თბილისი ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის ელიტრაუნდს უმასპინძლებს

AutoSharing Option
10 სექტემბერს უეფამ ჩვენთვის სასურველი და სასიხარულო ამბავი ოფიციალურად გამოაცხადა: ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის ელიტრაუნდის ერთ-ერთი ჯგუფის მატჩებს თბილისი უმასპინძლებს!

სლოვენიაში ჩატარებულ უეფას თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე "იბერია სტარმა" მეორე ადგილი დაიკავა და ელიტრაუნდში თამაშის უფლება მოიპოვა. "იბერია სტარის" ხელმძღვანელობა ჯგუფში წარმატებაში იმდენად იყო დარწმუნებული, რომ უეფაში ელიტრაუნდის მასპინძლობაზე განაცხადი ჯერ კიდევ ივლისში, საგზურის მოპოვებამდე შეიტანა.

აგვისტოს ბოლოს უეფამ კლუბს დამატებითი მოთხოვნები გააცნო, რომელზე პასუხსაც 4 სექტემბრამდე ელოდნენ. როგორც ჩანს, ქართული მხარის პასუხმა ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია დააკმაყოფილა, რაც მოულოდნელი არ ყოფილა:
ფუტსალის ჯგუფური ეტაპი ერთ დარბაზში ტარდება.

დიდი ფეხბურთისგან განსხვავებით, ფუტსალში ინფრასტრუქტურა სრულ წესრიგში გვაქვს და უმაღლეს მოთხოვნებს აკმაყოფილებს: სპორტის სასახლეში მშვენიერი პარკეტია, განახლებულ-მოწესრიგებულია და 10 ათასამდე მაყურებელს იტევს. ამავე დროს, სპორტის სასახლის წინ მდებარეობს 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო "ჰოლიდეი ინ" (ყოფილი "აჭარა"), სადაც მონაწილეები დაბინავდებიან. სასტუმროში კი არის საცურაო აუზი, ფიტნეს-დარბაზი და ის კომფორტი, რასაც უეფა ითხოვს.

"იბერია სტარის" გარდა, ელიტრაუნდის მასპინძლობაზე განაცხადი შემდეგმა კლუბებმა შეიტანეს: "ელ პოსომ" (ესპანეთი), "ბენფიკამ" (პორტუგალია) "დინამომ" (მოსკოვი, რუსეთი), "ეკონომაცმა" (სერბეთი), "ლუპარენსემ" (იტალია), "ბარსელონამ" (ესპანეთი), "კაირატმა" (ყაზახეთი), "არაზმა" (აზერბაიჯანი) და "ნიკარსმა" (ლატვია).

უეფამ ელიტრაუნდის მასპინძელი 4 ქალაქი უკვე დაასახელა: თბილისი, მურსია, ბელგრადი და ლუბლიანა. ოთხთა ფინალში მხოლოდ ჯგუფში პირველ ადგილზე გასული კლუბები ითამაშებენ.

"თამაშები თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება. სავარაუდოდ, თამაშებს 10, 11 და 13 ოქტომბერს დავნიშნავთ, რადგან 12 ოქტომბერს საქართველოს ნაკრებს ფინეთთან ოფიციალური მატჩი აქვს და არ გვინდა, ეს ორი მნიშვნელოვანი მოვლენა ერთმანეთს დავამთხვიოთ.

ელიტრაუნდის წილისყრა ნიონში 13 სექტემბერს გაიმართება, რომელსაც "იბერიას" პრეზიდენტი ვატო წერეთელი დაესწრება და მეტოქეებიც გვეცოდინება.

ვიცით, რომ თბილისში აუცილებლად გვესტუმრება ერთ-ერთი გრანდი - ლისაბონის "ბენფიკა", "ბარსელონა" ან ფუტსალში ერთ-ერთი უძლიერესი ალმატის "კაირატი".

უეფამ გამოაცხადა, რომ თბილისში მოსკოვის "დინამო" არ ჩამოვა",
- გვითხრა"იბერიას" მენეჯერმა გიორგი დარჯანიამ.

წლევანდელი გათამაშება საინტერესოდ უნდა წარიმართოს, რადგან თითქმის ყველა კლუბი გაძლიერდა. მაგალითად, ლატვიის ჩემპიონმა "ნიკარსმა" პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელები, არნალდუ და ზე მარია დაიმატა.

უნგრეთის ჩემპიონს კი საკმაოდ ძლიერი ესპანელი მოთამაშეები და მწვრთნელი ჰყავთ. სლოვაკურმა "სლოვმატიკმა" ერთგვარი სენსაცია მოახდინა და უეფა-ს თასის მფლობელს, იტალიურ გრანდს "ლუპარენსეს" დაუზავდა 0:0.

ელიტრაუნდის მასპინძლობა "იბერია სტარს" ფინალურ ოთხეულში მოხვედრის მშვენიერ შანსს აძლევს და იმედია, ჩვენი ჩემპიონი ამით ისარგებლებს.

ნებისმიერ შემთხვევაში, თბილისის სპორტის სასახლეში უშეღავათო ბრძოლის მონაწილენი გავხდებით და გულშემატკივარი ფუტსალის ვარსკვლავებს იხილავს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული