მუნდიალამდე შორია, მეორე ეტაპამდე - ახლო

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ გაცნობეთ, რომ საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში უნდა ჩაებას. მუნდიალის ფინალური ეტაპი გაისად ტაილანდში გაიმართება, მისი საკვალიფიკაციო ციკლი კი სამეტაპიანია.

საქართველოს ნაკრები ასპარეზობას პირველი ეტაპიდან დაიწყებს, სადაც ჯგუფში ჩვენი მეტოქეები სომხეთი, მალტა და მოლდოვა იქნებიან. საქართველოს ფუტსალის ასოციაციამ შეძლო და ჯგუფური ტურნირის თბილისში ჩატარების უფლება მოიპოვა. მატჩებს დედაქალაქის სპორტის სასახლე უმასპინძლებს.

პირველ ეტაპზე ევროპაში სულ ხუთი ჯგუფია, საიდანაც მეორე რაუნდში გავლენ ჯგუფების გამარჯვებულები და ორი საუკეთესო მეორეადგილოსანი. შესაბამისად, ჩვენმა გუნდმა თბილისურ მინიტურნირზე მხოლოდ პირველობისთვის
უნდა იბრძოლოს.

პირველი ეტაპის 7 საუკეთესო გუნდს მეორე ეტაპზე ავტომატურად დაშვებული 21 გუნდი დაემატება და შეიქმნება 7 ოთხგუნდიანი ჯგუფი, რომელთა პირველ-მეორეადგილოსნებიც მუნდიალზე მოსახვედრად 7 საპლეიოფო წყვლის შექმნიან.

უკვე ცნობილია,თუ სად ითამაშებს ჩვენი ჯგუფის გამარჯვებული მეორე რაუნდში – სლოვენიურ მინიტურნირში, რომელშიც მასპინძელთა გარდა სერბეთისა და ისრაელის ნაკრებები იასპარეზებენ.

საქართველოში გასამართი ეტაპის შესახებ გუშინ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართა. მედიის წინაშე საქართველოს ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტი გიზო ფხოველიშვილი, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზაალ ჩიტალაძე და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე გია გალდავა წარსდგნენ.

ზაალ ჩიტალაძე:
- ამ უმნიშვნელოვანესი ტურნირისთვის მზადება იანვრიდან დავიწყეთ, როცა ევროპის ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ეტაპზე ვიასპარეზეთ. მაშინ გარკვეულწილად ექსპერიმენტულ შემადგენლობას დავეყრდენით, რადგან ეროვნული ნაკრები ძირითადად ახალგაზრდა ფეხბურთელებით დავაკომპლექტეთ. ჩვენი მიზანი იყო, ამ კონტინგენტიდან ის მოთამაშეები შეგვერჩია, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში სათამაშოდ მზად იქნებოდნენ.

ვფიქრობ, ამ ამოცანას თავი წარმატებით გავართვით, მაგრამ ამ კითხვას ყველაზე მკაფიო პასუხი თბილისში ჩასატარებელმა მატჩებმა უნდა გასცეს. ჩვენი მიზანი პირველი ეტაპის უპირობოდ გადალახვაა, შემდეგ რაუნდში კი იმისთვის უნდა ვიყოთ მზად, რომ თითოეულ მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა გავუწიოთ.

დღეისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელთა დაახლოებით ნახევარი ახალგაზრული ნაკრების წევრია, გვყავს ასევე გამოცდილი მოთამაშეები და ლეგიონერები. ნაკრების თითოეულმა წევრმა ძალიან ბევრი იშრომა და იმედი გვაქვს, ჩვენს მონდომებას შედეგი მოჰყვება. ამ გამოცდისთვის მზად ვართ, რადგან საკმაოდ ნაყოფიერად მოვემზადეთ.

- ლეგიონერებით გაძლიერებულმა "იბერია-სტარმა" ევროტურნირებზე დიდ წარმატებას მიაღწია. ნატურალიზებული ფეხბურთელების გამოჩენას ნაკრებშიც ხომ არ უნდა ველოდოთ?

- ჩვენი სურვილია, ნაკრების ბირთვს ქართველები შეადგენდნენ, თუმცა უარს არც კარგ უცხოელებზე ვიტყვით. მართალია, მათთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება რთული პროცესია, მაგრამ მაინც ვცდილობთ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენს ნაკრებში "იბერია-სტარის" ორი ბრაზილიელი, რონინიო და ბეტინიო ვიხილოთ. არც უცხოელი მეკარე გვაწყენდა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცუდი მეკარეები ან მოედნის მოთამაშეები გვყავს, მაგრამ კონკურენციის გაზრდა ნებისმიერ რგოლში აუცილებელია.

- მეტოქეებს როგორ დაახასიათებთ?
- მართალია, მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ეტაპზე გრანდები არ თამაშობენ, მაგრამ ისეც არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ იოლი გასეირნება გველის. მალტა ნაკლებად ძლიერი გუნდია, სომხეთი და მოლდოვა კი ანგარიშგასაწევი მეტოქეები არიან, რადგან პირველი ეტაპის გადალახვის პრეტენზიას ყოველთვის აცხადებენ.

- მეორე ეტაპზე გასვლის შემთხვევაში გუნდის მომზადების გეგმა როგორი იქნება?
- აუცილებელია შეკრება და მინიმუმ ორი საკონტროლო მატჩი. დანარჩენზე უფრო დეტალურად პირველი ეტაპის გადალახვის შემდეგ ვისაუბროთ.

გიზო ფხოველიშვილი:
- დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და ფეხბურთის ფედერაციას. ჩვენი ნაკრები ქართველი ქომაგის გასახარებლად ყველაფერს გააკეთებს და გულშემატკივრებს ვთხოვთ, მობრძანდნენ სპორტის სასახლეში და გუნდს გვერდში დაუდგნენ.

გია გალდავა:
- სასიხარულოა, რომ ჩვენი ქვეყანა ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებას მასპინძლობს. ფუტსალი ძალიან დინამიკური და სანახაობრივი სახეობაა და სპორტის სასახლეში მისული ქომაგი არ ინანებს. კარგია, რომ მატჩებზე დასწრება უფასოა, ეს გულშემატკივართა რაოდენობას უთუოდ გაზრდის. ასაკისა და სოციალური მდგომარეობის მიუხედავად, საქართველოს ნაკრების მხარდაჭერა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: ალექსანდრე ჯამბურია (იბერია-სტარი), დავით კეფაშვილი (ინტერმეცო, სერბეთი);
მოედნის მოთამაშეები: ალექსანდრე ძაბირაძე, გიორგი ალთუნაშვილი (ორივე - იბერია-სტარი), გიორგი ნიშნიანიძე (ნოვაია გენერაცია, რუსეთი), გიორგი თორთლაძე (სპესტროვოლოსი, კვიპროსი), შოთა ჭანუყვაძე, კახაბერ მაისაია, არჩილ სებისკვერაძე, ლაშა სიგუნავა, გიორგი ტიკურიშვილი (ყველა - ალგო), დავით ბობოხიძე, ლევან კობაიძე, დავით ლუკავა (ყველა – თსუ).

კიდევ ერთი ნიშანდობლივი ფაქტი ის არის, რომ სომხეთის ეროვნული ნაკრების კარს იცავს "იბერია-სტარის" წევრი ერნესტ აკოპოვი, რომელიც თბილისელია, მაგრამ ორმაგ მოქალაქეობას ფლობს და წლებია, სომხეთის ნაკრებში ასპარეზობს.

მატჩების განრიგი
20 ოქტომბერი
15:30 მოლდოვა-მალტა
18:15 საქართველო-სომხეთი

21 ოქტომბერი
15:30 სომხეთი-მოლდოვა
18:15 საქართველო-მალტა

23 ოქტომბერი
18:30 მალტა-სომხეთი
21:00 მოლდოვა-საქართველო

უეფას მოთხოვნით, ბოლო ტურის შეხვედრები მთელ ევროპაში ერთსა და იმავე დროს უნდა დაიწყოს და ამიტომაცაა, 23 ოქტომბრის თამაშები შედარებით გვიან რომ იმართება. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მატჩებზე დასწრება უფასოა, საქართველოს ნაკრების სამივე შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს კი "საზოგადოებრივი მაუწყებელი" გადასცემს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული