ქართული ფუტსალი სავალალო დღეშია

AutoSharing Option
უკრაინულ ვებგვერდ "სპორტ.უა"-სთვის მიცემულ ინტერვიუში "იბერია სტარის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ოლეგ სოლოდოვნიკმა თქვა, საქართველოს ჩემპიონატი არასტაბილურია, ექვსი გუნდიდან მხოლოდ სამი დარჩა და, ფაქტობრივად, მუშაობას აზრი არ ჰქონდაო.

"იბერია სტარის" პრეზიდენტმა ვახტანგ წერეთელმა კი "ლელოსთან" ინტერვიუში განაცხადა:

"სამწუხაროდ, საქართველოში გუნდის განვითარებისთვის არანაირი პირობები არ არსებობს. 2011 წელს ეროვნული ჩემპიონატი გაუქმდა! რვა თვეა, საქართველოს ჩემპიონატში არ გვითამაშია და ჩემპიონთა ლიგისთვის მოსამზადებლად უცხოურ ტურნირებზე დავდივართ, რამენაირად სათამაშო ფორმა რომ შევინარჩუნოთ. რა აზრი აქვს მუდმივად გყავდეს უმაღლესი კლასის მწვრთნელი და მოთამაშეები, როცა ჩემპიონატი არ
არსებობს? ამიტომ, ვიდრე საქართველოს ჩემპიონატში არსებული ვითარება არ გამოსწორდება, კლუბის ბიუჯეტი ოთხჯერ შევამცირე...

ჩემპიონატის ჩაშლის მიზეზზე გვეუბნებიან, "იბერიას" გამო გადავდეთ ჩემპიონატიო. ჩემპიონთა ლიგის ეტაპი სულ 4 დღე გრძელდება და ამის გამო ჩემპიონატის ნახევარი წლით გადადების საჭიროებას ვერ ვხვდები. წარმოიდგინეთ, "დინამოს" ან "ზესტაფონის" ჩემპიონთა ლიგაში თამაშის გამო საქართველოს ჩემპიონატი რომ გააუქმონ" (იხილეთ სტატია სრულად).

ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ ქართულ ფუტსალში არსებულ ვითარებაზე სალაპარაკოდ დაგვიკავშირდა ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ავთანდილ ასათიანი, რომელიც ამჟამად "თელასის" გუნდს ავარჯიშებს.

"საბედნიეროდ, "თელასმა" შექმნა გუნდი და მწვრთნელად მიმიწვია. "თელასის" ხელმძღვანელობას წარვუდგინე გეგმა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ჩემპიონატში მედლებისთვის ვიბრძოლებდით. კომპანიამ ბრძოლისუნარიანი გუნდის ჩამოსაყალიბებლად ფინანსები არ დაიშურა.

შევკრიბეთ ძლიერი მოთამაშეები, აგვისტოში სრულფასოვანი შეკრება გავიარეთ, ვითამაშეთ ამხანაგური მატჩები. გუნდს ყველანაირი პირობა აქვს შექმნილი ჩემპიონატში წარმატებული თამაშისთვის. თავადაც მოგეხსენებათ, ეს ყველაფერი რა ხარჯებთან არის დაკავშირებული. თუმცა 2011 წლის ეროვნული ჩემპიონატი არ ჩატარდა.

ბუნებრივია, რომ "თელასის" ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა და დიდი შანსია, ასეთი სპონსორი დაიკარგოს. ვის მოვთხოვო ამისთვის პასუხი? სამწუხაროდ, ქართული ფუტსალი დღეს სავალალო მდგომარეობაშია" - ამბობს ასათიანი.

ჩვენ გუშინაც ვცადეთ ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტ გიზო ფხოველიშვილთან დაკავშირება, მაგრამ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული