ვახტანგ წერეთელი: "იბერია სტარი" უკრაინელებმა და რუსებმა აღიარეს

AutoSharing Option
ლვოვის საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ჩემპიონმა "იბერია სტარმა" ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. სერჟიო ბენატის გაწვრთნილებმა ფინალში რუსეთის თასის მფლობელს, "გაზპრომის" დაფინანსებულ ტიუმენის ოლქის "გაზპრომ-იუგრას" 3:2 მოუგეს და თასს დაეუფლნენ.

21 აგვისტოს კლუბის ოფისში "იბერიას" წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს და ტურნირზე მიღწეული წარმატების გარდა, სამომავლო გეგმებზეც ილაპარაკეს.

გიორგი დარჯანია, "იბერიას" მენეჯერი:
"ლვოვში ზედიზედ მესამედ მიგვიწვიეს. წლეულს უკრაინის, რუსეთის, პოლონეთისა და საქართველოს 8 კლუბი მონაწილეობდა.

ფინალში სერიოზული კლუბი "გაზპრომ-იუგრა" დაგვიპირისპირდა, რომელიც მეტად საეჭვო გოლით დაწინაურდა. ამის მიუხედავად, 3:2 გავიმარჯვეთ.

შეგახსენებთ, რომ "იბერიამ" წინა ორი ტურნირის
ფინალიც ითამაშა, მაგრამ პენალტების სერიაში დავმარცხდით, მესამე ცდაზე კი გავიმარჯვეთ.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო კარს მომდგარი უეფას თასის მატჩებამდე"
.

ვახტანგ წერეთელი, "იბერიას" პრეზიდენტი:
"ახალი მწვრთნელები და ლეგიონერები ჩამოვიყვანეთ და ყველას გვაინტერესებდა, რა შედეგი გვექნებოდა. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩვენი ახალი წევრი სელიო არის უძლიერესი მეკარე, ვისაც "იბერიაში" უთამაშია.

გვაინტერესებდა, რას წარმოადგენდა აუგუსტო და შეცვლიდა თუ არა ლუის ნეგაოს, რომელსაც კონტრაქტი დაუსრულდა. ტურნირზე გატანილი 9 გოლითა და მოპოვებული ბომბარდირის პრიზით აუგუსტომ ყველა კითხვას პასუხი გასცა.

ძლიერი ფეხბურთელია ლუსიო და გვჯერა, იმედებს ისიც გაამართლებს. ტურნირის შემდეგ "გაზპრომ-იუგრას" მწვრთნელმა ბესო ზოიძემ გამარჯვება მოგვილოცა და აღიარა, რომ პირველობას ვიმსახურებდით. იგივე თქვეს უკრაინელებმაც".

სერჟიო ბენატი, "იბერიას" მთავარი მწვრთნელი:
"კმაყოფილი ვარ მოგებითა და ნაჩვენები თამაშის ხარისხით. ჩემი დანიშვნიდან ერთი თვის განმავლობაში გუნდი მხოლოდ და მხოლოდ ტურნირში გამარჯვებაზე ფიქრობდა.

კარგად ვიცოდი, ლვოვში რა გუნდებს ვხვდებოდით. პირველი შეხვედრა არ გამოგვივიდა, მაგრამ გამოვასწორეთ. მერე და მერე გუნდი აქტიურად ათამაშდა და ბიჭებიც ფსიქოლოგიურადაც კარგად გამოიყურებოდნენ".

გოგა ალთუნაშვილი, "იბერიას" კაპიტანი:
"პირადად მე ლვოვში გამოსვლას უმაღლეს შეფასებას მივცემდი. ჩვენ ახალი მთავარი მწვრთნელი გვყავს და გამომდინარე აქედან, ახალ ტაქტიკაზე გადაწყობა მოგვიხდა. მეტოქეთა სიძლიერის მიუხედავად, მაინც 100-პროცენტიანი შედეგით გავიმარჯვეთ".

ალექსანდრე ძაბირაძე, "იბერიას" მოთამაშე:
"უეფას თასის გათამაშება 5 სექტემბერს იწყება, მანამდე კი, ფაქტობრივად, ჩემპიონთა ლიგის დონის ტურნირში გავიმარჯვეთ და ეს არის სწორედ სასიხარულო...

უეფას თასზე საკმაოდ ძლიერი გუნდები შეგვხვდა. კარგად მხოლოდ სლოვენიელებს ვიცნობთ, საფრანგეთისა და საბერძნეთის ჩემპიონებთან კი არასოდეს გვითამაშია.

ჩვენი ამოცანა ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაა, ელიტრაუნდში უკეთესი მეტოქეები რომ შეგვხვდეს".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"იბერია სტარმა" "გაზპრომის" გუნდი დაამარცხა და "ლვოვშჩინას თასს" დაეუფლა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული