- დროებით იქნებით პრეზიდენტი თუ შემდეგაც აპირებთ კანდიდატურის წამოყენებას?
- რაც თავი მახსოვს, სულ ფუტსალში ვარ და სახეობის თანადგომა მსურს. მაგრამ ახლა სურვილის მიხედვით ვერ ვიხელმძღვანელებ. საქმე ისაა, რომ რუსთავის "მეტალურგის" ვიცე-პრეზიდენტიც ვარ, ფუტსალში კი უამრავი საკითხია მოსაგვარებელი და დასალაგებელი. ამ ყველაფერს დრო უნდა, მე კი ორივე სფეროს ვერ გავწვდები.
მეორე
- თუ ფულის დაბანდება არავის სურს, სახეობას რა ეშველება?
- ფუტსალი უნდა დააფინანსოს ან ფედერაციამ, ან სახელმწიფომ, გუნდებს არსებობისთვის ელემენტარული პირობები მაინც რომ შეუქმნან. ეს არის მკაცრი რეალობა.
ღონიერი სპონსორები კლასიკური ფეხბურთის გუნდებსაც არ ჰყავთ, ჯიბის ფულით კი საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე გუნდი ვერ ჩამოყალიბდება. გუნდებს ორგანიზებულ ჩემპიონატსა და თასზე მონაწილეობა უნდა შევთავაზოთ.
მიმაჩნია, რომ ფუტსალის განვითარება სახელმწიფოსთვის პატარა მოვლენა არ იქნება. ეს სახეობა ქვეყანას სჭირდება და ამიტომ უნდა დააფინანსოს კიდეც. მისი განვითარება დიდ ფეხბურთსაც წაადგება.
- სპონსორების კატასტროფული სიმწირის პირობებში ის, რაც ფუტსალის ყრილობაზე მოხდა, გიზო ფხოველიშვილს ხომ არ აიძულებს, "ალგოს" დაფინანსებაზე უარი თქვას?
- არა, რატომ? კარგია, რომ აფინანსებს. ჩვენი სურვილია, მომავალშიც ფუტსალში დარჩეს.
- ნაკრების გეგმებზე რას გვეტყვით?
- ნაკრები სასწრაფოდ არის მისახედი, სერიოზული დაფინანსება სჭირდება.
- ჩემპიონატის გახსნის მატჩს "ზესტაფონის" პრეზიდენტ ილია კოკაიასთან ერთად უყურებდით. მალე ჩემპიონატში ფუტსალის "ზესტაფონსაც" ხომ არ ვიხილავთ?
- ამ თემაზე ფედერაციას აქვს თავისი მოსაზრება, რომ კარგი იქნება, უმაღლესი ლიგის ბინადრებმა გუნდი ფუტსალის ჩემპიონატისთვისაც მოამზადონ. ცხადია, ასეთი ბრძანების გაცემის უფლება არავის აქვს, მაგრამ ეს იქნება მიმართვა, გნებავთ, თხოვნა დაარქვით.
ცხადია, მხარს ყველა ვერ აგვიბამს, მაგრამ 3-4 გუნდიც რომ დაგვემატოს, ესეც დიდი მიღწევა იქნება. თავად დაფიქრდით, ფუტსალშიც რომ გაჩნდება "ზესტაფონი", "დინამო", "ტორპედო", "მეტალურგი", ეს ჩემპიონატს პრესტიჟს შესძენს.
- თავად ხართ "მეტალურგის" ვიცე-პრეზიდენტი. ფუტსალის გუნდს რუსთავში არ ჩამოაყალიბებთ?
- პრობლემა არ უნდა იყოს. ამ სახეობის დასახმარებლად საკმარისი რესურსი ყველა გუნდს აქვს. მოთამაშეეები და მწვრთნელები აუცილებლად გამოჩნდებიან, ფუტსალის კლუბს კი არც დიდი თანხა სჭირდება და არც დიდი ხელფასები. თამაშს მოწყურებული ახალგაზრდა ბიჭებით სერიოზული კლუბის ჩამოყალიბებაა შესაძლებელი.
მთავარია, ამ მიმართულებით ვიმუშაოთ და სერიოზული ძვრები აუცილებლად მოხდება.