ჩიტალაძის თქმით, სავსებით შესაძლებელია, მალე ეროვნულ ნაკრებში სამმა ბრაზილიელმა ითამაშოს, სამმა ქართველმა კი აზერბაიჯანის ძლიერ ჩემპიონატში.
"ჩვენს კლუბს, "ალგოს" აზერბაიჯანულ კლუბ "ეკოლთან" პარტნიორული ხელშეკრულება აკავშირებს. შეთანხმების მიხედვით, "ალგოს" საუკეთესო მოთამაშეები "ეკოლში" გადავლენ. ეს გუნდი აზერბაიჯანის პრემიერლიგის უმაღლეს ლიგაში თამაშობს და ლიდერებს კონკურენციას უწევს. აზერბაიჯანში ფუტსალი მაღალ დონეზეა, "ეკოლი" კი მესამე ადგილზეა და მომავალ სეზონში ჩემპიონობისთვის ბრძოლას აპირებს.
ახლახანს ამ კლუბში ნახევარწლიანი იჯარით გავუშვით
ამას გარდა, სამი ბრაზილიელის ნატურალიზაცია და მათი ნაკრებში გამოყენება გვსურს. სამივე რუსეთის პრემიერლიგაში თამაშობს. გვარებს ვერ დავაკონკრეტებ, მაგრამ იმას გეტყვით, რომ მოლაპარაკება იმედიანად მიმდინარეობს და სამხრეთამერიკელებისგან წინასწარი თანხმობა მივიღეთ. ახლა მთავარი ფინანსებია.
გულახდილად რომ ვილაპარაკოთ, შეთანხმებაში ორივეს ჩვენი ინტერესი გვაქვს - ჩვენ ნაკრების გაძლიერება გვსურს, ისინი კი ქართული დროშისთვის არ მოდიან, ფული და პლუს ნაკრების დონეზე თავის წარმოჩენა აინტერესებთ.
თუ ეს ჩანაფიქრი განხორციელდა, ნაკრებში ძლიერი ბირთვი შეიკრიბება, სამი ქართველი აზერბაიჯანში, ბრაზილიელთა სამეული, "იბერიას" ბიჭები და პლუს რუსეთის პრემიერლიგაში მოთამაშე გიორგი ნიშნიანიძე. სხვათა შორის, ამ უკანასკნელმა ქართული პასპორტი დაიბრუნა და რუსეთში საკუთარ კარიერას პრობლემები შეუქმნა, მაგრამ საქართველოს ნაკრებში თამაში ძალიან სურდა.
აქვე ვიტყვი, რომ "იბერიას" ბრაზილიელების ნატურალიზაციაც გვსურს, ამის იმედიც გვაქვს, მაგრამ მათი საბოლოო პასუხი ჯერაც არ ვიცით.
ვგეგმავთ, რომ წლეულს ეროვნულმა ნაკრებმა 6-დან 8 ამხანაგური მატჩი ჩაატაროს. თბილისში ჩამოსვლის სურვილია აქვთ აშშ-სა და ფინეთის ნაკრებებს, მაგრამ მათი სტუმრობის ხარჯები საკუთარ თავზე უნდა ავიღოთ და არ ვიცი, ეს რამდენად მოხერხდება. ეს ფუტსალის ფედერაციის ბიუჯეტზეა დამოკიდებული და ჩვენ საბოლოო პასუხს ველოდებით", - ამბობს ზაალ ჩიტალაძე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"