდე უნდა ვირბრძოლოთ, თუმცა დიდი იმედი მაქვს, რომ გულშემატკივარს გავახარებთ და მომდევნო ეტაპის საგზურს მოვიპოვებთ".
გიორგი გალდავა:" ამ რანგის ტურნირი საქართველოში არ ჩატარებულა, ამიტომ მოახლოებულ მატჩებს ორმაგი დატვირთვა აქვს. ფუტსალი დაძაბული, დინამიური სპორტის სახეობაა და მისი ყურება ნამდვილად საინტერესოა. კარგია, რომ ფედერაციის გადაწყვეტილებით სპორტის სასახლეში დასწრება უფასო იქნება, გულშემატკივარს შეუძლია ნაკრებს უქომაგოს და თამაშების ყურებით სიამოვნება მიიღოს. საქართველოს ნაკრებს წარმატებას ვუსურვებ, იმედი მაქვს, რომ მომდევო ეტაპის საგზური ჩვენ დაგვრჩება".
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: ალექსანდრე ჯამბურია (იბერია სტარი), დავით კეფაშვილი (მარბო ინტერმეზო, ბელგრადი სერბეთი).
მოედნის მოთამაშეები: ალექსანდრე ძაბირაძე (იბერია სტარი), გიორგი ნიშნიანიძე ("ნოვაია გენერაცია", სიკტივკარი, რუსეთი), გიორგი ალთუნაშვილი (იბერია სტარი), გიორგი თორთლაძე (სპესტროვოლოსი, ნიქოზია, კიპრი), შოთა ჭანუყვაძე (ალგო თბილისი), კახაბერ მაისაია (ალგო, თბილისი), დავით ბობოხიძე (თსუ), ლევან კობაიძე (თსუ), არჩილ სებისკვერაძე (ალგო თბილისი), დავით ლუკავა (თსუ), ლაშა სიგუნავა (ალგო თბილისი), გიორგი ტიკურიშვილი (ალგო თბილისი).
მთ. მწვრთნელი: ზაალ ჩიტალაძე
მატჩების გრაფიკი
20 ოქტომბერი
15:30 მოლდოვა - მალტა
18:15 საქართველო - სომხეთი
21 ოქტომბერი
15:30 სომხეთი - მოლდოვა
18:15 საქართველო - მალტა
23 ოქტომბერი
18:30 მალტა - სომხეთი
21:00 მოლდოვა - საქართველო
msy.gov.ge