ყოფილ ჟურნალისტს მშვენიერი კავშირები გააჩნია და სწორედ მისი ამოქმედებით დაიგეგმა მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს გუნდთან, პორტუგალიის ნაკრებთან საქართველოს ეროვნული გუნდის ამხანაგური შეხვედრები.
"ახლახან უეფამ შესარჩევი ციკლის ოფიციალური კალენდარი მოგვცა. კენჭისყრა 4 დეკემბერს გაიმართება, ევროპის შესარჩევი ციკლის პირველი ეტაპი კი - 26-30 იანვარს და ჩვენმა ნაკრებმა თადარიგი აქედანვე უნდა დაიჭიროს.
მთავარ მწვრთნელად დაბრუნებული ავთანდილ ასათიანის გუნდს კი ახლა საკონტროლო მატჩები ჰაერივით სჭირდება.
ლისაბონში ორი ამხანაგური თამაში 25 და 26 ოქტომბერს
ცნობისთვის: მარიო პერეირა 2008 წლის 27 ივნისიდან გახლავთ საქართველოს ფუტსალის ასოციაციის საპატიო წევრი. მასთან ერთად კი ქართულ-პორტუგალიური ფუტსალის მეგობრობის ისტორიაში დიდი წვლილი 20 კმ სირბილში მსოფლიო რეკორდსმენმა დიონიზიო კასტრომ შეიტანა.
პორტუგალიელები 21 კაცს გვიღებენ და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს, კვებისა და ადგილობრივი ტრანსპორტის მომსახურების ხარჯებს თავად დაფარავენ.
გარდა ამისა, თუ რეისი არ დაემთხვა, დამატებით კიდევ ერთი დღის ხარჯებს აგვინაზღაურებენ.
საერთოდ, შესარჩევი ციკლის დაწყებამდე პორტუგალიასთან საკონტროლო შეხვედრები ერთხელ უკვე ჩავატარეთ. მაშინაც ავთო ასათიანი იყო მწვრთნელი. პირინეელებთან უდიდესი გამოცდილება მივიღეთ, მატჩები დადებითად წაგვადგა და ასათიანმა ნაკრები ელიტრაუნდში გაიყვანა.
იმედია, ახლაც ასევე მოხდება. უახლოეს ხანში შეგატყობინებთ, თუ რომელ არხს სურს ქვემოთ ნახსენები თამაშების პირდაპირი ტელერეპორტაჟების ჩვენება", - ამბობს კვიციანი.
ამას გარდა, აფრიკის უძლიერესი ნაკრების, ლიბიის ფუტსალის ეროვნული გუნდის დამრიგებელი, ცნობილი ესპანელი სპეციალისტი პაბლო პრიეტო თანახმაა, თბილისში ამხანაგური მატჩები გამართოს. აფრიკელები სპარინგებს სექტემბერში გვთავაზობენ.
"ლიბიას მაროკოს ტურნირზე თამაში შესთავაზეს, მაგრამ პაბლო პრიეტოსა და ლიბიის ფუტსალის პრეზიდენტს ველაპარაკე და მითხრეს, რომ მაროკოში თამაშს ჩვენთან ჩამოსვლა ურჩევნიათ, ევროპელებთან სპარინგი გვენატრებაო.
მეორე ვარიანტიც შემოგვთავაზეს: ლიბიაში საკუთარი ხარჯით მიგვიპატიჟებენ, მაგრამ იქ არსებული არასტაბილური ვითარების გამო, ცხადია, საქართველოში თამაში გვირჩევნია.
ყოველივე მალე გაირკვევა და ლიბიელების ოფიციალურ წინადადებას დაველოდებით", - თქვა ფუტსალის ასოციაციის გენერალურმა მდივანმა.
ლიბიურმა ფუტსალმა ზეობას მუამარ კადაფის მმართველობის დროს მიაღწია. ქვეყნის ნაკრებმა 4 წლის წინ ბრაზილიაში ჩატარებულ მსოფლიოზე ითამაშა - გუნდს მაშინაც ესპანელი წვრთნიდა.
ჩვენი ნაკრები აფრიკულ ნაკრებებს 2-ჯერ შეხვდა. 2006 წელს საერთაშორისო ტურნირის ნახევარფინალში გასასვლელად ანგოლასთან ფრეც გვყოფნიდა. შეხვედრის დასრულებამდე 4.7 წამით ადრე 2:2 იყო, მაგრამ მაინც წავაგეთ - 2:3.
2008 წლის მუნდიალიტოზე ბევრად ძლიერ ლიბიას შევხვდით. პირველი ტაიმი 0:0 მორჩა. მეორე ტაიმში კი მეკარე გაგვიგდეს და 1:4 წავაგეთ.
ჩვენში ფუტსალის აღორძინება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ გენერალურ მდივანს უჩა უგულავას უკავშირდება, რომელმაც სფფ-ში მოღვაწეობის პერიოდში სახეობას მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია. სწორედ ამას მოჰყვა 2009 წელს ჩვენი ეროვნული ნაკრების ელიტრაუნდში გასვლა.
ფუტსალის სამყარო უყურადღებოდ არც ფეხბურთის ფედერაციის დღევანდელ ხელმძღვანელობას დაუტოვებია, რაც აიმედებთ, რომ ასათიანის ნაკრები ელიტრაუნდში ისევ მოხვდება.
თუმცა ფინანსური პრობლემები მაინც არსებობს. ცნობისთვის, პორტუგალიის ფუტსალის ფედერაციის ბიუჯეტი 1 100 000 ევროა. ეს ლუდსახარში ქარხნის, "საგრეს" დამსახურებაა, რომელიც თითო გაყიდული ბოთლიდან პორტუგალიის ფეხბურთს 4 ევროცენტით ეხმარება. თავის მხრივ, ამ თანხიდან პორტუგალიური ფეხბურთის მამები ფუტსალს 1 ევროცენტით ეხმარებიან. ჩვენ ამ დონემდე როდის მივალთ?!
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლევან ცქიტიშვილი: ფუტსალს საქართველოში მასობრიობა სჭირდება