ფუტსალის ჩემპიონატი 11 მარტს დაიწყება

AutoSharing Option
ფუტსალში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი სექტემბერში უნდა დაწყებულიყო, მაგრამ თებერვლის ბოლო იწურება და დღემდე მატჩიც არ ჩატარებულა. მიზეზი ცნობილია - ამ სახეობაში არსებული დაპირისპირება.

ჩემპიონატს ჩაშლა ემუქრებოდა, რის გამოც, მისი ჩატარება საკუთარ თავზე ფეხბურთის ფედერაციამ აიღო.

”გადაწყდა, რომ ჩემპიონატი 11 მარტს დაიწყება და 19 მაისს დასრულდება. მონაწილეობას რვა გუნდი მიიღებს, რომლებიც ორ წრედ ითამაშებენ.

სხვათა შორის, ბევრად მეტი მსურველი იყო: როდესაც ფუტსალში დატრიალებული მოვლენების გამო, საქმეში ფეხბურთის ფედერაცია ჩაერია და მისი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა კლუბებს ფინანსურ დახმარებას, გადასახადისგან გათავისუფლებასა და ტრანსპორტირების
საკითხების მოგვარებას დაჰპირდა, გუნდები შეგულიანდნენ, მაგრამ ჩემპიონი 19 მაისისთვის უნდა გამოვლინდეს, დრო არასაკმარისი იყო და ამჯერად 8 გუნდს დავჯერდით.

მათგან 6 თბილისური კლუბია, ორიც რეგიონიდან - ქუთაისისა და თელავის.

თასის გათამაშებას კი ქუთაისი უმასპინძლებს, მაგრამ მისი ვადები ახლა ზუსტდება - ჯერ მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ფინალი 19 მაისის შემდეგ გაიმართება.

აქვე გეტყვით, რომ ფუტსალის ასოციაციის ყრილობა 10 მარტს გაიმართება. გამგეობაზე დამტკიცდა დღის წესრიგი - ერთ-ერთი უმთავრესი პრეზიდენტის ანგარიშის დატკიცება იქნება", - ამბობს ფუტსალის ასოციაციის გამგეობის წევრი გიორგი დარჯანია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული